"უკრაინისთვის მისაცემი ტანკების ძიებაში: ევროპის არმიებს მძიმე ჯავშანტექნიკა არ ჰყოფნით" - NYT
"ერთი თვის შემდეგ, რაც ბერლინი თავისი მოკავშირეების თხოვნას დათანხმდა გერმანული ტანკების - "ლეოპარდების" უკრაინისთვის მიწოდებაზე, აღმოჩნდა, რომ მძიმე ტექნიკის ის "დიდი ნაკადი", რასაც ევროპელი პოლიტიკოსები კიევს ჰპირდებოდნენ, სინამდვილეში მხოლოდ "პატარა ნაკადული" გამოდგა", - ნათქვამია ამერიკულ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში - "უკრაინისთვის მისაცემი ტანკების ძიებაში: ევროპის არმიებს მძიმე ჯავშანტექნიკა არ ჰყოფნით" (ავტორები - ერიკა სოლომონი და სტივენ ერლანგერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
"ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უცებ აღმოაჩინა, რომ მათი არმიების არსენალში არსებული ტანკები ან სარემონტოა, ან სათადარიგო ნაწილებით არ არიან უზრუნველყოფილნი. სირთულეები გაჩნდა უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნების საკითხშიც - ტანკების ეკიპაჟების მომზადებაში. პოლიტიკოსები პირისპირ შეეჩეხნენ მოულოდნელ დაბრკოლებებს, როგორც საკუთარ ორგანიზაციებში (ნატო, ევროკავშირი), ისე - უშუალოდ ეროვნულ თავდაცვით სტრუქტურებშიც. ბევრი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, უკან მიეწვია პენსიაში გასული ინსტრუქტორები, რათა მათ უკრაინელებისათვის უცხო ტანკების მართვა ესწავლებინათ.
რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის "ლეოპარდების" მიწოდების საკითხში შექმნილი პრობლემები მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ რეალობისა, რომელსაც ევროპა დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებდა და ყურადღებას არ აქცევდა: ბრიუსელი, პარიზი, ბერლინი და ლონდონი თვლიდნენ, რომ ცივი ომის შემდეგ მსხვილმასშტაბიანი ომების საფრთხე უკვე წარსულს ჩაბარდა და "დათბობის" პერიოდში სულაც აღარ იყო აუცილებელი დიდი სამხედრო ხარჯების გაწევა. შესაბამისად, არმიები ქრონიკულად დაუფინანსებელი რჩებოდნენ. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ამ ფაქტს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
დღეს ევროპის ქვეყნების მცდელობა, რომელიც ორი სატანკო ბატალიონის (62 ტანკის შემადგენლობით) ჩამოყალიბებისათვის საჭირო მძიმე ჯავშანტექნიკის სხვადასხვა ქვეყანაში ძებნით გამოიხატება, უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა.
ასეთი სიტუაციის ირონიულობა განსაკუთრებით ჩანს ტანკების მწარმოებელ სახელმწიფოს მაგალითზე. ბევრი ევროპელი გერმანიას და მის კანცლერს - ოლაფ შოლცს აკრიტიკებდა იმ გაუბედავი ნაბიჯების გამო, რასაც ბერლინი უკრაინის დასახმარებლად დგამდა. კანცლერი ანგარიშს უწევდა საზოგადოების განწყობას და თავს არიდებდა სიტუაციის ესკალაციას რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დათანხმდა ნატოს წევრების თხოვნას, ფრონტზე გაგზავნილიყო მათ ეროვნულ არმიებში არსებული გერმანული "ლეოპარდები". მაგრამ... იმ ქვეყნებმა, რომლებიც გერმანიას აკრიტიკებდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათი "ლეოპარდები" ისეთ გამართულ და საბრძოლო მდგომარეობაში არ არიან, როგორშიც უნდა ყოფილიყვნენ... მოკლედ, ტანკების მოგროვების პროცესი რთულად მიმდინარეობს.
თქვენ თვითონ განსაჯეთ:
ფინეთი, რომლის პარლამენტის წევრები, ქვეყნის ნატოში გაწევრების ფონზე, ყველაზე მეტად ლაპარაკობდნენ უკრაინის დახმარებაზე და ბერლინს მწარედ საყვედურობდნენ, ახლა აცხადებენ, რომ ჰელსინკს კიევისათვის სულ სამი "ლეოპარდის" მიცემის საშუალება აქვს, ისიც მხოლოდ ისეთი მოდიფიკაციისა, რომელიც განნაღმვის ფუნქციას ასრულებს, საბრძოლო "ლეოპარდები" (200 ერთეული) კი ფინეთს თვითონ დასჭირდება - ქვეყანას რუსეთთან თითქმის ათასკილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს და ახლა, საკუთარი თავდაცვის დასუსტება არ სურს.
შვედეთმა, რომელიც ზეწოლას ახდენდა გერმანიაზე, "ნებართვა მომეცი, შენი წარმოების ტანკები უკრაინას გავუგზავნოო", 24 თებერვალს მორიდებულად განაცხადა, რომ ომში მხოლოდ 10 "ლეოპარდს" გაგზავნის...
ესპანეთმა, რომელსაც თავის არმიაში 108 გერმანული ტანკი აქვს და ეგონა, რომ ყველა საბრძოლო მზადყოფნაში იყო, ახლა დარწმუნდა, რომ ბევრი "ლეოპარდი" "დაჭრილია" და "მკურნალობა" - რემონტი სჭირდება, რაც თვეები გაგრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთ წევრს პარტია "რამოსი" წარმოადგენს, რომელსაც თითქმის პრორუსული განწყობა აქვს და ტანკების უკრაინისთვის გადაცემა არ სიამოვნებს.
პოლონეთი, რომელსაც გერმანიასთან ბოლო წლებში რთული დამოკიდებულება აქვს, ოლაფ შოლცს გაუბედაობის გამო აკრიტიკებდა და იმუქრებოდა, რომ ტანკებს უკრაინას ბერლინის თანხმობის გარეშე მიაწოდებდა. რამდენიმე დღის წინ კი ვარშავამ განაცხადა, რომ მას მხოლოდ 14 ტანკის მიცემა შეუძლია (მათგან რამდენიმე "ლეოპარდი" კიევს უკვე გადაეცა, პოლონეთი ახლა უკრაინულ ეკიპაჟებს ამზადებს, თუმცა სწავლება ჯერ არ დამთავრებულა).
იმის გამო, რომ "ლეოპარდ-2"-ის თანამედროვე ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პრობლემური საკითხი ხდება, ნიდერლანდები, გერმანია და ბელგია გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინას ამ წლის ბოლომდე უფრო ძველი "ლეოპარდ-1"-ები გაუგზავნონ, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა გენერალმა განაცხადა, ბუნდესვერის სარდლობა იძულებული გახდა, ტანკის ამ ძველი მოდელის უკვე ასაკოვანი გადამდგარი მექანიკოსები და ტანკის მძღოლები მთელ ქვეყანაში მოეძებნა, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ