"ჩაუფლავდათ ე.წ. სპეცოპერაცია, რაც სააკაშვილის "შემოგდებით" ჰქონდათ დაგეგმილი" - კვირის პალიტრა

"ჩაუფლავდათ ე.წ. სპეცოპერაცია, რაც სააკაშვილის "შემოგდებით" ჰქონდათ დაგეგმილი"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი ე.წ. სპეცოპერაცია, რომლის მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანა იყო, „ჩაფლავდა“.

როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ გათავისუფლდება პატიმრობიდან მარტო იმ მიზეზით, რომ არ იკვებება და შესაბამის კალორიებს არ იღებს.

„თავიდანვე ვამბობდი და ჩვენ ყველა ვამბობთ იმას, რომ ეს კამპანია, პირველივე დღიდან დაწყებული, რაც ჩაუფლავდათ ე.წ. სპეცოპერაცია, რაც სააკაშვილის „შემოგდებით“ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და არეულობა შემოეტანათ, არ გამოუვიდათ. შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმოქმედეს და პირველივე დღიდან დაიწყო მოქმედება იმისკენ, ყველაფერი გააკეთონ, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ეს ვერ და არ მოხდება იმის გამო, რომ სააკაშვილი არ ჭამს და არ იღებს შესაბამის კალორიებს“,-განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიაში „ჯანსაღი სიტუაცია ნამდვილად არ არის“.

„არსებობს დაპირისპირება და ეს დაპირისპირება უკვე ზედაპირზეა გამოტანილი, ძალიან კარგად ჩანს და ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურობაში. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ პროცესი, რაც დაწყებულია დაპირისპირების თვალსაზრისით, შეუჩერებელია და კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

IPN