"ჩვენ არსად არ მივისწრაფვით. ჩვენ ვართ ევროპა...ევროპული არჩევანის გადახედვა, ქვეყნად ყოფნის ისტორიის გადახედვაა"
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აგენტების შესახებ კანონპროექტზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
"საქართველოს ევროპული მომავლის გადახედვა, თუ ასეთი განზრახვა სადმე არსებობს, არის ანტიკურობის იდეის გადახედვა ჩვენს მიწაზე, არის მირიან მეფის არჩევანის გადახედვა თხოთის მთაზე ქრისტიანობის სასარგებლოდ, არის ეგრისის კრების დასკვნის გადახედვა, იოანე პეტრიწის ფიქრის გადახედვა, გრიგოლ ხანძთელის შრომის გადახედვა, დავით აღმაშენებლის ღვაწლის გადახედვა, თამარ მეფის ქვეყნის გადახედვა, ,,ვეფხისტყაოსნის" აზრის გადახედვა და მისი მთავარი მეტაფორის - სამყაროს ცენტრში მდგომი ადამიანის, გურამიშვილის ოცნებების გადახედვა, სულხან-საბა ორბელიანის გზის გეზის გადახედვა, ერეკლე მეფის ჭრილობების გადახედვა, სოლომონ დოდაშვილის სიბრძნის გადახედვა, ბარათაშვილის დარდის გადახედვა, დიმიტრი ყიფიანის გულის გადახედვა, ილია ჭავჭავაძის გონების გადახედვა, ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურის" გადახედვა, ნიკო ნიკოლაძის გეგმის გადახედვა, ამბროსის ხელაიას და კირიონის აღსასრულის გადახედვა, ექვთიმე თაყაიშვილის მოთმინების გადახედვა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლის გადახედვა, ცხრა აპრილის სისხლის გადახედვა. ანუ ეს არის გადახედვა იმის, რანიც ვართ და რანიც ვიყავით. ჩვენ არსად არ მივისწრაფვით. ჩვენ ვართ ევროპა. ჰოდა, ამის გადახედვა ვერ გამოვა, რადგან ევროპული არჩევანის გადახედვა, ქვეყნად ყოფნის ისტორიის გადახედვაა და არა რომელიღაც არასამთავრობო დასების წევრების წარმოდგენების, რომელთაგან ბევრზე, მეც მაქვს საკუთარი წარმოდგენა", - წერს კეკელიძე