"რისთვის იყო ჩასული პეკინში ალექსანდრე ლუკაშენკო" - DW - კვირის პალიტრა

"რისთვის იყო ჩასული პეკინში ალექსანდრე ლუკაშენკო" - DW

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) სათაურით - "რისთვის იყო ჩასული პეკინში ალექსანდრე ლუკაშენკო" (ავტორი - ემა ლევაშკევიჩი), აქვეყნებს სტატიას, რომელშიც განხილულია ბელარუსის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის შედეგები, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ალექსანდრე ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში 2 მარტს დასრულდა. ბელარუსის პრეზიდენტი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კეციანს და უკრაინის შესახებ ჩინურ "სამშვიდობო გეგმას" თავისი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ბელარუსის ვიცე-პრემიერმა ნიკოლაი სნოპკოვმა აღნიშნა, პეკინში ბელარუს-ჩინეთის მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმებების ეფექტი 3,5 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსი ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. რას ელოდება პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთისაგან? რა ინტერესი აქვს ჩინეთს დასავლური სანქციების ქვეშ მყოფ ბელარუსთან მიმართებით? არსებობს თუ არა მართლაც პეკინი-მინსკის ურთიერთობების სწრაფი განვითარების პერსპექტივა?

"დოიჩე ველე" საერთაშორისო ექსპერტებს ესაუბრა.

ხმები ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაციაზე გადაჭარბებულია?

ყოფილი ბელარუსი დიპლომატი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პავლე სლიუნკინი პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტს მთავარ მიღწევად თვლის საერთაშორისო არენაზე, 2020 წლის ზაფხულიდან დაწყებული: "ბოლო სამი თვის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის აქტივაცია ერთ-ერთ მთავარ ტრენდად უნდა ჩავთვალოთ - ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია, აგრეთვე, ზიმბაბვეს, იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დაგეგმილია ვიზიტი ირანში".

აშშ-ის კარნეგის ფონდის მეცნიერი-თანამშრომელი თემურ უმაროვი ხაზს უსვამს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის ჩინეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ იზოლაციის ფონზე, რომელშიც ბელარუსია მოქცეული: "ბოლო დროს რეჟიმის პოლიტიკური სტაბილურობა მოსკოვის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. ჩინეთში ვიზიტი კი იმის მცდელობის დემონსტრირებაა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო სინამდვილეში არც ისე იზოლირებულია, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ".

პავლე სლიუნკინის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოლო ვიზიტები იმის მაჩვენებელია, რომ მტკიცებები ბელარუსის პრეზიდენტის საერთაშორისო იზოლაციასა და მის არალეგიტიმურობაზე გადაჭარბებულია: "შეიძლება ვთქვათ, რომ იგი არალეგიტიმურია დასავლეთის ქვეყნებისათვის, დასავლური სამყაროსთვის, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსათვის - ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური კრიზისიდან 2,5 წლის შემდეგ - ალექსანდრო ლუკაშენკომ შეძლო თავისი ტოქსიკურობის კომპენსირება ქვეყნის ეფექტიანი კონტროლით, რომელსაც იგი ბელარუსის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს".

პოლიტანალიტიკოსი განმარტავს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო სი ძინპინის ვიზიტს მინსკში 2020 წელს ელოდებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინელი ლიდერის ჩასვლა გადაიდო. შემდეგ ელოდებოდნენ 2021 წელს, მაგრამ ისევ ვერ განხორციელდა - კვლავ კოვიდი, არასტაბილური სიტუაცია... 2022 წელს კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რომლის დროსაც ბელარუსი თანააგრესორი გახდა და ამ ფონზე ჩინელი ლიდერი მინსკში ჩასასვლელად მზად არ აღმოჩნდა".

"თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ..."

დგება 2023 წელი. ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა, თვითონ ჩასულიყო პეკინში. "ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ 2020 წლის შემდეგ ჩინეთმა ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო აქტიურობაში პაუზა გამოაცხადა. ეს განაპირობა იმან, რომ გაუგებარი იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები - როგორც ბელარუსის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როგორ წარიმართებოდა ურთიერთობები დასავლეთის სახელმწიფოებთან. გარკვეული დრო გავიდა და გამოჩნდა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში ხელისუფლებას ინარჩუნებს, ჩინეთის ინტერესებიც არ გამქრალა, პეკინი ყველაფერს კარგად ხედავს. ორივე მხარემ დაიწყო თავიანთი ინტერესების ადაპტაცია შექმნილ საერთაშორისო სიტუაციასთან", - ამბობს პავლე სლიუნკინი.

კალიუმი და ბელარუს-პოლონეთის საზღვარი

კიევის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი დმიტრო კრუკი ხაზს უსვამს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინური ვოიაჟის პოლიტიკური მნიშვნელობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მისი ეკონომიკური მხარე. თუმცა, რასაკვირველია, ეკონომიკურ ინტერესებსაც თავისი ადგილი აქვს: "ბელარუსისათვის აქტუალურია რუსეთთან წარმოქმნილი საგარეო ვალების გასტუმრების საკითხი. ჩინეთში ბელარუსული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვანია რუსეთზე პოლიტიკური დამოკიდებულების შესასუსტებლად", - განმარტავს ექსპერტი.

დმიტრო კრუკი ვარაუდობს, რომ მინსკი შემოვლით გზებს ეძებს კალიუმის სასუქების ექსპორტისათვის, რომელსაც დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა. ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ მხრივ გარკვეული იდეები განხორციელდეს, ვთქვათ, ჩინეთის პატრონაჟით, რუსეთის ტერიტორიის გავლით. ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალიან უნდა, რომ კალიუმის სასუქების ექსპორტი გამოცოხლდეს, რომელიც წინა წლებში, დასავლეთის სანქციებამდე, უცხოეთში, ბალტიის ქვეყნების, მაგალითად, ლიეტუვის ნავსადგურების მეშვეობით გადიოდა. ჩინეთის სოფლის მეურნეობისათვის ბელარუსის კალიუმიანი სასუქები ზღვაში წვეთია, მაგრამ მინსკისთვის ამას მნიშვნელობა აქვს".

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკების დროს იქნებოდა განხილული, ესაა ჩინური პროდუქციის სარკინიგზო ექსპორტის საიმედოობა ბელარუსიდან დასავლეთში. "ჩინური ტვირთები, ბელარუსის ტერიტორიის ტრანზიტით, დასავლეთისკენ ძირითადად ბრესტის გავლით გადის. შესაბამისად, დღის წესრიგშია საკითხი: ხელს ხომ არ შეუშლის ექსპორტს ბელარუს-პოლონეთის საზღვრის სავარაუდო დახურვა, რომელიც ბოლო დროს აქტუალური ხდება ვარშავის მხრიდან?", - ამბობს კრუკი.

გარდა ამისა, ბელარუსის ხელისუფლებას სურს, გამოაცოცხლოს პროექტი "დიდი ქვა" - მინსკთან ახლოს შექმნილი ჩინური ეკონომიკური ზონა, რომელშიც ჩინეთის კომპანიები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ: 2020 წელს, როცა ზონას საფუძველი ეყრებოდა, ორივე მხარე მასზე დიდ იმედებს ამყარებდა: "ჩინელები იმედოვნებდნენ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მეშვეობით ბელარუსიდან ევროკავშირში გავიდოდნენ, მაგრამ სანქციების გამო იმედები განულდა, შესაბამისად, "დიდი ქვის" პროექტს მოდერნიზება სჭირდება", - განმარტავს დმიტრო კრუკი.

უკავშირდება თუ არა ვიზიტი რუსეთის ომს უკრაინაში?

მარკუს რაისნერი, სამხედრო ისტორიკოსი და ავსტრიის არმიის გენშტაბის ყოფილი ოფიცერი, ვარაუდობს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო, ალბათ, ცდილობს, განუმარტოს ჩინელ კოლეგას, თუ რატომ არ ერთვება მინსკი რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ იკავებს თავს ბელარუსი - რუსეთის უახლოესი ოფიციალური მოკავშირე - კიევის წინააღმდეგ ბრძოლისგან.

"ჩვენ, ჩვეულებრივ, გამოვდივართ იქიდან, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთთან კარგად არიან, ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებიან და ინტერესთა თანხვედრაში არანაირი პრობლემა არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსები ამაზე ხშირად საუბრობენ. მაგრამ ნამდვილად ასეა? გავიხსენოთ ბელარუსში მომხდარი მასობრივი პროტესტები, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩაახშო. და რა მოხდება, თუ ბელარუსი ომში ჩაებმება? დაეთანხმება თუ არა მოსახლეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თუ ისევ დაიწყება მასობრივი პროტესტები? ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, აუხსნას თავისი პოზიცია ჩინეთს და იმედი აქვს, რომ პეკინი მას მხარს დაუჭერს", - თვლის მარკუს რაისნერი.

თომას ედერი, ავსტრიის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი, ამბობს, რომ ჩინეთის ლიდერმა თავის ბელარუს კოლეგასთან რუსეთის შესახებაც ისაუბრა - სი ძინპინს, სავარაუდოდ, აინტერესებდა, თუ რა გეგმები აქვს კრემლს ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით და რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ექსპერტი იხსენებს პოპულარულ ფორმულირებას - "ჩინეთი პრორუსული ნეიტრალიტეტის კურსს ატარებს" და ამბობს: "თუ ჩინელი საგარეოპოლიტიკური ექსპერტების დისკუსიას გადავხედავთ, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ რადიკალური ესკალაცია არავითარ შემთხვევაში არ შედის ჩინეთის ინტერესებში".

და მაინც, ექსპერტები ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩინეთში ყოფნას არ განიხილავენ, როგორც "რუსეთის ელჩის" ვიზიტს პეკინში: "ჩვენ სერიოზულად უნდა შევაფასოთ მისი დამოუკიდებლობის დონე, რომელიც არსად გამქრალა. ალექსანდრე ლუკაშენკო ის პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია ბალანსირება რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის", - ამბობს თემურ უმაროვი, - "იგი 2020 წლამდეც ამას აკეთებდა რუსეთსა და დასავლეთთან მიმართებით, ახლა კი იმავე პოლიტიკას ატარებს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის. თუმცა, რასაკვირველია, დღეს ასეთი კურსის გატარება ბევრად უფრო რთულია". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ