ბლინკენი და ლავროვი ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ - რას წერს "ბიბისი" - კვირის პალიტრა

ბლინკენი და ლავროვი ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ - რას წერს "ბიბისი"

"დიდი ოცეულის" სამიტზე, რომელიც ინდოეთში, დელიში გაიმართა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მანამდე, მათი ბოლო შეხვედრა 2022 წლის იანვარში ჟენევაში შედგა. ისინი, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ და როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, საუბრისას ბლინკენმა ლავროვთან აღნიშნა, რომ აშშ იმდენ ხანს დაეხმარება უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნებაო. საუბრისას ბლინკენმა ლავროვს შეახსენა, რომ უმჯობესია, რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების ხელშეკრულება გაიხსენოს და ამ ხელშეკრულების მიხედვით იმოქმედოს, ასევე, გაათავისუფლოს ამერიკელი პოლ უილანი, რომელიც რუსეთის ციხეშია.

„საგარეო საქმეთა მინისტრს ის ვუთხარი, რასაც გასულ კვირას გაეროში მეც და სხვა მინისტრებიც ვსაუბრობდით და ისიც, რასაც „ოცეულის“ მინისტრები დღეს საუბრობდნენ: შეწყვიტეთ ეს აგრესიული ომი, ჩაერთეთ მოლაპარაკებებში, რომელიც სამართლიან და სტაბილურ მსოფლიომდე მიგვიყვანს“, - განუცხადა ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების ხელშეკრულებას, რომლის შესრულებაზეც რუსეთმა უარი ახლახან განაცხადა, ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ აშშ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის კონტროლს გულისხმობს - როგორც ეს იყო აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობისას, "ცივი ომის" დროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა, ბლინკენმა თავად სთხოვა ლავროვს საუბარი, ლავროვმა კი თანხმობა განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა "დიდი ოცეულის" წევრებს მოუწოდა, ცოტა ხნით დაევიწყებინათ უთანხმოება, შეხვედრაზე დაძაბულობა მაინც იგრძნობა.

„ჩვენი შეხვედრა დიდი გლობალური განხეთქილების დროს მიმდინარეობს“ - განაცხადა ნარენდრა მოდიმ და მინისტრებს მოუწოდა, საერთო ენა გამოენახათ.

მიუხედავად ინდოეთის პრემიერისა და მისი გუნდის მცდელობისა, ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე ომის თემა მთავარ საკითხად იქცა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა კი ჟურნალისტებს „დიდი ოცეულის“ სამიტის გახსნამდე განუცხადა:

„საჭიროა, ეს ომი შეფასდეს. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ინდოეთი დიპლომატიურ შესაძლებლობებს გამოიყენებს და რუსეთს გააგებინებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“.

ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის პრემიერს რთული მისია აკისრია, მიჰყვეს საკუთარ პოლიტიკურ კურსს და, ამავე დროს, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რათა ჩაერთონ კონფლიქტის შეჩერებაში. ამ დრომდე ინდოეთი თავს არიდებს რუსეთის პირდაპირ კრიტიკას, რომელიც დელისთვის ამ დრომდე რჩება იარაღის მთავარ მიმწოდებლად და ყოველთვის თავს იკავებს გაეროში იმ რეზოლუციებზე ხმის მიცემისგან, რომელიც რუსეთის აგრესიას განსჯის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, ინდოეთმა არსებულად გაზარდა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა, რის გამოც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას დიდი მოგება აქვს, რადგან ინდოეთი ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობს.

ნარენდრა მოდიმ „დიდი ოცეულის“ შემხვედრამდე განაცხადა, რომ ქვეყნები აკრიტიკებენ უკრაინაში მიმდინარე ომს.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დაამწუხრა რუსეთის „გაუმართლებელმა და არაფრით გამოწვეულმა ომმა“, სერგეი ლავროვმა კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი შეთანხმების „დასამარებაში“, რომელიც უკრაინული ხორბლის ექსპორტს გულისხმობს.

ინდოეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა:

„დასავლეთის ქვეყნების დელეგაციებმა G20-ის დღის წესრიგზე მუშაობა ფარსად აქციეს. მათ სურთ საკუთარ ეკონომიკურ წარუმატებლობაში ბრალი რუსეთს დასდონ. ისინი, ასევე, ცდილობენ, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალონ“, - განაცხადა ლავროვმა.

(წყარო)