პუტინმა თხარა-თხარაო ანუ რატომ უკვირთ რუსეთში ომის მათ ტერიტორიაზე გადასვლის დასაწყისი? - კვირის პალიტრა

პუტინმა თხარა-თხარაო ანუ რატომ უკვირთ რუსეთში ომის მათ ტერიტორიაზე გადასვლის დასაწყისი?

А нас за что? - ჩვენ რა დავაშავეთ, რისთვის? - სწორედ ამ კითხვას სვამენ სულ უფრო ხშირად რუსეთის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გახშირდა უკრაინული სადაზვერვო თუ კამიკაძე დრონების გამოჩენა უკრაინის საზღვრებიდან ასეულობით კმ-ის დაშორებით, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, რუსული ქალაქებისა და სოფლების თავზე, მათ შორის - თავად მოსკოვის სიახლოვესაც კი...

ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2 მარტს, როდესაც უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კმ-ში, რუსული ბრიანსკის ოლქის სოფელში, 45-კაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოჩნდა - სროლით გული იჯერა, ააფეთქა გაზის გამანაწილებელი სადგური, დაცხრილა როსგვარდიის მობილური ჯგუფის ჯავშანმანქანა და, რაც მთავარია, ამ რუსულ სოფელში გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარა და უდანაკარგოდ დატოვა რუსეთის სახლმიწიფო საზღვარი...

უკრაინამ ოფიციალურად უარყო, რომ ეს მის მიერ შეგზავნილი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იყო. თავად ამ ჯგუფის წევრების გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ ისინი არ მალავენ, უკრაინელები კი არა, „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები რომ არიან, თუმცა პოლიშინელის საიდუმლოს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან გასულ წელს დაკომპლექტებული ეს „კორპუსი“ ომში სწორედ უკრაინის მხარეს იბრძვის და, შესაბამისად, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მარაგდება და იმართება კიდეც...

ამ პროპაგანდისტული რეიდით რუსულ სოფელში, „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ ერჩიან რუსეთის რიგით მოქალაქეებს და აქტიურ ქმედებებს იწყებენ პუტინის რეჟიმის ჩამოსაგდებად, რისთვისაც მათ მხარდაჭერასა და გვერდში დადგომას სთხოვენ...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პუტინმა „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ ეს შეიარაღებული რეიდი რუსულ სოფელში, ტერორისტულ აქტად შეაფასა.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს, პარალელი გაატაროს ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომების დროს ბასაევის ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრასთან და რადუევის სისხლიან „გასეირნებასთან“ ყიზლარში, თუმცა ბრიანსკის ოლქის რუსულ სოფლებში მშვიდობიან მაცხოვრებელებს მოსაკლვად არავინ დასდევდა, სამიზნე მხოლოდ რუსი ძალოვნები იყვნენ, თუმცა ერთი სამოქალაქო პირი მაინც ემსხვერპლა და ერთი ბავშვიც დაიჭრა...

რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებლად და ფანტასტიკურად მოჩანს ის, რაც გარდაუვალი ხდება ომის წლისთავზე - ომი ნელ-ნელა თავად რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და ეს არის იმის საფასური, რაც მათი ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთწლიანი განუწყვეტელი და დაუნდობელი დაბომბვების შედეგად ერთ დროს ძმურ ერად მიჩნეულ უკრაინელებს თავს დაატეხა...

რატომ უკვირთ რუსეთის რიგით მოქალაქეებს, რომ თუკი პუტინი თავს ნებას აძლევს, რომ მეზობელ ქვეყანაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყოს, რომლის მასშტაბის მქონე სამხედრო დაპირისპირება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა, უკრაინელებს არ აქვთ უფლება საპასუხო, თუნდაც ჯერ მცირე ძალის და უფრო შურისმაძიებელი სახის დარტყმები განახორციელონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე?

რუსეთის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა თავის პრეზიდენტს უკრაინაზე გასალაშქრებლად, რადგან ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის მსგავსად, ყველაფერი უსწრაფესად და გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ ამჯერად შეცდნენ...

რუსეთის საზოგადოების მცირე ნაწილი კი უკვე ხვდება, რომ მათი „მუდმივი“ პუტინი ამ ომის ჭაობში ყელამდე ჩაეფლო და მთლიანად რუსეთსაც ჩაითრევს, თუმცა ათეულობით მილიონი რუსისთვის უკრაინის სრული განადგურება ბოლო უკრაინელამდე, სრულად მისაღებია და ისინი ბოლომდე გაიჭირვებენ, ოღონდ რუსეთი ამ ომში არ დამარცხდეს...

მაგრამ მათი მენტალიტეტისთვის ისაა მიუღებელი, რომ „ვიღაც“ უკრაინელები ბედავენ, დრონები ააფეთქონ რუსულ ქალაქებში და რუსულ სოფლებში სამფეროვანი დროშები ჩამოუგლიჯონ უძლეველ“ რუსეთს, რომლისთვის ტოლი მოწინააღმდეგე მხოლოდ ბირთვული იარაღის მქონე ამერიკელები შეიძლება იყვნენ...

უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების მასიური შეტევების, ასევე, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ განხორციელებული რეიდების რიცხვი მალე გეომეტრიული პროგრესიით მოიმატებს და ამასთან შეგუება რუსეთის მოქლაქეებს იძულებით მოუწევთ...