როგორი იქნება 2023 წლის 23 ნოემბერი? - შევარდნაძეც მთავარ მტერს არასამთავრობო ორგანიზაციებში ხედავდა და... "წავიდა სახლში"
პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცუდად იცნობს საქართველოს უახლეს წარსულს, თუნდაც ოცი წლის წინანდელ მოვლენებს. კი ბატონო, გასაგებია, მაშინ ზოგი სტუდენტი იყო, ზოგიც პირველად იწყებდა სამსახურს, თუმცა დღეს ხომ ისინი ქართული სახელმწიფოს (!!!) სათავეში არიან და ასმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ! მათი პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის სტაბილური საგარეო და საშინაო განვითარება უზრუნველყონ, რისთვისაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასევე მეგობრების რეკომენდაციები და რჩევები. ზუსტად ოცი წლის წინ ედუარდ შევარდნაძემ ჩათვალა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის "დაბალანსების პოლიტიკის" გატარებით საკუთარ (პირად) ძალაუფლებას შეინარჩუნებდა და ორივეს "გააცურებდა", თუმცა, საბოლოოდ, "სახლში წასვლა" მოუწია. მაშინ ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ გადაურჩა სისხლისღვრასა და სამოქალაქო დაპირისპირებას. თუმცა ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ახალგაზრდა და გამოუცდელმა პოლიტიკოსებმა იმდენი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, რომ "მწარე მოსავალს" დღესაც ვიმკით! გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა ოცი წლის წინ და რატომ განუდგნენ ამერიკელები და ევროპელები ე. შევარდნაძეს.
1998 წლის დასაწყისიდან საქართველოს დასავლური ორიენტაცია უკვე აშკარა გახდა, რამაც იმედი ჩაუსახა ჩვენს ხალხს. ედუარდ შევარდნაძეს ნამდილად არ უნდა დავუკარგოთ ის დიდი დამსახურება, რომ მან, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდი, ღია და ფარული, ზეწოლის მიუხედავად, შეძლო საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება. თუმცა საბედისწერო შეცდომა მაინც დაუშვა. 2003 წლის მარტში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უკვე 75 წელს იყო გადაცილებული, თუმცა დასვენებასა და პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ჩქარობდა - მას კვლავ ქვეყნის მართვა სწყუროდა. თან, რეალურად, არაფრის შეცვლას არ გეგმავდა (ვფიქრობ, მის მიერვე შექმნილი და გატარებული საკადრო პოლიტიკის გამო, ეს უკვე აღარ შეეძლო), მხოლოდ იმით გვამშვიდებდა, რომ 2005 წლისთვის "პოლიტიკურ მემკვიდრეს" დაასახელებდა. თან ჩვეული "ბიზანტიური ეშმაკობით" ხელს უწყობდა პრეზიდენტობის მსურველ პოლიტიკოსთა და ჩინოვნიკთა ამბიციების გაღვივებას, პარალელურად მათ ერთმანეთზე წაკიდებასაც დიდი ოსტატობით ახერხებდა.
"საპრეზიდენტო რბოლაში" გადამწყვეტი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები იყო: ის პარტია, რომელიც მეტ ხმას მიიღებდა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც წარმატებას მიაღწევდა. მაშინდელი რეალობა ამგვარი იყო: საქართველოს "რუსული ორბიტიდან" ჩამოშორების პროცესი შევარდნაძემ კი დაიწყო, თუმცა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებდა უმთავრეს რეფორმებს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. დასავლეთს თანდათან მოთმინება ეწურებოდა და სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვდა შევარდნაძისგან რეფორმების სწრაფ და სრულყოფილ დასრულებას. ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად მიუთითებდნენ ჩვენი, როგორც ევროპელი, ასევე - ამერიკელი მეგობრები. 2003 წლის ბოლოსთვის კი არაფერი იყო შეცვლილი: აშშ-სა და ევროპის " რეფორმების დავალება" ედუარდ შევარდნაძემ ვერ (ან არ) შეასრულა. შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკა უფრო დაუფარავი, ხოლო მოთხოვნები - უფრო რადიკალური გახდა. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა კი უფრო მძიმდებოდა. ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილურობა (რომელიც, დიდწილად რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული) იწვევდა ჩვენ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობას. "ჩრდილოელ დათვსაც" სწორედ ის უნდოდა, რომ ჩვენივე ხელით მოეხდინა საქართველოს სტრატეგიული მიზნების დისკრედიტირება და ჩაშლა. 2003 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მღელვარება და გამოსვლები დაიწყო. შევარდნაძემ მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა, თუ რა საფრთხის წინაშე იყო მისი "თბილი სავარძელი", თუმცა "თეთრ მელას" საკუთარი ეშმაკობის იმედი კვლავ ჰქონდა. მაგრამ ვაშინგტონსა და მოსკოვში სხვანაირად ფიქრობდნენ.
ედუარდ შევარდნაძე და რიჩარდ მაილსი
ჩემი აზრით, 2003 წლის ზაფხულის დასაწყისში აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო მკაფიო გადაწყეტილება: შევარდნაძის ხელისუფლების დრო ამოიწურა და ის უნდა შეცვალონ "ახალგაზრდა რეფორმატორებმა". თავად შევარდნაძე პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, ხოლო სახელისუფლებო ცვლილება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მომხდარიყო. რუსეთის ხელისუფლება კი, რომელსაც საქართველოს დასავლური კურსის ტორპედირება სურდა,საკუთარ გათვლებს აკეთებდა და შესაძლო "სიტუაციურ მოდელებს" აგებდა. რუსეთის სპეცსამსახურები სწავლობდნენ ამ "ახალგაზრდა რეფორმატორების" ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და პიროვნულ თავისებურებებს, რათა მათ შორის სუსტი რგოლი და ადვილად სამართავი ფიგურები მოეძებნათ.
ფაქტია, რომ ვაშინგტონიც და მოსკოვიც აქტიურად მუშაობდნენ. თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ამერიკელები ღიად მოქმედებდნენ და ჩვენს სასიკეთოდ, რუსები კი - ფარულად და, როგორც ყოველთვის, სამტროდ. 2003 წლის ნოემბრის ბოლოს უკვე "სახლში წასული" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ე. შევარდნაძე აშშ-ის ადმინისტრაციაზე იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ამერიკელების კრიტიკას (პერსონალიებიდან მხოლოდ ელჩ რიჩარდ მაილსს და მილიარდერ ჯორჯ სოროსს ასახელებდა) რუსულ ტელეარხებზეც კი არ ერიდებოდა და მათ ღალატში სდებდა ბრალს. 2003 წლის 30 ნოემბერს ე. შევარდნაძემ ტელეკომპანია "როსიას" გადაცემა "ვესტი ნედელის" ეთერში განაცხადა, რომ აშშ-მა ხელი შეუწყო მის დამხობას, რაც მიაჩნდა თავისი მეგობრებისგან დიდ ღალატად. განსაკუთრებით გამოყოფდა საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ მაილსის როლს, რომელიც, მისი თქმით, ეხმარებოდა ოპოზიციას მის გადაყენებაში. ამავე დროს, ე. შევარდნაძე ამერიკელ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსს ასახელებდა საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციურად შეცვლის მთავარ დამფინანსებლად.
საინტერესოა, რომ ე. შევარდნაძე ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, როდესაც მკაცრად აკრიტიკებდა ამერიკელ მილიარდერ ჯორჯ სოროსსა და მისი ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში: "გარკვეული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერისა და რადიკალური ახალგაზრდული მოძრაობა "კმარას" დაფინანსების გამო", თუმცა მაშინ განაცხადა, რომ არ აპირებდა "სოროსის ფონდის" ქვეყნიდან გაძევებას. ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი მისი შეხედულება კარდინალურად შეიცვალა. რუსულ ტელეარხზე გამოსვლისას ე. შევარდნაძემ განაცხადა: "თქვენ სოროსი გააძევეთ რუსეთიდან, თქვენ სწორად მოიქეცით. ის ცუდად იქცევა. პოლიტიკა მისი საქმე არ არის... საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის სოროსმა ჩამოაყალიბა "მთელი კონცეფცია - როგორ ჩატარდეს არჩევნები, რომ სხვა ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორ შექმნას იგივე ორგანიზაციები, როგორიც იუგოსლავიაში".
რა თქმა უნდა, ე. შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ ვერც ჯ. სოროსი და მით უფრო - აშშ-ის ელჩი რ. მაილსი, დამოუკიდებლად, ვაშინგტონის ნებართვის გარეშე, მისი ხელისუფლების შეცვლას ვერც დაგეგმავდნენ და ვერც განახორციელებდნენ. მიუხედავად ამისა, ე. შევარდნაძე ღიად არ დაუპირისპირდა აშშ-ის ადმინისტრაციას. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი დიპლომატიური ეშმაკობა. ქართული ანდაზისა არ იყოს: "კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო ცემაო".
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
სამწუხარო პარალელები დღევანდელ ვითარებასთან ხომ აშკარაა: საქართველოს ხელისუფლება კვლავ ებრძვის საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანსა და ქართულ "ენჯეოშნიკებს".
რატომ ეშინია საქართველოს ხელისუფლებას "დასავლეთის" გრანტით დაფინანსებული "ენჯეოშნიკების"? - იმიტომ რომ ისინი "მეოთხე ხელისუფლების" ნაწილი არიან და სამივე ხელისუფლების (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) კონტროლის ფუნქცია აქვთ. ამიტომ არასამთავრობო სექტორი დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას! საკუთარი სკამის დაკარგვის შიში და არა "გავლენის აგენტების" გამოვლენა აიძულებს ხელისუფლებას ებრძოლოს ამ "საშიშ" ხალხს!
ბოლოს კი რამდენიმე შეკითხვა "გადაწყვეტილების მიმღებ პირებს" : ვინ უფრო საშიშია ქვეყნისთვის: რუსეთის გავლენის აგენტი პოლიტიკოსი, თუ "დასავლეთის" გრანტით დაფინანსებული "ენჯეოშნიკი" და რატომ არ ავლენთ რუსეთის აგენტურას? რატომ არ ითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების რჩევებს? რატომ ვერ სწავლობთ "დიდი ბაბუს" მწარე გაკვეთილებიდან? ყველამ ვიცით, რომ ჩვენი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ტორპედირება და შიდა დაპირისპირება რუსეთის ინტერესებშია და ამ დროს რატომ ხდება საგარეო და საშინაო კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა?