"ვის ვხედავთ მმართველ გუნდში?! - ფულიან ტიპებს, რომლებმაც სახელმწიფო საკუთარ კერძო ინტერესებს დაუქვემდებარეს"
„რა არის ამ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტში ისეთი, რომ ევროკავშირში შეიძლება არ მიგვიღონ?“ - ასეთი შეკითხვით დღეს ისევ მიმართეს „ხალხის ძალის“ ლიდერებმა ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამასთან, ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს მათ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ. „ვერანაირად დაასაბუთეს, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები [ევროპული გზიდან გადახვევა] გამოიწვიოს... გავიმეორებ - არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო... ეს არის ევროპა?“ - ამ განცხადების ავტორი „ხალხის ძალის“ ლიდერი მიხეილ ყაველაშვილია. რატომ არის „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება დასავლური გზიდან გადახვევის ნიშანი, რატომ გვარწმუნებენ მმართველი გუნდის ლიდერები, რომ ე.წ აგენტების კანონი, რომელიც ამერიკაში 85 წლის წინათ ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით მიიღეს, ახლა ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სად ხედავს „ქართული ოცნება“ ასეთ საფრთხეს და რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი აქტუალური ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამა თუ იმ კანონის ამერიკაში მიღება იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც აუცილებლად უნდა მივიღოთ. ამერიკაში სიკვდილის დასჯაც არის და ამერიკელებს იარაღის ტარების უფლებაც აქვთ. უფრო მეტიც, ზოგიერთ შტატში ადამიანს, რომელსაც დუელში გამოიწვევენ საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება აღარ აქვს. თუ ეს ყველაფერი ამერიკაში ხდება, ჩვენც რომ იგივე დავაწესოთ, ნორმალური იქნება ?! ამაზე საუბარი არის პოლიტიკური პროვინციალიზმი. კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ამერიკაში 1933 წელს მიიღეს, კომუნიზმისა და ფაშიზმის შესაჩერებლად და ისიც - სულ სხვა ფორმატში. იქ საუბარი არ იყო არასამთავრობო სექტორზე, საქმე ეხებოდა ლობიზმს ანუ ვინც ლობისტი იყო, ფული იმას უნდა გადაეხადა. ჩვენ ამ კუთხით ისედაც გვაქვს გამჭვირვალობა. ტყუილია, რომ თითქოს გრანტების შემოსვლის დროს რაიმე იმალება. პირიქით, ძალიან გამჭვირვალეა ყველაფერი. ეს თუ ხელისუფლებაში ვინმემ არ იცის, მაშინ მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ამერიკული სამართლის სისტემა სრულიად განსხვავდება ევროპული სამართლის სისტემისგან, რომელზეც ჩვენ ვართ მიბმულები. არანაირად არ ვართ ვალდებულები, ამერიკაში რა კანონსაც მიიღებენ, ის ჩვენც გადმოვიტანოთ, პირიქით, შეიძლება ხელის შემშლელიც კი იყოს, მით უფრო, თუ კანონი 85 წლის წინათ არის მიღებული. რაც შეხება კანონს, რომელსაც „ხალხის ძალა“ გვთავაზობს, ის ძალიან „ეფექტიანად“ მუშაობს რუსეთში. ძალიან ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა, ე.ი თუ ხარ აგენტი, ვერ დასაქმდები საჯარო სამსახურში, ვერ იყრი კენჭს, შენს ყველა ნააზრევს, რომელსაც წერ ფურცელზე თუ სოციალურ ქსელში, უნდა მიაწერო, რომ ხარ გავლენის აგენტი, თუ პუბლიკაციას გამოსცემ გრანიტით, იმასაც უნდა დააწერო, რომ გავლენის აგენტი ხარ. თუ ასე არ მოიქცევი, პირველ ჯერზე ფინანსურად დაჯარიმდები, შემდეგ ჯერზე კი - სისხლის სამართლებრივად აგებ პასუხს. რომელ ხელისუფლებასაც საკუთარი მოსახლეობის გაკონტროლება და შეზღუდვა უნდა, ამაზე უკეთეს კანონს ვერც კი მოიფიქრებს იმიტომ, რომ მხოლოდ დისკრედიტაცია კი არა, დასჯაც შეუძლია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანაც შესაძლებელია და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს საპროტესტო აქციების ჩატარებაც აგვიკრძალონ. ავტოკრატიული რეჟიმი ნელ-ნელა მყარდება, ერთ დღეში, ერთი ხელის მოსმით არაფერი ხდება.
- ამერიკელებმა მსგავსი კანონი ფაშიზმისა და კომუნიზმიდან მომდინარე საფრთხეების გამო მიიღეს. როგორ გგონიათ, „ქართული ოცნება“ რა საფრთხეების პრევენციას ახდენს?
- ალბათ, დასავლეთიდან მომდინარე „საფრთხეების“. თუ ასე არ არის, მაშინ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, ლუსტრაციის კანონი მიეღო, ამის საშუალებით მოეძებნა ყველა ის პირი, ვინც საბჭოთა კავშირისა და რუსეთისთვის მუშაობდა, შემდეგ მიეღო რუსული საოკუპაციო კანონი, რომელიც გამოავლენდა ნებისმიერ ადამიანს, ვინც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. საქართველოში არც ლუსტრაციის კანონი მიიღეს და არც რუსეთის აგენტების შესახებ კანონი, ის კი არა, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის ერთი აგენტიც კი არ გამოავლინეს.
- თავი დავანებოთ იმის განხილვას, ე. წ. აგენტების კანონი რუსულია თუ ამერიკული, ან დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება სერიოზულ დაბრკოლებას შეგვიქმნის ევროინტეგრაციის საკითხში. ასეთი მოცემულობის ფონზე, როგორ უნდა იმუშაოს ქართულმა დიპლომატიამ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი მიზნები აქვს მმართველ გუნდს. თუ მმართველ გუნდს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი ნამდვილად უნდა, არც კი უნდა განიხილოს ეს კანონი. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება. მმართველი გუნდის ლიდერები მიჰყვებიან კონკრეტულ გეგმას, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. უკვე ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი კი უნდა, მაგრამ თან ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნებაც უნდა. არა! კატეგორიულად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი. ამ ხელისუფლების გაცხადებული კურსი არ არის პროდასავლური, ამ ხელისუფლებაში მყოფი პირები არ არიან ევროპელი პოლიტიკოსები, ისინი თვისობრივად შუააზიელი პოლიტიკოსები არიან. ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეგვიძლია ლუკაშენკოს შევადაროთ. თუმცა ვერც მის დონეზე არიან. ავტოკრატი ლიდერიც კი არ გვყავს, რომელიც პირადად წყვეტს ქვეყნის ბედს. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ვიწრო ინტერესების მქონე კორპორაციულ ჯგუფს, რომელიც ახლა სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობს. თავად განსაჯეთ, ვის ვხედავთ მმართველ გუნდში?! - ფულიან ტიპებს, რომლებმაც სახელმწიფო საკუთარ კერძო ინტერესებს დაუქვემდებარეს.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე