"ნუ ყელყელაობენ...პარლამენტში "გამიშვი, გამატარე“, როცა მუდამ გალახული რჩება ოპოზიცია, შედეგს არ იძლევა"
პარლამენტში „გამიშვი, გამატარე“, როდესაც მუდამ გალახული რჩებიან, არ იძლევა შედეგს, ყველაზე ეფექტური დღევანდელ სიტუაციაში, იქნება არაძალადობრივი წინააღმდეგობა, მაგალითად საყოველთაო გაფიცვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფსა თუ სეგმენტში ადამიანებმა ხმა უნდა აიმაღლონ.
"ოპოზიციამ ხალხს უნდა შესთავაზოს ხელისუფლებაზე ზეწოლის სწორი და ადეკვატური ფორმები. პარლამენტში „გამიშვი, გამატარე“, როდესაც მუდამ გალახული რჩებიან, არ იძლევა შედეგს, ეს ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ყველაზე ეფექტური დღევანდელ სიტუაციაში, ჩემი აზრით, იქნება არაძალადობრივი წინააღმდეგობა, საყოველთაო გაფიცვა მაგალითად. რას მიკეთებს ეს ბიზნესი? არ იციან, რომ თვითონაც დაემხობათ ყველაფერი თავზე ასე თუ გაგრძელდა? ახლა არ არის ნახევარტონების დრო, ახლა საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის, ყველა სეგმენტის, ეკონომიკაში იქნება თუ კულტურაში თუ სხვაგან, მათი დროა, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ „ყელყელაობს“, რასაც შედეგი არ მოაქვს და საჭიროა ცოტა კრეატივი შეიტანონ პროცესებში.
"ვლაპარაკობ ერთ დღიან გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვაზე. ამას უნდა, რა თქმა უნდა, კარგად მომზადება, ჩაერთონ ამაში ოპოზიცია და თუ შეუძლიათ რამის ორგანიზება, ამის ორგანიზება გააკეთონ. ნუ ყელყელაობენ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან და იძახიან "დაგამთავრებთ და იმას ვიზამთ“, ვერ ამთავრებთ ხომ ნახეთ? ხალხს თუ არ აიყოლიებთ, დაარწმუნებთ, თუ არ დაანახებთ სწორ გზას უკეთესი მომავლისათვის, რა აზრი აქვს ამ ყელყელაობას? ტატამზე ავლენ, გაილახებიან, ჩამოვარდებიან, კიდევ ავლენ, კიდევ იგივე ხდება. ეს ხაბეიშვილი რომ დარბის მეტი არაფერი იცის და იმიტომ ყვირის სულ ამას.
მარტო აქციები, აქციები... კი ბატონო, იყოს ეს აქციები, აქციებზე უარის თქმისკენ კი არ მოვუწოდებ, მაგრამ ცოტა კრეატივი შეიტანონ ამ ყველაფერში. ადამიანებს არ უნდათ ქუჩაში დგომა, სხვა ფორმები არსებობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"