"ბევრჯერ მიმიღია უარიც, მაგრამ ამას არ შევუჩერებივარ" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა
24 წლის მარიამ თინიკაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. აქვს ინდივიდუალური სტილი. უკვე რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანი მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ბოლოს გერმანიაში, "წლის ახალგაზრდა მხატვრების" კონკურსზე სცადა ბედი, რომელშიც 500 მხატვარი მონაწილეობდა და გაიმარჯვა... ასევე პოლონეთში - უნივერსიტეტის მხატვრების კონკურშიც არავის დაუთმო პირველობა... ამჟამად სწავლობს Academy of Fine Arts and Design in Katowice-ში და აქტიურად ემზადება როგორც ბერლინის Berlin global art competition-სთვის, ასევე, ნიუ-იორკში გამოფენის ჩასატარებლად. ცნობისათვის, მარიამი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა, თანაც, 100-პროცენტიანი გრანტით.
- აკადემია, სადაც ახლა სწავლობ, პოლონეთშია. როგორ გახდი ამ აკადემიის სტუდენტი?
- რეალურად, ნიუ-იორკში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მოგეხსენებათ, ამერიკაში წასვლა ბევრ რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული; გჭირდება საბუთების შეგროვება, უამრავი გასაუბრება და ა.შ. დაინტერესებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით და იმ პერიოდში ჩემი შემოსავლის წყაროც ეს საქმიანობა გახლდათ. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და სხვა ქვეყნის აკადემიაში გამოცდილების მიღებაც შედიოდა ჩემს ინტერესებში და აქედან გამომდინარე, დავიწყე ჩემთვის ხელმისაწვდომი სასწავლებლის ძებნა და საბოლოო ჯამში, პოლონეთში ჩავირიცხე.
- რატომ კუბიზმი და სიურრეალიზმი? რატომ დაინტერესდით ამ მიმდინარეობით ან ამ ჟანრის მხატვრებიდან ვის გამოარჩევთ?
- კუბიზმი და სიურრეალიზმი ალბათ, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ხელოვნების სამყაროზე. ეს იყო მოძრაობები, რომლებიც დაუპირისპირდა ხელოვნების შექმნის ტრადიციულ გზებს, გადალახა იმდროინდელი „მისაღები ხელოვნების“ საზღვრები. ისინი ემსახურებიან ადამიანის ქვეცნობიერი სამყაროს გამოხატვას, არ თავსდებიან გონებრივ, მორალურ და სხვა საზოგადოდ მიღებულ ჩარჩოებში. ეს "მეამბოხე სული" რეზონირებს ჩემს შინაგან სამყაროსთან და ამიტომ მიმიზიდა ამ სტილმა... მხატვრებიდან გამოვარჩევდი დალის. მასთან ერთად სიამოვნებით დავლევდი ფინჯან ყავას და ვისაუბრებდი ბევრს....
- შეგიძლია გაიხსენო პირველი ნახატი, რომელმაც შენთვის უცხო ადამიანების ყურადღება მიიქცია?
- პირველი ნახატი და მასთან დაკავშირებული ამბავი არასდროს დამავიწყდება... როდესაც პირველად ვიმუშავე ტილოზე ზეთში, ჩემში ემოციების ქარიშხალი დატრიალდა; ეს იყო მომენტი, როდესაც ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა... ჩემს ნახატებს პირველად ოჯახის წევრები ნახულობენ და შესაბამისად, პირველ შეფასებასაც მათგან ვისმენ. საზოგადოებამ ჩემი ნახატი პირველად დიდი ხნის წინ, ადგილობრივ გამოფენაზე, თბილისში ნახა. გულწრფელად ვამბობ, იმ ეტაპზე ვერ ვიაზრებდი ხალხის ემოციებს, ალბათ ასაკის გამო და სამწუხაროდ, ამ თემაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით.
- რას ნიშნავს მხატვრისთვის გამოფენა? ალბათ პერსონალური გამოფენის მოწყობის საშუალებაც გქონდა...
- ზოგადად, გამოფენა ღრმა პირადული გამოცდილებაა, ერთგვარი კულმინაციაა მხატვრის თავდაუზოგავი შრომის, კრეატიულობის და საქმის მიმართ თავდადების. ეს არის მომენტი, როდესაც მას შეუძლია თავისი მხატვრული ხედვა გაუზიაროს მსოფლიოს და გააგონოს თავისი ხმა. პირადად ჩემთვის, განცდებისა და ემოციების გადმოლაგებაა. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ მისწვდე უფრო ფართო აუდიტორიას, გააშუქო შენი ნაშრომი, პოტენციურად გაყიდო ნამუშევრები, დაუკავშირდე სხვა ხელოვანებს, ენთუზიასტებს, შექმნა წრე და დაამყარო კავშირები, შექმნა შენი რეპუტაცია ხელოვნების სამყაროში... ამერიკაში ჩასვლის შემდეგ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვგეგმავ და ახლა ამისთვის ვამზადებ ნახატების გარკვეულ რაოდენობას.
- ბერლინი, ნიუ-იორკი... აქ ყველას არ ეძლევა გამოფენებში მონაწილეობის საშუალება. ვიცი, რომ რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული ხარ და ვინმეს მიწვევით ხომ არ მიდიხარ?
- რამდენიმე წლის წინ, მეც ვფიქრობდი, რომ არ მომეცემოდა ოცნებების რეალობად გადაქცევის შანსი, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე. დღეს ვამბობ, რომ დასახული მიზნის მიღწევა ყველას შეუძლია. არავის მივუწვევივარ, ეს შედეგი მოიტანა მონდომებამ, თავდაუზოგავმა შრომამ, ძიებამ, საქმის სიყვარულმა და თავდაჯერებულობამ. ბევრჯერ მიმიღია უარიც, მაგრამ ამას არ შევუჩერებივარ...
- შენზე მითხრეს, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხაო, თანაც, 100-პროცენტიანი გრანტით. ამაზეც მიამბე...
- ეს ყველაფერი საკმაოდ სპონტანურად დაიწყო. როგორც წეღან აღვნიშნე, არ მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ამხელა ნაბიჯი გადამედგა ჩემი ოცნებისკენ. როდესაც სასურველ სასწავლებლებლებს ვარჩევდი, სიის თავში სწორედ ნიუ-იორკი იყო და ვიფიქრე, „რატომაც არა?!“ ცდით არაფერს დავკარგავდი. მოვლენების ესკალაცია ჩემდა სასიხარულოდ წარიმართა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი პროცესი. ამ ყველაფერს უზარმაზარი შრომა და ვნებათაღელვა სდევდა ფონად, თუმცა დღეს შედეგი სახეზეა.
- არის თუ არა დღეს მხატვრობა შენი შემოსავლის წყარო? და როგორ ფიქრობ, ხატვის სწავლა ყველას შეუძლია?
- ამ ეტაპზე გაყიდვებზე ორიენტირებული არ ვარ, რადგან გამოფენისთვის ნახატების რაღაც რაოდენობას უნდა მოვუყარო თავი... რაც შეეხება ხატვის სწავლას, მე მაინც იმ აზრის ერთგული დავრჩები, რომ ამის ნიჭი ან დაბადებიდან მოგდევს, ან საერთოდ არ გაქვს; თუ მცირეოდენი "ნაპერწკალი" მაინც შენიშნე შენში, შესაძლებელია მისი გავარჯიშება, გაუმჯობესება და დახვეწა. ხატვის ინსპირაცია მოდის ხალხისგან, გარემოსგან და ემოციებისგან; შემდეგი ეტაპია ჩანახატის გაკეთება, სადაც ხდება ნახატის მოდელირება, ანუ დაახლოებით რა სად განლაგდება, რა ფერი იქნება და ა.შ. ჩანახატი გადადის ტილოზე მხოლოდ მაშინ, როცა პერსონაჟები ან ემოციურად არიან კავშირში ერთმანეთთან (თუმცა, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არც კი იცოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ) ან ერთი და იგივე ლოკაციიდან არიან.
- მხატვარს რა გამოკვეთილი თვისებები უნდა ჰქონდეს, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწიოს?
- ყველა ადამიანს, ვინც რეალურად რაღაცას ქმნის, აქვს თავისი ინდივიდუალიზმი. არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული თვისებაა აუცილებლად საჭირო... თუმცა, წარმატებისათვის მხატვარს, ისევე, როგორც სხვა პროფესიის ადამიანებს, არ უნდა დაეზაროს შრომა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოს მოქმედება მიზნის მისაღწევად; ასევე სასარგებლო დანამატი იქნებოდა სიმტკიცე, ადაპტაციის უნარი, დისციპლინა და ა.შ.
- ახლა შენს გატაცებაზეც მიამბე: სრიალი და მოგზაურობა. ბევრგან გიმოგზაურია? როგორც მხატვარს, რომელი ან როგორი ქვეყნები გიზიდავს?
- ახალი ადგილების ნახვა და ხალხის გაცნობა ახალ იდეებთან ასოცირდება. ამის წყალობით იბადება ჩემი პერსონაჟები, რომლებიც შემდგომ ტილოზე ცოცხლდებიან. არ მაქვს გამორჩეული ქვეყნების სია ან რამე სპეციალური კრიტერიუმები...
- მწვერვალიდან დაშვებას რა გრძნობა მოაქვს?
- მთის წვერიდან დაშვება არის ამაღელვებელი და ადრენალინით გაჯერებული გამოცდილება. სრიალის დროს ფოკუსირებული და კონცენტრირებული ხარ რელიეფზე და სხვადასხვა დაბრკოლებას შორის, ნავიგაციაზე, თუმცა სიჩქარის აღებას, სახეზე და ტანზე ქარის სირბილს, თოვლზე სრიალს, თოვლის ჭრას მოსახვევებში და ულამაზეს ხედს შენ გარშემო, ფრენასთან დაახლოებული განმათავისუფლებელი გრძნობა მოაქვს. ეს საოცრებაა...
ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)