"დასავლეთი ცდილობს, არ დაგვაშვებინოს საბედისწერო შეცდომა"
3 მარტს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების განაცხადის შეტანიდან ერთი წელი შესრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანა ამ თარიღს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი ურთიერთობით შეხვდა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობამ, რაც ოქტომბერში უნდა შეფასდეს, 2023 წლის დამდეგიდან მოყოლებული გადაფარა ე.წ. გავლენის აგენტების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივებმა, რასაც ევროკავშირი თავის პრინციპებსა და რეკომენდაციებთან შეუსაბამოდ აფასებს. "ქართული ოცნება" ცდილობს საპირისპირო დაამტკიცოს, შედეგად 2 მარტს, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" მოკავშირე „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ამ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, 36 კაცი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები. ჩვენი პარტნიორები აფრთხილებენ საქართველოს, რომ ეს გზა ევროკავშირისკენ არ მიდის და „გავლენის აგენტების“რუსული“ინიციატივების გამო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეფერხდება. რით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების მოქმედება? - ამ თემაზე ვსაუბრობთ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელ თენგიზ ფხალაძესთან:
- დღეს, როდესაც ხელის ერთ გაწვდენაზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამგვარი საკითხის წამოჭრა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების ცდა. იმის ნაცვლად, ყველაფერი გაკეთდეს იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუწესა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის, თითქოს კანდიდატობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რაც სიცრუეა და ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ხელისუფლებაში ეს არ ესმოდეს. იმ 12 პუნქტიდან 2 საკითხს ეს კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება, ესენია: მედიის გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება. მეტიც, ეს ინიციატივა სრულ წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან, რაზეც დგას ევროკავშირი. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ვინმეს შემთხვევით მოუვიდა ან შეეშალა, დიდი გულუბრყვილობაა, მით უფრო, რომ აღარ დარჩა ორგანიზაცია თუ სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც პირდაპირ არ ეთქვას, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს ეწინააღმდეგება თქვენივე ეროვნულ ინტერესებსო. ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში მიიყვანს.
ამის თაობაზე უაღრესად მკაფიოდ მიანიშნეს ხელისუფლებას როგორც ევროკავშირმა, ასევე ნატომ, ევროსაბჭომ და პარტნიორმა ქვეყნებმა, გაერომ და ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი, რომ ამგვარი კანონის მიღება არ შეიძლება. რაც მთავარია, ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა განაცხადა, რომ ეს ე.წ. ინიციატივა მისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს და ქართველი საზოგადოების ნებას. ეს თემა ყურით მოთრეულია და არავითარი კავშირი არა აქვს უცხოური დონორებისგან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან.
ჯერ ერთი, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა. მათ წელიწადში რამდენჯერმე სახელმწიფოსთვის ანგარიშის ჩაბარება ევალებათ თითოეულ იმ თეთრზე, რომელსაც იღებენ და ხარჯავენ. მოკლედ, ესა თუ ის დაფინანსების წყარო, თანხის მიზნობრიობა და ხარჯვა სავსებით გამჭვირვალეა. ეს ხდება წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე და დაინტერესებულ პირებს ყოველთვის შეუძლიათ მისი ნახვა.
გარდა ამისა, ამ კანონპროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს რატომღაც დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი გრანტების თაობაზე, რომლითაც განსაზღვრულია, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი. გრანტს ვერ მიიღებთ ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც სახელმწიფოს არ უღიარებია როგორც დაფინანსების წყარო. იცით, გასაოცარი რა არის, სახელმწიფო ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნება, მე თქვენ ფულთან კი არა მაქვს პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ ფულს სხვა ორგანიზაციებს აძლევთ, მხოლოდ მე მომეცით და ეს უცხო ძალის გავლენად არ ჩაითვლებაო. კიდევ ერთი საკითხი, რაც გამჭვირვალობას შეეხება, ის არის, რომ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშს აბარებს დონორ ორგანიზაციებს, რომლებისგანაც დაფინანსებას იღებს. ასე რომ, ორივე კანონპროექტი, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არაფრით არ უკავშირდება გამჭვირვალობას. ეს არის სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომლის ამოცანაც თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და ახალი ბარიერის შექმნაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
- კანონპროექტების ავტორები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ეს რუსული კი არა, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მომზადებული დოკუმენტებია.
- ცოტა ხანში მივალთ იქამდე, რომ "ქართული ოცნება", ალბათ, ლექციებს ჩაუტარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკულ კანონმდებლობაში, ან ასწავლის ევროკავშირს, რა არის ევროკავშირი. ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდის. რაც შეეხება ე.წ. ამერიკული კანონის თემას, ჯერ ერთი, საკანონმდებლო დოკუმენტების პირდაპირ გადმოწერა არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა, რადგან ნებისმიერი კანონი მიღებულია კონკრეტულ მოცემულობაში, სივრცესა და საზოგადოებაში. კანონი, რომელზეც აპელირებენ, არის 1938 წელს მიღებული, ანუ საუკუნის წინანდელი ნორმა, როდესაც შტატებში დიდი იყო ფაშიზმისა და კომუნიზმის საფრთხე. ეს იყო კანონი არა გამჭვირვალობისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის. რაც მთავარია და რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები რატომღაც არ ლაპარაკობენ, ის არის, რომ ამ კანონმა გასული საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და რეალურად პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელ ნორმად იქცა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი რატომ უნდა გადმოვიტანოთ პირდაპირ? იქ ბევრი ისეთი კანონია, რომლებიც იმ სივრცისთვის შესაძლოა კარგია, მაგრამ სხვაგან არ გადმოდგეს. მაგალითად, ზოგიერთ შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, მაიმუნის საჭესთან დასმა აკრძალულია. რა ვქნათ, ჩვენც ხომ არ გადმოვიღოთ? კიდევ ერთი - სამართლიანობის არსი ემყარება უდანაშაულობის პრეზუმფციას, ანუ მე კი არ უნდა ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, თუ ბრალს მდებ, შენ უნდა დამიმტკიცო. ამერიკული კანონმდებლობის არსი სწორედ ის არის, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ რომელიმე პირი თუ ორგანიზაცია მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენი კანონპროექტის თანახმად კი მოგაკერებენ აგენტის იარლიყს და მერე უნდა ამტკიცო, რომ აქლემი არა ხარ.
დღეს საქართველოს მართლაც უდგას პრობლემა, როდესაც ჩვენი არამეგობრული ქვეყნები გავლენის მოპოვებას ცდილობენ და მე-5 კოლონა გააქტიურებული ჰყავთ, მაგრამ ე.წ. ხალხის ძალის მომზადებული არც ერთი კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას და არც ამ საქმიანობიდან დაფინანსებულ ანტიქართულ ორგანიზაციებს. ამაზე ამ კანონპროექტებში ლაპარაკი არც არის. სამაგიეროდ, ლაპარაკია იმ კანონმორჩილ დონორებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სრულად ექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას და რომელთა საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა.
საქმე ის კი არ არის, ესა თუ ის კანონი პირველად სად შეიქმნა, არამედ ის არის მნიშვნელოვანი, ვინ როგორ იყენებს. ეს ინიციატივა რუსულია იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იმავე მიზნით ქმნის, რისთვისაც პუტინის რეჟიმმა მიიღო. გავიხსენოთ, როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, განაცხადა, დასავლეთიდან უნდა ავიღოთ მაგალითიო, და მართლაც არაერთი კარგი დასავლური კანონი გადმოთარგმნეს რუსულად, მაგრამ თანდათან მასში შეტანილი ცვლილებებით სრულად შეცვალეს იმ კანონმდებლობის არსი და რაც ყველაზე სამწუხაროა, გამოიყენეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად მედიისა და თავისუფალი აზრის შესაზღუდად. ანალოგიურადვე მოქმედებს "ქართული ოცნება". გასულ კვირას პარლამენტში ვიხილეთ სამარცხვინო პროცესი - შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ საკომიტეტო მოსმენაზე ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერით თვითლუსტრაცია დაიწყო.
- საინტერესოა, რომ ამ ინიციატივის შესახებ განცხადება ჯერ არ მოგვისმენია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მისი დუმილი და ბარემ აქვე გავიხსენებ მის განცხადებას, რომელიც 3 მარტს ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადის ხელმოწერის წლისთავზე გაავრცელა: "2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს... ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით", - ეს არის ამონარიდი ღარიბაშვილის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადებიდან...
- დღეს ამ საკითხზე დუმილი ნიშნავს თანხმობას, მით უფრო, როდესაც საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს შეეხება. ამასთანავე, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის გაწევრების განაცხადზე, ნუ გვექნება მოკლე მეხსიერება და გავიხსენოთ, რა ხდებოდა შარშან საქართველოში და როგორ გაიგზავნა ეს განაცხადი. რომ არა ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლა, თითქმის დარწმუნებული ვარ, განაცხადს არც გააკეთებდნენ. ასე რომ, არავისგან არაფერი გვაქვს დასამადლებელი, ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს ქართველი ხალხის პოლიტიკური დაკვეთა და ის, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა გასულ კვირას გავხდით ამის საწინააღმდეგო პროცესის მოწმენი. მეტიც, პირდაპირ ანტიკონსტიტუციური განცხადებაც კი მოვისმინეთ, როდესაც ერთმა დეპუტატმა გაბედა და თქვა, თურმე ევროკავშირში გაწევრება თვითმიზანი არ ყოფილა და დაიწყო ჩვენი ევროპული მისწრაფების რევიზია.
- გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ და განაცხადა: "ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე". სიმართლე გითხრათ, ასეთ ღია ტექსტებს დასავლელი პოლიტიკოსებისგან ძალიან იშვიათად თუ მოისმენს ადამიანი.
- მართალი ბრძანდებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასეთი ღია ტექსტებით ძალიან უკიდურეს შემთხვევებში ლაპარაკობენ ხოლმე. სამწუხაროდ, დღეს აშკარაა, რომ სწორედ ამგვარ უკიდურეს ვითარებაშია საქართველო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ. დღეს გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სრულად გამოვიდეს ოკუპანტი რუსეთის გავლენიდან და გაერთიანდეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების იმ ისტორიულ ოჯახში, რომლის წევრიც ვიყავით და საიდანაც ისტორიული უსამართლობის შედეგად ამოგვგლიჯეს. ეს დღეს გახდა რეალური და ჩვენს პარტნიორებს არ სურთ საქართველომ დაკარგოს ეს შანსი. ბუნებრივია, ჩვენს გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ, რომ არ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომა. ვერ დავიჯერებ, რომ დღეს ხელისუფლებაში ვინმეს ეს არ ესმის. რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება გააჩეროს ეს პროცესი, სამწუხაროდ, ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოების მასშტაბური პროტესტი აფრთხობს. ე.წ. საპარლამენტო განხილვებმა დაგვანახა, რომ არგუმენტირებული დისკუსია ხელისუფლების ამ კონკრეტულ წარმომადგენლებთან ნამდვილად უშედეგოა, რაც ძალიან ცუდია.
- ცნობილია, რომ იმავე დონორებისგან, რომელთაგან დაფინანსებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ფიქრობენ, ხელისუფლება თვითონ იღებს დიდ გრანტებს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, რამდენად რეალურია, რომ მათ განაგრძონ ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისა თუ პროგრამის დაფინანსება? ეს როგორ აისახება ქვეყანაზე და რამდენად ელით კონკრეტული პირებისა თუ სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას?
- საინტერესოდ დასვით კითხვა. როდესაც ვლაპარაკობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი ასეთი ორგანიზაცია არსებობს. მათში დასაქმებულია არაერთი ჩვენი მოქალაქე და თუ დაფინანსება შეწყდება, მათი ბედი ჰაერში გამოეკიდება. გარდა ამისა, უამრავი პროგრამა ხორციელდება დევნილებისთვის, ბავშვებისთვის, ფინანსდება სოციალური საწარმოების, შშმ პირთა თუ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამები და გამოდის, ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს. ასევე არაერთი პროგრამაა, რომლებითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან ადამიანებს ადგილებზე დამკვიდრებასა და შემოსავლის ნახვაში, არის პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისათვის, სოფლის განვითარებისთვის და ა.შ. რიგ შემთხვევაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მაგრამ არ და ვერ აკეთებს. უპირველესად ვგულისხმობ მოქალაქეების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას.
ის ლოგიკა, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება დონორებს ელაპარაკება, ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას სპობს. თავისთავად ცხადია, რომ ძალიან ბევრი დონორი დაფრთხება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროგრამები დაიხურება. აქ დონორები ფულს დებენ იმიტომ, რომ საქართველოს განიხილავენ იმავე ღირებულების სახელმწიფოდ, რომელზეც დგას დემოკრატიული სამყარო, და ხელს უწყობენ მის განვითარებას. თუ ხელისუფლება ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების შესაძლებლობას, ბუნებრივია, ისინი ვერ ითანამშრომლებენ ასეთ სახელმწიფოსთან.
რაც შეეხება სანქციებს, დარწმუნებული ვარ, ის პირები, რომლებიც ხელს აწერენ ამ კანონპროექტებს, უკვე მზად არიან და მონახული აქვთ გზები იმისთვის, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში არ დაზიანდეს მათი და მათი ოჯახების პირადი კეთილდღეობა.