"მთავარია, რუსეთს ახლა ამღვრეულ წყალში თევზაობის ნება არ მივცეთ"
ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე "კვირის პალიტრას" პოეტი დათო მაღრაძე ესაუბრა:
- საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა გუშინ კი არ დაწყებულა, ან დღევანდელი ტრენდი კი არ ყოფილა, საუკუნეების წინ აიღო სათავე. ამის მტკიცებულებაა ჩვენი წარსული, კულტურა, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება... როდესაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა დაწერა, "გელათი ჩაფიქრებული იყო სხვად ათინად და მეორე იერუსალიმად", ეს იყო ქვეყნის ძალზე მკაფიო ფორმულირებული ხმა, რომელიც ზუსტად ემთხვევა ევროპული კულტურის ხასიათსა და თვისებებს, რაც ანტიკური სამყაროსა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზში განსხეულდა. ევროპაში აღორძინების ხანა რომ ორი სიტყვით დავახასიათოთ, ეს სწორედ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებიდან იკითხება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ქართველი საზოგადოების ევროპისკენ სწრაფვა კონსტიტუციაშიც აისახა. ჩვენ ყოველდღე ვადასტურებთ ევროპული ღირებულებების პატივისცემას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა მხოლოდ ქართული კულტურის ხასიათს კი არ განსაზღვრავს, დეკლარირებულია, პოლიტიკის ენაზეც ითარგმნა. ის, რომ სამი ქვეყნიდან კანდიდატის წევრობის სტატუსი ორს მიენიჭა და საქართველოს არა, უსამართლო, პოლიტიკური კონიუნქტურის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. თუმცა ევროკომისიის სამართლიან დასკვნაში აისახა, რომ იმ ქვეყნებთან შედარებით ყველა პარამეტრით წინ ვიყავით. იმედია, საბოლოოდ მაინც სამართლიანობა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებენ. როდესაც ხელისუფლების ოპონენტებმა გაახმოვანეს, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ გადაიხარა, სინამდვილეში, მაშინ სუვერენიტეტისკენ გადადგა ნაბიჯი, რასაც მტრისა და მეგობრისგან ერთნაირი შეფასება მოჰყვა.
- "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გარშემო ყველა სტრატეგიული მეგობარი და პარტნიორი ამბობს, რომ მისი მიღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.
- ყველა რჩევა, რომლებიც ამ დღეებში სტრატეგიულმა მეგობრებმა მოგვცეს, გასათვალისწინებელი და საგულისხმოა. საქართველოს ინტერესის გათვლით, უნდა ვეცადოთ, მათი რჩევები თანხვედრაში მოვიდეს. ყველა მათი სასარგებლო რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან მჭრის ყურს სიტყვა "აგენტი" - ეროვნული მოძრაობის ტალღის აზვირთებიდან ეს სიტყვა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ლამის ყველა მოსახვევში ისმოდა და კარგი არაფერი მოუტანია. მასთან ქართველ საზოგადოებას უამრავი ცუდი მოგონება აკავშირებს. წლების განმავლობაში ამ სიტყვით უამრავ წესიერ და საამაყო ადამიანს ატკინეს გული. წარსულის ცუდმა გაკვეთილებმა ერთხელ მაინც ხომ უნდა გვასწავლოს რაღაც? ამდენი რამ გვაქვს გამოვლილი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, სიტყვა "აგენტი" საკანონმდებლო სივრცეში კი არა, ყოველდღიურ ქართულ ფრაზეოლოგიაშიც კი არ უნდა გამოიყენებოდეს... თუკი დაფინანსებებს ეხება კანონი, ამ შეურაცხმყოფელი სიტყვის გარეშეც შეიძლება გამჭვირვალე იყოს, მით უფრო, რომ ქართველ საზოგადოებაში ასეთი საჩოთირო სიტყვის გამოყენება, რომელსაც საკანონმდებლო სივრცეში ნამდვილად არაფერი ესაქმება. მისი კანონში ჩადება კი არა, ყოველდღიური სასაუბრო ტერმინოლოგიიდან უნდა ამოვიღოთ. ისედაც ჩვენს რეალობაში, ნებისმიერი მოვლენა განხეთქილების საგანი ხდება, იმდენად გვძულს ერთმანეთი. ეს აგრესია და ზიზღი ჯერ კიდევ იქიდან იღებს სათავეს, როდესაც ქართული არისტოკრატიისგან მტრის ხატი შექმნეს და უამრავი მათგანი დახვრიტეს. მას შემდეგ ყველაფერზე შეიძლება წავეკიდოთ ერთმანეთს. დღეს ეს კანონპროექტია საჯილდაო ქვად ქცეული, რასაც ნამდვილად აქვს საფუძველი, მაგრამ ეს რა მოსატანია იმ თემებთან, რის გამოც ერთმანეთი ლამის დავხოცეთ? პანდემიის დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა უხილავი სიკვდილის პირისპირ იყო, ნაცვლად იმისა, ადამიანებს შორის თანაგრძნობა გაჩენილიყო, ჩვენ განხეთქილების საგნად ვაქციეთ... თითქოს ნებისმიერ თემას იმისთვის ელოდებიან, რომ შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ბოლო ხანებში ქართველი საზოგადოება საინტერესო ცხოვრებიდან არის ამოვარდნილი. როდესაც ადამიანებს უინტერესო პირადი ცხოვრება აქვთ, საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადადიან, სადაც თავიანთი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეულ აგრესიას თანამოქალაქეებისკენ მიმართავენ. არსებობს კანონს მიღმა თანაცხოვრების კულტურა, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არ გამოირჩევა... ალბათ, დროებამ მოიტანა ისიც, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ველი ისეთი აღარ არის...
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ინდივიდები, პიროვნებები ნაკლებად ჩანან. ისეთი მკაფიო პოლიტიკოსები, როგორიც იყო უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეგიანი, მარგარეტ ტეთჩერი, ფრანკლინ რუზველტი, რომლებიც თავიანთი პრინციპულობით, შეუპოვრობით გლობალურ პოლიტიკას ქმნიდნენ. უფრო ადრეულ ხანაში თუ გავიხედავთ, დავით აღმაშენებლის მართვის სტილმა დაგვარწმუნა, ვინ ვიყავით, საით ვისწრაფოდით და ვის ვეკუთვნოდით. განსხვავება ის არის, იმ ტენდენციამ შემდეგ საქართველოში ისეთი განვითარება ვერ პოვა, როგორიც ევროპაში. იქ აღორძინების ხანა დაიწყო, ჩვენ კი მონღოლთა ურდოების მოგერიებაში მოგვიხდა გადაშვება, რადგან საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპის კარიბჭეა და მათი შეკავება გვიწევდა, რათა ევროპულ ცივილიზაციას არ შესეოდნენ. ამიტომაც იმ გენიალურმა ჩანასახმა, რომელიც დავითის დროიდან უკვე არსებობდა, საქართველოში იმ მასშტაბით ვეღარ შეისხა ხორცი, როგორც იტალიის ქალაქებში, რომსა და ფლორენციაში. არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რადგან ჩვენი მეფეები მონღოლთა ურდოს, ცივილიზაციის მაშინდელ მტრებს იგერიებდნენ, რომელსაც აღარც იმპერიული კულტურა მოჰქონდა და არც ცივილიზაცია, არსებულის გასანადგურებლად მოდიოდა. თუმცა ისეთ მწვერვალებს მაინც მივაღწიეთ, როგორიც არის იოანე პეტრიწი, გელათის აკადემია, "ვეფხისტყაოსანი" - ამ დიდი ცივილიზაციის გვირგვინი... მსოფლიოში არაერთი სხვა, თუნდაც ჩინური და ინდური ცივილიზაციები არსებობს, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის მშობლიური სამყარო ევროპული ცივილიზაციაა. შესაძლოა ვიღაცისთვის ევროპა ტრენდია, მაგრამ საქართველოსთვის მშობლიური სივრცეა, რაც წარსულით დამტკიცებული გვაქვს.
- ახლა კი მთავარია, მომავლით დავამტკიცოთ, არა?
- დიახ, უნდა დავამტკიცოთ და მივდივართ ამისკენ ჩვენი ხარვეზებით, შეცდომებით, დუღილით, მაგრამ მაინც მივიწევთ. ამ გზაზე მეტი გულისხმიერება, სიმშვიდე და თანაგრძნობა გვმართებს. ამ ვითარებაში ისიც ძნელია, ამა თუ იმ ქვეყანას უმანკოება და უმწიკვლობა მოსთხოვო, ასეთი მხოლოდ იესო იყო. ქართველ საზოგადოებას მეტი შრომა და მოთმინება სჭირდება, მათგან კი, მეტი მხარდაჭერა ვითხოვოთ. ის ცნობილი პატიმარი, უკრაინის მოქალაქე, ისევ განსჯის საგანია, მის საავადმყოფოში გადაყვანას ასობით ევროპარლამენტარი აწერს ხელს მაშინ, როდესაც უკვე არის სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ვამბობ, რომ მეტი გულისხმიერებით მოეკიდონ ჩვენს საქმეს. ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი საფრანგეთის რევოლუცია იყო. ამ ქვეყნის დროშაზე დატანილი იყო "თავისუფლება და თანასწორობა", რაც ევროპული ცივილიზაციისთვის ნიშანდობლივია. ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთის მოსახლეობაში დღესაც აღტაცებას იწვევს, ეს მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ მან ქვეყნის ტერიტორიები გააფართოვა, მისი პატივისცემის მთავარი საფუძველი 1804 წლის გადაწყვეტილებაა, როდესაც მან საფრანგეთის მოქალაქეთა თანასწორობა კანონით გააფორმა. ვისურვებდი, თავიანთი ისტორიიდან ეს ეპიზოდი გაიხსენონ... ნაპოლეონის მიერ მიღებული კანონის შემდეგ წარმოშობას აღარ ენიჭებოდა უპირატესობა... პატიმარი, რომელსაც "პუტინის პატიმარს" უწოდებენ, კრემლის რუსეთის სერჟანტი იყო. ვფიქრობ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა თუ ვინმეს აძლევს ხელს, ეს რუსეთია, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ახლა მას ძალიან სჭირდება შავი ზღვის სრული კონტროლი, ბათუმისა და ფოთის დასაკავებლად კი ძალიან მცირე დრო დასჭირდება. საქართველო უკრაინა არ არის, რომელიც ერთ წელზე მეტია მედგრად უწევს წინააღმდეგობას. აქ წარმატების მიღწევა და გავლენის გაფართოება ბევრად გაუადვილდებათ. მთავარია, ახლა ამღვრეულ წყალში თევზაობის ნება არ მივცეთ, თორემ რუსეთი ახლა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივ ჩარჩოს, ხელშეკრულებასა და კონიუნქტურას აღარ ექვემდებარება. მათ უკრაინაში ომის დაწყებით წითელი ხაზები უკვე გადაკვეთეს და საქართველოში სამხედრო აგრესიისთვის შემაფერხებელი ბარიერები აღარ დარჩა. შავ ზღვაზე გავლენების გაფართოება ახლა ძალზე მნიშვნელოვანია და უკან არაფერზე დაიხევს. საქართველო კი სამხედრო ძლიერებით მისი კონკურენტი სახელმწიფო არ არის... იმედია, საზოგადოებას, პოლიტიკური იქნება თუ სამოქალაქო, სიბრძნე ეყოფა, რომ ამ საბედისწერო ჟამს ემოციებს არ ავყვეთ და გონივრულად ვიმოქმედოთ.
ხშირად გარე სამყაროდან უსამართლო კრიტიკასა და ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ, რითაც ჩვენი რეალური სუვერენიტეტის საფასურს ვიხდით, რადგან გავლენის სფეროების გაფართოება მტერ-მოყვარის ინტერესებში ერთნაირად შედის. რაც შეეხება იმას, რომ ქართველ საზოგადოებას ევროპული წარსული აქვს და მომავალსაც იმსახურებს, ეს რომელიმე ორგანიზაციას, თუნდაც ევროპარლამენტს კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავს, ჩვენს წუთისოფელს უნდა დავუმტკიცოთ.
მომავალი თვის დასაწყისში, ასოციაცია "ფრანგული რენესანსის" მიწვევით მივდივარ საფრანგეთში, სადაც საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქაურ მეცნიერებათა აკადემიაში ფრანგული წიგნი უნდა წარვადგინო. ფრანგი მკითხველის წინაშე წარდგომა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური მხარე ბევრ რამეს განაპირობებს, მაგრამ საზოგადოებებს შორის სიახლოვეც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპული სამყაროსგან ბევრი რამ არის სასწავლი, მათ შორის ის, რომ თავიანთი კულტურა მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და საცავებში კი არ გამოამწყვდიეს, ყოველდღიური ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნეს. ეს არის ის, რაც პირადად ჩემთვის და ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ევროპული არჩევანის განმსაზღვრელია. არტურ რემბოს, პოლ ვერლენისა და შარლ ბოდლერის ქვეყნისკენ სწრაფვა არის ქართველი საზოგადოების მშობლიურ სივრცეში დაბრუნება და არჩეულ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ, რადგან საქართველოს ხსნა ევროპულ მომავალშია.