„დაუღალავი პროტესტი უნდა იყოს ყველა სფეროში...“ - კვირის პალიტრა

„დაუღალავი პროტესტი უნდა იყოს ყველა სფეროში...“

იხილეთ სიახლე - პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

"როდესაც­ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, გვიხაროდა, რომ ევროპასთან უფრო მეტი, მჭიდრო ეკონომიკური კავშირი გვქონოდა, ჩვენი მეურნეობა უფრო მეტად დახვეწილიყო, ეკონომიკა გასთანაბრებოდა ევროპულს, იქ გვქონოდა ვაჭრობა, რაც მეტ შემოსავალს, მეტ ხარისხს, მეტ კეთილდღეობას გულისხმობს. აი, ამას ყველაფერს ხაზს უსვამს ეს კანონი და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს ხაზს უსვამს", - ასე აფასებს უმრავლესობის ინიციატივას პოეტი რატი ამაღლობელი:

- დღეს რაც ხდება, ეს არის შეტევა­ სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ჩვენ შეიძლება ამ 30 წლის განმავლობაში ვიღაც მოგვწონდა ან არ მოგვწონდა ხელისუფლებაში, მაგრამ დღეს სახეზეა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრინციპების შეგნებულად და განზრახ ღალატი, მის წინააღმდეგ სვლა. ჩვენ რუსეთმა დაგვიპყრო 1921 წელს, საქართველომ 1991 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა და გამოეყო საბჭოთა­ კავშირს. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია, ხომ? მთელმა­ კაცობრიობამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, აღიარა და ამ დამოუკიდებლობას ჩაუდგა­ გარანტად...

27 ქვეყანა, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი არიან, ერთხმად გვეუბნება, ]არ მიიღოთ ეს კანონიო და მაინც დაგიჟინია. ჩვენი ხელისუფლება არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, სამყაროში არავისთან არის ანგარიშვალდებული, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ამიტომ დირექტივა იქიდან მოდის. ყველა, ვინც "ქართულ ოცნებაშია", ახლა ივანიშვილის პირადი ბუღალტერიითაა დაკავებული. ეს არის შურისძიება მის ევროპულ ანგარიშებზე­ - მიბლოკავთ ევროპულ ანგარიშებს, ამიტომ ახლა მე დავბლოკავ მთელ საქართველოს, დავბლოკავ თქვენს დახმარებას ქართველი ხალხისთვის, რაზეც 30 წელია დგას საქართველო. მიდის ერთი ადამიანის ვაჭრობა ქართველი ხალხის ბედით, ქართული სახელმწიფოს მომავლით. თვითონ დღის წესრიგი, რომელსაც­ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სთავაზობს ქართველ საზოგადოებას, არაადეკვატურია, არათანადროულია და... არასდროს ვხმარობდი ამ სიტყვას აქამდე, მაგრამ სხვა სიტყვები არ არის - ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, საკუთარი შვილებისა და მათი მომავლის მიმართ მოღალატეობრივია, რადგან ახლა მის ანგარიშებზეა ლაპარაკი, დანარჩენებიც ხომ იმ ანგარიშებით - პატარა ბონუსებით სარგებლობენ და ეს უნდა დაიცვან.

- რადგან ვიღაცებს "ასეთი დასავლეთი არ უნდათ" (ზოგიერთი დეპუტატის თქმით), ისევ დასავლეთის კეთილი ნების იმედად თუ ვიქნებით, ასეა?

- აქამდე არ გადაიდგა ნაბიჯი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად. ახლა ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საქართველოს იზოლაციაში მოქცევაზეა საუბარი, ეს ჩემი ბოსტანი, ეს ჩემი ყანაა, დაანებეთ ამ ქვეყანას თავიო და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია და ვხედავთ კიდეც მოქალაქეების საკმაოდ მძაფრ პროტესტს და დაუღალავი პროტესტი უნდა იყოს ყველა სფეროში.

- რას მოიტანს ეს პროტესტი?

- რაღაც დროს ყველაფერი სრულდება­, მთავარია, შანსი არ გავუშვათ, თორემ ასეთები დასრულებულა? სტალინი, ბერია, ჰიტლერი, სადამ ჰუსეინი და უამრავი კაციჭამია დასრულდა და იმათთან შედარებით ესენი ვინ არიან? დასრულდება უცებ, 1 საათში, როგორც ხდება ხოლმე, გუშინდელი თოვლივით იქნება. მთავარია, როდის, თორემ დასრულების პროცესი როდესაც დაიწყება, დომინოს პრინციპით ჩამოიშლება ყველაფერი, რადგან აქ არანაირი პრინციპები, იდეალები, ღირებულებები­ არ არის, არის მხოლოდ პირადი გამორჩენა.

ბაბუაჩემს ძალიან გაუკვირდა, ეროვნული მოძრაობის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტო რომ დაინახა, შოკში ჩავარდა. ბაბუა 1915 წელს იყო დაბადებული და მთელი ახალგაზრდობა სტალინი-ხრუშჩოვი-ბერიას პერიოდში გაატარა. შოკში ჩავარდა, როცა ერთ დღეში აიღეს სერგო ორჯონიკიძის საღებავებით შეღებილი ძეგლი. უცებ, ერთ დღეში, ჩამოიმსხვრა ყველაფერი თბილისში. ამას ვინ წამოიდგენდა? რას წარმოიდგენდა ბაბუაჩემი, რომ 70-წლიან რეპრესიებზე მდგარი კომუნიზმი თიხის პატარა ქანდაკებასავით ჩამოიშლებოდა? მაგრამ ჩამოიშალა. ესეც ასეთი ამბავია, ძალიან სწრაფად­ ჩამოიშლება. ჩემგან განსხვავებით, ამათ ასე არ ჰგონიათ... ხომ იცით, ქართული­ კულტურა როგორია - უკომპრომისო, ყველა ყველას უღიმის, გამარჯობას მაინც ცალყბად ეუბნებიან, ძალაუფლებაში არიან და ჰგონიათ, რომ მთავარი ხალხი ეგენი არიან. ისტორიის გადასახედიდან ეს საზარელი ამბავია.­ უნდა უთხრან მეზობლებმა, ნათესავებმა, მყვარებლებმა, შვილებმა, რომ ყოველივე ამას სამარცხვინო დასასრული ექნება. ისტორიამ არ იცის დანდობა. შეიძლება ყოველდღიური ყოფა შენ ცალყბად გიღიმის, მაგრამ ისტორიამ ეს არ იცის, სერგო ორჯონიკიძეებსა და ფილიპე მახარაძეებს არ ინდობს ისტორია.

- შუა თითქმის გაკრეფილია, ოპოზიცია­ არასაკმარისად აქტიურია, რაც ათამამებს­ ხელისუფლებას. რა მართებს ოპოზიციას?

- მოთმინება, გონიერება, შორსმჭვრეტელობა... მოთმინება არა სინდისისა და ღირსების ხარჯზე, არამედ ვნებებისა და საკუთარი ემოციების ხარჯზე, რომ პრობლემას შეხედო დიდი სუნთქვით, ღრმად ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით და არა პატარა სპრინტერული შედეგი აჩვენო. ამას გრძელვადიანი მდგრადობა სჭირდება, გათვლები, ნებისყოფა, დაუღალაობა და არა ეგოიზმი, მე იმას ვჯობივარ, ის ჩემზე უკეთესიაო.O მეტი სიდინჯე, მეტი სიბრძნე სჭირდება ოპოზიციას, რომელსაც არც ლეგიტიმური ბრაზი უნდა დაავიწყდეს და თანამიმდევრულად მიჰყვეს პროტესტს - აი, ეს სჭირდება ოპოზიციურ სპექტრს და არა რაღაც დიდი დიფუზია, დაშლილობა და საკუთარ პერსონაზე ფიქრი.

- ალბათ, რთული მისია აქვს ხელისუფლებას, როცა მავანთ თურმე "ჩვენი ომში ჩათრევა სურთ".- ნახეს, რომ საქართველოს ყველაზე მეტად სტკივა ომი (ყველა ქვეყანას, მაგრამ განსაკუთრებით, საქართველოს), მას დიდი ხანია ამ მხრივ წარმატება არ ჰქონია. ეს არის ფალსიფიცირებული ფოკუსი, რომელიც, ალბათ, ადამიანების ბუნებრივი გადარჩენის ინსტინქტზე თამაშობს და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. რა ომი, რის ომი, ვინ უნდა მოგვიწოდოს, ან რა ძალა გვაქვს? ან რა ქვეყანა ამათ ააშენეს? თავდაცვა მაინც გვქონდეს, რომ ელემენტარული თავდაცვის ფუნქციები შეგვენარჩუნებინა. ეს არის სრულიად კაპიტულანტური, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საფრანგეთის ვიშის რეჟიმის ანალოგი. რომ ნახოთ ფაშისტებთან შეკრული კოლაბორაციონისტი ვიშის მთავრობის ლოზუნგები, პლაკატები და მესიჯბოქსი, ისინი "ქართული ოცნების" იდენტურია. ესენია: "ჩვენი დაღუპვა უნდა დე გოლს", "მას უნდა რომ საფრანგეთი მიწასთან გასწორდეს", "დე გოლს უნდა, რომ საფრანგეთი­ არ არსებობდეს", "მას ომი უნდა ჩვენს მშვიდობიან, აყვავებულ საფრანგეთში" და ა.შ. ეს არის 1942-1944 წლები, ასე კვებავდნენ­ მაშინდელი კოლაბორაციონისტები საფრანგეთს. ესეც ვნახეთ, როგორც დასრულდა - ვიშის რეჟიმი ვერ გადარჩა. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ვერც ესენი გადარჩებიან.

- საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მართლაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზეა ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური მომავალიც...

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა­ გლობალური მოთამაშეა, დიდ გლობალურ პრობლემებს წყვეტს ძალიან მძიმე ფასად, უმნიშვნელოვანესია ის, რასაც აკეთებს გმირი უკრაინელი ხალხი, მაგრამ მხოლოდ ამაზე მინდობა უზნეობაა, სხვა თუ არაფერი, არაგონივრულიც. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენს სამშობლოსა და ხელისუფლებასთან, მინიმუმ ის, რომ ასეთი კანონები არ მივაღებინოთ, არჩევნები არ გავაყალბებინოთ, კორუფციაში არ ჩავახრჩობინოთ ეს ქვეყანა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს ტოტალური უსამართლობა­. ამას უკრაინა ვერ გააკეთებს, ეს ჩვენი საქმეა. ლაპარაკია ჩვენს შიდა პრობლემებზე, სამართლიან თამაშის წესებზე, რომელიც ჩვენი დასამკვიდრებელია. ყოველი დღე ბრძოლაა და უნდა იბრძოლო.

- რაც გვჭირს, ეს ათწლეულების განმავლობაში დამარცხებულის სინდრომის ბრალი ხომ არ არის?

- არა მარტო... ეს ის ასპექტია, რაზეც "ქართული ოცნება" სათავისოდ გამოყენებისთვის მუშაობს. კიდევ ისიც არის, რომ ქვეყანაში უნდა დაიძლიოს სიღარიბე - როცა ქვეყანა ღარიბია, როცა დაცლილია სისხლისგან, დაცლილია ახალგაზრდებისგან, პროფესიონალებისგან, ყველას დასა­ვლეთისკენ უჭირავს თვალი, ძალიან იოლია­ ამ საზოგადოებას მოახვიო საკუთარი ამბიციები, საკუთარი ე.წ. პოლიტიკა. ამიტომაც მიდის დამარცხების, უძლურების კულტივაცია - რომ ჩვენ არაფერი ვართ, არაფერი შეგვიძლია, ვართ უბედურები და უნდა ვიყოთ ჩუმად, რომ გადავრჩეთ, რაღაცას თუ გადმოგვიგდებენ, ამითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ... ეს საზარელი პოლიტიკა უკვე არა ერთი წელიწადია, "ქართული ოცნების" დროს დამკვიდრდა.

პროგნოზები უმადური საქმეა, შემიძლია ვთქვა ჩემი დამოკიდებულება და სურვილი, რომ საზოგადოება უნდა იყოს განსხვავებული, დიფერენცირებული და არა ერთხმიანი გუნდი, რომელიც ყველაფერს ერთ ხმაში უნდა მღეროდეს. თანამედროვე სამყაროც ასეთია, მრავალგვარი, მრავალმხრივი, მაგრამ რაღაცებზე თანხმდება, საერთო ღირებულებებზე, საერთო სამართლიან თამაშის წესებზე. ფეხბურთიც რომ ავიღოთ, ყველა თავის ფლანგზე თამაშობს, ყველას თავისი ნიჭი და თავისი ამოცანა აქვს, ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთ გუნდში თამაშობენ. ასე რომ, გუნდურობა სახელმწიფოს მომავლისთვის, მთელი საზოგადოების, მათ შორის, "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვისაც გამოსავალია, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ამომრჩეველმა, საკუთარ პოლიტიკოსებს მკაცრად აგრძნობინოს უკმაყოფილება, პროტესტი ისეთი ნაბიჯების გამო, რაც ქვეყნის ტოტალურ ღალატს გულისხმობს. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციისა და მხოლოდ პარტიული ამბავი. ეს არის ძირფესვიანი ამბავი ჩვენი ყოფნა-არყოფნისა, საფუძველთა საფუძველია, როგორ ვიურთიერთებთ გარე სამყაროსთან. არ დავიღლები ამის თქმით - როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩი გეუბნება,­ რომ ეს კანონი არ იქნება კარგი ჩვენი ურთიერთობისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის - ეს პირდაპირ ამას ნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო კი არ უნდა იძახონ. არა, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს არის ერთი კაცის ნება-სურვილი, რომელიც, თავის მხრივ, ვიღაცასთან არის ანგარიშვალდებული.

- ერთ მტკივნეულ საკითხზეც - გელათზეც მინდა გკითხოთ, ჩვენ თვალწინ ნადგურდება უნიკალური ისტორიული ძეგლი. ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში?

- ეს უნდა დავაბრალოთ არაპროფესიონალიზმსა და არაკეთილსინდისიერებას. ასეთ სახელმწიფოებში, ასეთ გაუმჭვირვალე, კორუფციულ, ნეპოტისტურ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებში ასეთი "პროფესიული" შედეგებია ხოლმე, ასე ემართებათ ძეგლებს. საბჭოთა დროს პოლიგონი იყო დავითგარეჯაში, ახლა ჩვენი არაპროფესიონალიზმით ამ ხელისუფლების ხელში მოხდა ის, რაც მოხდა. ამაზე პასუხისმგებელია ეს მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ქმედებები საყდრისის აფეთქებით დაიწყო. ასეთია მათი დამოკიდებულება კულტურული ძეგლების მიმართ. პიარისთვის უნდა თქვა, მე ვაშენებ ეკლესიებსო, ხოლო როცა ნამდვილ განძსა და კულტურაზე მიდგება საქმე, სადაც შრომა, ჭკუა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაა საჭირო, ვიღებთ განადგურების პირას მისულ გელათს, აფეთქებულ საყდრისს...