„პროექტი ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„პროექტი ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ...“

ამჟამად "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული: როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, პირველი აშშ-ში მოქმედი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) უფრო შერბილებული ვერსიაა, ხოლო მეორე "ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგია". ამ პროექტებიდან რომელს რა საერთო აქვს ამერიკულთან ან რუსულთან და რატომ არის საფრთხე რომელიმეს მიღება, თუნდაც ამერიკულიდან გადმოღებული ვარიანტის, როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, ამ საკითხებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

- პროექტი, რომელიც წარმოადგინეს­, ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ­ როგორც მას ფუთავენ, წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ითვალისწინებს ამერიკული კანონი. ესენი დარწმუნებული არიან, რომ ამერიკულ კანონს მიუსადაგებენ სამოქალაქო საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ამ დროს თავად ამერიკული კანონი, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ ამერიკაში ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ ეხება. როგორ აპირებენ ამის მისადაგებას? ჩემი აზრით, ასეთი რამ აქვთ ჩაფიქრებული - პირველი მოსმენით ამერიკულის ასლს მიიღებენ და შემდეგ განხილვების დროს შეეცდებიან ისეთი ცვლილებები შეიტანონ, რომლებიც უზრუნველყოფს ამერიკული კანონის გავრცელებას სავსებით სხვა მიმართულებით, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უმეტესობაზე. ეს არის ამ პროექტიდან გამომდინარე ყველაზე დიდი ხიფათი. ის სრულიად არ პასუხობს ამერიკული კანონის კონტექსტს და იმ მიზნებს, რომელთა გამოც თითქოს ამ კანონის ინიცირება მოხდა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა გახდეს - ანუ სხვა ინტერპრეტაციას აძლევენ. საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ამერიკული კანონის შეჭრა-შემოჭრას და რაღაცების დამატებას, მაგრამ მიზანი აშკარად ჩანს. მაგალითად, გენპროკურორს ავალებენ დაარეგისტრიროს ის ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ არ დარეგისტრირდებიან - ანუ გაიძულებს, თუ არადა, გამოიყენებს სანქციას - ჯერ დაგაჯარიმებს, მერე კი ციხეშიც ჩაგსვამს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდებათ სიმართლის დამტკიცება. ამერიკაში სასამართლო თავისუფალია და ნებისმიერი ცდა, დაარეგისტრირონ ორგა­ნიზაცია უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, მთავრდება სასამართლო განხილვით და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, მართლა უნდა დარეგისტრირდეს თუ არა. ჩემი აზრით, "ოცნება" ფიქრობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკულ კანონს მიიღებენ, ბრიტანულს თუ ავსტრალიურს, ნებისმიერ შემთხვევაში არ გაუჭირდებათ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირება "უცხო ქვეყნის აგენტად". აი, ეს არის პრობლემა და ამის გამო არ შეიძლება საქართველოში ამ კანონის მიღება.

- ეს კანონი რომ მიიღონ, და, ალბათ, მიიღებენ კიდეც, ქვეყანაშიც და მის გარეთ პრობლემები უთუოდ შეგვექმნება?

- არის საფრთხე იმისა, რომ შეიზღუდება დემოკრატიული ფასეულობების, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მედიებზე, არასამთავრობოების საქმიანობაზე, კრიტიკული შეფასებების გაკეთებაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ იმ სარგებელს, რასაც დღეს სწორედ ამ ორგანიზაციების მეშვეობით იღებენ. რაც შეეხება საგარეო ასპარეზს, ამ კანონის მიღება ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას მოგვისპობს, მოგვისპობს ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობას.

- უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო­ საზოგადოების, გაეროს, ევროკავშირის განცხადებები,­ ელჩები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს­ და უთხრეს, რომ ამ კანონის მიღება არ შეი­ძლება, მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს გაზიარებას.

- საქართველოს აფრთხილებენ, თუ მიიღებთ ასეთ ანტიდემოკრატიულ კანონს, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები­ დარჩება ისევ ისეთი, ან გაუმჯობესდებაო. ეს საგანგაშო სიგნალია, დაფიქრდით,­ რას აკეთებთო. ჯერ ამაზეა საუბარი და, თუ არ მოუსმენენ, ამას მოჰყვება ურთიერთობების შემცირება. ეკონომიკურადაც დავზარალდებით და, რაც მთავარია, ნაკლებად დაცული სახელმწიფო გავხდებით. უკრაინას რომ თავს დაესხა რუსეთი, ხომ ვხედავთ, როგორ გამოესარჩლა მთელი დასავლეთი და თუ ჩვენ ანტიდემოკრატიულ ქვეყნად გადავიქეცით და ვინმე თავს დაგვესხმება, დასავლეთი ამისთვის თავს არ მოიკლავს და იოლად დასაპყრობი ქვეყანა გავხდებით.

- კობახიძემ ამ კანონპროექტის ერთ-ერთ მიზნად პოლარიზაციის შემცირებაც დაასახელა.

- იცით, ეს როგორი ნონსენსია? ვითომ პოლარიზაციაში დამნაშავე არიან ის არასამთავრობოები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს, თურმე პოლარიზაციის სხვა მიზეზი არ არსებობს. თუ ასეა, მაშინ პოლიტიკურ პარტიებთან რატომ ვერ შეამც­ირეს პოლარიზაცია, მათაც დასავლეთი­ აფინანსებს? რა უსუსური არგუმენტია! ეს კანონი, პირიქით, გაამძაფრებს პოლარიზაციას. თუ კობახიძე იმას გულისხმობდა, რომ ამ კანონის მეშვეობით მოსპობენ ოპოზიციურ სპექტრსა და ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს, როგორც მოხდა რუსეთში, მაშინ, ცხადია, პოლარიზაციაც აღარ იქნება. რუსეთში სწორედ ამ კანონის მიღებით დაიწყო ოპოზიციური სპექტრის განადგურება - ჯერ ჩაახშვეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მერე მისდგნენ პოლიტიკურ პარტიებსა და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა.შეიძლება ეს აზრიც იყო ჩადებული და კობახიძე არ ამბობს. თუ ამას გულისხმობს,­ ცხადია, დასავლეთი, ევროკავშირი, ამას არ მიიღებს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სწორედ ამას გულისხმობდა. უკვე ძალიან შორს მიმავალი მიზნები აქვთ - სურთ შეიზღუდოს დემოკრატიული სივრცე და მყარი ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს, რაც ქვეყანას არა მარტო ავტორიტარიზმისკენ, დიქტატურისკენ წაიყვანს.

- ეს კანონი თუნდაც პირველი მოსმენით რომ მიიღონ, ევროკავშირი 12 პუნქტის შესრულების საკითხს, ალბათ, აღარ განიხილავს?

- პირდაპირ ითქვა, თუ ამ კანონპრ­ოექტს მიიღებთ, 12 პუნქტის შესრულებაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამაც.

რუსა მაჩაიძე