„არ მეჩვენება ლოგიკურად კანონპროექტთან დაკავშირებული ეს აურზაური“ - კვირის პალიტრა

„არ მეჩვენება ლოგიკურად კანონპროექტთან დაკავშირებული ეს აურზაური“

როგორ იქცეოდა რუსეთი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან განვიხილავთ, საუბარი კი სკანდალური კანონპროექტით დავიწყეთ.

- ოპოზიციური სუბიექტები (პარტიები, მედია, არასამთავრობოები) ისეთი სუსტი, როგორიც ახლა არიან, არასდროს ყოფილა და რატომ დადგა ასეთი კანონის მიღების აუცილებლობა, გაუგებარია. არის მეორე ვერსია, ხელისუფლება რუსეთისკენ იხედება და უნდა ისეთი რამ გააკეთოს, ევროპამ თვითონ თქვას მასზე უარიო. მაგრამ დღეს რუსეთი მთელი მსოფლიოსგან­ მოკვეთილია. მეორე მხრივ, რუსეთის სანქცირებამ ჩვენკენ და აზერბაიჯანისკენ გადმოუშვა სატრანზიტო ხაზები, რაც მილიარდებს ითვლის. ასე რომ, ჩვენთვის ეკონომი­კურადაც და პოლიტიკურადაც, მისი მოკვეთილობის გამო, ხელსაყრელი არ არის რუსეთზე ორიენტაცია. აქედან გამომდინარე,­ ეს ვერსია დამაჯერებელი არ არის. თუ მაინცდამაინც გვინდა ხელისუფლების დადანაშაულება, უფრო დამაჯერებელი იქნება ვთქვათ, სისულელეს აკეთებსო, მაგრამ ის, რომ რაღაც ხეირი ექნება რუსეთთან ყოფნით, არ ჩანს. დასავლეთს აქვს პოლიტიკური შენიშვნები, მაგრამ შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებს ჰქონდათ ახლა კონტაქტი და აღინიშნა, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური რეგიონში ერთ-ერთი ძლიერია. პრაქტიკულად იმავე შეიარაღებას გვაწვდიან ამერიკელები, როგორიც თვითონ აქვთ. თუ ვინმე უნდა იყოს საქმის კურსში ჩვენი რუსეთისკენ მოძრაობის­ შესახებ, ეს ძალოვანი სტრუქტურაა, მაგრამ ამ მხრივ საყვედური არ ისმის.

- მაშ, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ტყუილად აპროტესტებენ?

- პრევენციისთვის აპროტესტებენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაც სხვა თამაშების ნაწილია ამ კანონის საკითხი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ვისი წამოყენებულია - "ხალხის ძალის", რომელმაც­ განაცხადა, ამერიკის ელჩი აქტიურად არის ჩართული მეორე ფრონტის გახსნის საკითხშიო. მერე ნელ-ნელა გაქრა ეს თემა და წამოიწია შემდეგმა - რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ხაზს უჭერენ მხარს დეგნანი და ზოგიერთი ევროპელიც. ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, ეს პოლიტიკური ვაჭრობის ერთ-ერთი ფორმა იყოს. ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი, საპროტესტო გუნდი, მოქმედებს პრინციპით, "ნუ გავაბრაზებთ ევროპას, თორემ არ მოგვცემენ კანდიდატობას". იქნებ ამ ნაბიჯების უკან საწინააღმდეგო ფორმულა დგას, შევაშინოთ ევროპა, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსიო. ასე რომ, ჯერჯერობით არ მეჩვენება ლოგიკურად ეს აურზაური.

- რუსეთს რა უნდა საქართველოსგან?

- რუსეთს სჭირდება არეულობა საქა­რთველოში, რათა ევროპამ და ტრანზიტის გამტარებელმა ქვეყნებმა თვითონ თქვან უარი ტრანზიტზე. თუ ევროპამ უარი თქვა, მოუწევს სანქციების შერბილება რუსეთისთვის, რათა ისევ რუსეთზე გაიაროს ტრანზიტმა.როცა საბჭოთა კავშირი­ დაიშალა, იმ პერიოდშივე გაჩნდა რუსეთში კონცეფცია - თუკი რუსეთის გარშემო იქნება­ ე.წ. ცეცხლოვანი რკალი, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში უცხოელები ვერ შევლენ. მართლაც ასე მოხდა. ომები იყო სომხეთში, ყარაბაღში, თურქმენეთში და ა.შ. ჩვენთან ხომ იყო და იყო... რადგან რუსეთს ფულით არ შეუძლია შეინარჩუნოს ლიდერობა ამ სივრცეში, სცადა ეთნოკონფლიქტის სახე მიეცა თითქმის ყველა კონფლიქტისთვის. თბილისში სამოქალაქო ომიც ამის ერთ-ერთი განშტოება იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სამოქალაქო ომის დროს რუსეთი იარაღს აძლევდა როგორც ერთ მხარეს, ისე მეორეს­. ასევე იქცეოდა ყარაბაღში, შუა აზიაში და ა.შ. ახლახან თქვა ბაიდენმა, ისეთი­ რამ არ დაგვემართოს რუსეთის დაშლაზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლაზე დაგვემართაო. ანუ მოუმზადებელი ვიყავითო - ესე იგი, საბჭოთა კავშირი რაღაც სხვამ დაშალა და არა ამერიკამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მომზადებული იქნებოდა. მოუმზადებელი რომ იყო, ეს აისახა იმაში, რომ ბევრ შემთხვევაში ისევ მოსკოვს აკისრებდა ამ სივრცის გაკონტროლებას. მხოლოდ კავკასიაში ალიევისა და შევარდნაძის ალიანსმა შეცვალა სიტუაცია. ისინი დემირელს დაუკავშირდნენ. მერე დემირელმა ეს პროექტი შტატებში მიიტანა და დაიწყო საუბარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, მერე კი გაზსადენზეც. იქიდან დაიწყო დასავლეთის საქართველოთი დაინტერესება. ამასობაში რუსეთისთვის უფრო მისაღები ხდება ჰიბრიდული ომის ვარიანტები და იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოახერხეს "ცეცხლოვანი სარტყლის" ჩაქ­რობა, მათი ხელისუფლებების შეცვლაში ჩარევას ცდილობს. ამიტომაც დგება ხავერდოვანი რევოლუციების ეტაპი.

- რა გამოდის, "ვარდების რევოლუციის"­ უკან რუსეთი იდგა?

- ივანოვი რომ ჩამოვიდა,­ ჯერ მომიტინგეებს შეხვდა. მაშინ ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე იყვნენ მიტინგების ლიდერები. მხოლოდ მერე შეხვდა შევარდნაძეს და უთხრა, მე უკვე შევუთანხმდი, ისინი თანახმა არიან, შენ გააუქმე ის არჩევნები, რომლის გამოც დაიწყო მიტინგები, დანიშნე ასლან აბაშიძე პრემიერ-მინისტრად და 6 თვის შემდეგ გადადექი და ხელისუფლება მიეცი ასლანსო. შემდგომ შევარდნაძემ დაიბარა ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე და აცნობა, მე ახლა გადავდგები და თქვენ აიღეთ ხელისუფლებაო...

- თბილისის ომიც გავიხსენოთ და არ გამოვტოვოთ ჩიტაძის ქუჩაზე უშიშროების შენობაში გაჩენილი ხანძარი, რომლის შედეგადაც გაქრა მნიშვნელოვანი დოკუმენტები...

- ის დოკუმენტები იმიტომ გაქრა, რომ საქართველოს ყბადაღებული ლუსტრაციის კანონის მიღების საშუალება აღარ ჰქონოდა.­ როგორც ამბობენ, ერთი პირი დაიწვა, მეორე კი, ასლი, რუსეთში გაიტანეს. ამ დოკუმენტების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რადგან კრემლს შეუძლია ისეთი დოკუმენტები დაგიდოს, რომლებიც გააშავებს პატიოსან ხალხს, მის რეალურ აგენტურას კი დაფარავს. გამსახურდიას კაბინეტშიც იყვნენ პირები, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ რუსეთთან. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი მურმან ომანიძე.­ სააკაშვილის პერიოდშიც ბიძამისი რუსულ­ სპეცსამსახურებში მუშაობდა, კახა ბენდუქიძეც.

- დღეს რა არის თვალში საცემი?

- დღეს ევროპული მიმართულებით მოძრაობაა ინტენსიური. ითქვა კიდეც, ჩვენ რუსეთს არ დავეტაკებით შუბლით, იმიტომ, რომ ჩვენზე ძლიერიაო, მაგრამ აღებულია ის მიმართულება,­ რომელიც რუსეთისთვის მიუღებელია - ევროპაზე ორიენტაცია. ასე რომ, მე ამ კანონის არ მეშინია. იმის უფრო მეშინია, საქართველოში დესტაბილიზაცია არ დაიწყოს, მათ შორის მეორე ფრონტი, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების რეანიმაცია. მეორე ფრონტი არეულობაა ქვეყანაში და ეს აწყობს რუსეთს. ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია ჩვენთვის ნავთის დასხმაა რუსულ საფრთხეზე.

თუ უკრაინამ რუსეთი გააგდო თავისი საზღვრებიდან, იტყვის, მე გავიმარჯვეო, და სწორიც იქნება. ამ დროს პუტინი დამარცხებული არ იქნება, იმიტომ, რომ არავინ აპირებს მოსკოვის აღებას. გადარჩენილი პუტინი დაჭრილი ცხოველივითაა, უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, უფრო აგრესიული რუსეთი კი ჩვენთვის სახიფათოა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის გამყარება.­

ეკა სალაღაია