„არა მგონია, „ქართული ოცნება“ წავიდეს იმაზე, რომ ქვეყანას სანქციები დაუწესონ“
"ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. რას ნიშნავს ეს განცხადება, რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას" და რითი შეიძლება დასრულდეს ყოველივე ეს, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:
- "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პროპაგანდა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. აქამდე იყო მხოლოდ ლაპარაკი, ეს კანონპროექტი კი უკვე გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, პროპაგანდა რომ საქმედ აქციონ. ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ამ კანონპროექტს - ის, რაც მოხდა რუსეთში. ეს არის კანონის რუსული ვარიანტი და არა ამერიკული. ამასვე ამბობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკელებიც, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რას გულისხმობს მათი კანონი. სახელმწიფო და ხელისუფლება მიდრეკილი არიან ავტორიტარიზმისკენ და საამისოდ გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეს კანონპროექტია. ამიტომაც აპროტესტებენ ასე მწვავედ ჩვენი მოქალაქეები მის შესაძლო მიღებას. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება ასეთ წინააღმდეგობას არ მოელოდა. არადა, პროტესტი უფრო გამძაფრდება და არა მარტო ამის გამო. ხელისუფლება შევიდა ჩიხში, საიდანაც გამოსავალი არა აქვს. ამიტომაც უშვებს შეცდომებს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ის ხელისუფლებაში იქნება. მე ვერ ვხედავ ვერც რესურსს და ვერც სურვილს, რომ არსებული პოლიტიკა რამენაირად შეცვალონ.
- როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა თქვა, თუ ეს კანონი მიიღეს, იქნება სანქციებიც. ნუთუ ხელისუფლება ამ საფრთხეს არ აცნობიერებს?
- როგორც ჩანს, ამ კანონს პირველი მოსმენით მიიღებენ და დაელოდებიან ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას. არა მგონია, "ქართული ოცნება" წავიდეს იმაზე, რომ ქვეყანას სანქციები დაუწესონ. თუმცა არც ეს არის გამორიცხული, რადგან როდესაც ძალიან უჭირს და სანთლით ეძებს მოკავშირეებს, რა ხდება კულუარებში რუსეთ-საქართველოს შორის, კაცმა არ იცის. არ ვიცით, რა სურს რუსეთს, რამდენად დაკმაყოფილდება მხოლოდ ანტიევროპული, ანტიდასავლური პროპაგანდით და კიდევ რას მოითხოვს. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, რა პოლიტიკას გაატარებს.
- ანუ ეჭვობთ, რომ ამ კანონის მიღება შეიძლება რუსეთთანაა შეთანხმებული?
- ეს ძნელად სათქმელია, მაგრამ ხანდახან შეთანხმებაც არ სჭირდება - დაახლოებით ხვდები, რა უნდა რუსეთს და იმას აკეთებ. შესაძლოა იყოს არასწორი გათვლებიც. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, დადანაშაულებისთვის კონკრეტული ფაქტები უნდა მქონდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიდასავლურია. არ გამოვრიცხავ, ქართულ-რუსულ კულუარებში იყოს მოლაპარაკება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
- კანონპროექტზე ღარიბაშვილის სიჩუმე იმას ხომ არ მოასწავებს, თუ ივანიშვილს დათმობაზე მოუწია წასვლამ, კობახიძის გუნდს მთლიანად ღარიბაშვილით ჩაანაცვლებს?
- შესაძლებელია, მაგრამ მე უფრო ველოდები ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის გუნდის გააქტიურებას. ყიფიანს ჰყავს ანალიტიკური გუნდისმაგვარი და არ გამოვრიცხავ, კობახიძის გუნდი ჩანაცვლდეს ყიფიანით, რომელმაც ანალიტიკური ხასიათის წერილების გამოქვეყნება დაიწყო. არ გამოვრიცხავ, მზადდებოდეს ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდი. ამას ისიც მაფიქრებინებს, რომ ყიფიანის ანალიტიკაში“რაც წავიკითხე, ანალიტიკის დიდი არაფერია სცხია, უფრო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის სურვილს ჰგავს. ამას დაემატა გუნდის შექმნაც, რომელსაც ექსპერტთა თუ ანალიტიკოსთა გუნდი ჰქვია.
- ღარიბაშვილის დუმილს რითი ხსნით?
- როგორც ჩანს, „ერთი ბარტყი გადმომიგდეს“ პოლიტიკაა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ერთი გუნდის შეწირვა ეყოფა (სინამდვილეში გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და არა პარლამენტი), მაშინ, ცხადია, კობახიძე და მისი გუნდი სხვა გუნდით ჩანაცვლდება. თუ ეს არ აღმოჩნდება საკმარისი, შემდეგი ნაბიჯი ღარიბაშვილის ჩანაცვლება იქნება.
- გამოდის, ივანიშვილი სათადარიგო სცენარს იტოვებს...
- ივანიშვილი ძალიან ცბიერ და სათავისოდ ჭკვიან პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში და წარმატებითაც, იქიდან გამომდინარე, რა ოპოზიციაც გვყავს. ფაქტია, მისი სქემები ამართლებს, რადგან ძალაუფლებას ინარჩუნებს.
- ამ კანონპროექტთან დაკავშირებული ოპოზიციის პროტესტი რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ?
- ძალზე წამგებიანია დაუფიქრებელი, ემოციური მოწოდებები. მე არ ვგულისხმობ პარლამენტსა და კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. როდესაც ოთხ საათზე აცხადებ, ექვს საათზე მიტინგი იქნებაო, რა შედეგს ელი? ხომ იცოდი, რომ მიტინგი უნდა გაგემართა, ესე იგი, უფრო ადრე უნდა გეზრუნა, რომ აქციაზე ხალხი მოსულიყო. თუ არადა, გაიტანენ კანონპროექტს სესიაზე და იმუშაონ, რომ იმ დროს ხალხმრავალი მანიფესტაცია გაიმართოს. თამასა ძალიან მაღალია, ამიტომ საჭიროა არა პარტიული, არამედ ერთობლივი აქცია, ევროპული მიმართულების, დასავლეთის მხარდამჭერი და ევროინტეგრაციის კურსის მომთხოვნი. ამაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს, ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს ამ ერთი მიზნისთვის.
რუსა მაჩაიძე