„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კანონი არ მიიღონ“
"კვირის პალიტრას" ესაუბრა "ლიბერალური აკადემია - თბილისის" ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში, რომელიც საპარლამენტო სხდომას ესწრებოდა.
- მიუღებელია ასეთი კანონის მიღება იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ ეს პროექტი კანონად იქცა, ამას ექნება მძიმე დამაზიანებელი ეფექტი დემოკრატიისთვის და მათ შორის, კონკრეტული პირების ყოფითი პრობლემის მოგვარებისთვის. "გავლენის აგენტის" იარლიყის მიკერება ძალიან სახიფათოა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთი გამოცდილების ქვეყანაში, სადაც ანდროპოვის ცნობილი გამოთქმა (ანდროპოვმა გამოიყენა ტერმინი "გავლენის აგენტი" ამერიკის მტრული მიზნების მოხსენიებისას) კარგად ახსოვთ. ეს ინიციატივა უკვე ქმნის სერიოზულ საფრთხეს, რადგან ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდება. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს კანონპროექტი კი ამის საპირისპიროა. შეექმნება პრობლემა ინვესტიციების შემოსვლასაც, რადგან ინვესტორებს სჭირდებათ დასავლური სტანდარტების გარანტიები და ა.შ. პოტენციური პრობლემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
- თქვენი აზრით, ახლა რაში დასჭირდათ ამის მიღება და რაც ძალიან საინტერესოა, ამ კანონპროექტის შემუშავების საბაბად თქვენი კვლევა მოიტანეს. რა კავშირია თქვენს კვლევასა და ამ კანონპროექტს შორის?
- ძალიან უცნაურია, თუ მართლა გინდა ევროკავშირი, მაშინ ამ ანტიევროპულ კანონს მაინცდამაინც ახლა რატომ იღებ? რაც შეეხება კვლევას, ეს არის კვლევა რუსეთის რბილი და ხისტი ძალების მავნე ზეგავლენის თაობაზე. ვინც კი ამ კვლევას იცნობს, ყველა გაკვირვებულია ამ შეფასებებით. როგორც ჩანს, ჩვენთან ასეთი პოლიტიკა ზოგიერთისთვის ნორმად არის ქცეული, არსებული მიზნებისა და ამოცანების საპირისპირო გითხრას.
- არის იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, რათა არ მივიღოთ სტატუსი?
- იოლი მისახვედრია, რომ ამ კანონის მიღება წარმოშობს მძიმე პრობლემებს. ამას გეუბნებიან კიდეც ჩვენი პარტნიორები, და მაინც აკეთებ, რა უნდა იფიქრო? როგორც ჩანს, ამ კითხვას მართლა აქვს საფუძველი, მაგრამ პირდაპირ ამის თქმა ძნელია. როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა, ხანდახან აზრს ემოციურად გამოხატავ, თუმცა ახლა ჩვენ რაციონალური გადაწყვეტილებები გვჭირდება. ვითარება კრიტიკულია, ეს კანონი ქვეყნის დამაზიანებელია და ვინც მის მიღებას მხარს დაუჭერს, კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლები იქნებიან შედეგებზე. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კანონი არ მიიღონ. ყველაფერში ვგულისხმობ ყველა კონსტიტუციურ გზას - აქციასაც, აზრის გამოხატვასაც... რაც მეტი ადამიანი გაიგებს კარგად, რასთან გვაქვს საქმე, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ეს შეცდომა არ დავუშვათ.
რუსა მაჩაიძე