„მილიონ ხელმოწერას ბრიუსელსა და ვაშინგტონი ჩავიტანთ“ - კვირის პალიტრა

„მილიონ ხელმოწერას ბრიუსელსა და ვაშინგტონი ჩავიტანთ“

"ჩვენ გავათავისუფლებთ საქართველოს რუსული უმცირესობისგან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

- მილიონი ხელმოწერა უნდა შევაგ­როვოთ, ერი-ბერი ყველა ერთად დადგება.­ ჩვენ მოვახდენთ ამათ დელეგიტიმაციას და პირდაპირ საუბარს დავიწყებთ დასავ­ლეთთან. მილიონი კაცის ხელმოწერას ბრიუსელსა და ვაშინგტონი ჩავიტანთ და დასავლელ პარტნიორებს ვეტყვით,­ რომ ჩვენი არჩევანია ევროკავშირი. ის, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება, დროებითი­ მოვლენაა, და ქართველი ხალხი ამას შეც­ვ­ლის. კომიტეტის მოსმენა კიდევ არის დანი­შნული, "ქართულ ოცნებას" მძიმე დღე ექნ­ება. პარლამენტის სხდომა იყო სრული ლუსტრაცია. ყველამ დაინახა, რომ "ქართ­ულ ოცნებაში" სუს-ისა და სპეცსამსახურების ზურგს უკან ამოფარებული მხდალები­ და ლაჩრები არიან, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება არ მოხერხდეს. ტყუილად ცდილობს "ქართული ოცნება" საბოლოოდ გადაასმევინოს ხაზი ევროპას და დასავლეთს საქართველოზე. წლის ბოლოს დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და მსოფლიოში­ სრულიად ახალი უსაფრთხოების კონცეფცია დაიდება. ცოტა ხნის წინ ესტონეთში ვიყავი, მეც მივიღე ინფორმაცია და ბატონი კუბილიუსიც ამბობს, რომ შემდგომი დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება­ ახალი უსაფრთხოების სისტემა ომის შემდეგ. უკრაინა რომ ომს მოიგებს, ეჭვი აღარავის­ ეპარება. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა. თუ ახალი უსაფრთხოების კედელი აშენდა და ჩვენ კედლის იმ მხარეს არ აღმოვჩნდით, სადაც ცივილიზებული სამყარო იქნება, მაშინ განწირული ვიქნებით რუსული ჭაობისთვის. მალე შეთანხმებები დაიწყება­ მსოფლიოში და ჩვენ დასავლეთი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი მცირე ჯგუფის ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობის ინტერესებისგან, რომ ქართველ ხალხს არ უნდა რუსულ ჭაობაში ჩაფლობა. სულ რაღაც ორ დღეში­ 40 000 ხელმოწერა შევაგროვეთ. ისიც მხოლოდ ინტერნეტვერსია. ახლა ვიწყებთ ახალ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად. დავიწყებთ სიარულს კარდაკარ, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და ყველას მივცემთ აზრის დაფიქსირების საშუალებას.

- ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისევ ისაუბრა უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე მომზადებულ პროექტებზე და თქვა, რომ მათი მიზანია იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, და თუ სიტყვა "აგენტმა" რაღაც ასოციაციები გამოიწვია, შენიშვნები გაზიარებული იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე მოსმენაზე მსჯელობისას პოზიციები შეთანხმდება.

- ტყუილად აქვს მაგის იმედი. რა შუაშია კანონის სახელწოდება?! მთავარია კანონის შინაარსი. დღესავით ნათელია, რომ ისინი გვთავაზობენ გზას, რომელსაც რუსულ ავტორიტარულ რეჟიმთან მივყავართ. რუსეთშიც სამოქალაქო სექტორისა და მედიის კონტროლით, შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ნებისმიერი თავისუფალი აზრი ჩაახშვეს და საბოლოოდ მიიღეს ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც უკრაინაში­ სასტიკი ომი დაიწყო. ეს არის რუსული ინიციატივა, რომელსაც კავშირი არა აქვს ევროკავშირსა და ნატოსთან.

- "მარტივი მაგალითი რომ მოვიყ­ვანოთ,­ საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ­ ამერი­კული მანქანები და ჩამო­იყვანეს "ფორდი",­ ან "კრაისლერი" და გიმტკიცებენ­, რომ ეს არის "მოსკვიჩი", ან "ჟიგული". ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?" - ეს ირაკლი კობახიძის განცხადებაა. ამბობს, რომ არის ორი კანონი - ერთი ამერიკულის ზუსტი ასლია, ერთადერთი, აშშ საქართველოთია ჩანაცვლებულიო. ხოლო მეორე არის სრულიად ქართული, გაფილტრული და გაკეთილშობილებული ვარიანტიო.

- ტყუილია! სიტყვა "ამერიკულის" ძახილით აპირებენ საზოგადოების შეცდენას. ეგ რომ მართლა დემოკრატიული კანონი იყოს, დასავლელი პარტნიორები ერთიმეორის მიყოლებით არ მოუწოდებდნენ "ქართულ ოცნებას" ამ კანონპროექტზე მუშაობის შეწყვეტას. ჯერ ერთი, ამერიკული სამართლის სისტემა სრულიად განსხვავდება ევროპული სამართლის სისტემისგან, რომელზეც ჩვენ ვართ მიბმული. ამერიკაში სიკვდილით დასჯაც არის და რა ვქნათ, შემოვიღოთ ჩვენც?! გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკული კანონის კონტექსტი სრულიად სხვაგვარი იყო. ამერიკელებმა ის 1938 წელს მიიღეს კომუნიზმისა­ და ფაშიზმის შესაჩერებლად და ისიც სულ სხვა ფორმატში. იქ საუბარი არ იყო არასა­მთავრობო სექტორზე, საქმე ეხებოდა ლობიზმს, ანუ ვინც ლობისტი იყო, ფული იმას უნდა გადაეხადა. ჩვენ ამ კუთხით ისედაც გვაქვს გამჭვირვალობა. ტყუილია, თითქოს გრანტების შემოსვლის დროს რაიმე იმალება. პირიქით, ძალიან გამჭვირვალეა ყველაფერი. კიდევ ერთი დეტალია საინტერესო - ამერიკელებმა ე.წ. აგენტების კანონი იმიტომ შემოიღეს, რომ ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიის საფრთხე დაინახეს. "ქართული ოცნება" სად ხედავს საფრთხეს დასავლეთში?! რას გვეუბნებიან, ისეთივე საფრთხეებს უნდა ველოდოთ დასავლეთისგან, როგორსაც ამერიკელები ფაშიზმისა და კომუნიზმისგან ელოდნენ?! ევროკავშირი და ნატო ჩვენთვის საფრთხე ყოფილა და ამერიკაც ტყუილად გვეგონა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" გვატყუებენ, რომ კანონის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა. სინამდვილეში შემოთავაზებული კანონპროექტები ძალიან "ეფექტიანად" მუშაობს რუსეთში. მაგალითად, თუ ხარ აგენტი, ვერ დასაქმდები საჯარო სამსახურში, ვერ იყრი კენჭს, შენს ყველა ნააზრევს, რომელსაც წერ ფურცელზე თუ სოციალურ ქსელში, უნდა მიაწერო, რომ ხარ გავლენის აგენტი, თუ პუბლიკაციას გამოსცემ გრანტით, იმასაც უნდა დააწერო, რომ გავლენის აგენტი ხარ. თუ ასე არ მოიქცევი, პირველ ჯერზე ფინანსურად დაჯარიმდები, შემდეგ ჯერზე კი სისხლისსამართლებრივად აგებ პასუხს. ე.ი. ხელისუფლებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხოლოდ დისკრედიტაცია და აგენტების ძახილი კი არა, გაკონტროლება და შეზღუდვაც შეუძლია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კანონში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანაც შესაძლებელია და სულაც არ არის გამორიცხული, ერთ დღეს საპროტესტო აქციების ჩატარებაც აგვიკრძალონ.

- ესე იგი, შესაძლებელია ოპოზიციის ერთი იდეით გაერთიანება?

- ყოველ შემთხვევაში, მაქვს იმედი. ხომ გახსოვთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციას ყოველთვის ერთიანობისკენ მოვუწოდებდით? წინასწარმეტყველივით მიგრძნობდა გული, რომ ესენი რაღაც სასწაულს ჩაიდენდნენ. ეს თავიდანვე ჩანდა "ქართული ოცნების" მოქმედებაში.

- ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერთ?

- არა! პირდაპირ გეუბნებით - ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს. როცა პარლამენტში რუსული კანონი განიხილება, თუ შენ ოპოზიცია გქვია, არ შეიძლება შენი კანდიდატურა დააყენო ომბუდსმენის პოსტზე, მით უმეტეს, რომ უფლებადაცვითი საქმიანობით თითქმის არასოდეს ყოფილხარ დაკავებული, ყოველ შემთხვევაში, ისეთით, როგორსაც სახალხო დამცველის კანდიდატურა მოითხოვს­. ერთი მხრივ, რუსული კანონი განიხილება და მეორე მხრივ, შენს კანდიდატურას აყენებ, რომ რუსული კანონის საკითხი როგორმე "ქართულ ოცნებას" გადააფარვინო.

- "გირჩის" პროტესტს თუ იზიარებთ, რომელიც "თავდაცვის კოდექსის" ახალ პროექტსა და სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემოღებას ითვალისწინებს?

- "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი ჩემთვისაც მიუღებელია. ვფიქრობ, ჯარი უნდა იყოს პროფესიონალურ არმიასა და რეზერვზე აწყობილი, დანარჩენი ყველაფერი არაეფექტურია. ახალგაზრდების დაცვის სამსახურში 180-ლარიან ხელფასზე მუშაობას ჯარი არ ჰქვია. ჯარისკაცობა და "ყარაულობა" სხვადასხვა რამეა.

ხათუნა ბახტურიძე