„1.000-დოლარიან ხორცის მასას შეუძლია დაამარცხოს ტანკში ჩამჯდარი 100.000-დოლარიანი მოწინააღმდეგე?“ - კვირის პალიტრა

„1.000-დოლარიან ხორცის მასას შეუძლია დაამარცხოს ტანკში ჩამჯდარი 100.000-დოლარიანი მოწინააღმდეგე?“

"მონობა არ მოსულა", - ასე ეხმიანება პარტია "გირჩი" თავდაცვის სამინისტროს "თავდაცვის კოდექსის" ახალ პროექტს, რომელიც ახლებურად არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". კოდექსის პროექტით, სიახლეა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა­ ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. "გირჩის" დეპუტატების აზრით, თუ გენერლებს სჭირდებათ მეტი ჯარისკაცი, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ და ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდნენ. "ეს ტრეფიკინგია. ამას აპირებენ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო-სავალდებულო გაწვევით. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ადრე თუ გვიან, მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა "არ მოსულა", - "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი­ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო ვრცლად გვესაუბრა.

- ამ კვირაში ერთდროულად უნდა განიხილონ "უცხოური გავლენის აგენტების­ შეს­ახებ" კანონპროექტი, "სამხედრო კოდ­ექსი"­ და ომბუდსმენის პოსტზე ლევან­ იოს­ელიანის კანდიდატურა. ამ სამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მტკივნეულად შეეხება, არის სამხედრო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები­. ე.წ. აგენტ­ების კანონი კი სინამდვილეში ხალხის გასაბრაზებლად არის მოგონილი. ასეთი კან­ონის მიღება ნიშნავს იმ პროცესის დაწყებას, რომელმაც შეიძლება რუსეთშიც კი მიგვიყვანოს, მაგრამ ეს არ მოხდება­ დღეს-ხვალ, აი, "სამხედრო კოდექსის" საკი­თხი კი სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი,­ რადგან ძალიან მალე გამოიწვევს მძიმე მოვლენებს.

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და ჯარში რეფორმების დაწყების ნაცვლად, მაისიდან უწყებას ძველ სისტემაში აბრუნებენ და ახალგაზრდებს ძალით უპირებენ ყარაულებად დაყენებას. მე მგონია, რომ ამას ვერ გააკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ, როგორ ვერ უნდა გააკეთონ. ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება, მაგრამ იმ ნაწილს, რომელიც წვევამდელების სამხედრო სამსახურში გაწვევას ითვალისწინებს, დაუყოვნებლივ აამოქმედებენ. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კანონის დღევანდელი პოლიტიკური შინაარსი არის "გირჩი"­ - ბიბლიური თავისუფლების" და იმ პირების­ წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებმაც ამ ინსტიტუციურ მონობას თავი დააღწიეს.

- სამხედრო-სავალდებულო სამსახური ინსტი­ტუციური მონობაა?

- თქვენ შვილები გყავთ?

- ორი ბიჭი და ვფიქრობ, სამხედრო სამსახური აუცილებლად უნდა მოიხადონ.

- თქვენ კი ამბობთ, რომ შვილებს­ ჯარში გაუშვებთ, მაგრამ ამას მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? მე ზუსტად ვიცი, რისთვის­ უშვებს ეს ხელისუფლება სტუდენტებს ჯარში­ - არჩევნებში მეტი ხმის მისაღებად.­ არაფერ შუაშია პატრიოტიზმი. იცით, საქმე რაშია? ამათ ახსოვთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ჯარი, სადაც დედოვშჩინა იყო და სადაც ჩვენს თანამემამულეებს ავღანეთში სასაკლაოზე უშვებდნენ. ვერ გამოიცვალეს ეს მენტალიტეტი და ჰგონიათ, ჩვენი შვილებიც მონური მენტალიტეტის არიან! ან რა უნდა დავიცვათ?! ჩვენ გვყავს ჯარისკაცი, რომელზეც ხელისუფლება ხარჯავს 11.000 დოლარს, მაშინ როდესაც ჩვენი მტერი რუსეთი 100.000 დოლარს ხარჯავს. ისრაელი კი 140.000 დოლარს. თქვენი აზრით, 11.000-დოლარიან ხორცის­ მასას შეუძლია დაამარცხოს ტანკში­ ჩამჯდარი 100.000-დოლარიანი მოწინააღმდეგე? ჩვენი ხელისუფლება ჩვენ გვამუნათებს ხოლმე, აბა, ომი გინდათო?! თავად ჩვენს ხელისუფლებას არანაირ შემთხვევაში არ უნდა ომი და აბა, 11.000-დოლარიანი ხორცის მასა რისთვის უნდა?! ამიტომ ვამბობ, ამ ცვლილებას სამხედრო შინაარსი არა აქვს, მხოლოდ ადამიანის უფლებებს არღვევს. თუ ასე გააგრძელებენ, ჩვენი საჩივარი წავა სტრასბურგში.

- თუ ადამიანს მუქარით აიძ­ულებენ იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ეს არის ტრეფიკინგი და ისჯება კანონმდებლობით. ჩვენი მთავრობა და საპარლამენტო უმრავ­ლესობა ამის გაკეთებას ქვეყნის მასშტაბით აპირებენ და ამას სამხედრო-სავალდებულო სამსახურს არქმევენ. ციხის მუქარით უნდათ წაიყვანონ ათასობით ახალგაზრდა და ფაქტობრივად, უფასოდ ამუშაონ ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი "ვიშკაზე" და ზოგი სად... პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სადისტური და ამორალური კანონი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ამ პროცესში ჩაერთვება უამრავი სამხედრო, რომლებმაც ეს უნდა აღასრულონ - ანუ სამხედროებს დავაკისრებთ პოლიციის ფუნქციებს, რომ სდიონ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ჯარში წასვლა. საბოლოო ჯამში პროფესიონალი ჯარისკაცის გვერდით იქნება ადამიანი, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ წავიდეს ჯარიდან. ისე გამოვა, რომ ტრეფიკინგში პატიოსანი ჯარისკაცებიც ჩაერთვებიან. ჩვენ არ გვინდა ასეთი შეურაცხყოფა მივაყენოთ ჩვენს ჯარს. ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მხარს დაუჭერს სავალდებულო ჯარს.

- იქნებ საკითხი სხვაგვარად დაგესვათ და ნაცვლად იმისა, წვევამდელები სავალდებულო ჯარს აარიდოთ, არმიის გაძლიერება, სამხედროების უკეთ მომზადება მოითხოვოთ?

- მოვითხოვეთ! ჩვენ ვთქვით, გამოვყოთ ამ ხალხისთვის 30.000 ლარი, ხელფასი შევთავაზოთ-მეთქი. იცით, რა პასუხი მივიღეთ?! რიგები დაგვიდგებაო! კი მაგრამ, რატომ არ უნდათ დაგვიდგეს რიგები?!

ჩვენ ჯარის გაუქმების კი არა, პროფესიული არმიის გაძლიერების მომხრეები ვართ. თუ მართლა გვინდა თავდაცვა, უნდა გავაორმაგოთ თავდაცვის ხარჯები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამი თუ ოთხი ათასი კაცისთვის უნდა შეგვეთავაზებინა ნორმალური ხელფასი და როგორც ისრაელშია, სოციალური პაკეტიც. ასეთ შემთხვევაში სტუდენტებს საშუალება მიეცემოდათ უკეთესად დაეგეგმათ საკუთარი მომავალი. ძალიან ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს სამხედრო საქმე. ამის ნაცვლად მოიგონეს ისეთი რამ, რაც არაფერში, მათ შორის, არც ადამიანის უფლებების დაცვაში არ ჯდება. იცით, ამას რატომ აკეთებენ?! იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვაზე კი არა, ფულის კეთებაზე არიან ორიენტირებული.

ძალიან მაინტერესებს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების აზრი, მათ შორის, ყველაზე მეტად ლევან იოსელიანის, რომელსაც სახალხო დამცველობა სურს.

- თქვენ დაუჭერთ მხარს?

- ძალიან მომწონს ლევანის კანდიდატურა და დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს, მაგრამ მანამდე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჯარის კანონის შესახებ.

- რას ფიქრობთ ე.წ. აგენტების კანონზე?

- ჩვენც ვაპროტესტებთ ამ კანონს, მაგრამ ამისთვის აქციას ვერ გავ­მართავთ. ჩვენთვის პრიორიტეტი ჯარის კანონია და ვაპირებთ კიდეც აქციის გამართვას. "ქართულ ოცნებას" იმიტომ მოუვიდა აზრად ამ კანონის მიღება, რომ ქართველი ხალხისგან ენჯეოების დაცვას არ ელოდება. ხალხს ხომ დიდად არ ეხატება გულზე ისინი.

სიმართლე ვთქვათ, დონორებიდან და გრანტებიდან შემოსული დასავლური ფული არასამთავრობო ორგანიზაციებსა­ და მთავრობაში ნაწილდება. ყველაზე მეტი ფული მთავრობაში მიდის, მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" სურთ სრული მონოპოლია დაამყარონ. ასეთი კანონის მიღება იმის სიმპტომია, რომ შენ უნგრეთი და რუსეთი ხდები, თანაც ისეთი სიპტომია, რომელსაც ერთი დანახვით ცნობს დასავლეთი. მნიშვნელობა არა აქვს ამ კანონში რას ჩაწერენ ქართველები, მთელმა მსოფლიომ იცის, რისთვის გამოიყენება. შესაბამისად, არავის აინტერესებს ამ კანონის შინაარსი, იდეაა მთავარი.

ხათუნა ბახტურიძე