„ამ კანონის დედააზრი ის არის, რომ პოლიტიკური პროცესი დავიცვათ უცხო ქვეყნის გავლენისგან“ - კვირის პალიტრა

„ამ კანონის დედააზრი ის არის, რომ პოლიტიკური პროცესი დავიცვათ უცხო ქვეყნის გავლენისგან“

საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა "ხალხის ძალის" კანონპროექტის მხარდამჭერი ჯონდი­ ბაღათურიაც, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ამ კანონის დანიშნულებაზე საუბრობს.

- ეს კანონი მსოფლიოში პირველად ამერიკამ მიიღო. მისი დანიშნულებაა ხალხი და სახელმწიფო ინფორმირებული იყვნენ იმ ორგანიზაციებისა და სუბიექტების შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან.

- ეს კანონი შტატებმა ფაშისტური გავლენის საწინააღმდეგოდ მიიღო და რაც მთავარია, ეხება არა არასამთავრობო სექტორს, არამედ იმ ლობისტებს, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ლობირებენ.

- ორი დღის წინ შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა ჩაატარა ბრიფინგი­ და 702-ე დამატებისთვის ვადის გაგრძელება მოითხოვა. 702-ე დამატება უფლებას აძლევს სპეცსამსახურებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უთვალთვალონ ამ კანონით რეგულირებად პირებს.

- ცდებით, ეგ არის FISA (Foreign Intelligence Surveillance Act) და არა FARA. FISA საგარეო დაზვე­რვას ეხება და მოთხოვნაში დაკონკრეტებული იყო, რომ სჭირდებათ იმისთვის, რათა უპასუხონ რუსეთის, ტერორისტებისა და კიბერმოთამაშეების პოტენციურ საფრთხეებს.

- უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები ამერიკაში ექვემდებარებიან სასამართლოს გარეშე მოსმენებს. ჩვენ გვაქვს კანონი "პოლიტიკური პარტიების შესახებ", სადაც გასაგებად წერია, რომ იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ პარტიების დაფინანსება, მიუხედავად იმისა, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს თუ არა. ამ კანონის დედააზრი ის არის, რომ პოლიტიკური პროცესი დავიცვათ უცხო ქვეყნის გავლენისგან.

- პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი განსხვავდება ერთმანეთისგან.

- 2016 და 2020 წლების არჩევნებში ხელფასს იღებდნენ ამერიკის ბიუჯეტიდან­ ისინი, ვინც საარჩევნო კამპანიაში მონა­წილეობდნენ და ამის შესახებ ქართველ ამომრჩეველს ინფორმაცია არ ჰქონდა.

- თუ ასე იყო, მოჰკითხეთ მაშინ სათანადო ორგანოებს, კონტროლის პალატას. ეს არჩევნებიდან მოხსნის წინა პირობა იქნებოდა, რა შუაშია აგენტების კანონთან?

- იმაშია, რომ საქმეს ვერ აღძრავ. კანონი არ იძლევა ამის საშუალებას. ქვეყანაში არიან პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებენ უცხო ქვეყნები - რუსეთი, ამერიკა და ასე შემდეგ, თან არჩევნებშიც მონაწილეობენ. ამიტომ არის მისაღები ეს კანონი. ამ პირებს ვალდებულება აქვთ იმათთან, ვინც აფინანსებს, და მათ აქ არავინ აკონტროლებს. ისინი უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები არიან. ამერიკულ კანონში ზუსტად ასეა - ვინც ხელფასს იღებს უცხო ქვეყნიდან, ის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტია. მათ არავინ არ დევნის, უბრალოდ, საზოგადოებამ იცის, რომ გავლენის აგენტები არიან.

- ყველა, ვინც დაფინანსებას­ იღებს უცხო ქვეყნიდან, არ ხვდება ამ სიაში. კრიტერიუმი უცხო ქვეყნის ინტერესების ლობირებაა სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას - ანუ ამერიკული კანონი ეხება ლობისტებს, რათა სახელმწიფომ იცოდეს, ლობისტები ვის ინტერესებს ატარებენ. რა შუაშია არასამთავრობო სექტორი და მედია?

- სამოქალაქო საზოგადოების წევრები­ ლობისტები არ არიან? 2018 წელს პარლამენტში გადიოდა კანონი "ნარკოტიკების შესახებ" და ერთი ჯგუფი ლობირებდა მძიმე ნარკოტიკების დაშვებას.

- მაშინ მძიმე ნარკოტიკებზე არ ყოფილა ლაპარაკი, და მეორე, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესს ლობირებდნენ?

- არსებობდა ორგანიზაცია, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებდა.

- კონკრეტულად რომელი?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს, აფინანსებდა სოროსის ფონდი და ლობირებდა მძიმე ნარკოტიკების შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ლეგალიზაციას. კანონის ლობირება არის თუ არა პოლიტიკური აქტი? საკანონმდებლო ბაზაში არსებული შავი ხვრელის გამო ეს უნდა დავუშვათ?! ამიტომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ ლობირებს ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ვისგან ფინანსდება და ვის ინტერესს ატარებს.

- არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა­ კვლევას აწერენ, ვინ აფინანსებს, და ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს. მაინცდამაინც აგენტების სია უნდა შეადგინონ და აგენტის იარლიყი მიაკერონ?

- სად წერია, არსად არაფერი წერია...

- შედით ამ ორგანიზაციების საიტებზე და ყველა კვლევას მხოლოდ კი არ აწერია, იმ ორგანიზაციების ლოგოებიც კი არის დატანილი. ხელისუფლების ცალკე საიტია, სადაც დონორებიც ჩამოთვლილია, და ისიც, რა პროექტი რამდენით არის დაფინანსებული.

- უფრო საჯარო უნდა გახდეს. ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რამდენით არის დაფინანსებული.

- მართალია, თქვენ ხმას ვერ მისცემთ ამ კანონპროექტს, მაგრამ ასე რომ უჭერთ მხარს, იღებთ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც ამას მოჰყვება?

- თქვენ რამდენიმე კორუმპირებულ ევროპარლამენტარს საერთაშორისო საზოგადოებას უწოდებთ?

- ამ ხალხმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთა,­ და მათ შორის, ელჩებმა, ბრიტანეთის, ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, ამ ბრალდებისთვის რომ გიჩივლონ, რას იზამთ?

- რა უნდა მიჩივლონ, არაერთი ევროპარლამენტარია დაკავებული ქრთამის აღებისთვის. ან სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რომელი საერთაშორისო საზოგადოებაა? დიახ, უნდა მივიღოთ ეს კანონი!

რუსა მაჩაიძე