"მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა" - კვირის პალიტრა

"მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა"

"მარიუპოლი არის ქალაქი, სადაც სიცოცხლე ჩაქრა", - ამბობს ოკუპირებული ზღვისპირა ქალაქიდან ჩამოსული უკრაინელი მარია პოვოროზნიუკი.

- ჩემს წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქში კორონავირუსმა იფეთქა.­ გვითხრეს, რომ საავადმყოფო, რომელიც­ ზაფხულში შეარემონტეს, დაჭრილებს­ უნდა მოემსახუროს და მოსახლეობას რეკო­მენდაცია­ მისცეს, შინ იმკურნალონ. არა ჰყავთ­ სპეციალისტები, არა აქვთ მედიკამე­ნტები და სამედიცინო ინფრასტრუქტურა.­ ამბობენ, რომ სასუნთქი გზების პრობლემებით უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.­ კვირაში­ კორონავირუსით 100-ზე მეტი კაცი ინფიცირდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჰიგიენის დაცვის პირობები არ არის, წყალიც კი გრაფიკით მოგვეწოდება, გავრცელების ტემპი გაიზრდება. მე ისედაც არ ვაპირებ აპრილის შუა რიცხვებამდე ქალაქში დაბრუნებას. შარშან მარტში დედაჩემი ჩემს დასთან ერთად მარიუპოლის საკონცერტო დარბაზის სარდაფში­ იმალებოდა, რომლის თავზეც რუსებმა რამდენიმეტონიანი ბომბები ჩამოყარეს, ბევრი დაიღუპა, ისინი კი გადარჩნენ. ამის შემდეგ რამდენიმე თვე ბლოკადაში გაატარეს, რუსულ არტილერიასა და სარაკეტო იერიშებს გადაურჩნენ და დიდი წვალებით საქართველოში წამოვიდნენ. აქ ნათესავები­ ელოდნენ და მათი ტანჯვაც დასრულდებოდა, მაგრამ დედამ ვერ ჩამოაღწია - ლარსის საზღვარზე გული გაუსკდა. როდესაც რუსი სამხედროები და კოლაბორაციონისტები მეკითხებოდნენ, რატომ მოვდიოდი საქართველოში, ეს ვუამბე. დედის საფლავზე მივდივარ-მეთქი. "დამამშვიდეს", რომ ჩამოხვალ, აქაურობა სხვანაირი დაგხვდებაო.

- რა იგულისხმეს?

- ალბათ, ის, რომ პრორუსული პროპაგანდა დღედაღამ ლაპარაკობს, თუ როგორ აშენებენ "უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბილ ქალაქს". ცენტრალურ ქუჩებზე დააგეს გზები,­ იქ, სადაც "ახალი ადმინისტრაცია" გადაადგილდება, ოღონდ დაცვით, და ამას ტელევიზიით აშუქებენ, ვითომ ქალაქზე ზრუნავენ­. ქუჩებში რუსული დროშები და პროპაგანდისტული ბანერებია. ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლებიც კი შეიარაღებული არიან, არ ვიცი, პარტიზანების ეშინიათ თუ მაროდი­ორების, რომლებიც ქალაქში რუსულ "ხელმძღვანელობასა" და კოლაბორაციონისტებს შემოჰყვნენ... ჩვენ კერძო დასახლებაში ვცხოვრობთ.­ გარშემო კორპუსები არასდ­როს ყოფილა,­ ახლა კი მიკრორაიონის მშენებლობა და­იწყეს. ისინი უნდა შევასა­ხლოთ, ვინც უსახლკაროდ დარჩაო. ხანდახან გვახსენებენ, ზელენსკი დასავლეთის წაქეზებით გაზაფხულზე ისევ აპირებს ახალ შეტევას, ნუთუ საკმა­რისი არ არის, რაც გამოიარეთ­, მოითხოვეთ, დაგანებოთ თავი, ისევ ომი და სისხლის ღვრა გინდათო... რამდენიმე დღის წინ "კადიროველების" დანაყოფი შემოიყვანეს "დამატებითი­ უსაფ­რთხოებისთვის" და თევზის კონსერვის ქარხნის ტერიტორიაზე განათავსეს. როგორც ამბობენ, 500 ჩრდილოკავკასიელი ჰყავთ ჩამოყვანილი. პერიოდულად პრორუსულ მედიაში აცხადებენ, რომ "პარტიზანები დააკავეს" და ამას ემსახურება დამატებითი ძალების შემოყვანა.­ ქალაქში განთავსებულია "როსგვარდიის" ბაზაც, რომელიც დონეცკში ვითომ წესრიგისა და სტაბილიზაციის გარანტია. მათი "დამსახურებაა", რომ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე "გაქრა"... კოლაბორაციონისტები კარიერის აწყობას, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. რუსეთის სხვადასხვა­ ქალაქიდან ხელოვანები, მომღერლები და სპორტსმენები ჩამოჰყავთ, ისე წარმოაჩენენ, თითქოს ქალაქში ცხოვრება "დუღს".

მანგუშსა და ბერდიანსკის მიმართულებით განსაკუთრებით ფრთხილობენ. იმ გზაზე­ ხშირად შეიმჩნევა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. ამბობენ, რომ სამხედ­რო-ლოგისტიკური შტაბი გახსნეს, რომლის გარშემოც "როსგვარდიის" ნაწილია განლაგებული. საერთოდ, ქალაქში უფრო "როსგვარდიის" მებრძოლები არიან.

რამდენიმე დღის წინ იაკუტიელი და დაღესტნელი ოფთალმოლოგები ჩამოიყ­ვანეს, რომლებმაც თურმე ოპერაციებიც უნდა გააკეთონ. უფრო ადრე კიროვიდან იყო ჩამოსული ბრიგადა. საავადმყოფოს ეზოში მათ მობილური ბრიგადის მანქანას­ "როსგვარდიის" შეჯავშნული მანქანა იცავს - "დამატებითი უსაფრთხოებისთვის". ასე ფუთავს რუსული მედია ამ ესკორტს... ქალაქში ძალიან ბევრი უცხო ადამიანია. გარეგნობით, ენით, ცხოვრების წესით ისინი ჩვენგან განსხვავდებიან, მაგრამ ახალ მისამართად მარიუპოლი უწერიათ, ანუ ჩამოასახლეს... "ახალი ადმინისტრაცია" ამბობს, აქაურობა მალე შეივსება და გამოცოცხლდ­ებაო. ამას ამბობენ ქალაქზე, რომლის რამდენიმე­ ათასზე მეტი მკვიდრი ფილტ­რაციის ბანა­კის გავლის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა­ ქალაქში გადაასახლეს. რამდენი ათასი დაიღუპა, ჯერაც დაუდგენელია. ლამის ყოველ ნაბიჯზე, სკვერსა და პარკში შეხვდებით ხის ჯვრებს. ქალაქის ახლოს რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული სასაფლაო. 10 ათასზე მეტი ახალი საფლავი ვიპოვეთ. 45 ათასზე მეტი კაცის ევაკუაცია ჯერ კიდევ­ ომის, შემდეგ კი ბლოკადის დროს მოხდა. უმეტესობა აღარ დაბრუნებულა. კოლაბორაციონისტები­ გამუდმებით ითხოვენ, დაბრუნდით ქალაქშიო, მაგრამ ნებით არავინ ჩამოდის, რადგან იციან, რომ მარიუპოლი მოჩვენებების­ ქალაქს დაემსგავსა. შარშან თებერვლის ბოლოს დაწყებული ტრაგედია არ დასრულებულა, სროლები შეწყდა, მაგრამ მშვიდობა მაინც არ არის.

მარიუპოლის "მერად" რუსებმა ძველი­ მილიციის თანამშრომელი, ოლეგ მორგენი­ დანიშნეს, რომელიც თანამდებობაზე ყოფ­ნი­სას ჩადენილი დანაშაულების გამო 11-წლიან სასჯელს იხდიდა. ამ ომის დროს ციხიდან გამოვიდა და რუსებისთვის­ მადლიერების საჩვენებლად სასტიკად უსწო­რდე­ბოდა მოსახლეობას. ეს არასდროს დაგვავიწყდება. ამიტომაც წინააღმდეგობა არ წყდება. ახალი წლის დღეებში რამდენიმე აფეთქება მოხდა, მაგრამ მედიამ "ტექნიკური შეცდომა" უწოდა და პარტიზანები არც უხსენებიათ.

- რა პირობებში ცხოვრობს მოსახლეობა?

- სიბნელეში, შიმშილსა და განუკით­ხაობაში, სახურავებახდილ სახლებში. ჩამონგრეული შენობების სარდაფებში დღემდეა ცხედრები. მათი გამოტანა ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ ნანგრევებისგან ქალაქი ჯერაც არ გაუწმენდიათ. რამდენიმე ადგილი ვიცით, სადაც ჩაცხრილული ხალხია დარჩენილი. იქაურობა მონიშნულია როგორც "დაუმუშავებელი ტერიტორია". ჩვენ კი ჯვარი დავუსვით, იქნებ ოდესმე მაინც შევძლოთ მათი სასაფლაოზე გადატანა. ჩვენი სახლი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ ახლომახლო სარაკეტო დარტყმები აქაურობას რამდენიმე თვე აზანზარებდა და კედლები გაიხსნა, სახურავი დაზიანდა, ოთახში სიცივე შემოდის. წყალი მხოლოდ ეზოში მოდის. ხანდახან მილები იყინება და მთელი ქალაქი უწყლოდ რჩება. ყველაფერს კატასტროფულად მაღალი ფასი ადევს, ჩვენ კი მხოლოდ პენსია გვაქვს, რომელსაც რუსეთი გვაძლევს და არაფერში გვყოფნის.

ხალხმა ძალიან ბევრი გადაიტანა და ზოგს აღარ შესწევს ძალა კიდევ ერთ მასშტაბურ სამხედრო შეტაკებას გაუძლოს. ჩემმა ახლობლებმა ოჯახის წევრები დაკარგეს, ზოგს რამდენიმე შვილი დაეღუპა. ბევრს ნათესავები სახალინში, ნიჟნი-ნოვგოროდში გადაუსახლეს. ზოგმა ახლახან შეძლო ერთმანეთთან ინტერნეტით დაკავშირება, გადასახლებულებს სხვა გვარ-სახელი­ ჰქონიათ. ახლახან ახლობელს მოსწერა შვილმა, რომ ცოცხალია, მაგრამ ჯერ ვერ შეეხმიანება და სთხოვა, არ ეძებოს. დედები და შვილები სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილეს, ზოგი გააშვილეს, ზოგიც ინტერნატშია. დედები რუსეთის მიკარგულ ქალაქებში დადიოდნენ და შვილებს ეძებდნენ, ზოგმა იპოვა, ზოგი დღემდე ეძებს. იმ სამი თვის განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. აქ ყველა მეორე ოჯახის წევრი ომშია.

რუსული "ხელმძღვანელობა" ბლოკავს­ სოცქსელებს, ფილტრავს ინფორმაციას, გაათმაგებული აქვთ პროპაგანდა. ჩვენი ხალხის ნაწილი მშენებლობებზე­ დაასაქმეს, უმეტესად კი ჩამოსულები, კაზა­კები, ბურიატები, ბელარუსები, ჩრდილოკავკასიელები არიან. ხალხს ჰპირდებიან, ახალ ბინებს რომ დავასრულებთ და გასაღებებს გადმოგცემთ, ყველაფრით აღჭურვილი იქნება, მაცივრებსა და ტელევიზორებსაც კი დაგახვედრებთ, ისე, როგორც ძველ, კარგ საბჭოთა დროშიო. მიცხოვრია იმ დროში, მაგრამ კორუფციის გარდა, არაფერი მახსოვს. კარგი რომ ყოფილიყო, არ დაინგრეოდა. იმ შეპირებულ "კეთილდღეობაზე" ხალხი გაეხუმრა, ჩვენი ბინებიდან გატანილ ქონებას გვიბრუნებთ და მადლობა უნდა გადაგიხადოთო? ყველაფერი ძალიან ძვირია. პურიც კი ქართული ფულით 4 ლარამდე ღირს. ომამდელ ფასებთან შედარებით ხუთჯერ ძვირია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათი, რძის ნაწარმი, ბურღულეული. თქვეს, "სახელმწიფო მაღაზიები" გაიხსნება და ყველაფერი ბევრად იაფი იქნებაო. ამას ემატება მუდმივი მობილიზაცია - გასულ დღეებში მარიუპოლსა და მთელ დონეცკში უსახლკაროებს, ალკო- და ნარკოდამოკიდებულებს­ აგროვებდნენ ფრონტის ხაზზე წასაყვანად. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობის სანაცვლოდ სოციალურ უზრუნველყოფას, ნასამართლობის მოხსნას, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ბინებით უზრუნველყოფას ჰპირდებიან.

რუსებს ყველგან თავიანთი კაცი ჰყავთ, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან "ხელმძღვანელობას". ცდილობენ ყველა დაღუპული "ნაცისტად" გაასაღონ, თითქოს თავიანთ ხალხს თავს ესხმოდნენ, რათა შემდეგ რუსი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. ახალგაზრდები ქალაქიდან წასვლას ცდილობენ, რათა მობილიზაციის უწყვეტ ნაკადში არ მოყვნენ.

რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტიდან წიგნები გამოიტანეს და გადაყარეს. "ახალი პროგრამით" ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტში, სადაც ისტორია "რუსული პროგრამის ჰარმონიული იქნება".

ჩვენს ყოფას ცხოვრებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, ვარსებობთ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ეს ჯოჯოხეთი დასრულდება. სამაგიეროდ, კოლაბორაციონისტები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. მაღაზიები გახსნეს, "საჯარო დაწესებულებებში" მუშაობენ. მარიუპოლი-დონეცკის გზა გახსნეს­ და იქიდან უამრავ რამეს ეზიდებიან...

მარტის ბოლოს უნდა დავბრუნდე, რადგან ე.წ. კომისიას ველოდებით, "ქალაქის გადაპროექტება" და ხელახალი ჩაწერა მიმდინარეობს - ანუ ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას აღრიცხავენ. ჩემს ქუჩას სახელი­ გადაარქვეს, იმ სახლებს, ბინებს, სადაც არავინ ცხოვრობს, ხაზი გადაუსვეს, რაც ნიშნავს, რომ ეს მისამართი ცარიელია და ახალ მოსახლეს - კაზაკს, ბურიატს ან ბელარუსს უნდა გადასცენ... ასე მგონია, ჯოჯოხეთში ვბრუნდები, მაგრამ იმ იმედით მივდივარ, რომ გაზაფხულზე ყველაფერი შეიცვლება.