კრემლის "საშინაო დავალება" ანუ 30-წლიანი ომი რუსეთთან
24 თებერვალს წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინა აგრესორ რუსეთს თავგანწირვით ებრძვის. უკრაინის ოკუპაციის სურვილმა მსოფლიოს რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე თვალი აუხილა. ცხადი გახდა, რომ ოკუპანტი ქვეყანა ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ კარგად დაგეგმილ სცენარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. აღარც ის არის დაფარული, რომ რუსეთს დასავლეთით გაფართოებაზე ოცნებაც არ შეეძლო, სანამ საქართველოს მისი "სამხრეთის ჭიშკრის" ჩარაზვა შეეძლო. რა შედეგები მოიტანა 2008 წლის აგვისტოს ომმა და რას მოიტანს ომი უკრაინაში, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" სამხედრო ქირურგს, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ქოიავას ესაუბრა.
ლაშა ქოიავა - დაბ. 1965წ.; საბრძოლო გამოცდილება - 1992 წ. ცხინვალი; 1992-93 წწ. აფხაზეთი - ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1997-1998 წწ. პარტიზანული მოძრაობის წევრი; 2004 წ. ცხინვალი; 2008 წ. სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) მეთაური; 2010 წ. ავღანეთში ღურის (გჰორ) პროვინციის სამედიცინო დაგეგმარების ხელმძღვანელი; სამხედრო სამედიცინო კონცეფციის ავტორი; ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის მედალი "მხედრული მამაცობისთვის".
- რუსეთს საქართველოს პრობლემა ჯერ კიდევ სტალინის დროს დაუდგა. სტალინი იყო საქართველოში მე-11 არმიის შემოსვლის, აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნის ინიციატორი.
- იმჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, ავტონომიური ოლქის თუ რესპუბლიკის შექმნა, თუ სწორად მახსოვს, ძირითადად, ეთნიკური მოსახლეობის რაოდენობით განისაზღვრებოდა.
- ასეც ვერ ვიტყვით. როდესაც ეს ავტონომიები შეიქმნა, ლაგოდეხსა და სიღნაღში უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე ცხინვალში.
- მაშინ რას უკავშირდებოდა ავტონომიების შექმნა?
- იმას, რომ თუ რაღაც მოხდებოდა, აქ ჩადებული "ნაღმი" (ავტონომიების სახით) აფეთქდებოდა და გზა სამხრეთისკენ უკვე ჩაკეტილი ექნებოდა რუსეთს. სტალინი ქართველებს კარგად იცნობდა. მაშინ გაჩნდა ტერმინი "მოკავშირე რესპუბლიკა", რაც შიდა მოხმარებისთვის უფრო იყო, თორემ მსოფლიოსთვის საბჭოთა კავშირი იყო რუსეთი, ხოლო ყველა, ვინც აქ ვცხოვრობდით, რუსები ვიყავით. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცივილიზებული სამყაროს გეგმა, რადგან მაშინ არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად იყო რუსეთის ბირთვული იარაღი თავმოყრილი, რუსეთში თუ სხვა რომელიმე რესპუბლიკაში. ამიტომ რუსეთის დაშლით მიიღებდნენ არა ერთს, არამედ 15 ბირთვულ სახელმწიფოს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბირთვული არსენალი, რუსეთის გარდა, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში ყოფილა. ამ რესპუბლიკებმა რუსეთს დაუბრუნეს ბირთვული მარაგი, მათ საქართველოც არ ჩამორჩა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან მომავალში შესაქმნელი მასალაც რუსეთში წაიღეს - ურანი ჩვენთან სამეცნიერო კვლევებისთვის ინახებოდა, რადგან საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა.
- სომხეთის ანალოგიური?
- დიახ. თუ გახსოვთ, ბუშმა-უფროსმა ზვიად გამსახურდიას მიანიშნა, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო. რეალურად ხომ ჩვენ დავშალეთ საბჭოთა კავშირი, პირველი, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველო იყო. შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და ჩამოვიდა შევარდნაძე.
1995 წლიდან რუსეთს უჩნდება შიში, რომ საქართველო ნატოს კურსს აიღებს, შესაბამისად, იყო საშიშროება, რომ აქ გაჩნდებოდა ნატოს დროშით ამერიკული, ბრიტანული ან გერმანული ბაზები.
- რუსეთისთვის ეს რისკი უცხო არ უნდა ყოფილიყო, საბჭოთა კავშირს საზღვართან ნატო ჰყავდა თურქეთის სახით.
- გეთანხმებით. თუმცა საქართველო მაშინ რუსეთისთვის ბუფერული ზონა იყო. თუ თურქეთი შეუტევდა საქართველოს, აქ ჩვენ სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობა გაქვს კავკასიონის ქედის სახით. თუმცა 90-იან წლებში ის რუსეთს თავის დასაცავად ვერ გამოადგებოდა. მეტიც, შეიძლებოდა მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. რუსეთმა კარგად იცის, რომ ქართველები მთაში უფრო კარგად ომობენ. თუ რუსეთის შიში გამართლდებოდა და ნატოს ჯარები საქართველოში დადგებოდნენ, ესე იგი, ისინი მთაშიც დადგებოდნენ, რადგან საზღვარი მთაზე გადის. რუსმა უნდა მოიკლას თავი და მუდმივად უნდა ამზადოს სამთო მსროლელები, ქართველისთვის კი მთა ბუნებრივი გარემოა.
- რატომ ჰქონდა რუსეთს ამის შიში? ჩვენ უკვე დაკარგული გვქონდა აფხაზეთი, სამაჩაბლო და კავკასიონზე ჩვენი დადგომა როგორღა განიხილებოდა?
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტი, რომელიც რუსეთის ინსპირირებული იყო, მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოეთიდან ჯარების გადმოსროლის გზის გაკონტროლებას. დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო ჯარის "წვრთნის და აღჭურვის პროგრამა", ამერიკელები მაშინ დიდ ფულს დებდნენ ქართულ ჯარში. მათ უნდოდათ სამხრეთ კავკასიაში ჰყოლოდათ ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირდებოდა მთაში რუსეთს და ჩაკეტავდა კავკასიონის ქედს.
- ანუ თურქეთი საქართველოთი ჩანაცვლდა?
- დიახ, რადგან ჩვენი ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო. ნატოს რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში აღარ იქნებოდა საჭირო საომარი მოქმედებების დაწყება 500-700 კილომეტრიდან, როცა შეიძლებოდა მოქმედებები პირდაპირ საქართველოდან დაწყებულიყო. იყო გეგმა, რომ ნატოს ჯარების კასპიის ზღვისკენ გასვლისას ქართველები კავკასიონს ჩაკეტავდნენ, რათა რუსეთის ცოცხალი ძალა ვერ გადმოსულიყო. ამერიკელებისთვის ცის დაკეტვა არასდროს იყო პრობლემა.
- ზღვის?
- ამერიკის საზღვაო ფლოტი, გინდაც ბრიტანეთის, საფრანგეთის ან თუნდაც იტალიის, ყველა შემთხვევაში უკონკურენტო იქნებოდა შავ ზღვაზე. თურქეთის ფლოტსაც შეუძლია დაუკეტოს რუსეთს შავი ზღვა. რა თქმა უნდა, ამ გეგმის შესახებ მხოლოდ შიდა საუბრები იყო. თუმცა მაშინ, როცა ქართულ ჯარში სამთო-მსროლელი შენაერთები ძლიერდებოდა, მიდიოდა საუბრები კომანდოსის ბატალიონების შექმნაზე, როგორი არტილერიაა საჭირო და რომელი ქვეყანა ამზადებდა ამ ტიპის სამხედრო ძალებს და ა.შ. ეს მიუთითებდა, რომ ზემოხსენებული გეგმა ნამდვილად არსებობდა. ამ დროს რუსეთიც არ იყო გულხელდაკრეფილი, მისი დაზვერვა აქაც მუშაობდა, ამერიკაშიც და ბრიტანეთშიც. დაინახეს, რომ საშიშროება საფუძვლიანი იყო, რომ საქართველო ჯარს აძლიერებდა და ოდესღაც რუსეთის "სამხრეთ ჭიშკარს" გააკონტროლებდა.
- კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო - საქართველოს ჯარი იმ შემთხვევაშიც შეძლებდა ამის გაკეთებას, როცა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებდით?
- აფხაზეთი არა, მაგრამ აჟარა ხომ ჩვენი იყო.
- კოდორის ხეობას გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა. კოდორის ხეობიდან მთელი აფხაზეთის გაკონტროლება შეგვეძლო. ცხინვალზეც არ იყო პრობლემა, ერთადერთი, ჯავაში იქნებოდა ცოტა რთული სიტუაცია წინააღმდეგობის მხრივ. ჩვენ უკვე გვყავდა ისე მომზადებული ჯარი, რომ კავკასიონი გაეკონტროლებინა.
- უფრო ზუსტად?
- 2003 წლისთვის საბრძოლო მოქმედებებისთვის ჯარი მზად გვყავდა, თან ჩვენი ვეტერანები ძალიან განსხვავდებოდნენ ვიეტნამის ვეტერანებისგან, მშობლიური მიწის დაბრუნების იმედი დიდი მოტივაცია იყო. "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც" გრძელვადიანი იყო, ჯერ წამოვიდოდა სამხედრო ამუნიცია, შემდეგ იარაღიც. კავშირგაბმულობის საშუალებები უკვე ჩამოტანილი ჰქონდათ. ყოველივე ამან კრემლში პანიკა გააჩინა. დღის წესრიგში რუსეთის საქართველოში შემოსვლა დადგა, ოღონდ ისე, რომ ცივილიზებულ სამყაროს აგრესორისთვის საყვედური ვერ ეთქვა - რუსეთი ხელსაყრელ დროს ელოდა.
- მანამდე დიდი ხანძარი ჩააქრო ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთს ვგულისხმობ.
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სურვილი ნამდვილად ჩააქრო. შემდეგ მოდის საქართველოს ახალი ხელისუფლება კორუფციასთან მებრძოლის დროშით და დიდი იმედით.
- 2003 წლისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან როგორი ურთიერთობაა?
- კარგი. ერგნეთის ბაზრობა მუშაობს, სოხუმიდან კი ლილოს ბაზრობაზე დადიან მოვაჭრეები, ავადმყოფები სამკურნალოდ ჩამოჰყავთ. ოსებთან ისეთი სიტუაცია აღდგა, რომ ნაომარ ხალხს სამაჩაბლოში უკვე უმტკივნეულოდ იღებდნენ. აღდგა ნათესაური ურთიერთობები. აი, ამ დროს ვითარება იძაბება ერგნეთის ბაზრობაზე, რომელმაც თავის დროზე დიდი როლი შეასრულა ხალხის დაახლოებაში. რა თქმა უნდა, იყო კრიმინალი, მასშტაბური, იყო თაღლითობაც. უფრო მეტი გამომძიებლისა და ოპერატიული თანამშრომლის იქ გაშვება პრობლემას უშველიდა. პოლიციელები სამსახურიდან კი არ უნდა გაეგდოთ, უნდა დაეტოვებინათ და ღირსეული ხელფასი დაენიშნათ - არც ქრთამს აიღებდნენ და წესრიგსაც დაამყარებდნენ. ამის მაგივრად ოქრუაშვილი შინაგანი ჯარით შევარდა და გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გზები გადაჭრა ტრაქტორებითა და გუთნებით. შედეგად კი ის მიიღო, რომ შინაგანი ჯარის 46 ქართველი ჯარისკაცი ოსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
- მახსოვს, მშობლები დაიბარეს, ჩამოდით და წაიყვანეთო.
- დიახ. თუმცა მანამდე სტადიონზე გაიყვანეს, დააჩოქეს და ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს. ამით არა მარტო ქართული ჯარის, მთლიანად ქართველი ხალხის დემორალიზაცია მოხდა. აბა, წარმოიდგინეთ, სამმა ოსმა დაიჭირა 46 ქართველი და ცხვრებივით გადარეკა ცხინვალში.
- სად მოხდა ეს ამბავი?
- ჩვენები ცხინვალთან, ერთ-ერთი სოფლის სკოლაში იდგნენ. როგორც ვიცი, ორი პასუხისმგებელი პირი საქეიფოდ წასულან. ოსები მივიდნენ (სამნი იყვნენ), მეთაური სად არისო? მეთაურიც გამობლაყუნდა. საგუშაგოზე მყოფები ხომ ხედავდნენ, რომ უცხო ხალხი მივიდა. მეთაურმა, მე ვარ, რაშია საქმეო, და ოსებმა უცებ დაადეს იარაღი და უთხრეს, შენს ნაწილს უბრძანე, იარაღი დაყაროსო. ტიპმა, იმის მაგივრად ჩხუბი დაეწყო ან მომკვდარიყო და მათი ბრძანება არ შეესრულებინა, მთელი ნაწილი იარაღაყრილი გამოიყვანა. ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარიდან ყველა ნაომარი თანამშრომელი გაუშვეს. ამ პროცესის ინიციატორი ლიაკა ხოშტარია იყო, საქართველოში ახალი ჩამოსული მინისტრის მოადგილე, რომელიც თვლიდა, რომ ნაომარი კადრები "ვიეტნამის სინდრომით" იქნებოდნენ შეპყრობილი და ჯარის მოტივაციაზე მავნე ზეგავლენას მოახდენდნენ(?!). ოქრუაშვილის დროს ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ყველა ის ნაწილი, რომლებიც ამერიკელების წყალობით აწყობილი იყო. განათლების სისტემა, საერთაშორისო მისიები, გაუქმდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მომზადებული 10 კომანდოსის ბატალიონი, სამთო-მსროლელი ნაწილები, სამხედრო დაზვერვა, რომელიც აშშ-სა და ბრიუსელთან თანამშრომლობდა.
- მაშინ ამერიკელებიც შეშფოთებული იყვნენ ჯარში დატრიალებული პროცესებით, მაგრამ რატომ მიუშვეს პროცესი?
- ამერიკელების მუშაობის პრინციპი არ არის ისეთი, როგორიც რუსების. ამერიკელი არ მოვა შენთან და არ გეტყვის, რას აკეთებო. ისინი გეკითხებიან, რამდენად მიზანშეწონილია, რასაც აკეთებ, და როდესაც ეუბნები, რეფორმას ვატარებო, თავს განებებენ. რა თქმა უნდა, გაოცებული იყვნენ. დაიწყეს მიწოლაც. ამის გამო მოხსნეს ოქრუაშვილი და დანიშნეს კეზერაშვილი. უცებ აღდგა სამხედრო დაზვერვაც, როგორც განათლების სისტემის ნაწილი. თითქოს ჯარის აღდგენასაც აპირებდნენ.
- 2008 წლის დამდეგისთვის, როდესაც ჩვენთან ვითარება იძაბებოდა, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უყურადღებოდ არ დარჩებოდათ.
- ჯარს აქვს მუდმივად ორი მდგომარეობა: ან ომობს, ან ემზადება ომისთვის. ომისთვის მზადება ნიშნავს იმასაც, რომ ჯარი მინდორში წვრთნას საბრძოლო შეიარაღებით გადის. შესაბამისად, თუ შეიარაღებას ყიდულობ, ამაში შეიძლება ისეთი ვერაფერი დაინახო.
2008 წლის ივლისში, ომამდე ორიოდე კვირით ადრე, მიხეილ სააკაშვილი რუს სამშვიდობოებს ვადას უგრძელებს(?!). სხვათა შორის, მაშინ ითქვა, სალომე ზურაბიშვილი იმიტომ მოხსნეს, რომ სამშვიდობოები არ გაეგდო საქართველოდან.
- რა შუაშია ამ თემასთან იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი?
- საგარეო საქმეთა მინისტრი მას შემდეგ მოხსნეს, რაც 2005 წელს ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული ჯარი გავიდა. მხოლოდ გუდაუთაში დარჩა რუსეთის საჰაერო ძალების პოლკი. სალომე ზურაბიშვილი სამშვიდობოებისა და გუდაუთიდან ჯარების გაყვანის პროცესშიც იყო ჩართული. როგორც ამბობენ, ამის გამო მოუვიდა უთანხმოება ნინო ბურჯანაძესთან.
- როგორც ვიცი, რუსეთი სანაცვლოდ ითხოვდა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას (იგივე მოთხოვნა პუტინს შევარდნაძესთანაც ჰქონდა), რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრი თანახმა იყო, წინააღმდეგი იყო გიგა ბოკერია, რომელსაც მხარი ნინო ბურჯანაძემაც დაუჭირა. თუმცა დავუბრუნდეთ სამშვიდობოებს.
- ხელშეკრულება სამშვიდობო ძალების შესახებ, რომელიც შევარდნაძის დრო გაფორმდა, ძალიან მავნებლური იყოს საქართველოსთვის. სამშვიდობოებად საერთაშორისო ძალები ითვლებოდნენ, თუმცა მოლაპარაკების უფლება ჰქონდათ საქართველოს, ოსეთსა და რუსეთს, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთს.
- სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეწყვეტა 2008 წლის ივლისში დამატებით საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას?
- რა უნდა ექნა ვინმეს ისეთი, რასაც სამშვიდობოების დროს არ აკეთებდნენ? სხვათა შორის, მსოფლიო, და მათ შორის რუსეთიც, იმ დროს აფხაზეთსა და ოსეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებდა. გამოდიოდა, რომ სამშვიდობოები მანდატის გარეშე რჩებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვეძლო ამაზე საერთაშორისო არენაზე ერთი ამბავი აგვეტეხა. არსებობს საამისოდ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, გვყავს ადვოკატები, რომლებიც დაიცავდნენ ჩვენს ინტერესებს. როდესაც უგრძელებ სამშვიდობოებს მანდატს, თან ჯავშანტექნიკა შეგყავს ქარელის რაიონში, რომელიც ცხინვალის მიმართულებით დგება, ხომ უნდა ხვდებოდე მაინც, რომ ეს არ შეიძლება.
- ანუ მას შემდეგ მოემზადა რუსეთი?
- ვფიქრობ კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას: რუსეთმა ამის შემდეგ დაიწყო მზადება თუ რუსეთი უკვე მომზადებული იყო და დავალება გასცა ამის შემდეგ? ამ დროს ამერიკიდან მოდიოდა მესიჯები, ხომ გახსოვთ, კონდოლიზა რაისის მოწოდებაც, რამე სისულელე არ გააკეთოთო.თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მეგობრებად ვთვლიდით, მაშინ უნდა ჩავსულიყავით და აგვეხსნა, ქართული სოფლები იბომბება, რა ვქნათ, სიტუაციაში როგორ გავერკვეთ, იქნებ თქვენ მოახდინოთ რეაგირება, რომ პროვოკაციული ქმედებები შეწყდესო.მაშინ ჯარი მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით ფლობდა ინფორმაციას, ცხინვალზე ინფორმაცია პოლიციას ჰქონდა. შესაბამისად, ჯარი ბრმად უნდა დაჰყრდნობოდა პოლიციის ინფორმაციას.
რუსეთის საქართველოში შემოჭრის საბაბი სწორედ აგვისტოს ომის დროს რუსი სამშვიდობოების დახოცვა გახდა. მანამდე რუსები დაქოქილი ტანკებით იდგნენ როკის გვირაბთან და ელოდნენ.
- საინტერესოა, ვინ გასცა სამშვიდობო ძალებზე სროლის ბრძანება? როგორც ვიცი, გენერალური შტაბის თავდაპირველ სამხედრო გეგმაში სამშვიდობო ძალების გვერდის ავლა იყო დაგეგმილი...
- ეს არა მარტო საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი წელი გავიდა და ამ კითხვას არავინ სვამს. აგვისტოს ომით რუსეთმა საბოლოოდ მოაგვარა წლების განმავლობაში თავისი ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა - მან საბოლოოდ ჩაკეტა "სამხრეთი ჭიშკარი". ჩვენ მისთვის თავსატეხი აღარ ვიყავით, ისევე როგორც დღეს არა ვართ.
- საქართველოს შემდეგ რუსეთმა ყირიმისკენ გაიხედა?
- თავისი დასავლეთისკენ. მის დასავლეთში არიან პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი...
- ანუ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები?
- დიახ. ყირიმი პლაცდარმია, საიდანაც კრემლი აკონტროლებს მათ. ყირიმიდანვე აკონტროლებს შავ ზღვასაც და თურქეთსაც. რუსეთის შავი ზღვის ფლოტიც ყირიმში დგას, რადგან სხვა პორტი რუსეთს შავ ზღვაზე არ გააჩნდა, ნოვოროსიისკის პორტს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ფლოტის ბაზირებისთვის გამოუსადეგარია. ამ დროს აფხაზეთიც უკვე მისია. ახლა უკვე სჭირდებოდა ყირიმი და შემდეგ ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო რუმინეთი ან უნგრეთი, ან სხვა რომელიმე ზემოხსენებული ქვეყანა. უკრაინელები 2014-ში მზად არ იყვნენ რუსეთის თავდასხმისთვის. სანამ უკრაინელები გონზე მოვიდნენ, პუტინს უკვე ყირიმი ხელთ ჰქონდა.
- ამის მიზეზი, ვფიქრობ, საბჭოეთის დროს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის პრინციპი იყო - "ერთი ერი, ორი სახელმწიფო".
- გეთანხმებით, უკრაინის დიდ ნაწილში თავად უკრაინელებიც ასე ფიქრობდნენ, ამიტომ ყირიმზე რეაგირება ვერ მოახერხეს ან დაუგვიანდათ. როდესაც რუსეთმა ყირიმი მიიტაცა, პუტინიც მიხვდა, რომ ლოჯისტიკა გაუჭირდებოდა და უკვე გამოცდილ მეთოდს მიმართა ერთ დროს საქართველოს მაგალითზე. ლუგანსკმა და დონეცკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, იმ რაიონის გზა კი, ლუგანსკს ვგულისხმობ, ყირიმის ყელს უერთდება.
უკრაინელებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების თავნებობა არ გაატარეს და გამოაცხადეს, რომ უკრაინის მიწას არავის დაუთმობდნენ და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ჯერ ხალხმა აიღო იარაღი, შემდეგ უკვე სახელმწიფო დონეზე გადავიდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ ეს ლოკალურ დაპირისპირებად დატოვა. საპასუხოდ პუტინმა, ნიშნად იმისა, რომ არ ჰქონდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიების ინტერესი (ჩემი ინიციატივა არ არის, ჩემი ჯარი იქ არ არის, თავად ხალხს უნდა დამოუკიდებლობაო), მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ არ სჭირდებოდა სახმელეთო გზა ყირიმისთვის, ხიდის მშენებლობა დაიწყო.
- თუმცა მთელი მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ სწორედ რუსეთი იყო მხარე. ყველა ხვდებოდა, რომ რუსეთს ყირიმის ლოჯისტიკისთვის ხიდი არ ეყოფოდა.
- რა თქმა უნდა. უკრაინაში არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა. სახელმწიფოს მეთაური გახდა პირი, რომელიც არ იყო რუსი, მეტიც, როგორც აღმოჩნდა, დიდი პატრიოტი და რუსეთთან თავგამოდებული მებრძოლიც ყოფილა, რაც ნამდვილად არ იყო სახარბიელო პუტინისთვის. პირველი, ვინც უკრაინაში გამოვიდა და დაიძახა, ძირს რუსეთი, გაუმარჯოს ნატოს და ევროპასო, ზელენსკი იყო. ვითარება თანდათან იძაბებოდა, უკრაინაში უკვე ჩნდება დასავლეთის დახმარებები. თუმცა, სანამ პუტინისთვის უკრაინა ნატოს ბუფერული ზონა იყო, მანამდე შეჭრას აზრი არ ჰქონდა. ზელენსკი მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, როცა ყირიმი უკვე რუსული იყო და ბრძოლა მიდიოდა ლუგანსკისა და დონეცკისთვის.
- რა გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საბაბი?
- ნატოს მზარდი ინტერესი უკრაინით. რუსეთი არასდროს დაუშვებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ.
- საამისოდ ჯერ ეს ომი უნდა მოიგოს. როგორ ფიქრობთ, ელოდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში?
- რა თქმა უნდა, ელოდნენ და იცოდნენ კიდეც. ბევრად ადრე ამას დაუფარავად ასაჯაროებდნენ შტატების დაზვერვის ღია წყაროები, თუმცა მაშინ უკრაინის სამხედრო ძალები მოუმზადებელი იყვნენ.
- სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყებამდე 24 საათით ადრე ოფიციალური კიევი გააფრთხილეს, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვიწყებთო.
- 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ელჩიც მივიდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და ამერიკელები გააფრთხილა, რომ პერლ-ჰარბორის დაბომბვას იწყებდნენ, ოღონდ მას შემდეგ, რაც იაპონური თვითმფრინავები ავიამზიდებიდან აფრინდნენ...
უკრაინას დღესაც აკლია პროფესიონალი ოფიცრები, სამხედრო განათლებას კარგს იღებდნენ, მაგრამ ჯარში ყოფნისას მათი განათლების რეალიზება ვეღარ ხერხდებოდა, ოფიცრებად ვერ ყალიბდებოდნენ, არადა, თუ ლეიტენანტი არა გყავს, პოლკოვნიკს ვერ მიიღებ.პირველ ეტაპზე უკრაინელმა ხალხმა მამაცობის გაუგონარი მაგალითები აჩვენა - ტანკებს უცვივდებოდნენ, რუსებისთვის წინ წასვლის საშუალება რომ არ მიეცათ, ბევრ ქალაქში მოლოტოვის კოქტეილებით აღუდგნენ წინ ოკუპანტის შეიარაღებულ ძალებს და ამით უკრაინელმა მოქალაქეებმა თავიანთ ჯარს მოტივაცია მისცეს. ამ სიტუაციისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალებიც.
- სპეციალური სამხედრო ოპერაცია რას მოიცავს?
- როგორც წესი, ის სამდღიანია. შეიძლება გაგრძელდეს ერთ საათს ან ერთ თვესაც. ახლა უკრაინაში უკვე ომია, ფრონტალური ომი, რომელიც მთისგან განსხვავებით, რუსებს კარგად გამოსდით.