„ჩვენ ამ გზისთვის ბრძოლაში უამრავი გულგრილობა, ტყუილი და დამცირება ვნახეთ“
"სოფელ სურების მოსახლეობა 9 წელიწადია სოფელში გზის გაყვანისთვის იბრძვის და საქმე სანახევროდაც ვერ გააკეთა - სუფსის ხეობაში მდებარე ამ ულამაზესი სოფლის 17-კილომეტრიანი გზის მხოლოდ 5 კილომეტრია მოასფალტებული, ჩოხატაურის ცენტრამდე დარჩენილი 11-კილომეტრიანი მონაკვეთი კი კვლავ ოღროჩოღროა. სურებელები მძიმე ავადმყოფების რაიონში გადასაყვანად ორხიდიან ავტომანქანებს ეძებენ. წვიმიან ამინდში, ატალახებულ გზაზე "სასწრაფოს" დროულად მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია და სოფელს ავადმყოფები თავად ჩაჰყავს გზის იმ ნაწილამდე, რომლის იქითაც "სასწრაფო" ვერ ივლის. სოფლის ძველი სამარშრუტო ტაქსიც 150-კომლიან სოფელში კვირაში მხოლოდ ორჯერ ან საერთოდ არ დადის, სოფელის ნახევარსაათიან გზის გავლას კი თითქმის სამი საათი უნდება. გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ შესაბამის სამსახურებს. კიდევ ერთხელ აგვიბათ მხარი ჩვენი ლამაზი სოფლის გზის მოწყობაში. სურებელებს არ დაგვიწყებია, რომ ჩვენი გზის ის ნაწილიც, რაც მოასფალტდა, ისევ თქვენი, "კვირის პალიტრის" დახმარებით გაკეთდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობთ, რომ ჩვენს ძლივს შენარჩუნებულ სოფელს უგზოობის გამო ხალხის ნაწილი მიატოვებს.
პატივისცემით სოფელ სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები"
სოფლის მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, სახელმწიფო აქ გზის გაკეთებაზე თავს იკავებს - სოფელი სუფსის ხეობაშია, სადაც ტურისტიც არ დადის, რის გამოც ძვირად ღირებული სამუშაოს გაწევა არ ღირს. სოფლის მოსახლეობამ 9 წლის განმავლობაში მხოლოდ გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობას მიაღწია. დანარჩენი კი ისევ ოღროჩოღროა, რის გამოც სოფელი გარე სამყაროსაგან ნახევრად მოწყვეტილია.
ზურაბ დარსალია, სურების საინიციატივო ჯგუფის წევრი: - ყველამ იცის, რომ სოფლის დაცლა ქვეყნისთვის ტრაგედიაა, მით უფრო, სურებისთანა მიწით და ტყით მდიდარი სოფლის. სამწუხაროდ, თანამდებობის პირთა უმეტესობამ სურებელების მნიშვნელობა მაინც ვერ გაიგო - 9 წელიწადია ყველა ინსტანციაში დავდივართ გზის დაგებისათვის, მაგრამ ან გვატყუებენ, ან პროექტებს ზედმეტი თანხებით ბერავენ, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზის გაკეთებაზე უარს ამბობს, ამხელა ფულს ერთ სოფელზე ვერ დავხარჯავთო.
სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული ჩოხატაურის ცენტრიდან და იქამდე მისასვლელად 11-კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებაა საჭირო. უასფალტო, ტრაქტორით "მიფუჩეჩებული" მონაკვეთები მაშინვე ინგრევა და გაუვალი ხდება. განსაკუთრებით ცუდ დღეშია სოფელი წვიმიან ამინდში, - კაცი ავად რომ გახდება და საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება, ცოდვის ტირილია - "სასწრაფოს" სოფლამდე ამოსვლას ან სამი საათი სჭირდება, ან საერთოდ ვერ ამოდის და თუ ორხიდიანი ავტომანქანა არ მოგვევლინა მხსნელად, შეიძლება კაცი ხელში ჩაგვაკვდეს.
სოფელში ხალხი შრომობს, მოსავალი მოჰყავს, პირუტყვს ზრდის, რეალიზაციისთვის კი უგზოობის გამო ქალაქში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამიტომ მოსავალი ლპება და ფუჭდება. ასე ადამიანი რამდენ ხანს გაძლებს? რამდენ ხანს მოითმენს, რომ სოფლის დატოვებაზე არ იფიქროს?! სურებელებმა სოფელი დაცლისგან უდიდესი მოთმინების ფასად გადაარჩინეს, დღეს კი, როცა ყველა სოფელმა მოიხედა სიცოცხლისკენ, ჩვენი სოფელი ისევ სამყაროს არის მოწყვეტილი.
- მაინც რა თანხა სჭირდება ჩოხატაურიდან სურებამდე 11-კილომეტრიანი გზის მოასფალტებას?
- ჩვენ ამ გზისთვის ბრძოლაში უამრავი გულგრილობა, ტყუილი, პირადი ინტერესების წინ წამოწევა და დამცირება ვნახეთ. Uმეტსაც გეტყვით, ამას შეეწირა ჩვენი მეგობარი კაცი, სურებელი გოგი ტრაპაიძე - როცა გზის გაყვანაზე მორიგი უარი მიიღო ჩინოვნიკებისაგან, ინერვიულა და ინფარქტი დაემართა. ჩვენ გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გაკეთება მხოლოდ თქვენი, მედიისა და მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის პირადი ინიციატივის გამო შევძელით. მას შემდეგ სულ გვატყუებენ. გზის პროექტის ხარჯები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს უნდა წარედგინა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, რომელიც შემდეგ თანხას გამოყოფდა, მაგრამ ჩოხატაურის მერიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ისეთი ხარჯი დაუთვალა, რომ კინაღამ თავადაც ტვინში სისხლი ჩამექცა - 11-კილომეტრიანი გზისთვის 12 მილიონი ლარი იანგარიშეს. ჩვენი შეკამათების შემდეგ კი 8 მილიონ ლარზე დაიყვანეს. ჩვენ გზის ხარჯი კერძო კომპანიას რომ დავათვლევინეთ, ყველაფერი მილიონ-ნახევარ ლარში მოთავსდა.
- რა ვთქვა, არ ვიცი...
- მე ვიცი, რაც უნდა ვთქვა, რას იმსახურებს ასეთი მიდგომა, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ვისაც სოფლის ბედი ეხება, გონება გაუნათდებათ. სხვათა შორის, როდესაც კერძო კომპანიის დათვლილი გზის ხარჯი ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარვუდგინეთ, გურიის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ გაგვაკრიტიკა, თქვენ ვინ გეკითხებოდათ ხარჯის დათვლა, თქვენ რა იცითო. მოკლედ,…გთხოვთ დაგვეხმაროთ და ამ ხელოვნური ჩიხიდან გამოგვიყვანოთ. უპირველესად სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, თორემ 9 წელიწადია ვიბრძვით და არც მომავალში მოვასვენებთ აქციებით. ჩვენ ვიმსახურებთ ადამიანურ ცხოვრებას...