13 წლის ანასტასია და მისი მიუსაფარი ცხოველები
"კითხვას, რატომ უნდა გვაწუხებდეს მიუსაფარი ცხოველების ბედი, ერთი პასუხი არა აქვს: გარდა ჩვენი ადამიანობისა, მიუსაფარი ცხოველების თემა ბევრ მძიმე მომენტთან არის დაკავშირებული. მათ შორის, სახელმწიფოს სახესთან, რომელმაც ცხოველთა რეგულაციის კანონისთვის ვერ მოიცალა. შედეგად უკონტროლოდ გამრავლებული ცხოველები შიმშილობენ, ავადდებიან და აგრესიული ხდებიან. რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. საზარელი ფაქტი კი ბოლო დღეებში დუშეთში მოხდა - ქალმა, რომელსაც შვილი ქუჩის ძაღლებმა დაუკბინეს, ქუჩის ძაღლები დახოცა, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გამოსავალი კი მაინც ისევ ჩვენს ადამიანობაშია - ვისაც შესაძლებლობა აქვს, მიუსაფარ ცხოველებს უნდა უპატრონოს. ჟინვალში სწორედ ასეთი ყოჩაღი გოგო გვყავს, 13 წლის ანასტასია ენედელაძე, რომლსაც ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალმა ძაღლების პატარა თავშესაფარი მიანდო საპატრონოდ. გოგონა ამ მოვალეობას შესაშური მზრუნველობით ასრულებს, რის გამოც უამრავი მადლიერი ხალხი ჰყავს. მინდა ამ გოგონას საქციელმა, ჩვენ რომ გული გაგვითბო, სხვებსაც ისე გაუთბოს გული. იქნებ მაგალითი სხვებსაც გადაედოთ, ვინც შეძლებს, რა თქმა უნდა.
ლელა ბედუკაძე, ჟინვალი"
ამ წერილის შემდეგ, ჟინვალში ანასტასია მოვძებნეთ და მადლიერებაც გამოვხატეთ, შემდეგ კი ანასტასიასვე თხოვნით, მისი დედას, მაია ბოლაშვილს ვესაუბრეთ.
- მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. Aმაგალითად, ჩვენს პატარა ჟინვალშიც 100 უპატრონო და მშიერი ძაღლი მაინც იქნება, რომელთაგან ბევრი სწორედ შიმშილით არის გააგრესიულებული. მშიერი ცხოველი ხანდახან ჯოხის უბრალო მოქნევისასაც უტევს ადამიანს. ბოლო ხანს ჟინვალშიც გვქონდა შემთხვევა, ძაღლი 2-3 კაცს უტევდა, რის შემდეგაც ქუჩაში მანქანაგადავლილი ვიპოვეთ. არ ვამბობ, რომ ეს ვინმემ საგანგებოდ გააკეთა, მაგრამ თუ ძაღლი რომელიმე ავტომანქანას ყეფით დაედევნა, ამ დროს ბორბლებში თავისთავად ვერ აღმოჩნდებოდა.
ზოგიერთი დაავადებული ცხოველი ზოგჯერ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. ავად არის, სტკივა, ყმუის და ხალხს არ აძინებს. პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც დაავადებული ძაღლი კორპუსიდან შორს გავიყვანე მოსავლელად, რათა ხალხი არ შეეწუხებინა. ვეტერინარი ვარ და მიყვარს ცხოველები. ცხოველები ადამიანებივით გრძნობენ ტკივილს და საშველად ჩვენკენ მოიწევენ. ასეთ დამოკიდებულებას, ცხადია, ჩემი შვილებიც ხედავენ და ისინიც დაფიქრდნენ. განსაკუთრებით ანასტასია, რომელსაც ძალიან ეცოდება მიუსაფარი ძაღლები. სულ მეუბნება ხოლმე, დედა, რა ეშველება ამდენ მშიერ ძაღლს, ხომ შეიძლება შიმშილით დაიხოცონო.
- ცხადია, ანასტასიაც არ იშურებს ლუკმას ცხოველებისთვის.
- ასეა. საბედნიეროდ, ამ საქმეში სამსახურიც მეხმარება. ჟინვალელი ემიგრანტის ფატიმა მამიევას გამოჩენა მიუსაფარი ცხოველებისთვის ხსნა იყო. ქალბატონი ფატიმა ზაფხულში ჟინვალში იმყოფებოდა და უპატრონო ცხოველების დანახვამ შეაძრწუნა, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდებაო. რაც შეეძლო გაიღო და 9 ძაღლისთვის თავშესაფარი მოაწყო.
- თავშესაფრის ადგილმდებარეობაზე როგორ შეთანხმდით მოსახლეობაში?
- პრობლემები რომ არ შეგვქმნოდა, თავშესაფარი დასახლებისაგან მოშორებით დავდგით. ანასტასია ცხოველების მოსავლელად გაკვეთილების შემდეგ დადის. მათი გასაჭირის თუნდაც პატარა ნიუანსიც არ გამოეპარება, მაშინვე მეტყვის. ცხოველებს მშრალი საკვებით ქალბატონი ფატიმა უზრუნველყოფს.
- გავიგე, რომ მეზობლები ანასტასიას ეხმარებიან კიდეც.
- დიახ, თვით ყველაზე პრეტენზიულებიც კი არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ცოტა მიკვირს. შესაძლოა იმიტომ, რომ ელემენტარულ ნორმებს ვიცავთ. ალბათ, ამის გამოც ბევრჯერ დამინახავს, რომ უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფარში მოსახლეობასაც მიაქვს საკვები, რაც ანასტასიას ძალიან ახარებს. ასე რომ, ყველას მადლობა. უბრალოდ, მინდა გვახსოვდეს, რომ ცხოველის დახმარებაც სიკეთეა, მით უფრო, რომ ცხოველები ადამიანებზე უმწეონი არიან და თავიანთი ტკივილის გადმოცემა არ შეუძლიათ.