აგურ-აგურ შენებული „ცოდნის კაფე“ - კვირის პალიტრა

აგურ-აგურ შენებული „ცოდნის კაფე“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში წლების წინ ახალგაზრდების დაარსებული საგანმანათლებლო ცენტრი "ცოდნის კაფე" მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. კეთილი საქმეებისთვის გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა შეუძლებელი შეძლეს და რამდენიმე წელში ხალხის დახმარებით წნორის ცენტრში 4-სართულიანი შენობა ააშენეს. თანხის შეგროვებისას ყველა შემწირველს აგურზე ავტოგრაფს ატოვებინებდნენ, რათა რეგიონისთვის ცენტრის აღმშენებელთა გვარ-სახელები ისტორიისთვის შემოენახათ. როგორც გვითხრეს, შენობის ინტერიერი სწორედ ამ წარწერებიანი აგურებით მოაპირკეთეს. ,,ცოდნის კაფეს" ყველა სტუმარს ეცოდინება, ვინ გვედგა გვერდში ან ვინ ზრუნავდა საკუთარი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის აღორძინებაზეო, გვითხრა ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელმა, ქეთი მოლაშვილმა.

- 2010-12 წლებში წნორიდან თბილისში სასწავლებლად წასული ახალგაზრდები აუდიტორიებში პერიოდულად ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით, რა გაგვეკეთებინა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. შაბათ-კვირას ჩამოვდიოდით წნორში და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა და ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით ფესტივალებს ვმართავდით მოსწავლეებისთვის. მშობლების მოცემულ ფულსაც კი ვზოგავდით, ვაგროვებდით და საკანცელარიო ნივთებს ვყიდულობდით კონკურსების ჩასატარებლად.

წნორელ ახალგაზრდებს შეხვედრებისთვის საჭირო სივრცე არ გვქონდა. შემდეგ სხვადასხვა ფონდისგან წამოვიდა დაპირება, ისეთ კარგ საქმეებს აკეთებთ, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებთო. აქედან გაჩნდა იდეა, დაგვეფუძნებინა სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. რამდენიმე­ წელში კი გადავწყვიტეთ, მოგვეწყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვის საჭირო ყველა იმ პლატფორმას მოვუყრიდით თავს, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. იმხანად ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი, გერმანიაში იმყოფებოდა და დაბრუნებულმა გვითხრა, ვნახე ისეთი კაფეები, სადაც წიგნებიც ჰქონდათ და კლიენტები განათლებას იმაღლებდნენო. მოგვეწონა ნანას მონათხრობი და ცოტა ხანში წნორში კაფე გავხსენით, სადაც მოვაწყვეთ ახალგაზრდების შეხვედრების, სემინარ-ლექციების ჩასატარებელი სივრცე, წიგნის მაღაზია და სამკითხველო. გამომცემლობების დახმარებით წიგნის დიდი ფონდიც შევქმენით.

მთელ კახეთში ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე დიდი ფონდი გვაქვს, 1 200-მდე ინგლისურენოვანი წიგნი და ორი ამდენი ქართული, თანამედროვე­ ლიტერატურა. ლონდონში კარგი ადამიანების სამეზობლომ სპეციალურად ჩვენი კაფესთვის შეაგროვა საუკეთესო წიგნები და გამოგვიგზავნა. აქაური ახალგაზრდები ამ წიგნებს სიამოვნებით კითხულობენ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს წასაკითხად შინ არ ვატანდით, ზოგჯერ გამონაკლისს მაინც ვუშვებდით და როცა სტატისტიკას გადავხედეთ, 3-5 თვის ინტერვალით 500-მდე წიგნი ჰქონდათ გატანილი და დაბრუნებული, რაც საუკეთესო შედეგი იყო. ჩვენი დაკვირვებით, ახალგაზრდები ახალგამოცემულ წიგნებს უფრო კითხულობდნენ, ვიდრე ძველს. ამ პატარ-პატარა წარმატებებმა მოგვცა სტიმული, უფრო მეტად გვეზრუნა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაზე.

aguri3-1678018972.jpg

2016 წელს ახალგაზრდობის სამინისტ­როს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითა­რების ფონდმა დაგვიჭირა მხარი, ვიქირა­ვეთ ფართობი და სოციალური საწარმო­ ,,ცოდნის კაფე" გავხსენით. ეს ნიშნავდა, რომ მოგება უნდა დაგვეხარჯა რეგიონში საზოგადოების განვითარებისთვის. გვყავდა მენეჯერი, მზარეული, რომელიც აცხობდა ნამცხვრებს, ამზადებდა სხვა ტკბილეულს. სხვადასხვა ორგანიზაციაში იცოდნენ, რომ ჩვენი კაფე-ბიბლიოთეკიდან მიღებული თანხა რეგიონის განვითარებისთვის უნდა დახარჯულიყო, ამიტომ ცდილობდნენ წვეულებები ჩვენთვის შეეკვეთათ. წიგნის­ მაღაზიიდანაც გვქონდა შემოსავალი, თუმცა მხოლოდ კომუნალურ და შენობის ქირას, ჩვენთან დასაქმებულთა ხელფასებს თუ ჰყოფნიდა. "ცოდნის კაფეს" ორივე დამფუძნებელი დღესაც ენთუზიაზმით ვმუშაობთ. სოციალური საწარმოს ამუშავება იოლი არ არის, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა წამოწყებული კეთილი საქმე არ დასრულებულიყო. სოციალურ ქსელში ჩვენს საქმიანობაზე ხშირად ვაქვეყნებდით წერილებს. საბოლოოდ, ჩვენი კაფე ცნობადი გახდა. ახლა, ,,ცოდნის კაფეს" სახელით რომ ვეხმიანებით ცნობილ ადამიანებს და ვთხოვთ ლექციების ჩატარებას ან დისკუსიის გამართვას, უარს არავინ გვეუბნება. იციან, რომ იქ დაინტერესებული აუდიტორია დახვდებათ.

- მალე, ხალხის დახმარებით, ,,ცოდნის კაფე" ახალ შენობაში შესახლდება.

- როდესაც სოციალურ ქსელში განცხადება გამოვაქვეყნეთ და ანგარიშის ნომერი მივუთითეთ, ერთი ლარი არ გაგვაჩნდა მშენებლობის დასაწყებად. მთელი საქართველოს მასშტაბით გავმართეთ მარკეტინგული კამპანია-შეჯიბრება, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 106 სკოლა ჩაერთო. ახალგაზრდებმა 17 დღეში 35 ათასი ლარი გადმოგვირიცხეს. შენობის ასაშენებლად, 97 ათასი ლარი გვჭირდებოდა, მაგრამ ხალხის ძალისხმევით 300. 000 ლარს გასცდა შემოწირულობა. ვიფიქრეთ, რადგან ვაშენებთ, ბარემ სრულყოფილი სახლი ავაშენოთო და პროექტი შევცვალეთ. შენობა უკვე აშენებულია, მოპირკეთება - დასრულებული. პირველ სართულზე წიგნის მაღაზია და კაფე იქნება, მეორეზე - შეხვედრებისა და ტექნოლოგიური დარბაზები, მესამეზე საერთო სამუშაო სივრცე და სტუმრის რეზიდენცია. სტუმრები ,,ცოდნის კაფეშივე" დაბინავდებიან. ჩვენი ხალხის თანადგომით შეუძლებელი შევძელით.

- აგურებზე შემომწირველთა ავტოგრაფების დატოვების ამბავსაც მოგვიყევით...

- ხალხს ვეუბნებოდით, რეგიონის განვითარებისთვის რა თანხასაც საჭიროდ ჩათვლით, ის შემოგვწირეთო და თანხის შემომწირველი ,,ცოდნის კაფეს" მაშენებელიც ხდებოდა. მათ აგურებზე ვატოვებინებდით ავტოგრაფებს. ჩვენი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე იქნება ერთგვარი სამოქალაქო მუზეუმი, სადაც შიდა კედლებზე ,,ოქროს ასოებით" იქნება გამოსახული მათი გვარ-სახელები, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარა. ამჟამადაც არის რამდენიმე შემომწირველი, რომელთაც ჩვენი ანგარიში ხელფასზე აქვთ მიბმული. ისინი საკუთარ ქველმოქმედებას ასე ხსნიან: ჩვენ დრო არა გვაქვს, რომ რეგიონის ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების განვითარება-ხელშეწყობაზე ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ ვალს ასე გადავიხდით: ერთ-ერთ ახალგაზრდას დავუფინანსებთ სწავლას ან ხანდაზმული ადამიანებს ცხოვრების გალამაზებაში შეგიწყობთ ხელსო.

aguri2-1678018972.jpg

ჩვენი შორეული მიზანია წნორი იყოს ქალაქი, სადაც სიხარულით დაბრუნდებიან სასწავლებლად წასული ახალგაზრდები და საცხოვრებლად დედაქალაქში გადაბარგებული ოჯახები. არაერთი ახალგაზრდა ელოდება ,,ცოდნის კაფეს" შენობის დასრულებას, ჩვენთან ერთად სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად რომ ჩამოვიდეს მშობლიურ მუნიციპალიტეტში.

პანდემიის დროს, ბევრ ბავშვს არ ჰქონდა კომპიუტერი, პლანშეტი ან ტელეფონი ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად. ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი, ერთ კვირაში 110 ათასამდე ლარი მოვაგროვეთ და 73 ახალგაზრდას შევუძინეთ პლანშეტური კომპიუტერი. მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელთაც ტელეფონი არ ჰქონდათ, ტელეფონები ვუყიდეთ.

კარგი იქნება, ახალგაზრდულ პროგრამებთან ერთად, უფროსი თაობისთვისაც იყოს სოციალური პროგრამებიც. მათ უნდა მივცეთ საშუალება იყვნენ აქტიურები, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებს, იმოგზაურონ, გაერთონ, შეხვდნენ მეგობრებს... ბიზნესმენმა შალვა მჭედლიშვილმა, რომელსაც თევზსაშენები აქვს მოწყობილი, გვითხრა, ოღონდ თქვენ ხანდაზმულთა კლუბის წევრები ჩემს ტბაზე მოიყვანეთ და საკუთარი ხარჯით გიმასპინძლებთო. მეთევზეთა ასოციაციის წარმომადგენელიც დაგვეხმარა და საჭირო აღჭურვილობით ჩამოვიდა ტბაზე. ჩვენი მოხუცები ანკესით თევზაობაში უცებ დახელოვდნენ, ყველა იჭერდა თევზს, მაგრამ შემდეგ ეცოდებოდათ და უკან უშვებდნენ. ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით რამდენჯერმე ექსკურსიაზეც წავიყვანეთ. მთელი გზა მადლობას გვიხდიდნენ, გვეუბნებოდნენ, თქვენ რომ არა, ისე მოვკვდებოდით, ამ ლამაზ ადგილებს ვერასდროს ვნახავდითო. ერთხელაც მარჯანიშვილის თეატრმა მიიპატიჟა ჩვენი ხანდაზმულები სპექტაკლზე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად 5 ათას ლარს აძლევს ,,ცოდნის კაფეს" ბაზაზე არსებულ უფროსი თაობის კლუბს, რათა მან გააგრძელოს საქმიანობა.

- "ცოდნის კაფეს" ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა.

- უკვე შედგენილი გვაქვს ის პროგრამები, რომლებიც "ცოდნის კაფეს" გახსნის შემდეგ დაიწყება. სტუმრებისგან თანხმობაც მიღებულია. ლექციების თემა შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს იდეა და ინიციატივა. მოწვეული სტუმრები აუხსნიან მსმენელებს, ერთი ადამიანის ინიციატივამაც კი, როგორ შეიძლება შეცვალოს ჩვენ ირგვლივ ყველაფერი.

"ცოდნის კაფეს" ერთ-ერთი პირველი სტუმარი იყო მწერალი გურამ დოჩანაშვილი. გვსტუმრობდა პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომლის ფონდმაც შემდეგ სკამები­ შეგვიძინა. გვესტუმრნენ ნინო ქათამაძე, ლევან ბერძენიშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე... დათო ტურაშვილის ლექციაზე დასასწრებად ახალგაზრდების ჯგუფი ყვარლიდან ჩამოვიდა. იმდენი ადამიანი გვთხოვდა ლექციაზე დასწრებას, სივრცე არ გვყოფნიდა, რომ ყველა დაგვეტია, ახალ შენობაში კი ბევრი მსურველის მიღებას და გამასპინძლებას შევძლებთ.

ნელი ვარდიაშვილი