„ჩემი სოფლიდან სამყაროს გაცილებით უკეთესს ვხედავ“
როგორ ცხოვრობს დღეს სოფელი წირქვალი, სადაც მეცნიერებმა მსოფლიოში 35000 წლის წინანდელი ძაფი აღმოაჩინეს? როგორ არის ხალხი, რომელთა ტერიტორიაზე კაცობრიობის პირველი ცივილიზაცია განვითარდა. მოგვიანებით კი ზღვისგან დატოვებული თეთრი ქვებისაგან სახლები ააგო. როგორ არიან? როგორ და, ისევ ცხოვრობენ და შრომობენ თავიანთ ლამაზ სოფელში... თანაც, ისევე იმედიანად შეჰყურებენ სამყაროს, როგორც, ალბათ, ის 35000 წლის წინანდელი წინაპარი შეჰყურებდა; მერე კი, ევროპაშიც გასწია საცხოვრებლად, რაც უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია - სწორედ იმერეთში, კოტიას მღვიმეში აღმოჩენილმა 9700 წლის ადამიანის ძვლის დე-ენ-ემმა "უთხრა" კემბრიჯის ლაბორატორიას, რომ დღევანდელი ევროპელები ევროპაში სწორედ იმერეთიდან დაიძრნენ. გეომორფოლოგი ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი ამ ტერიტორიას, მათ შორის სოფელ წირქვალსაც, დიდი ხანია სწავლობს.
"მილიონობით წლის წინ ჭიათურა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ზღვით იყო დაფარული, ზღვის უკან დახევის შემდეგ კი დაგვრჩა ჭიათურის მღვიმეები, კირქვის სამშენებლო ქვა და ზღვის ბინადართა განმარხებული ნაშთები. ამ მილიონობით წლის ექსპონატებს იქ დღესაც მრავლად ვხვდებით. შემდეგ კი, ათასწლეულთა განმავლობაში, აქ ადამიანი დასახლდა. ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ძაფის ნაშთები სწორედ ამ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს, სწორედ იმდროინდელი ცივილიზაციის უდიდესი მიღწევაა. სწორედ სოფელ წირქვალთან, ბონდის მღვიმეში აღმოჩნდა (ისევე, როგორც ძუძუანას მღვიმეში) 35000 წლის ძაფი.
იმერეთის ეს ტერიტორია, თავად სოფელი წირქვალი საოცრად მიმზიდველია ბუნებრივი პირობებით, მათ შორის კლიმატითაც. თავად წირქვალი ძალიან მაღლობ ადგილებშია. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ჰქონდათ ამ სოფელში იმერეთის მეფეებს რეზიდენცია, რომლის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ მიწაზე უამრავი საინტერესო აღმოჩენა გველის. ამ ტერიტორიაზე ისტორიულ წარსულში არ ფიქსირდება ისეთი ბუნებრივი სტიქიაც კი, მაგალითად, როგორიცაა ვულკანის ამოფრქვევა. რაც, სხვათა შორის, იმავე ისტორიულ წარსულში იყო ჯავახეთში ან ყაზბეგში (ყაზბეგის ვულკანი თითქმის 5000 წლის წინათ ამოიფრქვა). მოგვიანებით, დაახლოებით 15-10000 წლის წინ, ამ ტერიტორიაზე გამყინვარება დაიწყო, თუმცა თვით იმდროინდელი ნაშთებიც ადასტურებს, რომ ადამიანი იქ ისევ ცხოვრობდა. რაც ლოგიკურია, - ის, ვისაც ნემსი და ძაფი ჰქონდა, სეზონის შესაფერისად სამოსის შეკერვა შეეძლო, ცხადია, კლიმატურ პირობებსაც გაუმკლავდებოდა. ასე რომ, სიცოცხლის შეყოვნება ამ ადგილებში ვერაფერმა შეძლო. გასახარია, რომ მიტოვებულ ამ სოფელში ხალხი ნელ-ნელა ბრუნდება".
წირქვალში დაბრუნდა ვალერი ჭიტაძეც და ახლა ისიც ცდილობს იქაურობის აღორძინებას.
- ჰარმონიისა და ბედნიერების მისაღწევად, მნიშვნელობა არა აქვს, სად იცხოვრობ: ხმაურიან მეგაპოლისში თუ მთიან სოფელში. ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან მიიღო, რომელსაც გული აირჩევს. ჩემმა გულმა ჩემი მშობლიური სოფელი აირჩია. აქ ვგრძნობ ჰარმონიას. როგორც ჩანს, ადამიანს მართლა გეძახის საკუთარი კერა და მიწა. თუკი ეს ხმა საჭირო დროს გაიგონა და მიჰყვა, ესე იგი, სწორ გზაზე მიდის. მიწა პირველად რომ დავამუშავე, მერე რომ ამწვანდა და გალაღდა, მაშინ გავიფიქრე, რა ლამაზია, ამ ადგილას, ალბათ, ასეთივე ლამაზი პატარა კოტეჯის ჩადგმა მოუხდება-მეთქი. ჰოდა, საკუთარი ხელით დავიწყე მშენებლობა. როცა გამიჭირდებოდა, მამა მეხმარებოდა ხოლმე. ახლა კი მართლა მარტო ვაკეთებ ყველაფერს, ბოლო სამი წელია მშობლებიც დამეღუპნენ და ხშირად ჩემი ძმაც ვერ ამოდის ქალაქიდან. ამასობაში, მეგობართან ერთად გარშემო უცხო ბილიკები გავკვალე და შევისწავლე, Aახალი მარშრუტები მოვიძიე. მინდა აქაურობის სილამაზე ხალხმა ნახოს: ევროპელებმაც და აზიელებმაც. ჩემი სოფელი ნამდვილად განსაკუთრებულია. ბოლოს და ბოლოს, ყველა წირქვალელი გენეტიკურად მსოფლიოში ძაფის პირველი მწარმოებლისა და ქვითხუროების შთამომავალია. ჩვენ ხომ სამშენებლო ქვა ზღვამ დაგვიტოვა, რომელიც დღეს თითქმის 300 კილომეტრზეა. აქ ყველამ იცოდა ქვით მშენებლობა; გარშემოც სულ ქვის ნაგებობების ნაშთებით ვართ გარშემორტყმული. წინაპრების ნაშენებს რომ ვაკვირდები, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ აშენებდნენ, თითქოს თავიანთი შრომით სხვების სიამოვნებასაც ცდილობდნენ. ძველი სასაფლაოს ქვებიც კი ასე აქვთ გათლილი, - მათში მხოლოდ პირადი ტკივილი კი არა, მარადისობა იკითხება.
- თავად თუ იცით ქვით მშენებლობა?
- ისე არა როგორც ძველი წირქვალელები აშენებდნენ, მაგრამ შემიძლია. ძველი წისქვილიც საკუთარი ხელით აღვადგინე სოფლის ღელეზე. ეს ღელე ჩვენს სოფელს ღმერთმა მართლაც საჩუქრად არგუნა - მიწიდან გამოდის და ოდითგან მთელ სოფელს ზედ წისქვილები აქვს აგებული. ჩემი წისქვილის ახლოს ის ბონდის მღვიმეა, სადაც არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა 35000 წლის ძაფი იპოვა. ამიტომაც გასაკვირიც არ იყო, რომ აქ თავადაც წავაწყდი უძველეს არტეფაქტებს. უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, დაწყებული ქვის ხანის იარაღებით, დამთავრებული ზვიგენის კბილით. წირქვალში, დღეს 300 კილომეტრით დაშორებული ზღვის კვალი ზვიგენის კბილით "ვიპოვე".
- ვისურვებდი, დღევანდელ წირქვალელებსაც შეექმნათ ისეთი რამ, რითაც აქ მოსული ხალხი 35000 წლის შემდეგაც იამაყებს.
- მეც მგონია, რომ ჩვენი კვალიც აუცილებლად დარჩება მომავალს. ამიტომაც ვარ დღეს აქ, ჩემს უძველეს სოფელში, საიდანაც სამყაროს გაცილებით უკეთესს ვხედავ, ვიდრე სხვები ხედავენ.