რა საფრთხეს შეიცავს შილაკის გაკეთება - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს შეიცავს შილაკის გაკეთება

არის თუ არა შილაკი სიცოცხლისთვის საშიში პროცედურა?”- ეს კითხვა ბოლო დროს ბევრ ქალს დაებადა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დერმატოლოგმა ზაზა თელიამ განაცხადა, რომ შილაკის ერთი პროცედურაც კი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ქალების უმრავლესობისთვის შილაკის პროცედურა ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია, ასეთია თამარ ლებანიძეც,­ რომელიც სამ კვირაში ერთხელ სტუმრობს სალონს ამ პროცედურისთვის.

"ბევრჯერ, როდესაც თითები აპარატში მომითავსებია, დაწვის შეგრძნება გამჩენია"

- შილაკის პროცედურის დროს აწესრიგებენ ფრჩხილებს და შემდეგ გისვამენ უფერულ ლაქს. ამას მოსდევს სპეციალურ აპარატში ხელის მოთავსება 1 წუთის განმავლობაში, რის შემდეგადაც უკვე სასურველი ფერის ლაქს გისვამენ.­ შილაკის პროცედურა კომფორტულია - 3 კვირის განმავლობაში მოვლილი ფრჩხილები გაქვს. შილაკის მოშორების დროს ფრჩხილი აუცილებლად თხელდება, რადგან ეს პროცედურა ფრჩხილს აზიანებს - იქლიბება ზედაპირი, რაც ათხელებს ფრჩხილის სტრუქტურას...

ბევრჯერ, როდესაც თითები აპარატში მომითავსებია, დაწვის შეგრძნება გამჩენია. დავინტერესდი, სხვებსაც თუ ჰქონდათ მსგავსი შეგრძნება და გოგონები გამოვკითხე. როგორც აღმოჩნდა, შილაკის მომხმარებლებს, თითქმის ყველას, იმდენად აქვთ გათხელებული ფრჩხილი, რომ აპარატში ხელის მოთავსების დროს დასხივება თითქოს უწვავთ თითს. ამიტომაც Kბოლო დროს ბევრი ამბობს შილაკზე უარს, მიუხედავად იმისა, რომ სალონებში შემოიღეს 30-SPF დამცავის წასმა თით­ებზე, სანამ აპარატში მოათავსებ, რათა დაგიცვას სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ზოგიერთმა სალონმა ხელთათმანი შემოიღო, რომელიც მთლიანად ფარავს თითებს და მხოლოდ ფრჩხილი მოჩანს.

"დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფრჩხილის საშრობის გამოსხივებამ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი და გამოიწვიოს კიბოს გამომწვევი მუტაციები"

არის თუ არა შილაკი კანის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორი და რა სიხშირით შეიძლება პროცედურის გაკეთება, რომ არ ვავნოთ ჯანმრთელობას? - ამ კითხვით ექიმ-დერმატოლოგ მაკა სირბილაძეს­ მივმართეთ.

- შილაკის პროცედურის მავნებლობაზე კვლევები არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა წამყვანი კლინიკის ექიმების დასკვნით, სავარაუდოა, რომ ხანგრძლივმა გამოყენებამ გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფრჩხილის საშრობის გამოსხივებამ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი და გამოიწვიოს კიბოს გამომწვევი მუტაციები.

ულტრაიისფერ სხივებთან ერთად შილაკის პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის დისტროფიული ცვლილებებიც: გათხელება, ფერის შეცვლა, მტვრევადობა, ალერგიული რეაქციები, კანის დაბერება, პიგმენტური ლაქები.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ საშრობი აპარატი ასხივებს A ტიპის UVA ნათებას,­ რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას. რას ნიშნავს A ტიპის UVA ნათება და რამდენად არის სახიფათო?

- ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტიპი, რომლის ტალღის სიგრძე 10-დან 400 ნმ-მდე მერყეობს, ღრმად აღწევს კანში და სწორედ ეს იწვევს დე-ენ-ემის დაზიანებას... ეს ულტრაიისფერი ნათება არის მზის შუქშიც, 315-დან 400-მდე. ჯამნოს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ UVA შეიყვანა კანცეროგენების 1 ჯგუფში. UVA (315-400ნმ) გამოიყენება ფრჩხილის საშრობებში, რაც სავარაუდოდ, არის რისკის შემცველი ადამიანის ორგანიზმისთვის.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შილაკი ისევე საშიშია, როგორც სოლარიუმი?

- სოლარიუმი ერთმნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკს, მას თითქმის უტოლდება კანის კიბოს განვი­თარების რისკი შილაკის დროსაც. თუმცა გასათვალისწინებელია, რა სიხშირით მიმართავენ ამ პროცედურებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალს, რომელსაც არ ჰქონია კანის კიბოს ოჯახური ანამნეზი, იკეთებდა შილაკის პროცედურას (UVA) საშრობის გამოყენებით 2-3 კვირაში ერთხელ 10 წლის განმავლობაში და ხელისა და ფეხის დორსალურ ზედაპირზე კანის სიმსივნე განუვითარდა.

- რას ურჩევდით მას, ვინც ვერ ამბობს უარს შილაკის პროცედურაზე და სურს დაიცვას თავი მავნე ზეგავლენისაგან?

- რეკომენდებულია შილაკის გაკეთებამდე მზისგან დამცავი საცხის ან სპეციალური ხელთათმანების გამოყენება, რომელიც დაიცავს ფრჩხილის გარშემო ქსოვილს ზედმეტი დაზიანებისგან.

მიუხედავად რეკომენდაციებისა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი კვლავ განაგრძობს შილაკის ხანგრძლივად გამოყენებას­, აუცილებლად უნდა მივიდეს დერმატო­ლოგთან 6-8 თვეში ერთხელ, რათა დათვალიერდეს მისი კანი და თავიდან აირიდოს ზედმეტი გართულებები.