საგანგაშო სტატისტიკა - კვირის პალიტრა

საგანგაშო სტატისტიკა

"ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია", - ნათქვამია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშში. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა.საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრხეებზე ფონდი "ღია საზოგადოება­ - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე და საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გვესაუბრებიან:

ვანო ჩხიკვაძე: - სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა მოწინავე რიგებში იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებმაც­ ევროპისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფარი ითხოვეს. მიზეზი, ძირითადად, განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური­ მდგომარეობით. აღიარების მაჩვენებელი, ანუ იმ ქართველთა რაოდენობა, რომელმაც მიიღო თავშესაფარი, 3-4 პროცენტს შორის მერყეობს. დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი თავშესაფრის მოთხოვნისთვის. ხშირად საქართველოს მოქალაქეები­ არც პოლიტიკური დევნის ობიექტი­ არიან და არც სხვა ტიპის შევიწ­რ­ოების მსხვერპლი, უბრალოდ, ცდი­ლობენ მსხვერპლის სტატუსის საფარქვეშ მოიპოვონ თავშესაფარი­ და გაიუმჯობესონ ეკონომიკურ-სოცი­ალური მდგომარეობა.

- როგორ ადგენენ, პირს ნამდვილად ესაჭი­როება თუ არა თავშესაფარი?

- პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი­ დოკუმენტაცია და ფოტომასალა, რომ ნამდვილად შევიწროების მსხვერპლია. მიგრა­ციის სამსახური შეი­სწავლის შემთხვევას და თუ მოქალაქის­ დოკუმენტაცია დამაჯერებელი იქნება, მაშინ­ ამოქმედდება დაცვის ზომები ევროკავშირის ტერიტორიაზე.

- რა ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქე ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად ითხოვს თავშესაფარს?

- მოქალაქემ უნდა დაადასტუროს, რომ საკუთარ ქვეყანაში მკურნალობის ყველა საშუალება და რესურსი ამოწურა.

- ყველაზე ხშირად რომელ ქვეყნებში იღებენ უარყოფით პასუხს თავშესაფრის მაძიებელი ქართველები?

- გერმანიასა და საფრანგეთში.

- მიგრაციის სამსახურის უარის გასაჩი­ვ­რების ფაქტები თუ არის?

- დიახ, თუ მოქალაქემ პირველადი სამსახურისგან მიიღო უარი თავშესაფარზე,­ მას შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შემდეგ საქმეს სხვა სამსახურები შეისწავლიან. გადაწყვეტილების შეცვლის შანსი მცირეა, მაგრამ მაინც არის.

- "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოდან მოსახლეობის გადინებისა და გაზრდილი მიგრაციის მიზეზი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაა­ და ეს რომ არა, 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

- მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული ყველა საქმე, რომელთაც მე ვიცნობ, მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ ითხოვს თავშესაფარს, რომ აქ ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, ღირსეულად ცხოვრებას, შესაბამისი სოციალური და სამედიცინო სერვისების მიღებას, შვილებს ვერ აძლევს კარგ აღზრდა-განათლებას. საქართველოში რომ ცხოვრების ისეთი პირობები იყოს, როგორიც საფრანგეთსა და გერმანიაშია, არა მგონია,­ ადამიანმა გარისკოს უცხო ქვეყანაში წასვლა და იმ სირთულეებთან შეჭიდება, რაც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკებშია.

- ევროკავშირისა და შენგენის ზონაში­ არის ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქე­ებს­ ლეგალურად შეუძლიათ დასაქმება. გულა­ხდილად რომ ვთქვათ, არალეგალურად დასა­ქმების შესაძლებლობებიც არის. რატომ არჩევენ­ თავშესაფრის მაძიებლის სტატ­უსით ჩაბარებას?

- ეს კვოტირებულია. გერმანიაში რამ­დენიმე ასეულ მუშახელზე იყო მოთხოვნა, არადა, განაცხადი რამდენიმე ათეულმა ათასმა საქართველოს მოქალაქემ გააკეთა. ეს კარგია, მაგრამ გარდა იმისა, რომ კვოტირების გაზრდაა საჭირო, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს იქ ღირსეულ პირობებში უწევდეთ ცხოვრება. სხვათა შორის, ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც ცირკულარული მიგრაციის სქემა მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეს ლეგალურად შეუძლია დასაქმება. ევროკავშირის ზონის ქვეყნებიდან ასეთია გერმანია, ამჟამად კი მიმდინარეობს მოლაპარაკება ისრაელთან.

- რას ურჩევთ მას, ვინც ახლა აპირებს­ თავშესაფრის მაძიებელთა სიებში ჩაწერას?

- უპირველესად მაქსიმალურად ამომ­წურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს იმ ქვეყანაზე, სადაც აპირებს წასვლას, და კარგად განსაზღვროს, უღირს თუ არა ბედის გამოცდა. უმჯობესია ინფორმაცია სახელმ­წიფო უწყებებიდან მიიღოს, მაგალითად, მიგრაციის სამთავრობო კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელთაც ოფისები საქართველოშიც აქვთ.

ნუგზარ სულაშვილი: - საფრანგეთში­ ერთადერთი ქართველი იურისტი ვარ, რომელიც საემიგრაციო სამართალზე მუშაობს. ძალიან ბევრი დოსიე გადის ჩემს ხელში. ყოველი გასაუბრების შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ ჩვენი მოქალაქეები აპათიაში არიან, ვერ ხედავენ პერსპექტივას. ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ მათი გადაწყვეტილება, თავშესაფარი მიიღონ უცხო ქვეყანაში, სწორია. ძალიან რთულია ემიგრაციის გზა, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში გართულდა. ჩვენი მოქალაქეები ხშირად ილუზიებით მოდიან და შემდეგ იქ არასასურველი რეალობის წინაშე დგებიან. ძალიან რთულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის სტატუსის მიღება, ასი განცხადებიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდეს. ძალიან მყარი არგუმენტებია საჭირო, რომ საქართველოს მოქალაქემ დაამტკიცოს, ნამდვილად სჭირდება თავშესაფარი.

- საფრანგეთში უფრო რა მოტივით ითხოვენ თავშესაფარს?

- ძალიან ბევრია პოლიტიკური მო­ტივით­ წამსვლელი, ზოგი კი აცხადებს, რომ ელგებტე თემს წარმოადგენს და ოჯახი დევნის. ბოლო დროს ძალიან გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც გართულებული მკურნალობის მოტივით მოდიან. ევროპაში მიიჩნევენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამიტომ მცირეა შანსი იმისა, რომ ევროპამ საქართველოს მოქალაქეს მისცეს სახელმწიფო მფარველობის სუბსიდია ან პოლიტიკური თავშესაფარი.

- რა ტიპის შემოწმებას გადიან თავშესაფრის მაძიებელები საფრანგეთში?

- ქართველები ხშირად გამოგონილი ისტორიებით მოდიან. ამ ისტორიებს აქაური კარგად მომზადებული ოფიცრები კი არა, ჩვენ, იურისტებიც მაშინვე ვხვდებით, როგორც კი დოსიეს გადავხედავთ. როდესაც საუბრობ თავდასხმაზე და არა გაქვს სამედიცინო ცნობა, ამბობ, რომ დაგიწვეს სახლი და არა გაქვს დამადასტურებელი დოკუმენტი, ყველაფერი ცხადი ხდება. ძალიან ბევრი ქართველი ამბობს,­ რომ ელგებეტე თემის წევრია, არადა, ხუთწუთიანი გასაუბრებაც საკმარისია, რომ დაადგინო სიმართლე.

- რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით არიან საფრანგეთში ჩასული?

- მთავარი პრობლემა ის არის, რომ სადაზღვევო პაკეტის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მინიმუმ, სამი თვე მაინც. არადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამიტომაც არავის ვურჩევ მოუმზადებლად, ვიღაცის რეკომენდაციით წამოსვლას, რადგან ძალიან რთული და სარისკო პროცესის გავლა მოუწევთ და შეიძლება ეს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემები

EUAA-ს ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლის 8 075 აპლიკაცია მიიღეს. საგულისხმოა, რომ 10-დან 9 აპლიკანტმა­ განაცხადი პირველად შეავსო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრისთვის, ძირითადად, კვლავ საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას მიმართეს, განაცხადების 4/5 სწორედ ამ ქვეყნებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ირლანდია მეოთხე ადგილზე იყო 420 განაცხადით. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თავშესაფრის მისაღებად წარდგენილი განაცხადების 42% ქალებზე მოდიოდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 39% იყო. რაც შეეხება ასაკს, ამ მხრივ მონაცემები 2021 წლის მსგავსია - აპლიკანტების 22% 18 წლამდე იყო, 35% - 18-24 წლამდე, 41% - 35-64 წლამდე და 1% - 65 წელს ზემოთ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან მიგრაცია რეგიონების მიხედვით­ განსხვავებულია. აჭარიდან და გურიიდან მოქალაქეები, ძირითადად, თურქეთში მიდიან სამუშაოდ. თბილისიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან აპლიკანტების მოტივაცია უფრო მრავალფეროვანია და, ძირითადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არიან ფოკუსირებული დასაქმებისთვის, სწავლისა და თავშესაფრის მიღებისთვის.

ხათუნა ბახტურიძე