„სანამ საზოგადოება მენტალურად არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება“
ბევრისთვის საყვარელი მწერალი ალეკო შუღლაძე გამორჩეულია თავისი წერის სტილით და ამბის თხრობით. არაერთი წიგნის ავტორს ძალიან უყვარს ინდოეთი, მისი მრავალფეროვანი მოსახლეობა და ცხოვრების წესი.
- ბავშვი ვიყავი, როდესაც რუსი მწერლის ბელიაევის ნაწარმოები "არიელი", წავიკითხე, რომლის ერთ პერსონაჟს ინდოეთში ფრენას შეასწავლიან. მას შემდეგ დავინტერესდი ინდოეთით... 90-იან წლებში ხელში ჩამივარდა "ბჰაგავად-გიტა", წიგნი, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ქრისტიანებისთვის ბიბლიასა და სახარებას, მუსლიმანებისთვის კი ყურანს. წიგნში ორ პერსონაჟს, კრიშნასა და არჯუნას შორის საუბარია, მას ნახევრად ხუმრობით "ინტერვიუ ღმერთთან" უწოდეს. ნაწარმოებში კრიშნა ჰყვება თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა უნდა გააკეთოს, რათა სამყარო სწორად დაინახოს. ამის შემდეგ გავეცანი კიდევ ერთ წიგნს "ბჰაკტი-იოგას", რომელსაც მივდიე კიდეც. სურვილი გამიჩნდა, სულიერი მასწავლებელი, ანუ გურუ ამეყვანა, ამის სურვილმა კი ინდოეთში წამიყვანა. ჩემმა გურუმ დამანახა, რომ ღმერთის მიმართ დამოკიდებულება არ ჰგავს ბატონთან, მამასთან ან თუნდაც თავად ღმერთთან "ურთიერთობას", თუმცა ჰგავს იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს მიწიერ სამყაროში სიყვარული. ეს სხვადასხვაგვარად არის გააზრებული. შესაძლებელია მისი როგორც მეგობრის, შვილის, მამის შეყვარება... ხანდახან მასთან საუბარში ჩვენი რეალობისთვის უცნაურ და ზოგჯერ მიუღებელ რამესაც ვაწყდებოდი - ხშირად ამბობდა, მატერიალური სამყარო ჩვენი საქმე არ არის, ამ წუთისოფელში იმიტომ კი არ მოვედით, რომ მატერიალურ სამყაროში მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს შეიძლება მერე, ჩვენი ცხოვრების მაგალითებით მოხდეს, მანამდე კი, ჩვენი თავი უნდა გამოვასწოროთო. სამყაროს გადარჩენა ჩემისთანა და თუნდაც სხვანაირ პიროვნებას გაუჭირდება, ამისთვის დიადი თვისებებით შემკული ვინმე უნდა გამოჩნდეს, თუმცა შინ თუ გარეთ დღეს ყველა ამას ებღაუჭება. ჩემი გურუს რამდენიმე წიგნი წავიკითხე, მათ შორის "ფლეიტის სიმღერა" და გავოცდი. ადამიანის, სამყაროს მიმართ ჩვენი რეალობისთვის სრულიად განსხვავებული სიყვარული აქვთ.
ინდოეთში წმინდანებად მხოლოდ ადამიანებს არ განიხილავენ. მთაც შეიძლება წმინდა იყოს, მდინარეც, ტბაც... სადაც განგა ჩამოდის, ყველგან წმინდა ადგილად ითვლება. იმდენად დიდი აქვთ რწმენა, რომ ავად იშვიათად ხდებიან. ისეთ ადგილებში მიბანავია, სადაც შემიმჩნევია, რომ ადამიანის ცხედარი ჩამოატარეს - ანუ გარდაცვლილი ტრადიციისამებრ დაწვეს და შემდეგ მდინარეს გამოაყოლეს... შესაძლოა ვიღაცამ ამას ფანატიზმი უწოდოს, მაგრამ მე რწმენას დავარქმევ. ეს მათთვის ცოდვებისგან განწმენდას ნიშნავს.
ვერ ვიტყვი, რომ ინდოეთში მხოლოდ უკიდურესად მდიდრები და ღარიბები ცხოვრობენ, საშუალო ფენაც არსებობს. 1,5 მილიარდი არიან და მოსახლეობა ძალიან ჭრელია. უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მატერიალურ მხარეზე ნაკლებად ფიქრობს.
საქართველოში რომ ვბრუნდები, სხვა სამყაროდან დაბრუნებულივით ვარ. მე და ჩემი ოჯახი, რომელიც ასევე "მოწამლულია" ინდოეთით, მანტრას ვიმეორებთ, ვმღერით, მაგრამ იმ ხალხთან ურთიერთობის დეფიციტი გვაქვს.
- ქართველ საზოგადოებაზეც გკითხავთ, რა გვაკლია ყველაზე მეტად?
- მე უპირატესობას იმ ქვეყანას ვანიჭებ, სადაც სულიერი მხარე დომინანტია. რაც შეეხება იმას, თუ რა აკლია ჩვენს საზოგადოებას, ეს მიზნის სწორად გააზრებაა... ჩვენ ევროპაც გვინდა და ვერც ძველბიჭობას ველევით, თან ვამბობთ, რომ ევროპაში კანონის უზენაესობა მოგვწონს და თან ვახალისებთ კანონდარღვევას. ამას წინათ შევესწარი, სურსათის მაღაზიაში ვიღაცამ ტკბილეული მოიპარა. თანამშრომლებმა პოლიცია კი არ გამოიძახეს, თავად გამოეკიდნენ და დანების ტრიალი ატყდა. მერე ამიხსნეს, ის ფული თუ დაიკარგა, თანამშრომლებს დააწერენ და თავიანთი მცირედი ხელფასიდან მოუწევთ გადახდაო. არადა, იქვე აქვთ ღილაკი, რომლითაც დაცვას გამოიძახებენ... ამიტომაც ვამბობ, სანამ თავად ერი, საზოგადოება არ შეიცვლება მენტალურად, არაფერი შეიცვლება. ხელისუფლებაში პრინციპული, სამართლიანი და კეთილსინდისიერი ადამიანები უნდა მოვიდნენ, ოღონდ მიღწეულის შენარჩუნებაც უნდა შეძლონ, თორემ ჩვენ გვყავდა ეროვნული ხელისუფლება. ყველას გვახსოვს, რას უშვრებოდნენ ჩვენი მთავრობები წინამორბედებს, რამდენი ცუდი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის.
საქართველო, ქართველი საზოგადოება წლებია ვერ დაწყნარდა. ჯიუტი თხებივით ვაწვებით ერთმანეთს. წარსულიც მძიმე გვაქვს... თუმცა რაღა წარსული, ჩემ გარშემო ახალგაზრდები სტალინისა და ბერიას "სიკეთეებზე" აღფრთოვანებული საუბრობენ. როდესაც ვეკითხები, ილუზორული სახელმწიფოს, ტყუილი იდეალების გარდა, ღირებული რა შექმნეს-მეთქი, ისეთი თვალებით მიყურებენ, რომ კამათსაც არა აქვს აზრი - მათი ღმერთი სტალინია. ეს არის საბჭოთა კავშირის კვალი, რომელიც არ გვეშვება კრიმინალური მენტალიტეტივით, რომელიც ხან მიჩუმდება, ხან ისევ გაძლიერდება. ეს საშინელი "ტრადიცია", რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობს. ამდენი წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. ტყუილია, რომ კაცობრიობამ ძველი ეპოქების შემდეგ პროგრესი განიცადა, მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანებმა ისეთი რამები ჩაიდინეს, სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. ახლა უკრაინის ომში კაცობრიობის რეგრესი აშკარაა.
- წერის სურვილი როდის მოვიდა?
- 90-იანი წლებიდან ვწერ. მაშინ გამოვეცი რომანი "სამსარა". კინოხელოვნებასაც ვსწავლობდი, ჩემმა ლექტორებმა გოგი გვახარიამ, ბესო ოდიშარიამ, თამაზ გომელაურმა და ნოდარ მანაგაძემ კინო ისე შემაყვარეს, სცენარებსაც ვწერდი. ერთხანს ლიტერატურას თავი დავანებე, შემდეგ კი ისევ მივუბრუნდი. მკითხველმა გლდანულაზე საჩხუბრად წასვლის ამბიდან გამიცნო, რაც ნამდვილი ამბავია, სხვა ნამდვილი ამბებივით, რომლებზეც არაერთხელ დამიწერია, იუმორით, რომელიც საიდან მოვიდა, არც ვიცი.
წერა სახლის შენებას ჰგავს, წვალობ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია. კედლები რომ ამოგყავს, იატაკს აგებ, სახურავს აკეთებ, სიამოვნებით უყურებ და აცნობიერებ რომ ის, შენი შექმნილია, ამას შევადარებდი წერის პროცესს. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი ამბავი მსმენია, მაგრამ უფრო იმაზე წერა მიადვილდება, რაც თავს გადამხდენია. რომან "ქრონიკული დაღლილობის სურნელზე" ვმუშაობდი. ჩემი და, რომელიც ავად იყო, ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობდა, ვეღარ დადიოდა, ლაპარაკიც უჭირდა და იწვა... კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვნახულობდი. რომანში ერთ ადამიანზე ვყვებოდი, რომელსაც ბავშვობაში მთელი კლასი ვჩაგრავდით. ეს დანაშაული შემდეგ გავაცნობიერე, მოკლედ, ფსევდონიმი მოვუფიქრე - ბებურიშვილი. ამაზე არავისთვის მომიყოლია, ისედაც გაორებული ვიყავი, ვფიქრობდი, ეს ამბავი დამეწერა თუ არა. არ ვიცოდი, საით წამიყვანდა ეს აღსარება. ბოლოს მაინც დავწერე და ეპიზოდის დასრულებიდან მეორე დღეს ძეგვში ჩემს დასთან წავედი. ის კედლისკენ იყო გადაბრუნებული. როგორ ხარ-მეთქი, ვკითხე. ძლივს გადმოტრიალდა და მითხრა, ალეკო, ის იყო მოსულიო. ვინ ის-მეთქი, ვითომ არ იცი, ბებურიშვილი იყოო, მითხრა...
ეს ამბავი სულ მახსოვდა ტკივილის განცდით, დავიწყებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ დავივიწყე. სულ ვფიქრობდი, ცხოვრება ხომ არ გავუფუჭეთ-მეთქი.
- შემდეგ არ შეგხვედრიათ?
- ამას წინათ შემხვდა. იმედია, იმ წლების დავიწყება მოახერხა. ყოველთვის არა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავი დამნაშავე, გარემოებას ავყევი. მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ახლა ვხვდები, ერთი წუთიც შეიძლება ადამიანისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს, მოძალადისთვისაც და მსხვერპლისთვისაც.