"ჩემს სამსახურში არიან ყოფილი ექიმები, მასწავლებლები, ისტორიკოსები... მათ არ ეთაკილებათ, რომ ქუჩებს ალაგებენ"
ეკა ონიანი ოჯახიდან გამთენიისას გამოდის და როცა მთელ ქალაქს სძინავს, თბილისის ქუჩებს ასუფთავებს. როგორ მოხვდა ეს მოხდენილი ახალგაზრდა ქალი მისთვის "შეუფერებელ" სამსახურში? - ამ შეკითხვას ეკატერინე ღიმილით პასუხობს:
- "თბილსერვის ჯგუფში" 2017 წლიდან ვმუშაობ. ყოველ დილით 7-ის ნახევარზე გამოვდივარ და 11 საათამდე ვასუფთავებ დიღმის მასივში ერთ ტერიტორიას. ბევრ ნაცნობს უთქვამს, რაღა მაინცდამაინც დამლაგებლობა აირჩიეო. ზოგის სახეზე ირონიული ღიმილიც შემინიშნავს, ასეთი ხალხის გამო ისიც მიფიქრია, ყველაფერს მივატოვებ-მეთქი, მაგრამ... ახლა უკვე ვიცი, რომ ეს ჩემი საქმეა, რომელიც კარგად უნდა გავაკეთო. ძალიან ბევრი პატივისცემით მექცევა, ზოგმა სხვა სამსახურიც შემომთავაზა: თავისუფლად შემეძლო ძიძად ან მაღაზიაში, კონსულტანტად მემუშავა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შევცვალე. მამაჩემი, გიორგი ონიანი, მშრომელი, დაუზარელი კაცი იყო და მან მასწავლა, რომ პატიოსანი შრომა ყოველთვის დასაფასებელია. დედა, ნინო ხაჭვანიც სულ ამას გვიმეორებდა. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე - 5 და-ძმა მყავს. დღეს უკვე ვიცი, რომ შეიძლება ვიღაც კაბინეტში იჯდეს, განათლება ჰქონდეს, მაგრამ სულიერად ცარიელი იყოს. ამავე დროს, შეიძლება ქუჩას ალაგებდე, მაგრამ განათლებული, სასიამოვნო ადამიანი იყო. ჩემს სამსახურში არიან ყოფილი ექიმები, მასწავლებლები, ისტორიკოსები - ძალიან კარგი ადამიანები, რომლებსაც არ ეთაკილებათ, რომ დედაქალაქის ქუჩებს ალაგებენ.
- ეკა, სვანეთიდან ხართ?
- ჩვენი ოჯახი სვანეთში, ლენტეხის რაიონში ცხოვრობდა. 1987 წელს სტიქიის გამო გარდაბნის რაიონში ჩამოგვასახლეს. სვანეთი ძალიან მიყვარს, ჩემს შვილებთან ერთად ყოველ წელიწადს მივდივარ ლენტეხში, მშობლიური მხარის მონახულება საოცარი ენერგიით მავსებს. იქ ჰაერიც სხვანაირია და ყველაფერი ლამაზად მეჩვენება.
- მცირეწლოვანი შვილები გყავთ?
- ბექა, 12 წლისაა, ხოლო ილია მალე 10 წლის გახდება. ჩემი მეუღლე საჩხერელია და ბავშვები ნახევრად იმერლები არიან, მაგრამ მაინც ეტყობათ, რომ სვანური ფესვები აქვთ. მეც ვცდილობ სვანური ვასწავლო და ჩემს მშობლიურ კუთხესთან კავშირი არ გაწყვიტონ. ჩემი სამსახური იმის გამოც მომწონს, რომ დილის საათებში ვმუშაობ: მირჩევნია, დილით ადრე ავდგე და მერე მთელი დღე თავისუფალი მქონდეს, ბავშვებს მეტი ყურადღება მივაქციო: სადილი გავუმზადო, სკოლაში მივაკითხო და ვიცოდე, მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებენ.
- თქვენთან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს?
- ჩემს ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ, უმეტესობა 50 წელს არის გადაცილებული. რამდენიმე სტუდენტიც მუშაობს, რადგან ჩვენი სამუშაო გრაფიკი სტუდენტებისთვის ხელსაყრელია. რაც მთავარია, ძალიან თბილი და კარგი კოლექტივი გვყავს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.
- თბილისის ქუჩებში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?
- ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, გეკითხათ "ვინ"? ცუდია, რომ ჩვენ შორის არის ხალხი, რომელიც სიგარეტის ნამწვებს, ხელსახოცებს, ქაღალდის ნაგლეჯებს მანქანიდან ისვრის, ან პირდაპირ, ქუჩაში ყრის. პანდემიის დროს ამ ყველაფერს სამედიცინო პირბადეებიც დაემატა - მთელი ქალაქი პირბადეებით იყო სავსე. ევროპელები ვართო, ვამტკიცებთ, მაგრამ თუ სხვისი შრომა არ დავაფასეთ, არაფერი გამოგვივა. უნდა ვისწავლოთ, რომ საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას მოვუაროთ. კიდევ იცით, ვინ მაკვირვებს? - ქუჩაში რომ დგანან, სიგარეტს ეწევიან და მზეზუმზირის ჩენჩოებს იქვე ყრიან. არა მგონია, ასეთი საქციელი ევროპელობას ნიშნავდეს.
- დღეს უცხოეთში ძალიან ბევრი ქალია წასული, თქვენ თუ გიფიქრიათ წასვლაზე?
- ნებისმიერი ადამიანის შრომას პატივს ვცემ, მით უმეტეს, ემიგრანტი ქალების შრომას. ბევრს აქ პატარა შვილები ჰყავს დატოვებული. ეს ძალიან დიდი ტკივილია, რომლის წარმოდგენაც კი მიჭირს. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ასეთია: სადაც არა ხარ, გგონია, იქ უკეთესი ცხოვრებაა. მიდიან, იქ სულ სხვა რეალობა ხვდებათ, მაგრამ ვეღარ ბრუნდებიან. მირჩევნია, ცოტა მქონდეს, მაგრამ საღამოს ჩემს ოჯახში მივიდე და ჩემი შვილების გახარებული თვალები დავინახო! წასვლაზე მეც მიფიქრია, მაგრამ ჩემი შვილები 2-3 წელიწადში შეიცვლებიან, ჩემი მხარდაჭერა მეტად დასჭირდებათ, არ მინდა მათი ცხოვრების საინტერესო მომენტები გამოვტოვო, შორს ყოფნით შეიძლება მათ იმდენი რამ დავაკლო, რასაც ერთი ტომარა ფულითაც ვერ ავანაზღაურებ. რამდენი ოჯახი ვიცი, დედები საზღვარგარეთ მუშაობენ, წვალობენ, უკვე გაზრდილ შვილებს ფულს უგზავნიან და არ იციან, რაში იხარჯება ის ფული. მირჩევნია საქართველოში დავრჩე, ცოტა მქონდეს, მაგრამ ჩემი შვილების გვერდით ვიყო.
ხათუნა ჩიგოგიძე