„საქართველოს გარეთ სააკაშვილი პატიმარი აღარ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასჯელს გადაუვადებენ“
გასულ კვირას თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკაში დარჩება. საქართველოს ხელისუფლებაზე ევროკავშირიც ახდენს ზეწოლას და ითხოვს სააკაშვილის გადაყვანას. ამ დღეებში ისიც გახდა ცნობილი, რომ საქართველოში პოლონელი მედიკოსები ჩამოვლენ და შეისწავლიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, პოლონელი მედიკოსების ავადმყოფთან დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა. თუმცა ამას სამინისტროში სიცრუეს უწოდებენ. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა. "გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რა სამართლებრივი გზები არსებობს პატიმრის გასათავისუფლებლად, შეიძლება თუ არა ის შემდეგ ისევ აღმოჩნდეს ციხეში, ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებზე იურისტი ლია მუხაშავრია გვესაუბრება:
- სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. ახლა ადვოკატები სტრასბურგში აპირებენ საჩივრის შეტანას.
- რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შეიძლება სასჯელის მოსახდელად მისი უკრაინაში გადაყვანა, თუკი ჩვენი და მათი იუსტიციის სამინისტროები ამაზე შეთანხმდებიან. თუ უკრაინას გადასცემენ, მას შეუძლია გაათავისუფლოს, ან პირობით გაათავისუფლოს, ან დატოვოს პატიმრობაში. საქართველოს პრეზიდენტსაც შეუძლია სააკაშვილის შეწყალება, მერე პატიმრისა და მისი ოჯახის გადასაწყვეტია, სად იმკურნალებს. მესამე გზაა ევროსასამართლოსთვის მიმართვა დროებითი ღონისძიების მოთხოვნით, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და გადაიყვანონ იმ ქვეყანასა და იმ კლინიკაში, სადაც პატიმარს მიაჩნია, რომ ადეკვატურ მომსახურებას მიიღებს.
- მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი და საქმეების ნაწილზე მისჯილი აქვს. პრეზიდენტს შეუძლია ის შეიწყალოს უკვე გამოტანილი განაჩენების საქმეებში. ხომ შეიძლება გაუსამართლებელ საქმეზე პროკურატურამ ისევ მოითხოვოს მისი პატიმრობა?
- პრეზიდენტს აქვს მსჯავრდადებულის გათავისუფლების უფლება, იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას შეუძლია გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება და შეიწყალოს. შეწყალების უფლება საგამონაკლისო უფლებაა, რომლის გამოყენება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. იმ განსაკუთრებული გარემოების გათვალისწინებით კი, რომელშიც ახლა ის არის, შეუძლია შეიწყალოს იმ საქმეზეც, რომელზეც ჯერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი. ამისთვის არ არის აუცილებელი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, პატიმარი შეიძლება შეიწყალო მაშინაც, თუ განსაკუთრებული ოჯახური მდგომარეობა აქვს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვები სრულწლოვნის მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ, რადგან ის, ვინც მათზე ზრუნავდა, გარდაიცვალა, მამა კი პატიმარი იყო. პირის შეწყალების საფუძველი შეიძლება იყოს ბუნებრივი სტიქიური მოვლენაც, რომელმაც მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და პატიმრის გამოშვება ხსნა იყოს ოჯახისთვის. ასე რომ, პრეზიდენტს შეუძლია ექსკლუზიური უფლება გამოიყენოს. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა მუხლების ოდენობას.
- ანუ პროკურატურას მიუსჯელი საქმეების შეწყვეტაც მოუწევს?
- ეს უკვე საგამოძიებო ორგანოს გადასაწყვეტია. მასაც აქვს დისკრეცია, რამდენიმე სამართლებრივი გზა, ან შეწყვიტოს, ან შეაჩეროს.
- მაშინ რატომ არ იყენებს ამ უფლებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი?
- დარწმუნებული ვარ ზურაბიშვილს არ სურს მის სიკვდილში რაღაცნაირად წვლილი შეიტანოს. თუ დარწმუნდება, რომ მისი შეწყალება ერთადერთი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, რათა ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, ამ ნაბიჯს გადადგამს.
- კიდევ ერთი გზა არის ევროსასამართლო, მაგრამ რამდენად სწრაფად შეიძლება განიხილონ საქმე?
- ასეთ შემთხვევებში ევროსასამართლო ძალიან სწრაფია, რა თქმა უნდა, სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც მიაწვდიან, მით უმეტეს, ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალზე რეზონანსულია. ევროსასამართლო დიდ ყურადღებას უთმობს მედიაში გაშუქებულ ინფორმაციას, რომელიც უდავოდ სარწმუნო ფაქტებად ითვლება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საერთაშორისო, მათ შორის მაღალრეიტინგული მედია საუბრობს და ვფიქრობ, მისი ადვოკატებისთვის მტკიცების თვალსაზრისით გაცილებით გამარტივებულია ვითარება. ჩემი პროფესიული გამოცდილებით გეტყვით, რომ ევროსასამართლო უსათუოდ დაჩქარებული წესით, უსწრაფესად განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სიცოცხლის რისკის საკითხებს. ქართული სამართლებრივი სისტემისგან განსხვავებით იქ ადამიანური მიდგომა პრევალირებს ფორმალურ სამართლებრივ მიდგომაზე.
- თუ სტრასბურგი იტყვის, რომ სააკაშვილს უნდა გადაუვადდეს პატიმრობა, შეიძლება მაინც არ გაითვალისწინოს ხელისუფლებამ?
- არა მგონია, მით უმეტეს, გვაქვს ამის პრეცედენტი - ასანიძის საქმე. ასანიძე ასლან აბაშიძის პირადი პატიმარი იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს. მაშინ ის მართლა ცდილობდა ასანიძის გათავისუფლებას, რადგან, ერთი მხრივ, ასანიძე შეწყალებული ჰყავდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მოგვიანებით ის გაამართლა უზენაესმა სასამართლომაც. მიუხედავად დოკუმენტებისა, რომლებიც მის უპირობოდ გათავისუფლებას ითვალისწინებდა, ასანიძე მაინც რჩებოდა პატიმრობაში. მაშინ პირველად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ევროსასამართლომ, გარდა ევროკონვენციის მუხლის დარღვევისა, პირდაპირ დაადგინა და ტექსტში ჩაწერა, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებშიო. მაშინ ეს მითითება შეასრულეს ასლან აბაშიძემაც და საქართველოს ხელისუფლებამაც. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ევროპული სტრუქტურების მიმართ დამოკიდებულებისა, რომელიც, ცოტა არ იყოს, საშიში და შემზარავია, მაინც არ ვფიქრობ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გაუწიოს.ადვოკატებს აქამდეც შეეძლოთ ევროსასამართლოში გაესაჩივრებინათ. თუ პირველად უარს მიიღებდნენ, უნდა მიემართათ მეორედ, მესამედ, სანამ არ დაარწმუნებდნენ გადაწყვეტილების მიმღებს, რომ გადაუდებელია ევროსასამართლოს ჩარევა.
- თქვენ ხომ არ გაგისაჩივრებიათ სააკაშვილის საქმის მსგავი საქმე?
- სააკაშვილის პრეზიდენტობისას ციხის საავადმყოფო არც არსებობდა. ერთ ჩემს პატიმარს დიაბეტი ჰქონდა და ოთხჯერადი დიეტური კვება სჭირდებოდა. ამას აქ რომ ვერ მივაღწიე, საქმე ევროსასამართლოში გავგზავნე. მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია იყო, იქიდან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მან მოიწვია კომისია და დარწმუნდა, რომ ევროსასამართლოს მოთხოვნა სწორი იყო. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა ციხეში. ევროსასამართლოში გასაგზავნ დოკუმენტაციაში დეტალურად აღვწერე პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომ ხშირად ვარდებოდა კომაში, დავურთე მისი ენდოკრინოლოგის განმარტებაც და არ დაახანა ევროსასამართლოს რეაქციამაც - 4-5 დღეში კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.
- ევროკავშირიც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას და შესაძლებელია ხელისუფლებამ მისი მოთხოვნაც გაითვალისწინოს. ამ შემთხვევაში რა პროცედურებია გასავლელი?
- ვფიქრობ, სახელმწიფო არ აანაზღაურებს მისი გამგზავრების ხარჯებს. მთავარია, გაუღონ საავადმყოფოს კარი და სამკურნალოდ რომელ ქვეყანაში წავა, ეს არ იქნება ჩვენი იუსტიციის სამინისტროს განსახილველი. სამინისტროს შეუძლია მოითხოვოს, რომ სააკაშვილმა ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო კომისია, რათა გაირკვეს, გამოჯანმრთელდა თუ არა. ეს მაშინ იქნება საჭირო, თუ მას გამოჯანმრთელებამდე გადაუვადდება სასჯელი. თუ გათავისუფლდება უპირობოდ, მაშინ მას არ დასჭირდება ჯანმრთელობის ცნობა და მისი გადასაწყვეტია, სად იცხოვრებს და იმკურნალებს.
- თუ გამოჯანმრთელდა, როგორ ჩამოიყვანენ? ფაქტია, ის ნებით არ ჩამოვა, მით უმეტეს, უკრაინის მოქალაქეა. შეიძლება უკრაინამ უარი თქვას ექსტრადიციაზე?
- მისი ექსტრადიცია უნდა მოხდეს სასჯელის მოსახდელად, თუმცა მას შეუძლია მოითხოვოს სასჯელის უკრაინაში მოხდა, რადგან უკრაინის მოქალაქეა. თუმცა იქ ახლა ომი მძვინვარებს და ეს ვარიანტი გამორიცხულია.
- უცხოეთის კლინიკაში ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე იქნება?
- დიახ, საქართველოს გარეთ ის პატიმარი აღარ იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ გადაუვადებენ სასჯელს. შეუძლია ექიმი აიყვანოს და იმკურნალოს შინაც.
- ბევრჯერ ითქვა, რომ მას მოსყიდული ჰყავს უცხოელი ექსპერტები. თუ მას გაუშვებენ ვადაზე ადრე, ხომ შეიძლება ექიმების გაცემული დოკუმენტი სადავო გახადოს საქართველოს ხელისუფლებამ?
- ასეთ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა აქ ევროსასამართლოს სტანდარტი. ევროსასამართლოში ადვოკატს არ სჭირდება ექსპერტიზის ჩატარება პირის სამედიცინო მდგომარეობის დასადასტურებლად. ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, საკმარისია ლიცენზირებული ექიმის ცნობა, მისი ხელმოწერით. ამაზრზენია, როდესაც ჩვენი ხელისუფლებისა და იუსტიციის უმაღლესი თანამდებობის პირები საეჭვოდ აცხადებენ ტიტულოვანი ექიმების დასკვნებს და ამბობენ, მოსყიდული არიანო.
- ვთქვათ, გადაუვადეს სასჯელი, გაათავისუფლეს და მალე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ასეთ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?
- შეუძლია მოსთხოვოს იმ ქვეყანას, სადაც იქნება, მისი ექსტრადიცია. პარალელურად უკრაინასაც შეუძლია არ გაუშვას ის საქართველოში. ჩვენ მრავლად გვაქვს ასეთი მაგალითი. ზურაბ ადეიშვილი და ბევრი სხვა პირიც დაუსწრებლად გასამართლებული არიან, მაგრამ დღემდე არ ხდება მათი ექსტრადირება, უფრო მეტიც, საჯარო სამსახურშიც კი მუშაობენ.
- იმასაც ამბობენ, თუ სააკაშვილს გაუშვებენ, სხვა მძიმე პატიმრებიც მოითხოვენ ამ საფუძვლით გათავისუფლებასო.
- სხვათა შორის, ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგია, რომ ახლა ციხეს ძალიან კარგი საავადმყოფო აქვს და არის შესაფერისი გარემო პატიმრის მკურნალობისთვის. მაგრამ, როდესაც უმძიმესი ავადმყოფი გიწევს ციხეში, მისი საზოგადოებისგან იზოლაცია უაზრობაა. სად გაქრა ჩვენი ადამიანობა, ქრისტიანული მორალი? ყველამ იცის, მე სააკაშვილს ხშირად ვუპირისპირდებოდი. ევროსასამართლოში საჩივრების გაგზავნა 2002 წელს დავიწყე, როცა ჯერ კიდევ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და დღემდე ვასაჩივრებ. სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად მე მიყვარს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როცა ის უმწეო მდგომარეობაშია და არ აძლევენ სათანადოდ მკურნალობის საშუალებას.