ვის გაიწვევენ "წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში"
"თავდაცვის კოდექსის" პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს, ცხარე კამათის საგანი გახდა. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". ამასთან, იგეგმება წვევამდელთა სამსახურის ვადის შემცირება - კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად არის ასეთი სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებსა და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით იქნება. "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის" გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. ახალი "თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც. გადავადების საფუძველი აღარ იქნება სტუდენტის სტატუსი, თუმცა სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს. "ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას. ისინი შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. თუ მიმდინარე წელს 7 ათასი კაცი უნდა გავიწვიოთ, 6500 არასტუდენტი შეგროვდა, მაგრამ შესავსებად კიდევ 500 გვჭირდება, საჭირო რაოდენობის სტუდენტებს ელექტრონული შერჩევის პრინციპით შევარჩევთ - პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ოპციებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა", - ასეთია თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. 4-წლიანი პროგრამის მიხედვით, 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ, არდადეგების ხარჯზე, დაიწყება სტუდენტების გადამზადება, გაწვრთნა, შეკრება და როცა მეოთხე წელს დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეულები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციარულ დაწესებულებებში მუშაობა არ მოუწევთ... თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამხედრო საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრა:
- ყოველ ახალ ინიციატივას ყოველვის მოჰყვება იმ პირთა სპეკულაცია, რომელთაც სამხედრო სამსახური არ სურთ... ქვეყანა ჯარსა და ხელისუფლებას იმისთვის ქირაობს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. თავდაცვის უწყებას არცთუ დიდი დაფინანსება აქვს და სწავლებებსაც შესაბამისად ატარებს, ამიტომ საზოგადოების გულისწყრომა ფუჭად დაკარგულ დროზე უსამართლოა - ზოგის პრეტენზია, ყარაულში დგომაში ვკარგავ დროსო, მიუღებელია, რადგან თავდაცვის უწყებაში ეს პრობლემა თითქმის გამოსწორებულია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყარაულში მდგომი პირები საბრძოლო მასალებს, ტანკებს, ქვემეხებს, სამხედრო თვითმფრინავებს, იმ ტექნიკას იცავენ, რომლითაც საჭიროების დროს ჯარი იომებს. მას კი მშვიდობიან პერიოდში დაცვის პოლიციას ან რომელიმე სამოქალაქო უწყებას ვერ ჩააბარებს. ჯარი მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს. ყარაულში საომარ მდგომარეობაშიც დგანან. 24/7 სანგარში არავინ არის და არც სამხედრო თავდასხმებშია ჩართული, საბრძოლო მოქმედებებს პაუზები აქვს, რა დროსაც წინა ხაზზე პოზიციებსა და ზურგის ობიექტებს, მათ შორის საწვავის ბაზებს, ყაზარმებსა და ტექნიკის პარკებს იცავენ. თუ ძველი ომი არ ახსოვთ, უკრაინის ომს დააკვირდნენ. საბრძოლო მოქმედებების დროს ზოგი ყარაულში დგას, რასაც სავალდებულო თუ საკონტრაქტო სამსახურის დროს სწავლობენ.
- რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ტოტალური თავდაცვის მექანიზმი ჩვენს ვითარებაში, თუნდაც პროქსიომის დროს?
- არავის აქვს ილუზია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე რამის მიღწევა შეიძლება. ამიტომაც ვცდილობთ ნატოში ინტეგრაციას, რათა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერამდე თავდაცვა და შეკავება ხომ უნდა შეძლო. ამაში მონაწილეობენ როგორც სამხედროები, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება და თავდაცვა-შეკავებისთვის ყველა რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული. უკრაინაში მიმდინარე ომმაც აჩვენა, რომ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. ტოტალური თავდაცვა, ჩვენი გაძლიერება მიბმულია საზოგადოების კონსოლიდირებასთან, შეკავშირებასა და გაერთიანებასთან.
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება გამოსავალი კი არა, პრობლემაა. მხოლოდ "გირჩის" მეთოდებს არ ვგულისხმობ, რომლის ფინანსებიც ნაწილობრივ ბიუჯეტში მიემართება, იქიდან კი თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. მათ სხვა "შავი ხვრელებიც" აქვთ, რომელთა მეშვეობით თავგზაარეულ ახალგაზრდებს ჯარისგან თავის დახსნაში ეხმარებიან და ამით თავიც კი მოაქვთ... ახალგაზრდების ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ჯარში ყოფნით საკუთარ თავს, ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს, წინაპრების სისხლით მორწყულ მიწა-წყალს იცავენ.
- ეს ეხება ყველას, მათ შორის მაღალჩინოსნების შვილებსაც.
- დიახ, სწორედ ისინი უნდა იძლეოდნენ მაგალითს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება კი არა, ჩვენ ვართ, ხალხი, და ეს ყველას პასუხისმგებლობაა. გვინდა თუ არა, სავალდებულო სამსახური უნდა გავიაროთ. ყველა ახალწვეული, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან, იმავე პროგრამით გადიან მომზადებას, როგორც საკონტრაქტო სამსახურში. ისინი სრულფასოვან წვრთნებს გადიან და რეზერვში სრულყოფილად მომზადებული კონკრეტული სპეციალობით ირიცხებიან, მსროლელი იქნება, ტანკისტი თუ კავშირგაბმულობის სპეციალისტი. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი დეპუტატი ჯარს დამაკნინებლად მოიხსენიებს. როგორ წარმოუდგენიათ მათ სახელმწიფოს მართვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვლენ? 2008 წელს ჩვენ ვნახეთ დღევანდელი ოპოზიციის წარმოებული ომი, ისიც, თუ როგორ მოამზადეს სახელმწიფო ომისთვის და შემდეგ რა გააკეთეს, ჯარი, ფაქტობრივად, მიატოვეს, ბიუჯეტი შეუმცირეს. იმ წლებში დანიშნული მინისტრების უმეტესობა პენიტენციარული სამსახურიდან გადაჰყავდათ. ამ უწყებას კი არ ვაკნინებ, მაგრამ ფაქტები იყო და უნდა ითქვას - თავდაცვის მინისტრებად სადამსჯელო ორგანიზაციებიდან გადაჰყავდათ პირები. ამერიკა რომ მოჰყავთ მაგალითად, იქ სულ სხვა მიდგომაა, შეუძლებელია სამხედრო საქმესთან კავშირის უქონელი პირი ამ უწყების ხელმძღვანელად დაინიშნოს.
- გავრცელებული ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ ისარგებლებენ უფლებით, არ გაიარონ სამხედრო სამსახური, ხოლო ყველა სხვა აღმსარებლობის პირებს ეს უფლება არ ექნებათ...
- ეს სპეკულაციაა. გარკვეული გამონაკლისების გარდა, სამხედრო სამსახურს ყველა გაივლის, თუმცა, ვისაც საბრძოლო დანაყოფში არ სურს მსახურება, მათ შორის მღვდელმსახურებს, ისინი ალტერნატიულ სამსახურს გაივლიან. რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოს ინიციატივით ერთ-ერთ გენერალთან ერთად მეუფე შიოსა და სინოდის რამდენიმე წევრს შევხვდით. პატრიარქთან შეხვედრისგან თავი შევიკავეთ, რომ არ გადაგვეღალა, ამიტომ მისი აზრი გადმოგვცა მეუფე შიომ, არც ეკლესიაში გვჭირდება ისეთი პირები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენო. ასე რომ, როდესაც ვიღაც თითის იშვერს, კარგი იქნება, ჯერ საპატრიარქოს აზრი გაარკვიოს - ეკლესია არ ეთანხმება მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებას.
რაც შეეხება სამხედრო სამსახურის ფორმას, მათ, ვინც ომის დინამიკას არ იცნობს, უკრაინის მაგალითი მოვუყვანოთ. არავინ იცის, ომის დაწყებიდან რეზერვის მერამდენე ტალღა გამოაცხადეს, ახალი-ახალი ძალების გაწვევა გრძელდება, ეს იმიტომ, რომ ჯარი დანაკარგს განიცდის. ოპოზიცია, ერთი მხრივ, "ომი გინდათი" სპეკულირებს, იმავდროულად კი, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გვჭირდებაო, ირწმუნება. პროფესიონალური ჯარის მომზადება კარგია, მაგრამ საკონტრაქტო სამსახურში 10-15 ათასი კაცი მიდის, ომს კი, მით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, 100-200 ათასზე მეტი კაცი სჭირდება, როგორ წარმოუდგენიათ მათი მომზადება? თუ ჯარი არ დაგვჭირდება, ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანა სამეზობლოში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდეს. ამისთვის კი ძლიერი არმია და რეზერვი უნდა გვყავდეს. ეს არის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ძლიერი ჯარი და ძლიერი სპეცსამსახურები ქვეყნის ხერხემალია ძლიერ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, მით უფრო, ისეთ რეგიონში, როგორიც სამხრეთი კავკასიაა.
კოდექსის მიხედვით, საქართველო გადადის ტოტალური თავდაცვის პრინციპზე, რადგან ჩვენ არა გვაქვს ბირთვული იარაღი და სხვა შემაკავებელი ფაქტორები, არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებიც გადადიან ამ პრინციპზე. როდესაც მავანი ამბობს, თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო, შემართება კარგია, მაგრამ თუ ჯარი მომზადებული არ გეყოლება, როგორ უნდა იომო?
თებერვლის ბოლოს შევარდა რუსეთი კიევში, მაგრამ ვნახეთ, რაც მოუვიდა - იმდენი ხალხი ჩახოცეს. 24 საათზე ოდნავ მეტ დროში 200 კმ-ზე ისე წაიწიეს წინ, არც ზურგი ჰქონდათ და არც დაცვა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი მიიღეს და მალე უკან დაიხიეს. თანამედროვე ტექნიკა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თანაფარდობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ათ ჭურვს ისვრის, უკრაინამაც ათი უნდა დაუბრუნოს. მძიმე ტექნიკა და საბრძოლო მასალები უკრაინისთვის გადამწყვეტია. რუსულ წყაროებში ისტერიკა ჰქონდათ, უკრაინა გაზაფხულისთვის 100 ათას კაცამდე რეზერვს ამზადებსო, ეს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებისთვის კარგია, მაგრამ რეზერვი საკმარისად აღჭურვილი უნდა იყოს მძიმე ტექნიკით, ვგულისხმობ არტილერიასაც და ჭურვებსაც... დასავლური მედია ევროპაში "ჭურვების შიმშილზე" წერს, უკრაინის მოსამარაგებლად არ გვყოფნისო. თუმცა ისიც ცნობილია, რომ არაერთი ქვეყანა ჭურვების წარმოებას იწყებს. თუ ომის წლის ბოლომდე გაგრძელებას ელოდებიან, ქარხნებმა ჭურვების წარმოება უნდა გააორმაგონ.
- ბოლო დღეებში ყურადღების ცენტრში მოექცა ქალაქი ბრიანსკი. კრემლის ცნობით, იქ უკრაინელი დივერსანტები მუშაობენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მოხალისეთა კორპუსის შესახებ.
- უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრული უფლება აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანონ. სხვა საკითხია, რა შედეგები მოჰყვება ამას. რუსეთს უკრაინის 20% ოკუპირებული აქვს და ახლა მისი ქალაქების ინფრასტრუქტურას ასწორებს მიწასთან... როდესაც ბომბავენ უკრაინის ელექტროსადგურებსა და თბოელექტროსადგურებს, ამით მხოლოდ სამხედრო მომარაგებას კი არა, ქვეყნის ეკონომიკას უნადგურებენ. ჯარისკაცებს სანგრებში შუქი არ სჭირდებათ, მაგრამ ელექტროენერგიის გარეშე მოსახლეობა ვერ გაძლებს. დენის გარეშე იარაღის გამოშვება ან შეკეთება შეუძლებელია... ბრიანსკის პროცესების უკან კიდევაც რომ იდგნენ უკრაინელი დივერსიული ჯგუფები, კრემლს უფლება არა აქვს მათზე ილაპარაკოს. ისიც შესაძლებელია, რუსეთმა თავად მოაწყოს აფეთქებები, რასაც შემდეგ "ტერაქტს" უწოდებს. ამის დიდი გამოცდილება აქვთ და თავისი მოსახლეობის დასათრგუნად ახლაც გამოიყენებენ, რათა შემდგომში უფრო მასშტაბური მობილიზაცია წამოიწყონ და რეზერვში გაწვევისას წინააღმდეგობა არ შეხვდეთ. ამისთვის სჭირდებათ იმის ჩვენება, აი, როგორ გვიტევენ, უკვე ჩვენს ქალაქებში შემოაღწიეს და მეტი მობილიზება გვჭირდებაო.