ისწავლე საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის დაცვა იარაღით ხელში - ეს არის „მონობა“?
საფრთხეების მასშტაბურობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის რეგულარულ არმიას არ ეყოფა იმის ადამიანური რესურსი, რომ მხოლოდ საშტატო სამხედრო მოსამსახურეებით გაუმკლავდეს მტერს. მას აუცილებლად დასჭირდება რეზერვის დახმარება, რისი თვალსაჩინო მაგალითია ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი.
რეზერვი შეიძლება დაკომპლექტებული იყოს ან სასწრაფოდ მობილიზებული მშვიდობიანი მოქალაქეებისგან, რომელთა სათანადოდ მომზადებისთვის, ელემენტარული სამხედრო უნარ-ჩვევების შესასწავლად ომის დროს დრო და საშუალება არ იქნება. ამიტომაც საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღიდან მობილიზებულების დიდ დანაკარგს მიიღებენ, ან არმიის პირად შემადგენლობაში საბრძოლო დანაკარგის შესავსებად გაიგზავნებიან ის რეზერვისტები, რომლებმაც ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში მოასწრეს დაწყებითი სამხედრო მომზადების გავლა და იმის სასწრაფოდ შესწავლა მაინც აღარ სჭირდებათ, უსაფრთხოდ როგორ ისროლონ ავტომატი და როგორი საფარი შეარჩიონ მოწინააღმდეგის საარტილერიო დაბომბვის დროს.
როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გავლილი აქვს სამხედრო მომზადების სხვადასხვა დონე, იქნება ეს არმიაში საკონტრაქტო, სავალდებულო ან სარეზერვო სამსახური და მეტ-ნაკლებად მზადაა სამოქალაქო სტრუქტურების მხარდაჭერით ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურს, ამას სახელმწიფოს ტოტალური თავდაცვის სისტემა ეწოდება, რაც უალტერნატივოა საქართველოსთვის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამისთვის კი, რაც შეიძლება დროულად და ეფექტურად არის საჭირო მშვიდობიანი პერიოდის დროისა და რესურსის გამოყენება, რათა შესაძლო კრიზისული მომენტის დადგომას ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც მომზადებული დახვდეს.
სწორედ ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის მომზადებას უნდა ემსახურებოდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომზადებული "თავდაცვის კოდექსის" ახალი კანონპროექტი, რომლის ის პუნქტები, რომლებიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას შეეხება, საზოგადოების ფართო განსჯის საგნად იქცა.
მოკლედ, იმ ძირითად ცვლილებებზე, რასაც "თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტი (რომელიც, თუ დამტკიცდა, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება) სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს:
პირველი - წვევამდელები სამხედრო-სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან, რითაც შეწყდება საზოგადოების ნაწილის მრავალწლიანი და არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ქვეყნის დასაცავად გაწვეულმა ჯარისკაცებმა დაცვის პოლიციასა და სასჯელაღსრულების კოლონიებში არ უნდა იმსახურონ.
მეორე - დღეს მოქმედი 12-თვიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ვადა მცირდება და ხდება 6,8 და 11-თვიანი.
6-თვიანში გაწვეული წვევამდელი საბრძოლო დანაყოფში მოხვდება და 6 თვის განმავლობაში ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გაივლის, რის შემდეგაც ბევრ კონტრაქტით მომსახურესაც კი არ ჩამოუვარდება შეძენილი სამხედრო უნარ-ჩვევებით.
8-თვიანი ითვალისწინებს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ დანაყოფებში სამსახურს, რაც მოიცავს როგორც საგუშაგოებზე დგომას სამხედრო ობიექტების დასაცავად, ასევე დამხმარე სამუშაოების შესრულებას - სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვას, დაცლასა და ა.შ.
11-თვიანი კი, ფაქტობრივად, წვევამდელების უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე მომზადებას ნიშნავს და მათ სამსახურის პერიოდში არცთუ მცირე სახელფასო ანაზღაურება - 1.200 ლარი ექნებათ.
მესამე - სამხედრო-სავალდებულო სამსახურში სტუდენტებსაც გაიწვევენ!
სწორედ ამ პუნქტმა ააფორიაქა საზოგადოების ერთ ნაწილი, რადგან დღეს მოქმედი კანონი სტუდენტებს (თუკი მათ აკადემიური არა აქვთ აღებული) სწავლის პერიოდში გადაუვადებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს.
ერთი შეხედვით მართლაც მიუღებელი ჩანს - სახელმწიფო ჯარში იწვევ სწავლის მოყვარულ ახალგაზრდას და მას ხელს უშლი ცოდნის შეძენაში.
თუმცა ამ კანონპროექტში ძალზე საინტერესო განმარტებებია, რომლებიც გამორიცხავს სტუდენტისთვის სწავლაში ხელის შეშლას სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლისას.
თავდაცვის სამინისტრო სტუდენტს სთავაზობს წელიწადში ერთხელ, ერთი თვით, ზაფხულის არდადეგების დროს გაიაროს დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი - ანუ უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლების პერიოდში სტუდენტს მხოლოდ ოთხი თვით მოუწევს პოლიგონზე რბენა და სროლა, ისიც არდადეგების დროს, რაც, წესით, უფრო მიმზიდველი და სასურველი უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში სწავლით "გადაღლილი" (თუ რატომ ჩავსვით ბრჭყალებში ეს სიტყვა, იმედია, დიდი ახსნა არ სჭირდება იმის შემყურე, თუ სტუდენტების როგორი დასწრებაა ლექციებზე) ახალგაზრდა მამაკაცისთვის.
ოთხ წელში ოთხთვიანი სამხედრო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ჩაეთვლება სამხედრო-სავალდებულო სამსახური და ის რეზერვში ჩაირიცხება.
კანონპროექტის ამ პუნქტში არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი - ყველა სტუდენტს არ გაიწვევენ. ისინი შემთხვევითი ელექტრონული შერჩევის პრინციპით აირჩევიან.
რატომ?
ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებდა, ეს პუნქტი ყველა სტუდენტ მამაკაცს შეხებოდა, მაგრამ... სახელმწიფოს არა აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე ათეული ათასი სტუდენტი მამაკაცი სწავლისგან წელიწადში ერთხელ მაინც ერთი თვით "დაასვენოს" პოლიგონებზე!
ამიტომაც სტუდენტების გაწვევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, თუკი წვევამდელთა წლიურ დაკომპლექტებას დამატება დასჭირდება.
დღეს წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საერთო ჯამში მხოლოდ 6 500-მდე ახალგაზრდას იწვევენ ერთწლიან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში და, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს არა უმეტეს 500-700 სტუდენტის დამატება თუ დასჭირდება ამ რაოდენობის შესავსებად.
მეოთხე - "თავდაცვის კოდექსის" ახალ კანონპროექტში მღვდელმსახურებისთვის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების გაუქმების პუნქტის შეტანამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკური სპექტრსა და საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელშიც აშკარად იკვეთება მათი სუბიექტური პოზიცია და უფრო ცუდიც - პირადი ფინანსური დაინტერესება მღვდელმსახურებისთვის გადავადების უფლების შესანარჩუნებლად...
ჯერ მცირე სტატისტიკა:
ბოლო 7 წელიწადში, 2016 წლიდან მოყოლებული, სამხედრო-სავალდებულო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 კაცს გადაუვადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319-ის გადავადება "გირჩი" - ბიბლიური თავისუფლების" წევრობის გამოა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016-2022 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური 774 103 კაცს გადაუვადდა, ხოლო 24 717 კაცი გაწვევისგან გათავისუფლდა.
მათ შორის, ვისაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადაუვადდა, 21 კაცი იყო მართლმადიდებელი; 15 - მუსლიმანი; 330 - "იეჰოვას მოწმე"; 36 324 - "გირჩი" - ბიბლიური თავისუფლება"; 2106 - კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე), 41 - სხვადასხვა.
ამასთან, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ, 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ.
რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების სხვა საფუძვლებს, სტატისტიკა ასეთია: შეზღუდულად ვარგისი - 154 178; დედისერთა - 152 822; ჰყავს ერთი შვილი - ვადით 3 წლამდე 25 834; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი - 16 879; სკოლის მოსწავლე (20 წლამდე) - 13 566; ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვადით 1 წლამდე) - 13 393; გადაიხადა მოსაკრებელი (2000 ლარი) - 5065; პროფესიული სტუდენტი - 3 627; მარჩენალი, მხარდამჭერი - 1 473; მის მიმართ მიმდინარეობს ს.ს. დევნა - 860; გადავადება აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ - 842; ჰყავს არასრულწლოვანი და/ძმა - 372; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად - 337.
ამ თითქმის ამომწურავი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ სწორედ "გირჩი" - ბიბლიურმა თავისუფლებამ" ქართული ჯარის "მონობისგან" (როგორც "გირჩის" ლიდერები მუდამ გაიძახიან) 36 324 ახალგაზრდა "გადაარჩინა".
თუ რა იდეური "მღვდელმსახურები" არიან "გირჩი" - ბიბლიური თავისუფლებისგან" 50 ლარად ნაყიდი ბეჭდიანი ფურცლის მფლობელი ახალგაზრდები, მათი და მათი მშობლების სინდისზე იყოს, მაგრამ თავად "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულის (თუ წამოცდენილის) თანახმად, "გირჩს" ამ 50-ლარიანი "მღვდელმსახურებიდან" თურმე წელიწადში 20 ათასამდე ლარის შემოსავალი ჰქონია და ახლა სწორედ იმაზე დარდობენ, თუ სახელმწიფო ამ "მიზერული" შემოსავლის წართმევასაც როგორ უპირებს "გირჩს".
არანაკლებ თვალში საცემია ისიც, რომ "კატაკომბურ ეკლესიასაც" საკმაო რაოდენობის - 2 106 ახალგაზრდა "გადაურჩენია" ქართული არმიისგან.
დღეისთვის მოქმედ "სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ" კანონში არსებული სამართლებრივი "ღრიჭოს" გამოყენებით 50-ლარიანი "მღვდელმსახურების" "არმიის" რიცხოვნობის ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის დიდმა საფრთხემ აიძულა სახელმწიფო, ნებისმიერი კონფესიის მღვდელმსახურს გააუქმოს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე გადავადება (არადა, სანამ "გირჩი" - ბიბლიურ თავისუფლებას" მოიფიქრებდა, ამ შეღავათით თითზე ჩამოსათვლელი მართლმადიდებელი თუ მუსლიმანი მღვდელმსახურები სარგებლობდნენ და თვით "იეჰოვას მოწმეთა" რიცხვიც არ იყო კატასტროფული).
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მღვდელმსახურები, როგორც ნამდვილები, ისე "50-ლარიანები", პირდაპირ სამხედრო ნაწილების ყაზარმებში წავლენ - მათთვის ახალი კანონპროექტი ალტერნატიულ შრომით სამსახურს ითვალისწინებს - ანუ თუკი რწმენისა და სინდისის გამო არ გინდა ხელში იარაღის აღება, მაშინ კეთილინებე და, 12 თვე ალტერნატიულ შრომით რეზერვში იმსახურე, თუნდაც სამხედრო ჰოსპიტალში, და ამისთვის ხელფასიც გამოგეწერება, ხოლო ომის შემთხვევაში ზურგში სამხედრო მედპერსონალისთვის დაჭრილების მოვლაში დახმარებით ქვეყნისთვის არანაკლებ დიდ საქმეს გააკეთებ, რითაც შეგეძლება იამაყო.
ქვეყნის დაცვა ომებში თუ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს მარტო სამხედროების, პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ექიმების საქმე როდია, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია და ვალდებულიცაა დაეხმაროს მათ, რადგან საფრთხე თითოეული ჩვენგანის ოჯახს შეიძლება დაემუქროს.მაგრამ დახმარების აღმოსაჩენად კონკრეტული საკითხების ელემენტარული ცოდნა მაინცაა საჭირო, რომლის შესაძენად დრო მშვიდობიანობისას უნდა გამოვიყენოთ.