ბახმუტიდან ორგანიზებული უკან დახევის დრო დადგა და მისი გადაცილება აღარ შეიძლება...
ის, რასაც უკრაინის დამცველები ბახმუტისთვის ბრძოლებში, განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა უძლებენ, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა ვერ შეძლებდა - რუსეთის საოკუპაციო ძალების ძალისხმევა სწორედ ბახმუტის აღებისკენ არის მიმართული და მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებენ, უპირველესად რუსი მობილიზებულების სიცოცხლეს, რომლებსაც ჯიქურად, შუბლა შეტევებზე უშვებენ...
სწორედ ცოცხალი ძალის დიდი რიცხოვნობითა და უამრავი ჭურვისა და რაკეტის სროლით ახერხებს რუსეთის არმია კუს ნაბიჯით ბახმუტის დამცველების შევიწროებას, თუმცა უფრო საშიში ის არის, რომ ოკუპანტებმა ბახმუტის დამცველები ალყაში, „ტომარაში“ არ მოაქციონ, არ გადაუჭრან „დიდ მიწასთან“ დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც, რის შემდეგაც მათი მომარაგება შეუძლებელი გახდება, ხოლო ალყიდან გაჭრას კი დიდი საბრძოლო დანაკლისი მოჰყვება. ბახმუტის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ოპერატიული რუკა იძლევა იმის აღქმის უნარს, თუ რა დონის საფრთხეში არიან ქალაქის დამცველები. მხოლოდ ხუთიოდე კილომეტრიც თუ აშორებთ რუს ოკუპანტებს, რომ „ტომარას“ პირი მოუკრან და ბახმუტი ალყაში მოაქციონ.
უკრაინის არმიამ სოლედარისა და ბახმუტის თავდაცვის ხაზზე შვიდთვიანი თავდაუზოგავი ბრძოლით მთავარი საბრძოლო ამოცანა შეასრულა - შეაჩერა რუსეთის საოკუპაციო ძალების გაჭრა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ბოლო დიდ ქალაქებამდე - კრამატორსკამდე და სლავიანსკამდე... ამასთან, ბახმუტის შენობა-ნაგებობებში თავდაცვით პოზიციაზე მყოფმა უკრაინის დამცველებმა ბევრად მეტი საბრძოლო დანაკარგი მიაყენეს შეტევაზე არაერთხელ გადასულ მოწინააღმდეგეს, რითაც გარკვეულწილად გამოფიტეს მისი შესაძლებლობები.
ბახმუტიდან აღმოსავლეთით, ყველაზე ახლოს, ოციოდე კილომეტრში, ქალაქი კონსტანტინოვკაა, რომელიც შეიძლება რუსი ოკუპანტების შემდგომი შეტევების სამიზნე გახდეს ბახმუტის დაცემის შემთხვევაში.
კონსტანტინოვკიდან ჩრდილოეთით კი გზა უკვე ჯერ კრამატორსკამდე და შემდგომ სლავიანსკამდე მიდის, რომელთა აუცილებლად დაპყრობა და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა კრემლის მანიაკური ახირებაა.
პოლიტიკური მოსაზრებით, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან არ სურდეს ბახმუტის დაკარგვა, მაგრამ ამ თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქში რუსი ოკუპანტების „ტომარაში“ რომ ჩარჩეს რამდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო, ეს ბევრად დიდი დანაკლისი აღმოჩნდება იმ ომში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება - ბრძოლაში დამარცხება ომის წაგებას სულაც არ ნიშნავს, მაგრამ შენი არმიის მეომრების დამატებით შეკვლა მაშინ, როდესაც ფრონტის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე წარმატების შანსი აღარ არსებობს, დიდი დანაშაული იქნება.
ბახმუტის დამცველები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, თუმცა, თუკი რამდენიმე დღეში რუსმა ოკუპანტებმა მაინც მოახერხეს ჩასოვი-იარის აღება, მაშინ ბახმუტის დამცველთა ორგანიზებული უკან დახევა და ქალაქის დატოვება გარდაუვალი გახდება ოპერატიულ ალყაში აღმოჩენის დიდი საფრთხის გამო...
შეიძლება ითქვას, სოლედარმა და ბახმუტმა თავის თავზე აიღეს რუსი ოკუპანტების მთავარი საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმები, თითქმის მიწასთან გასწორდნენ, მაგრამ დროებით მაინც გადაარჩინეს დანგრევას მეზობელი კრამატორსკი და სლავიანსკი.
ბახმუტის შესაძლო დაპყრობის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო არმია აუცილებლად განაგრძობს შეტევას ამ უკრაინულ ქალაქებზეც, რათა ოკუპირებული დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გავიდეს - ანუ, დიდი ალბათობით, ისინიც ფრონტისპირა ქალაქებად გადაიქცევიან აქედან გამომდინარე ყველა საფრთხის გათვალისწინებით.
ამიტომაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დასავლელი კონსულტანტების დახმარებით მოუწევს საპასუხო მოქმედებების უფრო ეფექტიანი გეგმის შემუშავება, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვეღარ შეძლონ თუნდაც ფორთხვით“ წინსვლა უკრაინის ახალი ქალაქების ასაღებად.