რუსეთის მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება - პუტინის გაჩაღებული ომი მათ ქალაქებსა და სოფლებს უბრუნდება... - კვირის პალიტრა

რუსეთის მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება - პუტინის გაჩაღებული ომი მათ ქალაქებსა და სოფლებს უბრუნდება...

ყველა ომს თავისი გამოძახილი აქვს, ზოგს ადრე, ზოგსაც გვიან, მაგრამ ის აუცილებლად აისახება მასზეც, ვინც ამ ომს იწყებდა და უწყობდა ხელს...

ჩვენ რა დავაშავეთ, რისთვის? - სწორედ ამ კითხვას სვამენ უკვე რუსეთის მოქალაქეები, რაც ბოლო დღეებში ძალიან გახშირდა უკრაინული სადაზვერვო თუ კამიკაძე-დრონების გამოჩენა უკრაინის საზღვრებიდან ასეულობით კმ-ის დაცილებით, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, რუსული ქალაქებისა და სოფლების თავზე და მათ შორის თავად მოსკოვის ახლოსაც კი...

ეს კითხვა უფრო აქტუალური გახდა 2 მარტს, როდესაც უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კილომეტრში ბრიანსკის ოლქის სოფელში 45-კაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოჩნდა, სროლით გული იჯერა, ააფეთქა გაზის გამანაწილებელი სადგური, დაცხრილა "როსგვარდიის" მობილური ჯგუფის ჯავშანმანქანა და რაც მთავარია, ამ რუსულ სოფელში გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარა და უდანაკარგოდ დატოვა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

უკრაინამ ოფიციალურად უარყო, რომ ეს მისი შეგზავნილი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იყო, გავრცელებულ ვიდეოშიც თავად ამ ჯგუფის წევრები არ მალავენ, რომ უკრაინელები კი არა, „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები არიან. თუმცა პოლიშინელის საიდუმლოა ის, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან გასულ წელს დაკომპლექტებული ეს „კორპუსი“ სწორედ უკრაინის მხარეს იბრძვის და შესაბამისად, უკრაინის სპეცსამსახურები ამარაგებენ და მართავენ კიდეც.

ამ პროპაგანდისტული რეიდით რუსულ სოფელში „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ ერჩიან რუსეთის რიგით მოქალაქეებს და აქტიურ ქმედებებს იწყებენ პუტინის რეჟიმის დასამხობად, რისთვისაც მათ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას სთხოვენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა „"რუსული მოხალისეთა კორპუსის"“ ეს შეიარაღებული რეიდი რუსულ სოფელში ტერორისტულ აქტად შეაფასა.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს პარალელი გაავლოს ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომების დროს ბასაევის ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრასა და რადუევის "სისხლიან „გასეირნებასთან" ყიზლარში, თუმცა ბრიანსკის ოლქის რუსული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას მოსაკლავად არავინ დასდევდა, სამიზნე მხოლოდ რუსი ძალოვანები იყვნენ, თუმცა რეიდს ერთი სამოქალაქო პირი მაინც ემსხვერპლა და ერთი ბავშვიც დაიჭრა.

რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელია და ფანტასტიკური ის, რაც გარდაუვალი ხდება ომის წლისთავზე - ომი ნელ-ნელა თავად რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და ეს არის იმის საფასური, რაც მათი ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთწლიანი განუწყვეტელი და დაუნდობელი დაბომბვების შედეგად ერთ დროს ძმურ ერად მიჩნეულ უკრაინელებს თავს დაატეხა.

რატომ უკვირთ რუსეთის მოქალაქეებს, რომ თუკი პუტინი თავს ნებას აძლევს მეზობელ ქვეყანაში ისეთი მასშტაბის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყოს, როგორიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა, უკრაინელებს არა აქვთ უფლება საპასუხო, თუნდაც ჯერ მცირე ძალის შურისმაძიებელი დარტყმები მიაყენონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე?

რუსი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა თავის პრეზიდენტს უკრაინაზე გასალაშქრებლად, რადგან ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ საქართველოში აგვისტოს ომის მსგავსად და ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიასავით ყველაფერი უსწრაფესად და გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ მწარედ შეცდნენ.

რუსი საზოგადოების მცირე ნაწილი უკვე ხვდება, რომ მათი „მუდმივი“ პუტინი ამ ომის ჭაობში ყელამდე ჩაეფლო და ქვეყანასაც ჩაითრევს, თუმცა ათეულობით მილიონი რუსისთვის უკრაინის სრული განადგურება ბოლო უკრაინელამდე სრულად მისაღებია და ისინი ბოლომდე გაიჭირვებენ, ოღონდ რუსეთი ამ ომში არ დამარცხდეს. მათი მენტალიტეტისთვის ისაა მიუღებელი, რომ „ვიღაც“ უკრაინელები ბედავენ დრონების აფეთქებას რუსულ ქალაქებსა და სოფლებში, ბედავენ სამფეროვანი დროშები ჩამოუგლიჯონ "უძლეველ რუსეთს".რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების მასობრივად შეტევის, ასევე სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების რეიდების რიცხვი მალე გეომეტრიული პროგრესიით მოიმატებს და რუსეთის მოქალაქეებს ამასთან შეგუება მოუწევთ.