რა არის საჭირო, რომ კაქტუსმა იყვავილოს - კვირის პალიტრა

რა არის საჭირო, რომ კაქტუსმა იყვავილოს

სალომე ასათიანის ორანჟერეა მრავალფეროვანი მცენარეებით გამოირჩევა. ის ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოშია განთავსებული. მართალია, აქ უამრავ სხვადასხვანაირ მცენარეს შეხვდებით, თუმცა სალომე საკუთარ თავს მაინც მოყვარულ ფლორისტს უწოდებს. "ჩემი დიდი სურვილია, ამ სფეროში წარმატებული გავხდე, მინდა კარგად შევიმეცნო ეს სამყარო და ფლორისტის სტატუსიც მერე მომენიჭოს. აქამდე რაც შევძელი, ჯიშები მოვიძიე, ჩემი სამყარო გავამრავალფეროვნე და უკვე ოთხი წელიწადია ორანჟერეა დავდგი," - გვეუბნება რესპონდენტი. მის მცენარეებს შორის კაქტუსების რაოდენობა სამ ასეულს კარგა ხანია ასცილდა. ამჯერად მასთან ვისაუბრებთ კაქტუსზე, როგორც ოთახის მცენარეზე.

- მსმენია, თითქოს კაქტუსის სახლში ქონა არცთუ სახარბიელოა, რადგან ცუდი ენერგეტიკა აქვს, თანაც იწუნებენ, ეკლიანი და მსუსხავიაო. თქვენ რას გვეტყვით?

- ბევრისგან მსმენია, რამ შეგაყვარა ეს ეკლიანები, რა არის მათში საინტერესოო? ამაზე აღარ ვბრაზდები, რადგან ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, ვისაც კაქტუსები უყვარს, სამყაროს სხვანაირად ხედავსო. კაქტუსი ძალზე საინტერესო მცენარეა, სხვა "სიღრმეები" აქვს. მოდის გამო მას ვერ შეიყვარებ. თუნდაც მოვლის წესებიც თავისებური აქვს, აგრეთვე ყვავილობაც. არანაირი უარყოფითი ენერგეტიკა არა აქვს, ეკლები კი თავის დასაცავად სჭირდება. ზედმეტი ზრუნვაც არ მოსწონს. ერთხანს რომ მიატოვო, შესაძლოა კვირტი გამოიღოს ან რამე სიახლით გაგაკვირვოს. მე 300-ზე მეტი კაქტუსი მაქვს, თუმცა ჯიშებიც მეორდება. მიყვარს ასტროფიტუმის ჯგუფი და რამდენიმე სახეობა მაქვს, ასევე მამილარიაც.

ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს და აქედან გამომდინარე, ერთნაირად ვერ მოუვლი. ეუფორბია შედარებით ნაზია, სიცივეს და მორწყვას ვერ იტანს. კაქტუსს ზედმეტი წყალი ისედაც არ უყვარს, ეუფორბიას კი განსაკუთრებით. ჩემთვის რთული არ არის მათთან ურთიერთობა, მათი ხასიათი კარგად გავიცანი. მხოლოდ ერთი კაქტუსი გამიფუჭდა. გასული წლების ყინვასაც კი გადაურჩნენ. კაქტუსები ძალიან რომ მიყვარს, ალბათ, იმიტომ გადარჩნენ.

kaqt2-1678025171.jpg

- როგორ უნდა გავამრავლოთ?

- მე სამი მეთოდით ვამრავლებ: გადაჭრით, მეორე - თესლით და "შვილით" - რომ გამოიბამს, იმ წამონაზარდს ვაცილებ და ცალკე ვრგავ. სხვათა შორის, ბევრი კაქტუსი არ იკეთებს ახალ "შვილს". ან უნდა გადაიჭრას, ან როცა იყვავილებს, თესლი შევინახოთ და დავთესოთ. ზოგიერთს სულაც წლები, ხან 50 წელიწადიც კი სჭირდება, რომ იყვავილოს. არსებობს ისეთი კაქტუსებიც, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან "შვილებით", ბევრს გამოისხამს. თესლით გახარება დროს მოითხოვს. გადარგვიდან და გადაჭრიდან 2 წელიწადი სჭირდება კაქტუსს, რომ სრულყოფილი სახე მიიღოს.

ასტროფიტუმიდან ჯობს თესლი ავიღოთ, ცერეუსს კი ვჭრი და ისე ვამრავლებ. ყველაზე სწრაფი ხერხი მაინც "დედისთვის შვილის" მოხსნა და მერე ქოთანში გადატანაა - ეს საუკეთესო ვარიანტია.

- გადარგვიდან წყალი რამდენ ხანში უნდა დავასხათ?

- დაბალ ჭურჭელში ვათავსებ, ვყრი ქვიშას და მიწას. ნიადაგი აუცილებლად მშრალი უნდა იყოს. მერე დიდხანს არ ვრწყავ, რათა კაქტუსი წვენისგან დაიცალოს. ისიც შეიძლება, რომ გადაჭრი, 24 საათს გააჩერო, რომ დაიწუროს.

ზაფხულში გადარგვიდან დაახლოებით 10 დღეში ვრწყავ და ზემოდან ვნამავ. ფესვები რომ განვითარდება, წყლის მიწოდებას უნდა მოუმატო. მიწა როგორც კი გაშრება, მაშინვე ვრწყავ. ისე, კაქტუსის ერთადერთი მტერი ხშირად მორწყვაა. ამიტომ ზამთარში უწყლოდ თავისუფლად შეიძლება დავტოვოთ და წყლის მიწოდება გაზაფხულზე განვაახლოთ. თუ ყინვიანი ამინდებია მოსალოდნელი, მორწყვისგან თავი უნდა შევიკავოთ.

kaqt3-1678025172.jpg

- ანუ წყალს "ტანში" იმარაგებს და ნელ-ნელა იზოგავს...

- კი. ჯობს, დაგვიგვიანდეს მორწყვა, ვიდრე ზედმეტი მოგვივიდეს. თუ ზამთარში წყლით გავაჯერებთ და მერე ყინვას დაიჭერს, შესაძლოა დააზროს. ისე სწრაფად დაალპობს, რომ რამდენიმე საათში შეიძლება აღარც იყოს.

- ყინვიან ზამთარში თუ შეიძლება აივანზე დატოვება?

- შეიძლება, ოღონდ წვიმის წყალი არ უნდა ხვდებოდეს, ცხადია, არც თოვლი. მინუსებში გადასული ტემპერატურის დროს პარკის გადაფარებაც საკმარისია. მთავარია, მიწა ჰქონდეს მშრალი.

- ერთ-ერთი ვერსიით, თუ ზამთარში წყალი არ მივაკარეთ, ეს იმის გარანტიაა, კაქტუსმა იყვავილოსო.

- ეს ერთ-ერთი პირობაა. კარგი ყვავილობა რომ ჰქონდეს, ზამთარში აუცილებლად უნდა მოვაკლოთ წყალი. ზოგი ყუთებში აწყობს და ბნელ ადგილას გაზაფხულამდე ინახავს. გაზაფხულზე კაქტუსები იღვიძებენ, მოცულობაშიც იმატებენ და კარგადაც ყვავილობენ.

- კიდევ რა გვჭირდება იმისთვის, რომ კაქტუსმა იყვავილოს?

- აუცილებელია განათებული ადგილი, თუმცა მწველი მზისგან დაცვა სჭირდებათ. არ მოკვდება, მაგრამ ფერი შეეცვლება, მერე წლები სჭირდება, რომ თავი აღიდგინოს. ამიტომ საჩრდილობელს ვუკეთებ. თუმცა განათებული ადგილი მისი ბუნებრივი გარემოა. მე სასუქს არ ვიყენებ. მხოლოდ წვიმის წყლით ვრწყავ.

- მავნებლებს როგორ ვებრძოლოთ?

- მავნებლები იშვიათად უჩნდებათ. უმეტესად ლპობის საფრთხე აქვთ და გაზაფხულზე ამის საწინააღმდეგოდ ვწამლავ, მერე კი ზაფხულში, როცა მათი გარეთ გადგმა თავისუფლად შეიძლება.

როდესაც რამე გვაინტერესებს მცენარეებზე, ინტერნეტში მოვიპოვებთ. გირჩევთ, ნუ მივეჯაჭვებით ინტერნეტს. საკუთარი დაკვირვებით, მცენარეებთან მეგობრობით უფრო მეტს აღმოვაჩენთ, ვიდრე წაკითხულით.

რაც შემიძლია, სიყვარულს, ზრუნვას არ ვაკლებ და მშვენივრად მიფასებენ, მადლიერი არიან.

- ვისაც კაქტუსებთან "მეგობრობის" დაწყება უნდა, თავიდან რომელი კაქტუსი შეიძინონ?

- ისეთი არ უნდა ვიყიდოთ, რომელიც ვიზუალურად მოგვეწონება. ისინი რთული მოსავლელია და რომ გაფუჭდეს, გული დაგვწყდება. ამიტომ მარტივად მოსავლელი უნდა იყოს. ჯერ უნდა შევისწავლოთ და ნელ-ნელა გაღვივდება მათ მიმართ სიყვარული. შემდგომ მოვამრავლოთ ისეთი კაქტუსები, რომელთაც ვისურვებთ. პირველ ეტაპზე მაინც მამილარიას ვურჩევდი, თან, ლამაზიც არის.