მაღაროელი ოსტატის საკრავები სულ სხვა ხმაზე ღიღინებენ - კვირის პალიტრა

მაღაროელი ოსტატის საკრავები სულ სხვა ხმაზე ღიღინებენ

ოთახი ახალგამოთლილი და დაუსრულებელი ფანდურებით ჰქონდა სავსე - დიდი შეკვეთა მაქვს, დროულად უნდა ჩავაბარო, ანსამბლის ბავშვები მელოდებიან, მათი ღალატი არ შეიძლებაო. როგორც ამიხსნა, დიდი აკაკის მსგავსად, ფანდური მასაც საქართველოს აგონებს - რუდუნებით გამოთლის, სიმებს გაუბამს, ხმებს ერთმანეთს შეუხმატკბილებს და სანამ პატრონს მიაბარებს, ლაზათიან ქართლ-კახურ სიმღერასაც დაამღერებს ხოლმე.

- პროფესიით ინჟინერ-მექანიზატორი ვარ. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ არც ვმღეროდი და არც ინსტრუმენტებზე დაკვრა ვიცოდი.­ შემდეგ სიღნაღის გუნდში გავწევრდი­ და ღონისძიებებზე გამოვდიოდით. 5 შვილი მყავს და ყველა დამყავდა სოფელში ხალხური სიმღერის წრეზე. ფანდურის მასწავლებელი გაკვეთილზე რასაც ასწავლიდათ, სახლში მეც ვვარჯიშობდი. შორიდან ყურებით ვისწავლე ფანდურის დაკვრა. შემდეგ მაღაროში ბავშვთა ხალხური მუსიკის ანსამბლი შევქმენი, სადაც ჩემი შვილები და მათი მეგობრები უკრავდნენ და მღეროდნენ. კონცერტებზეც გამყავდა და ისეთი­ აღიარება დაიმსახურეს, მოსკოვში მიგვიწვიეს კონცერტის ჩასატარებლად. სხვა სოფლებშიც მთხოვეს და სხვაგანაც შევქმენი პატარ-პატარა ანსამბლები. ფანდურებს თბილისში, კაკო ლაშქარაშვილისგან ვყიდულობდი, სალამურებს - ცალთვალა ზაქროსგან.

კომუნისტების პერიოდში ხალხი დიდ ქორწილებს იხდიდა. სოფელ ტიბაანში ერთ ქორწილში ჩემმა მოსწავლემ სალამური­ დაუკრა. ქორწილს ლოტბარი შერმადინ დარჩიაშვილი ესწრებოდა, რომელიც ჰამლეტ გონაშვილთან ერთად მღეროდა. ბავშვისთვის­ უკითხავს, ვინ გასწავლა დაკვრაო, მერე კი წერილი გამოუტანებია ჩემთან და გურჯაანში, შეხვედრაზე დამიბარა. რამდენიმე­ კვირის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ჩავედი. შერმადინმა შემაქო და მითხრა, მიხარია, ერთი კაცი მაინც რომ გამოჩნდა ჩემს მშობლიურ კუთხეში, რომელიც ბავშვებს ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლისო.მერე ხშირად ვხვდებოდით. ერთხელ მითხრა, რატომ დარბიხარ ინსტრუმენტების შესაძენად თბილისში, ადექი და მისი დამზადება ისწავლეო. მეც ალღოთი და ეშმაკობით მივაღწიე მიზანს.

- რა ეშმაკობით?

- პირველად სალამური რომ გამოვთალე, ბევრი ვიწვალე, მაგრამ ხმა ვერ ამოვაღებინე. ოსტატ ზაქროს შეკვეთისთვის რომ მივაკითხე, თან ვუთხარი, მეც გავაკეთე სალამური, მაგრამ სიმღერა არ უნდა და რა ვუწამლო-მეთქი? მიპასუხა, ას სალამურს რომ გააკეთებ, ასმეერთე ხმას ამოიღებს, თუ ოსტატობა გინდა, ყველაფერს თავად უნდა მიხვდეო. მეც ავდექი და ეშმაკობა ვიხმარე, მის დამზადებულ სალამურს ენა გამოვაძვრე და ზაქროს მივუტანე, ბავშვმა დაკარგა და დამეხმარე-მეთქი. მაიტა, კაცო, ახლავე გავაკეთებო და ჩემს თვალწინ დაამზადა ენა. მივხვდი რაშიც იყო სალამურის ,,კვნესის" საიდუმლო და გულში ზაქროს სამუდამოდ დავემშვიდობე. ჩემი მოსწავლეებისთვის სალამურებს უკვე თავად ვამზადებდი. ფანდურიც ეშმაკობით ვასწავლებინე­ კაკოს. ერთხელ ვუთხარი, სასწრაფოდ მჭირდება ერთი ფანდური, აგერ დაგელოდები და გამიკეთე-მეთქი. მასაც ხელებში ვუყურე და დავიმახსოვრე. სოფელში დავბრუნდი თუ არა, მაშინვე დავიწყე გამოთლა, მაგრამ ყელი მომივიდა გვერდზე და დაშლა მომიხდა. არ მოვისვენე და მაინც გამოვიყვანე. ამ საქმეში ძალიან გამომადგა ინჟინრის პროფესია... 36 წელია ამ საქმეში ვარ და ჩემს ნახელავს ყოველ ჯერზე ვაუმჯობესებ, ახალ დეტალებს ვძენ. კახეთის რეგიონში მხოლოდ მე ვამზადებ ხალხურ ინსტრუმენტებს­ - ფანდურებს, სალამურებს, ბასფანდურს, კონტრაბასს, გიტარას... თელაველები, ახმეტელები, დედოფლისწყაროელები, თბილისელები მოდიან და შეკვეთებს მაძლევენ. ხის ტოტს რომ გაუკეთო სიმები, ხმას ისიც გამოსცემს. ოსტატმა ისე უნდა ააწყოს ინსტრუმენტი, რომ ზუსტი ბგერები გამოსცეს; აუცილებელია, მუსიკის ანაბანა იცოდეს, სმენა ჰქონდეს. სანამ ხელს გავიწაფავდი, რვეულში ნოტებს ჩემებურად ვწერდი ყველა ინსტრუმენტისთვის. დამზადების დროს სწორედ ეს ,,ნოტები" ასრულებდნენ ინსტრუქტორის ფუნქციას. ყველა ბგერას ვუტრიალებ. სანამ წკრიალა ხმას არ მივიღებ, საქმეს დასრულებულად არ ვთვლი. ყველა დეტალს დაკვირვება და შემოწმება უნდა. ხალხურ ფანდურებს 12 "ლადით" ვამზადებ, მაგრამ ზოგჯერ შეკვეთებს ვიღებ 15 და მეტლადიან ფანდურებზე. ნიაზ დიასამიძემ დამამზადებინა 18-ლადიანი ფანდური. კონტრაბასისთვის ხის ფირფიტებს ვხერხავ, შემდეგ ჩემი გაკეთებული აპარატით ვხრი და ერთმანეთს ვაერთებ. ნაირა გელაშვილმა სოფელ ნუკრიანში ,,კავკასიური სახლი" გააკეთა, სადაც ბავშვთა ხალხური საკრავების ანსამბლს ვამეცადინებდი. ის ბავშვები ,,არტგენის ფესტივალზეც" გამოვიყვანეთ და იქ ბევრი მუსიკოსი გავიცანი. ნიაზ დიასამიძემ რამდენიმე ფანდური დამამზადებინა. უშიკიშვილიც მსტუმრობდა. კახელი კაცი სუფრის გარეშე როგორ გავუშვებდი ამ ბუმბერაზ მომღერალს, მწვადი შევწვი, სუფრა გავშალე და მოვილხინეთ.

2012 წლის ნოემბერში საფრანგეთში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. სტრასბურგში 45 დღეს გავჩერდით და ყოველდღიურად ფრანგ დამთვალიერებლებს ჩვენს კულტურას ვაცნობდით. ფანდურსა და სალამურს რომ ვუკრავდი, ფრანგები ცეკვას იწყებდნენ. 8 საათზე უნდა დაგვეკეტა ჩვენი კოტეჯი, მაგრამ ისე მოსწონდათ ქართული ხალხური მელოდია, 12 საათამდე თავს არ გვანებებდნენ. ქალაქის მერმა გემზე სასეირნო ბილეთი მაჩუქა. კურიოზული სიტუაციებიც გვქონდა. მე და ერთმა მომღერალმა გადავწყვიტეთ საფრანგეთში ერთ-ერთ ქუჩაზე დაგვეკრა. გვაინტერესებდა, ხალხს თუ მოეწონებოდა და ფულს თუ შემოგვწირავდნენ. გავიპარეთ და ორ საათში 200 ევრომდე თანხა მოვაგროვეთ. ფრანგები ჩვენს ფანდურებსა და სალამურებს სუვენირებად ყიდულობდნენ.

ბევრი ფანდური და სალამური მაქვს გაჩუქებული. ბოლოს სიღნაღის მერს, კარგ კაცს, მალხაზ ბეგიაშვილს ვაჩუქე და როგორც ვიცი, თავის კაბინეტში უკიდია.

ორგრიფიანი ფანდურებიც მაქვს დამზადებული, ერთი მუცელი და ორი ყელი რომ აქვს. როცა მოგინდება, ჩვეულებრივ ფანდურად გამოიყენებ და მოგინდება - ბასფანდურად. ერთი ანსამბლ ,,ბანის" სოლისტმა მათემ წაიღო. ჩემი სახლიდან სანამ "მარშრუტკასთან" მივიდოდა, გზაში სულ უკრავდა და მღეროდა. მაქვს ისეთი ფანდურიც, გიტარა რომ გეგონებათ. მეორეს ღვინის დასალევადაც ვიყენებ - მუცლის შიდა მხარეს გამოვუთალე სამი ჭიქა ღვინის ჩასასხმელი - ადღეგრძელებ გამკეთებელს, დალევ და შორს წასვლა აღარ დაგჭირდება, იქვე დაუკრავ. ზოგიერთ ფანდურს საქართველოს რუკასაც ვახატავ, რადგან ფანდური მართლაც წააგავს საქართველოს.

ახლა ჩემი შვილი ფანდურებს ჩემზე უკეთ აკეთებს. სიახლეებსაც იგონებს. მაგალითად, მიაგნო ხეზე მუშაობის ისეთ მეთოდს, ერთი კვირა რომ ვუნდებოდით გამოთლას, ახლა ორ დღეში გავაკეთებთ.

რამდენიმე წლის წინ თბილისში, პროფესორ თამაზ რცხილაძესთან გულის ოპერაცია გავიკეთე. სანამ საოპერაციოში შემიყვანდნენ, ვუთხარი, ოღონდ გადამარჩინეთ და პირობას გაძლევთ, სალამურზე გაქეიფებთ-მეთქი. ბევრი იცინა, რადგან ხუმრობა ეგონა. გამოვჯანმრთელდი და 120-კილოიანი ღორი გავზარდე. საავადმყოფოში მივედი და ყველას ვუთხარი, გეპატიჟებით ღორის ქელეხში-მეთქი. დიდი ხვეწნის შემდეგ სამი მანქანით ჩამოვიდნენ. ჯერ სახელდახელო მწვადები შევუწვი, საღამოს კი მეორე სართულზე 60-კაციანი სუფრა გავუშალე. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, ჩემს შვილებს ვუთხარი, ჩვენი ,,სცენაზე" გამოსვლის დრო დადგა და ერთი ჩვენებურად დავცხოთ-მეთქი. ფანდურებს, სალამურსა და პიანინოს ვუკრავდით და ყველა ვმღეროდით. ბატონმა რამაზმა გაოცებისგან თავზე ხელები შემოიჭირა და მეორე ექიმს უთხრა, ჩვენ ხუმრობა გვეგონა და თურმე არ ტყუოდა, ასეთ ქეიფში არასდროს ვყოფილვარო. ვინც ჩემს ოჯახში სუფრასთან მოხვედრილა, კარგად იცის, რა დიდებული ქეიფი ვიცით ბაიდოშვილებმა.

ნელი ვარდიაშვილი