"უმძიმესი რამეები ვნახე აფხაზეთში... ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ჩვენ თვალწინ ჩამოასვენეს" - გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრების უმდიდრესი შთაბეჭდილებები და უნიკალური არქივი - კვირის პალიტრა

"უმძიმესი რამეები ვნახე აფხაზეთში... ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ჩვენ თვალწინ ჩამოასვენეს" - გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრების უმდიდრესი შთაბეჭდილებები და უნიკალური არქივი

გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრების უმდიდრესი შთაბეჭდილებები და უნიკალური არქივი

ალბათ, ძალიან ცოტას თუ ჰქონია პატივი, როგორიც ჟურნალისტს, საზოგადო მოღვაწესა და თბილისის საპატიო მოქალაქეს - გრიგოლ ჩიგოგიძეს ერგო. მან მთელი ცხოვრება, ტელევიზიაში, "პიონერფილმში", ლეგენდარული ადამიანების გარემოცვაში გაატარა და საქართველოში გამორჩეულად უმდიდრესი არქივი შექმნა...

გრიგოლ ჩიგოგიძემ ვრცელ ინტერვიუში დაუვიწყარი შეხვედრების, თავის საინტერესო ცხოვრების შესახებ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

- მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე ვცხოვრობდი, პიონერთა სასახლესთან ახლოს და სასახლეში სხვადასხვა წრეზე დავდიოდი... ერთხელაც დავინახე, კინოფირების ყუთები ეწყო, დავინტერესდი, რა ხდებოდა, ახლოს მივედი და ვნახე, რომ კინომოყვარულთა სტუდია გაიხსნა. რასაკვირველია, ამ სტუდიაში მაშინვე ჩავეწერე, რომელსაც "პიონერფილმი" დავარქვით... მაშინ მისი ხელმძღვანელი გულბაათ აბელიშვილი გახლდათ, ბავშვები შემოგვიერთდნენ ქართულის კაბინეტიდან, რომლის პედაგოგი იყო ფაცია პაიჭაძე, ზეზვა ღუღუნიშვილი, გურამ კაშმაძე, თინა ყალიჩავა, თამაზ ხუციშვილი, მერაბ ოდიშარია, მერი ცერცვაძე, მანანა აბრამიშვილი... ყველანი საქართველოს საამაყო შვილები გამოვიდნენ. დრამატურგის - მანანა აბრამიშვილის პიესები დიდხანს იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში... ასე დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა კინოსტუდიაში, სადაც პირველი ფილმი გადავიღეთ, რომელსაც - "ჩვენ მეგობრები ვართ" დავარქვით... ეს ფილმი გადაღებულია 35-მილიმეტრიანი კინოფირით და იმავე აპარატით, რომლითაც გადაღებულია ფილმი "დარიკო"... 10 კილო იყო მისი აკუმულატორი, 5 კილო - შტატივი და ყველაფერ ამას ჩვენი საყვარელი ზეზვა ღუღუნიშვილი დაატარებდა. იგი აღნაგობით ყველასგან განსხვავებული იყო და ვფიქრობ - ჭკუითაც... მოგვიანებით დეპუტატი გახდა, მაგრამ "პიონერფილმთან" ყოველთვის მეგობრობდა.

შემდეგ მე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი, თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პარალელურად, 1959 წლიდან მუდამ საქართველოს ტელევიზიაში ვმუშაობდი... 15 წლის ვიყავი, რომ მივედი და 16 წელი იქ შემისრულდა... დღემდე ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის უკეთესი პროფესია არ შეიძლება იყოს, ვიდრე ჟურნალისტობაა... ჩანთაგადაკიდებული დავდიოდი, საკუთარი კამერით, მანქანით და "მოამბისთვის" ზუსტად ის ვიყავი, რაც სჭირდებოდა... მთავარი რედაქტორი ნოდარ წულეისკირი გახლდათ, საოცარი კაცი! ახლანდელი თვალით რომ ვუყურებ, იგი ცოტა დისიდენტიც იყო, ისეთი თანამშრომლები ჰყავდა შემოკრებილი - გივი გეგეჭკორი, ფილიპე ბერიძე და ისეთი ხალხი, იმ დროისთვის რომ განსხვავებულად აზროვნებდნენ.... მოგვიანებით ნოდარ წულეისკირის პიესის მიხედვით მიხეილ ჭიაურელმა ფილმი - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გადაიღო... ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროს ნოდარ წულეისკირი კულტურის მინისტრიც გახდა.

chigogidze-2-1679492556.jpg

- საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში" საქმიანობას მადლიერებით იხსენებთ?

- "მოამბეში" ასპარეზი მომეცა და რაც მსურდა, იმას ვაკეთებდი. ხან ფოტოს, ხან კინოს ვიღებდი... ამდენი ხნის, 50-60-იანი წლების შემდეგ ჩემი ნეგატივების ყუთი გავხსენი, გაშიფვრაში "პიონერფილმელი" კახა ქარელი დამეხმარა და საოცარი ფოტოები აღმოვაჩინეთ... გამოჩენილი ადამიანების ფოტოებია, რომლებიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული - ბელა მირიანაშვილის, ვერა წიგნაძის, დოდო ჭიჭინაძის, ვასო გოძიაშვილის, სრულიად ახალგაზრდა რობიკო სტურუასი... მიშა თუმანიშვილი ვერ წარმომედგინა, თუ ისეთი სიმპათიური იყო, როგორიც გადავიღე... დაახლოებით, 50 ნეგატივია გაშიფრული და 1 500 კიდევ მაქვს. სამი წლის მერე ბევრი და უკეთესი კადრები მექნება...

- "პიონერფილმზე" რას იტყვით?

- იქაურობა ისე მოვაწყვეთ, როგორიც გვჭირდებოდა - პატარა სამონტაჟოთი, დიდი ტელევიზორით... შეხვედრებს ვაწყობთ... მაგალითად, შეხვედრა გვქონდა ძალიან საინტერესო ადამიანთან, ალექსანდრე ბეთანიშვილთან. იგი ავსტრიაში კინომოყვარულთა და ვიდეომოყვარულთა სტუდიის დამაარსებელია. ჩვენ იქ ხშირად ჩავდივართ. ასევე - ბაქარ შარაშენიძესთან, რომელმაც ახლახან საინტერესო ანიმაციური ფილმი გადაიღო; კინორეჟისორ გოგი ტორაძესთან...

chigogidze-1679492598.jpg

გვინდა ჩვენმა ბავშვებმა, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი იცოდნენ. მეტრო "თავისუფლებასთან" ლათინო-ამერიკის წარმომადგენელი მუსიკოსები არიან ხოლმე და მინდა, ჩვენთან მოვიწვიოთ, თავიანთ მუსიკაზე, შემოქმედებაზე გვესაუბრონ... დაგეგმილი გვაქვს გია ბაღაშვილის მოპატიჟება... თამუნა სამბაიამ ძალიან საინტერესო იდეა შემოგვთავაზა: მისი იდეით რუსთაველის თეატრის მსახიობი - თემიკო ჭიჭინაძე მოვიწვიეთ და გადავიღეთ...

გარდა ამისა, ჩაშვებული გვაქვს ფილმი, სახელწოდებით - "მასწავლებელი"... ყოველ წელიწადს ვატარებთ კინოს დღეს და იმ დღეს "პიონერფილმის" პრეზიდენტს ვირჩევთ, უკვე 57-ე პრეზიდენტი ავირჩიეთ...

2022 წლის 7 ნოემბერს "პიონერფილმის" 65 წლის იუბილე აღვნიშნეთ.

chigogidze-4-1679492576.jpg

- ტელევიზიასაც საიუბილეო თარიღი ჰქონდა...

- დიახ, პირადად მე, შეიძლება ითქვას, ტელევიზიის პირმშო ვარ, ძალიან მიყვარს იქაურობა და როდესაც ტელევიზიას 66 წელი შეუსრულდა, ტელევიზიის პირველ სტუდიაში აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით. დიდი მადლობა ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ თინა ბერძენიშვილს, ყველანაირად ხელი შეგვიწყო... ის ადამიანები მოვიწვიე, ვინც უკვე დიდი ხანია, ტელევიზიაში მუშაობენ და ძალიან ლამაზი შეხვედრების, ურთიერთობის საღამო გამოვიდა... რაც ყველაზე საინტერესო იყო, ორი თვით ადრე, 26 ნოემბერს, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავავრცელე - მეგობრებო, ჩვენი ტელევიზია ხვალ შეიძლება სხვა შენობაში გადავიდეს და ამიტომაც მოდით ამ შენობის წინ, რომელიც კოსტავას ქუჩაზეა, შევიკრიბოთ და ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ-მეთქი... თქვენ წარმოიდგინეთ, სამასი ადამიანი მოვიდა და შესანიშნავმა მხატვარმა, ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ ისტორიული ფოტო გადაიღო...

chigogidze-5-1679492615.jpg

- ძალიან ხშირად ხვდებოდით ლეგენდარულ ქართველ არტისტებს...

- დიახ, ძალიან ლამაზი შეხვედრა მოვუწყვეთ ვასო გოძიაშვილს თეატრალურ ინსტიტუტში... ვასო გოძიაშვილმა ინსტიტუტი დაათვალიერა, რექტორს - ეთერ გუგუშვილს შეხვდა... შემდეგ ჩვენთან შემოიხედა და რომ გვკითხა, ვინ ხართო, ვუთხარით, რომ თეატრმცოდნეები ვიყავით... გვითხრა, თქვენ საშიში ხალხი ყოფილხართო... მერე მსახიობებთან იყო დაუვიწყარი შეხვედრა...

ერთხელ, ლექცია გაგვიცდა და ჩვენთან აკაკი ხორავა შემოვიდა. პირველად ვნახე ახლოს და მართლაც საოცარი, ბუმბერაზი კაცი იყო... მიშა ჭიაურელი რამდენად დიდი რეჟისორი იყო, რომ ფილმში - "გიორგი სააკაძე" აკაკი ხორავა გადაიღო... ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ხორავა ალბანეთის დიდი მხედართმთავრის როლშიც გადაიღეს ფილმში - "სკანდერბეგი"...

"პიონერფილმის" ბავშვები ხშირად დამყავდა რამაზ ჩხიკვაძესთან. ძალიან თბილად შეხვდა მათ, სუფრაც გაუშალა...

ჩვენი სტუდიის დიდი მეგობარი იყო რეზო ჩხეიძე. ამბობდა, ყველა ფილმის პრემიერა ამ სასახლეში მაქვს გამართულიო... "მაგდანას ლურჯას" პრემიერა რომ იყო, მაშინ ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი და შორიდან ვუყურებდი... რეზო ჩხეიძემ ბოლოს მითხრა, აბა, რა გაჩუქოო?.. და ქუდი მაჩუქა, ეს სამახსოვრო ქუდი სასახლეში მაქვს შენახული. ძალიან საყვარელი კაცი იყო, გამორჩეული... ქუთაისში სახლი გაიხსნა, რომელსაც "ჯარისკაცის მამა" ჰქვია. ქალბატონი ინეზა ავალიანი ხელმძღვანელობს, იქ უამრავი ღონისძიება ჩატარებულა...

ჩვენი ხშირი სტუმარია ელდარ შენგელაია... იგი ბავშვობისას სასახლესთან ახლოს ცხოვრობდა და ალპინიზმის კაბინეტში ხშირად დადიოდა. ერთხელ მითხრა, ძალიან მინდა, ალექსანდრა ჯაფარიძის საფლავთან მივიდე, ხომ არ იცი, სად არისო? დავაზუსტე სადაც არის და ორივე წავედით...

კახი კავსაძეს გავიხსენებ, საოცარი ადამიანი იყო... ერთხელ, ჩვენთან მოვიდა, ბავშვებთან საათ-ნახევარი იჯდა, ძალიან ბევრი და სასიამოვნოდ ისაუბრა...

ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოვიდა, ლექსად ასეთი სიტყვები ჩაგვიწერა - "თქვენთან ყოფნას რა სჯობს, "პიონერფილმს" გაუმარჯოს".

- ცალკე ღონისძიება მიუძღვენით ფილმ "ქეთო და კოტეს", რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშია გადაღებული...

- დაახლოებით, 28 წლის წინ სურვილი გამიჩნდა, სასახლეში დიდი ზეიმი მომეწყო, რომელიც "ქეთო და კოტეს" მივუძღვენი... ვფიქრობ, რაც კი სასახლეში ჩამიტარებია, ეს საღამო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ტელევიზიით გამოვაცხადეთ, რომ ყველა, ვინც კი ამ ფილმში მონაწილეობდა - მსახიობი, რეჟისორი, გრიმიორი და ასე შემდეგ, ჩვენთან შევკრებილიყავით... ამ ფილმის მონაწილე, დაახლოებით, ოცი ადამიანი მოვიდა, რასაც არავინ ელოდა. მათ შორის იყო ბატონი ვახტანგ ტაბლიაშვილი... მათ დიდი ტორტი გამოვუტანეთ, რომელზეც 80 სანთელი ენთო... ვახტანგ ტაბლიაშვილი 80 წლის გახდა და მის იუბილეს აღვნიშნავდით. ბატონმა ვახტანგმა ტორტზე ანთებულ სანთლებს რომ შეხედა, იხუმრა, ამას ერთი მტვერსასრუტი სჭირდება ჩასაქრობადო.

5443534-1679492825.jpg

შემდეგ ყველა დერეფანში გავიყვანეთ, სადაც ხალიჩები იყო გადმოფენილი, მედუდუკეები უკრავდნენ, გოგონები ბალეტს ცეკვავდნენ... იმ აივანთან გავედით, სადაც ის სცენაა გადაღებული, კოტე რომ ეუბნება - მე მოველ, რათა გული გადაგიშალოო... აივანზე მემორიალური დაფა გავხსენით, რომელზეც შემდეგი წარწერაა - " ამ აივანზე გადაღებულია "ქეთო და კოტე"... შემდეგ ვახტანგ ტაბლიაშვილმა ბიოგრაფიული წიგნი დაწერა და წიგნში აღნიშნულია, რომ აივანზე მემორიალური დაფა გაიხსნა... აივნიდან ყველანი მსახიობთა დარბაზში გადავედით, სადაც სასახლის ბავშვების ბიჭუნათა გუნდმა ოპერიდან "ქეთო და კოტე" ნაწყვეტი - "სალამი ჩვენს მასპინძელსა" შეასრულეს... დოდო ჭიჭინაძემ ხელები გაშალა და ისე იცეკვა, არასოდეს დამავიწყდება. რაღაც სასწაულად გამოვიდა ეს ყველაფერი.

მეორე სამახსოვრო საღამოც გვქონდა, რომელიც ტელესერიალ "შუა ქალაქის" პრემიერებს მივუძღვენით... მაშინ ამ სერიალის ძალიან დიდი ბუმი იყო და დღემდე აქტუალურია... მსახიობები რომ მოვიწვიეთ, დარბაზში მაყურებლები სკამებზე კი არ ისხდნენ, არამედ - იდგნენ... ყველა მსახიობს ძალიან თბილად შეხვდნენ, განსაკუთრებულად კი - იუზა ბიძიას შემსრულებელს. იგი ხელში აყვანილი წაიყვანეს ტაქსის გაჩერებამდე... აი, ასეთი სახალისო და კარგი საღამოები გვაქვს... ეს ვიდეოკადრები შენახულია, დროდადრო ვაჩვენებთ და გვსიამოვნებს...

ძალიან მიყვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. სულ ვფიქრობ, ახალი რა გავაკეთო. ახლაც ფესტივალისთვის ვემზადებით... 1978 წლის ზაფხულში მოსკოვიდან წერილი მოგვივიდა, რომ ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) ფესტივალი ტარდებოდა.. ფესტივალზე მე, ლევან დადიანი, გიორგი გაჩეჩილაძე და ემზარ ცუცქირიძე წავედით... იქაური სიტუაცია ძალიან მოგვეწონა და ვიფიქრე, ასეთი ფესტივალი რატომ არ შეიძლება თბილისში ჩავატაროთ-მეთქი... მაშინ სასახლის დირექტორი ზურაბ ლომიძე გახლდათ, მან მხარი დამიჭირა და გადავწყვიტეთ, რესპუბლიკური ფესტივალი მოგვეწყო... რუსული გაზეთის კორესპონდენტმა საქართველოში, გვარად ოგანეზოვამ დაწერა, ასეთი ფესტივალი თბილისში რომ ტარდებოდა და მოსკოვიდან თხოვნა მოვიდა, თუ შეიძლება საკავშირო ფესტივალი იყოსო, რაზეც დავთანხმდით... 250 კაცი ჩამოვიდა რუსეთიდან, შემდეგ უცხოელებზეც ითხოვეს და 50 კაცი უცხოეთიდან ჩამოვიდა, მათ შორის არგენტინელებიც იყვნენ... სასტუმრო "ივერია" სტუმრებისთვის მთლიანად ავიღეთ... ფესტივალი "თბილისური აისი " ძალიან დიდი ტრიუმფით ჩატარდა... წელს უკვე მეთხუთმეტე ფესტივალი იქნება. ძალიან შეგვიწყო ხელი გრიბოედოვის სახელობის თეატრმა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა, სამი დღე იქ ვიქნებით... სასახლე დაკეტილია, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი თიკა რუხაძე, რომელსაც "ყინულმჭრელი" დავარქვი... სადაც მივა, ყველანაირ საქმეს აგვარებს. ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს... მინდა დავასახელო "პიონერფილმის" ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმატებულები არიან - სალომე კენჭუაშვილი, ანა ზაალიშვილი, ნინი ბიჩინაშვილი, მეცხრეკლასელი - ნიკა ზუბაშვილი... "პიონერფილმს" გაუჭირდებოდა ცხოვრება, რომ არ გვეხმარებოდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან - ვახტანგ ვეფხვაძე, თამაზ შილაკაძე, გია მამულაშვილი, გია ჩაჩუა, სერგო ბუიღლიშვილი... "პიონერფილმი" იმიტომ დგას დღესაც მყარად ფეხზე, რომ პედაგოგები "პიონერფილმელები" არიან - ეთერ ფარჩუკიძე, მაია ლანდია, ნინო ჩიგოგიძე, სვეტლანა მარჯანიშვილი.

- თქვენს ლამაზ პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ...

- 1995 წელს დავქორწინდი... ტელევიზიის მარჯვენა დერეფნიდან ულამაზესი ქალი - ნინო კალაძე (ამჯერად ჩიგოგიძე) დავინახე, სამშაბათს გავიცანი და შაბათს უკვე ორასკაციანი ქორწილი გვქონდა... მყავს ორი ვაჟი, ძალიან წესიერი, კარგი, საყვარელი ბიჭები არიან.

chigogidze-3-1679492726.jpg

გრიგოლ ჩიგოგიძე თავისი ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში რამდენიმე ქვეყნის პირველ პირს შეხვედრია... ზოგიერთ მათგანთან შეხვედრას იგი ჩვენთან საუბარში იხსენებს:

- 1991 წელს ავსტრიაში ვიყავით "პიონერფილმის" 15 ბავშვთან ერთად, ჩვენი მეგობრის - ჰერმან ბლაშკეს საოცარ სახლში ვცხოვრობდით. იგი ყოველდღე მეუბნებოდა, ხვალ ამა და ამის პრეზიდენტთან მივდივართო (იქ, მოგეხსენებათ, ყველაფრის დირექტორს პრეზიდენტი ჰქვია)... ერთხელაც მეუბნება, ხვალ პრეზიდენტთან მივდივართო... ვიფიქრე, ერთ-ერთ მორიგ პრეზიდენტთან თუ მივდიოდით, მაგრამ თურმე ამჯერად ნამდვილ პრეზიდენტს უნდა ვსტუმრებოდით... ბავშვები გავაფრთხილეთ, დავამწკრივეთ და ავსტრიის პრეზიდენტის სასახლეს ვეწვიეთ. ყველას გვახსოვს ფილმი "ამადეუსი", როგორ შედის პატარა მოცარტი, ზუსტად ისე პირღია დავდიოდით სასახლეში. გვერდებზე ხომ სარკეებია, ჭერზე საოცარი ნახატები და - იატაკიც განსაცვიფრებელი... მართლაც, დიდებულად მიგვიღო ავსტრიის პრეზიდენტმა. ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული შეხვედრა იყო, ჩვენ ხომ გაგვიხარდა და ავსტრიის პრეზიდენტიც გახარებული იყო ქართველ ბავშვებთან შეხვედრით...

- მომდევნო შეხვედრა რომელი იყო?

- ჩემი ძმისშვილი, პროფესორი, ძალიან კარგი ექიმი მალხაზ მიზანდარი გახლავთ... ერთხელ მალხაზმა მითხრა, ათონის წმინდა მთაზე მივდივარ, იქაურ მამებს უნდა ვუმკურნალო, გამოკვლევები ჩავუტაროო და შემომთავაზა, წავსულიყავი, იქაურობა გადამეღო... ბუნებრივია, ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

ჩავედით, იქ ათი დღით ვიყავით და ერთ დღესაც ჩვენმა იქაურმა მასპინძელმა გვითხრა, ხვალ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდისო. მართლაც ჩამოვიდა დიმიტრი მედვედევი, მაშინ ის გახლდათ რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

მოგეხსენებათ, ათონის მთაზე ათი მონასტერია და ყველა მონასტერს ძალიან კარგი მარანი აქვს... მედვედევს ერთ-ერთ საუკეთესო მარანში შევხვდით, ერთმანეთს ჭიქები მივუჭახუნეთ და მე ვუთხარი, საქართველოსთან ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით-მეთქი... მითხრა, მე საქართველო ძალიან მიყვარსო, მაგრამ, სამწუხაროდ, მალე, 2008 წელს გამოჩნდა, რა სიყვარულიც იყო...

2323-1679492854.jpg

- ხშირად ხვდებოდით ედუარდ შევარდნაძეს...

- დიახ, შევხვედრივარ საქართველოს პირველ პირს - ედუარდ შევარდნაძეს... ერთხელაც კომკავშირის ცეკაში ახალგაზრდა მეჩაიეების შეხვედრა გაიმართა. იმ დროს კინოფირის შოვნა წარმოუდგენლად რთული იყო და როცა ფირი არ იყო, ფოტოებზე ვიღებდით... ფოტოზე გადავიღე, მაგრამ შევარდნაძის ფოტო კარგად არ გამოვიდა. ჩემი რედაქტორი გახლდათ თამაზ ხომერიკი, ძალიან ვუყვარდი და მმფარველობდა... მან მითხრა, არაფერი ჩანს, წადი, თავიდან გადაიღე, ფრთხილად იყავი, შევარდნაძე მაგარი კაციაო... წავედი ედუარდ შევარდნაძესთან, მისაღებში ქალბატონი მზია იყო და მას გავანდე, ასე და ასეა, კადრი გამიფუჭდა-მეთქი... ედუარდ შევარდნაძემ თავისთან მიხმო, გვარი რომ მკითხა და ვუპასუხე ჩიგოგიძე ვარ-მეთქი, გამეხუმრა, ილიკო შენი რა არისო?.. რამდენიმე კადრი იქაც გადავუღე და შემდეგ უკვე აფხაზეთის ომშიც ვხვდებოდი.

"პიონერფილმმა" რომ ფესტივალი "თბილისური აისი" ჩაატარა, ასეთი რამ თქვა, წლევანდელი ღონისძიებებიდან გამორჩეულია ფესტივალი "თბილისური აისიო"... ეს გაზეთიც შენახული მაქვს... მედალიც, ორდენიც გადმომცა ედუარდ შევარდნაძემ...

აი, ასეთი შეხვედრები იყო პრეზიდენტებთან.

- ცალკე საუბრის თემაა თქვენი აფხაზეთში ყოფნა, სადაც ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფებოდით...

- დიახ, იქ თითქმის სამი თვე ვიმყოფებოდი... პირველად ჩემმა მეგობარმა, გამოცდილმა ჟურნალისტმა - ლევან დოლიძემ წამიყვანა. საკუთარი თვალით მართლაც უმძიმესი რამეები ვნახე... ჩვენ თვალწინ წამოასვენეს ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი...

ვერ ვიტყოდი, რომ წინა ხაზზე ყოფნა მიწევდა, მაგრამ საფრთხე ყველგან დიდი იყო... ერთხელ, ლევან დოლიძეს ხუმრობით ვუთხარი, იმ ქუჩებზე უკვე მტერია, მე გადავირბენ და ნახავ, რამდენი ტყვია მომხვდება-მეთქი... ხტუნვით, კამერაჩართული გადავედი და უეცრად მართლაც იმდენი ტყვია მომაყარეს, როგორ გადავრჩი, არც ვიცი... სოციალურ ქსელში ვიდეო რომ დავდე, მითხრეს, ალბათ, ცუდი სნაიპერი იყო, თორემ ასე არ აგაცილებდაო...

ოჩამჩირეში რომ ვიყავით, იქ ერთი დიდი მანქანა შემოვიდა, სამხედროებით სავსე... რომ გადმოდიოდნენ, მიკროფონი მივიტანე და ვუთხარი, ბიჭებო, ყველამ თქვით, ვინ ხართ, რა ხართ-მეთქი... დაახლოებით, ოცდაათმა ბიჭმა თავის სახელი და გვარი თქვა, მერე ერთად იმღერეს - "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“... ძალიან კარგი ჩანაწერი გამოვიდა.

ჯაბა იოსელიანთანაც მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი, სადაც ამბობს - "ლობიობა კი არ არის მშვიდობა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, მშვიდობა რომ იყოსო..."

აფხაზეთიდან რომ მოვფრინავდით, იმ თვითმფრინავით წამოასვენეს ახალგაზრდა მსახიობი ლევან აბაშიძე... შემონახული მაქვს კადრები...

ეს ახალგაზრდები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ნათელი იდეები ჰქონდათ, საქართველოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა უნდოდათ, შეენარჩუნებინათ.

(სპეციალურად საიტისთვის)