"პასუხისმგებლობა რეჯეფ ერდოღანს ეკისრება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს": ასეთი მოწოდებები მიწისძვრის შემდეგ მატულობს"
ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პასუხისმგებლობა რეჯეფ ერდოღანს ეკისრება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს": ასეთი მოწოდებები მიწისძვრის შემდეგ მატულობს" (ავტორი - ნატალია ვასილიევა).
"სანამ ოდესღაც აყვავებული თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობა დახმარებას ელოდა კატასტროფული მიწისძვრით დანგრეული შენობების ქვეშ ცოცხლად დამარხულების გადასარჩენად, მუდმივად ყველას თავში ერთი კითხვა უტრიალებდა: "სადაა მთავრობა?".
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 45 ათასი სიცოცხლე შეიწირა, უსახლკაროდ დატოვა მილიონობით ადამიანი და პირისაგან მიწისა აღგავა შენობები ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ფართობით თითქმის გერმანიას უტოლდება.
რაც დრო გადიოდა, მატულობდა დაზარალებულების აღშფოთება მთავრობის დახმარების ნელი ტემპებისა და სამშენებლო ნორმების დარღვევის გამო, რომელიც მიწისძვრის ზონის მიღმაც მრავლად იქნა გამოვლენილი. შესაბამისად, მოსახლეობის რისხვის ცენტრში თანდათან მოექცა ქვეყნის ძლიერი ლიდერი, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
გასულ კვირას სტამბოლში თურქეთის ორი დიდი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა, პრეზიდენტის საყვარელი გუნდის ჩათვლით, სტადიონზე ასეთი შეძახილები დაიწყეს - "ერდოღან, გადადექი!" და "სიცრუე, სიცრუე, სიცრუე!". ერთ-ერთი მატჩის დროს კი მინდორზე ასობით სათამაშო მიმოფანტეს მიწისძვრის შედეგად დაღუპული ბავშვებისა და მათი მშობლების ხსოვნისათვის.
ცხადია, ორივე გუნდი დააჯარიმეს და მათ ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში, მაგრამ ასეთი ფაქტები მიუთითებს, რომ თურქეთში მოსახლეობის მრისხანების მასშტაბი მაღალია.
მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მიერ გამოხატული ასეთი რეაქციის გამო პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აშკარად შეშფოთებულია.
ამ კვირაში, როცა პრეზიდენტი მიწისძვრით დანგრეულ ქალაქ ადიამანს ეწვია, რეჯეფ ერდოღანი, მტირალი ქალების დანახვისას, თავაზიანად შეჩერდა და ბავშვებს ხელი მოჰხვია. მან თავისი ბრალიც კი აღიარა უჩვეულო წესით - ადგილობრივ მოსახლეობას "ჰელალიკი" სთხოვა, რაც ისლამურ-რელიგიური ტერმინია და ფართო გაგებით ნიშნავს "შემინდეთ და დაივიწყეთ".
იმ 20 წლის განმავლობაში, რაც იგი თურქეთის ლიდერია, ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი პრეზიდენტის სტატუსით, რეჯეფ ერდოღანმა ძლიერი ადამიანის იმიჯი შეიქმნა, ფართო უფლებამოსილებით და ქვეყანას ისე მართავს, როგორც თვითონ სურს - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება მასზე.
მაგრამ მიწისძვრამ მისი მთავრობის საქმიანობაში ფატალური შეცდომები გამოავლინა და რამდენადაც უკვე ბევრი ცდილობს, პასუხისმგებლობა პირადად რეჯეფ ერდოღანს დააკისროს, იმდენად მატულობს მისი ხელისუფლების გამოწვევის საფრთხეც.
"დიახ, რეჯეფ ერდოღანს პასუხისმგებლობა ეკისრება მიწისძვრის ასეთი საშინელი და გამანადგურებელი შედეგების გამო - იმიტომ, რომ მას თვითონ სურდა საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ამბობს სტამბოლელი სერა ქადიგილი, თურქეთის პარლამენტის დეპუტატი მემარცხენე მუშათა პარტიიდან, - "მან ჩვენ გვითხრა: - ყველაფერზე ვიქნები პასუხისმგებელი, მთავარია, რომ უფლებამოსილება მომცეთო. დღეს ყველა ვხედავთ მისი პასუხისმგებლობის შედეგებს".
სერა ქადიგილი უკვე თითქმის ერთი თვეა, მიწისძვრით ძლიერად დაზარალებულ ჰათაიას პროვინციაში იმყოფება და მოხალისეების საქმიანობას კოორდინირებს. იგი საკუთარი თვალით ხედავს ნგრევის მასშტაბებს. ანთაქიიდან ტელეფონით საუბრისას სერა ქადიგილმა თქვა, რომ მთავრობის რეაგირება ქაოსური იყო და ამიტომ დაბეჯითებით აცხადებს, რომ რეჯეფ ერდოღანისთვის ერთადერთ გამოსავალს თავისი ნებით გადადგომა წარმოადგენს: "ჩვენ ამ ადამიანთან ერთად 20 წელი ვიცხოვრეთ. უკვე მოთმინების ფიალა აგვევსო. აუცილებელია სისტემის შეცვლა. რეჯეფ ერდოღანი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. დანგრეული ქალაქების აღდგენა და ხელისუფლების სისტემის შეცვლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანებია ამჟამად".
სერა ქადიგილი მარტო არ არის: ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსი ცდილობს, კატასტროფისათვის პასუხისმგებლობა პირადად რეჯეფ ერდოღანს დააკისროს.
თურქეთის მუშათა პარტიამ უკვე წარადგინა 14-პუნქტიანი ბრალდება-საჩივარი გენერალურ პროკურატურაში, რომელშიც არის 24 მაღალჩინოსნის სია, პრეზიდენტის ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულნი, მათ შორის - მკვლელობებშიც.
"თურქი საზოგადოება შოკშია ჩავარდნილი - ადამიანები გრძნობენ სისტემის რღვევას...", - ამბობს "დეილი ტელეგრაფთან" საუბარში ასლი აიდინთაშბაში, ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, - "რეჯეფ ერდოღანის მიერ შექმნილ ისლამისტურ-ნაციონალისტურ კოალიციას, გადაწყვეტილების მიღების ჰიპერცენტრალიზებულ სისტემას და ავტოკრატულ უფლებამოსილებას თურქეთის საზოგადოებისათვის სიკეთე აღარ მოაქვს",
მოსახლეობის ფართო მასების უკმაყოფილება და იმედგაცრუება რეჯეფ ერდოღანს არჩევნებში დამარცხებით ემუქრება. შესაბამისად, დღეს ამ საფრთხის თავიდან აცილება პრეზიდენტისა და მისი პარტიისათვის მთავარ ამოცანად ითვლება, იმის გათვალისწინებით, რომ თურქული ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს.
ჯერ კიდევ მიწისძვრამდე სხვადასხვა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა გაერთიანების პროცესი დაიწყეს და მზადება გამოაცხადეს 14 მაისისათვის - არჩევნებისათვის, რომელსაც ბევრი რეჯეფ ერდოღანისათვის გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს. ე.წ. ექვსეულის მაგიდა აერთიანებს ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც ქსენოფობიაში შემჩნეული პოლიტიკოსები, ასევე - ქურთული მარგინალიზებული უმცირესობის დამცველი პარტიის ლიდერიც. მაგრამ ჯერჯერობით ისინი ვერ შეთანხმებულან ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც არჩევნებში რეჯეფ ერდოღანის გამოწვევა შეუძლია.
იყო დრო, როცა ოპოზიციაში ქემალ კილიჩდაროღლუ ლიდერობდა, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი, სტაჟიანი და გამოცდილი ასაკოვანი პიროვნება, რომელიც, ქარიზმის არარსებობის მიუხედავად, მაინც იმედის მომცემ პოლიტიკოსად ითვლება და შეუძლია, თურქი საზოგადოება დარაზმოს.
მაგრამ გასულ ხუთშაბათს ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა, თურქეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მერალ აქსენერმა ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი მხარს აღარ უჭერს ქემალ კილიჩდაროღლუს და უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პრეზიდენტობის ერთობლივ კანდიდატად პოპულარული რეგიონული ლიდერი, ანკარის მერი მანსურ იავასი დასახელდეს, რომელიც საუკეთესო არჩევანი იქნება.
იყო ლაპარაკი, აგრეთვე, ეკრემ იმამოღლუს შესახებაც - სტამბოლის ქარიზმატულ მერზე, რომელსაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ქვეყანაში, მაგრამ მას ოფიციალურად აკრძალული აქვს კანდიდატად წამოყენება მას შემდეგ, რაც თურქეთის სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების შეურაცხყოფაში.
"პრობლემები, რომლებიც ოპოზიციის წინაშე დგას, ტრადიციულია - როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის, ასევე - "ექვსეულის" იდეოლოგიური სხვაობის თვალსაზრისით. თურქეთის [ბოლო ორი-სამი ათეული წლის] პოლიტიკაში ოპოზიციის გაერთიანების პრობლემა ყოველთვის არსებობდა", - განმარტავს ასლი აიდინთაშბაში.
გასულ შაბათს რეჯეფ ერდოღანმა უარყო ოპოზიციის სავარაუდო საფრთხე: "ჩვენ უკვე გვაქვს მიზანი დასახული და რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი გეგმის შესრულებას ჩვენი "საგზაო რუკის" მიხედვით", - თქვა პრეზიდენტმა.
რადგანაც ქვეყნის ერთ-ერთი დიდი რეგიონი ჯერ ისევ ნანგრევებში იმყოფება, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვარაუდი გამოთქვა არჩევნების გადადების შესახებ, მაგრამ რეჯეფ ერდოღანმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ოპოზიციის ლიდერობის იმედი, დათანხმდა იმ თვალსაზრისს, რომ თურქეთს დროის დაკარგვა აღარ შეუძლია, სანამ რეჯეფ ერდოღანი და მისი პარტია ხელისუფლებაშია. "ჩვენ ვეღარ დაგაცდით ვერც ერთ წელიწადს და ვერც ერთ დღესაც. ხალხს უკვე აღარ შეუძლია თქვენი არაკომპენტენტურობის მოთმენა", - განაცხადა რეჯეფ ერდოღანის გასაგონად სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ