ესეების კონკურსი "გლობალური მოქალაქეობა" დასრულდა - გაიცანით გამარჯვებული აბიტურიენტი
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ორგანიზებით რიგით მეორე ესეების კონკურსის დასრულდა. კონკურსში, რომლის თემაც გლობალური მოქალაქეობა გახლდათ, საერთო ჯამში მონაწილეობა 125-მა აბიტურიენტმა მიიღო. მათგან კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 რჩეული ნამუშევარი გამოავლინა. საუკეთესო ესეს ავტორმა კი პრემია 1000 ლარის ოდენობით მიიღო. შერჩეული 6 ნამუშევარი Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საუკეთესო ესეს ავტორი გახდა მარიამ ხიზანიშვილი, რომლისთვისაც გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი იყო.
„გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან გახარებული ვარ ამ ამბით. კონკურსში 125 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ჩემი მეგობრებიც, რომლებიც საკმაოდ კარგად წერენ. ამიტომ გამარჯვების იმედი არ მქონდა, თუმცა მიხარია, რომ ასე მოხდა. ძალიან მადლობელი ვარ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალის, რომ ახალგაზრდებს ასეთი შესაძლებლობა მოგვცა. რაც შეეხება ჩემს ესეს, მასში გლობალურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი მქონდა განხილული,“ - აღნიშნა დაჯილდოების ღონისძიებაზე მარიამ ხიზანიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ესეც წაუკითხა.
ვებსტერ საქართველოს ვიცე-რექტორის ემინ ჰაჯიევის განმარტებით, კონკურსი მიზნად ისახავს აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება, იფიქრონ გლობალური მოქალაქეობის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე, გამოიკვლიონ და გამოხატონ თავიანთი ხედვები და მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად შევიკრიბეთ და ვმსჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენ, როგორც მსოფლიო მოქალაქეები, ვდგავართ. ვებსტერის უნივერსიტეტში ღრმად გვწამს, რომ მსოფლიო მოქალაქეობა არის საფუძველი იმისა, რომ შევქმნათ უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი მსოფლიო. ეს ეფუძნება ჩვენს საერთო მიზნებსა და გამოწვევებს, საერთო ქმედებასა და სწრაფვას, რომ ვიყოთ ერთად, ვიმუშაოთ ერთად და ერთიანობით შევქმნათ უკეთესი მსოფლიო. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, მსოფლიო მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. უნდა ვიპოვოთ გზები, რომლებიც ერთმანეთთან დაგვაკავშირებს, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და საერთო მიზნებით დავისახოთ. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ესეების კონკურსის თემაც. მინდა კონკურსის თითოეულ მონაწილეს მივულოცო. მათმა ესეებმა ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა. ესეების კონკურსით ვეცადეთ ახალგაზრდა თაობას დავხმარებოდით გლობალური მოქალაქეობის ისეთი თემები გაეაზრებითა, როგორიცაა: სიღარიბე, ადამიანის უფლებები, მდგრადი გარემო და სოციალური სამართლიანობა,“ - აცხადებს ემინ ჰაჯიევი.
კონკურსისთვის მოწვეული იყო სპეციალური ჟიური, რომლის წევრებიც იყვნენ.
· ალექსანდერ დანიელსი - საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი
· გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
· გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
· ტიმოთი ბლაუველტი - ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოს რეგიონული დირექტორი
ნაშრომები შეფასდა კრეატიულობის, თემის შესაბამისობისა და წერის ხარისხის მიხედვით. ჟიურის ერთ-ერთ წევრის ტიმოთი ბლაუველტის განმარტებით, კონკურსი ძალიან პოზიტიურია არა მხოლოდ მისი თემატიკის, არამედ ფორმატის გამოც.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის განმარტებით, ესეების კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
„დიდი მადლობა ვებსტერის უნივერსიტეტს ამ კარგი ტრადიციის შენარჩუნებისთვის. წერა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებისთვის კი კრიტიკული აზროვნება გადამწყვეტია. სწორედ ისეთი ქვეყნები არიან წარმატებული, რომლებსაც ბევრი კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე ჰყავთ. წერა კი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ უნარ-ჩვევის განვითარებისათვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ესეში შემხვდა ძალიან კარგად გავლებული პარალელები ეროვნულობასა და გლობალურობას შორის. გლობალურ მასშტაბზე აქტივობა შეუძლებელია თუ საწყისი ნაბიჯები ეროვნულ დონეზე არ გადაიდგა. საქმის ეროვნულ დონეზე კეთება საწინდარია იმისა, რომ მას მსოფლიო დონეზეც გააკეთებ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ახალგაზრდა, რომელმაც ეს თემა დაწერა, უკვე გამარჯვებულია. მათ ვუსურვებ, არ დაკარგო შემართება და მოტივაცია,“ - აღნიშნა გიორგი მუჩაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული რიგით მეორე ესეების კონკურსი, რომელიც აბიტურიენტებისთვის ჩატარდა.
R