"ერთადერთი ამოცანაა, 2024 წლისთვის ველი ისე მოსუფთავდეს, აღარავინ იყოს, ვინც გააკრიტიკებს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს"
იმ პირობებში, როცა თქვენს მიერ ახლა განხილული და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, რაღაც დროში, კანონად ქცეული დოკუმენტი საქართველოში აკრძალავს კრიტიკულ, განსხვავებულ აზრს, დაიწყება განსხვავებული აზრის ტოტალური დევნა, დაპატიმრებები, დახურვა, ჩაწიხვლა, რას ფიქრობთ, ეს იქნება ნორმალური გარემო 2024 წლის არჩევნებისთვის? - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია.
როგორც ახვლედიანმა განმარტა, „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ახალი კამპანია, რაც კანონპროექტშია გამოხატული, მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას.
„ჩვენ, ალბათ, მთავარი კითხვა უნდა დავსვათ - რა მიზანს ემსახურება კანონპროექტი, რა არის მთავარი მიზანი, არის თუ არა ის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან, საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიასთან? თუ ეს ასეა, მაშინ შესაძლოა, კითხვა ნაკლები იყოს, ან საერთოდ აღარ იყოს. დავიწყოთ მთავარი კითხვებით - ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს არის განსაზღვრული და ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ამის შესახებ ვიცით ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გამოხატული აზრი, აღარაფერს ვამბობ ისტორიაზე და მრავალსაუკუნოვან ბრძოლაზე. სამწუხაროდ, 2023 წლის დასაწყისში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა აღმოვაჩინეთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ახალი კამპანია, რაც ახლა გამოხატულია ამ კანონპროექტში, პირდაპირ ისახავს მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მინდა მომხსენებელს ვკითხო, თუ შეგიძლიათ განმარტეთ, რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. ძალიან სიმბოლურია, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფებით, ალბათ, კომიტეტის წევრებს, არც სხვას არავის არ სჭირდება შეხსენება, რას ნიშნავს სამართლის უზენაესობა. ყველას მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ევროპა და მასში არსებული უმთავრესი საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო და სხვები, დგანან, არსებობენ, ფუნქციონირებენ 3 უმთავრესი ფუნდამენტური პრინციპის დასაცავად - ეს გახლავთ, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ვკითხავდი ბატონ მომხსენებელს, რას ფიქრობთ თქვენ, თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი, ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს, საითაც ჯერ კიდევ ფორმალურად გაცხადებული გვაქვს, რომ მივდივართ, ეხიდება, ეხმიანება, თუ ეწინააღმდეგება? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თანხვედრაშია, გთხოვთ, ახსნათ, რაში ხედავთ ამ ჰარმონიას. მე შემიძლია თქვენ დაგისაბუთოთ არგუმენტირებულად, რატომ არის ის სრულ დისჰარმონიაში, რატომ ეწინააღმდეგება და კლავს ამ პროცესს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მან გურამ მაჭარაშვილს კიდევ რამდენიმე კითხვით მიმართა.
„იმ პირობებში, როცა თქვენს მიერ ახლა განხილული და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, რაღაც დროში, კანონად ქცეული დოკუმენტი საქართველოში აკრძალავს კრიტიკულ, განსხვავებულ აზრს, დაიწყება განსხვავებული აზრის ტოტალური დევნა, დაპატიმრებები, დახურვა, ჩაწიხვლა, რას ფიქრობთ, ეს იქნება ნორმალური გარემო 2024 წლის არჩევნებისთვის? ზუსტად ვიცი, ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომლის ერთადერთი ამოცანა გახლავთ, 2024 წლისთვის ველი ისე მოსუფთავდეს, აღარავინ იყოს, ვინც გააკრიტიკებს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ვინც შეძლებს დაჩაგრული ადამიანების უფლებების დაცვას. კარგად ვაცნობიერებ, რომ მე თქვენ ახლა გესაუბრებით და გისვამთ ამ შეკითხვებს, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე გაქცეულია საქართველოდან და დარჩენილების უმრავლესობა გადარჩენისთვის იბრძვის. ამის ფონზე, ბატონო მომხსენებელო, კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენს მიერ ინიცირებული პროექტი, ოდნავ მაინც ხელს შეუწყობს დარჩენილების უფლებების დაცვას, როცა მათი უფლებები ასე უხეშად ირღვევა? მაგრამ ჩემ თანამოქალაქეებს უნდა ვუთხრა, ჯერ სად არიან! ყველაზე მთავარი დარღვევები და მათი უფლებების შელახვა წინ არის. შესაბამისად, გთხოვთ, განმარტოთ, ეს პროექტი რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხთან და მომდევნო არჩევნების კონტექსტში რას მივიღებთ თქვენი ხელით გამომცხვარი კანონის მეშვეობით? - აბსოლუტურად მოსუფთავებულ სამართლებრივ, პოლიტიკურ ველს, როცა არჩევნების ჩატარება მთლიანად იქნება დაკისრებული ე.წ. ძალოვან სტრუქტურებზე და ადმინისტრაციული რესურსით ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე თქვენ შეძლებთ, ხელახლა გადაიფორმოთ ძალაუფლება და ასე განაგრძოთ იქამდე, ვიდრე სავარაუდოდ, ქართველი ხალხი, რომელსაც ყელში უკვე ამოუვიდა, კიდევ უფრო მეტად ამოუვა ეს მმართველობა, განაჩენს არ გამოგიტანთ. თუ შეიძლება მიპასუხეთ ბატონო მომხსენებელო, თქვენ, როგორც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, იღებთ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც აღარ უტოვებთ არც ერთ სხვა გზას, საშუალებას, თუ არა, რომ თქვენ და თქვენს მმართველობას ყველა სახის წინააღმდეგობა გაგიწიოთ ჯერ კიდევ დაშვებული კონსტიტუციის მიერ. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეცვლით - თქვენი მმართველობის მომდევნო ნაბიჯი ეს იქნება, როცა კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები გაჩნდება, რაც სრულად აკრძალავს თავისუფალ სიტყვას, კრიტიკას და გაუქმდება საქართველოში არჩევნები“, - განაცხადა ახვლედიანმა.
IPN