"ჩვენი მამა გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში... ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ!" - ნანკა კალატოზიშვილი და მისი ძმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებს აპროტესტებენ
"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, მოქალაქეები და ცნობილი სახეები კულტურის სხვადასხვა სფეროდან. მათ შორის არიან მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და მისი ტყუპისცალი ძმა, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი გიორგი კალატოზიშვილი.
გიორგი:
"ჩვენი მამა, ვლადიმერ კალატოზიშვილი გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში ტამიშთან, 1992 წლის 7 დეკემბერს - ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ იქ ვართ, სადაც ახლა იქნებოდა ვოვა!"
აქციის მიმდინარეობას "ტვ პირველთან“ ისაუბრა მსახიობმაც. ნანკას თქმით, "ქართული ოცნება" გარეწარი აღმოჩნდა...
"ეს კანონი არ არის კარგი და საერთოდ, ჩვენ ეს 10 წელი გავატარეთ "ქაჯების და გოიმების" ძახილში და ქაჯები და გოიმები კი არა, გარეწრები აღმოჩნდნენ და ამას ძალიან ბევრი ძალიან გვიან მიხვდა. დიდი შანსი მივეცით, რეალურად და მგონია, რომ ჩვენს თაობას და პატარა თაობას თავისი ბრძოლის დრო მოუვიდა, იმიტომ, რომ უფროსმა თაობამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ კიდევ ძალა გვაქვს აქ გამოსასვლელად. საერთოდ არ მესმის ხელისუფლებას პრორუსს რატომ ვეძახით, იმიტომ, რომ ღიად რუსული ხელისუფლებაა და მას უნდა დავუპირისპირდეთ, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ... თუ თავისი გაიტანეს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისევ რუსული ჩექმის ქვეშ იცხოვრებენ..."
ambebi.ge