ახალგაზრდა გოგონას დაწყებული მცირე ბიზნესი და წარმატების ისტორია
მარიამ ტაბაღუა 25 წლისაა, თუმცა უკვე 7 წელია, საკუთარი ბიზნესი აქვს. როდესაც საქმის დაწყება გადაწყვიტა, სულ რაღაც 18 წლის იყო და როგორც თავად იხსენებს, ბევრი სკეპტიკურად უდგებოდა მის წამოწყებას. მარიამის მთავარი მოტივაცია ოჯახი გახდა, რომელიც მოულოდნელად შემოსავლის გარეშე დარჩა, დედამ კი სახლში აბიტურიენტების მომზადება დაიწყო.
„რაც დრო გადიოდა, მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ყველა ხედავდა, როგორი წარმატებით აბარებდნენ ბავშვები მისაღებ გამოცდებს. ძალიან მინდოდა, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს დავხმარებოდი იმ მძიმე წუთებში. მეორე მხრივ, ვხედავდი, რამხელა შრომას დებდა დედაჩემი ამ საქმეში, რამდენად უსაზღვრო იყო მისი ფანტაზია და ვაცნობიერებდი, როგორ შეეძლო თითოეული ბავშვისთვის ერთი ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი ჯადოსნურად ექცია. სწორედ ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა ისეთი სივრცე, რომ ეს ჯადოსნური ენერგია, ფანტაზია და ხელოვნების სიყვარული ყველასთვის გაეზიარებინა,“ - იხსენებს მარიამი.
მარიამს ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სამხატვრო სტუდია, თუმცა იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ არც შესაბამისი სახსრები ჰქონდა, არც გამოცდილება, რომ ფინანსური ორგანიზაციები მისი იდეის დაფინანსებაში დაერწმუნებინა.
„მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ალბათ ამიტომაც, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს იდეას. ამხელა საქმეს რომ ვიწყებდით, ვიაზრებდი, შესაბამისი სახსრები იქნებოდა საჭირო. თან, ისეთ ასაკში ჩავეჭიდე, როცა რთული იყო ბანკების ნდობის მოპოვება. ასაკსა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მე ჯერ არ გამაჩნდა. იყო სხვადასხვა ბანკთან თანამშრომლობის მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ განაცხადი შევიტანე ლიბერთი ბანკში, რომელიც დაინტერესდა ჩემი საქმიანობით. ძალიან მოულოდნელი იყო. რეაგირებაც ძალიან სწრაფი ჰქონდათ. სწორედ ლიბერთიმ შემიწყო ხელი ამ წამოწყებაში და ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ სწორედ ამ ნდობისთვის და დროულად გაწეული თანადგომისთვის, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს საქმიანობაში. იდეის რეალობად ქცევისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და საბოლოოდ, მშობლების გვერდში დგომით, გავხსენი სამხატვრო სტუდია ART NOVO STUDIO,“ - აღნიშნავს მარიამ ტაბაღუა.
თავდაპირველად სტუდიაში მხოლოდ ხატვის წრე ეყო. შემდეგ კი ეტაპობრივად დაემატა ტანვარჯიში და ჭადრაკი. ბავშვებს არა მხოლოდ ხატვას, არამედ სხვადასხვა სახელოვნებო დარგსაც შეასწავლიან. ესენია: ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, ფაიფურის თოჯინები, გობელენი, თექა, ბატიკა, 3D ნახატები, მაკეტები, ქარგვა, ქსოვა და სხვა.
პროფესიონალი მასწავლებლებისა და მათი განსაკუთრებული მიდგომის დამსახურებით მოსწავლეების რაოდენობა 60-დან 250-მდე გაიზარდა. მძაფრი კონკურენციის მიუხედავად დაინტერესება სტუდიის მიმართ მუდმივად იზრდება. სამხატვრო სტუდიაში სწავლა შეუძლიათ როგორც აბიტურიენტებს, ისე სხვა ნებისმიერი ასაკის მსურველებსაც. მარიამი უკვე ფილიალების გახსნაზეც ფიქრობს.
„ვცდილობთ, ამ საქმიანობით, ხელოვნებისადმი ჩვენი სიყვარული გავუზიაროთ მომავალ თაობას და თავიანთი ფანტაზიების, სურვილებისა და ემოციების ნამუშევრებში გადმოტანის საშუალება მივცეთ. ბავშვებისთვის ესაა გზა, გაარღვიონ ის ჩარჩოები, რაშიც ყოველდღიურად არიან მოქცეულები, გამოხატონ თავიანთი ფანტაზიები და ემოციები, მეტი შეიტყონ ხელოვნების შესახებ და მის უსაზღვრო სამყაროში შეაბიჯონ. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებშიც და მოსწავლეებშიც ძალიან გამიმართლა. ვერ წარმოიდგენთ, ყოველდღიურად რამდენ სიახლეს და საინტერესო ფაქტებს ვისმენთ მათგან, რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის და როგორი კრეატიულები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყველანი ერთი ოჯახივით ვართ. არ არსებობს ერთმანეთთან გაუცხოება, ან რაიმე უსიამოვნება ბავშვებს შორის. ჩვენთან, „არტ ნოვოში“, ყველანი თანასწორები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს,“ - ასე ახასიათებს მარიამ საკუთარ სტუდიასა და მის მოსწავლეებს.
R