"როცა ურთიერთობა გულწრფელობაზეა აგებული, ყველაფერი უფრო მარტივი და გასაგებია"
"როცა ურთიერთობა გულწრფელობაზეა აგებული, ყველაფერი უფრო მარტივი და გასაგებია," - ამბობს მსახიობი ნოდარ ძოწენიძე, რომელიც სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ზვიადის როლს ასრულებს. თავის პერსონაჟთან საერთო თვისებად სწორედ გულწრფელობას მიიჩნევს...
- სერიალის გადაღებისას იმპროვიზაციას მიმართავთ თუ სცენარს მიჰყვებით?
- სცენარს არ მივყვები (იღიმის). სცენარის გარკვეული მონახაზი გვაქვს, მერე კი შიგადაშიგ სულ ვმაიმუნობთ, ჩემთვის საინტერესო ამიტომ იყო... როცა "ცეხის" ეპიზოდების სცენარი მოდის, სიტუაცია უფრო ცოცხლდება, რადგან მოგეხსენებათ, სერიალში ბევრი დრამაა, მაყურებელი სულ "ნერვზე ზის" - მძიმე სცენებია. "ცეხის" ეპიზოდების დროს მაყურებელს საშუალებას ვაძლევთ, ამოისუნთქოს, ცოტათი მოდუნდეს, გაიღიმოს და გამოცოცხლდეს. დრამა კარგია, მაგრამ ძალიან დიდი დოზით საჭირო არ არის - ხანდახან უნდა დაისვენოს თვალმაც, ყურმაც და გონებამაც. ამას უფრო მეტად, "ცეხის" ეპიზოდებით ვაკეთებთ. ხშირად ტექსტს ჩვენებურად ვირგებთ. რეპეტიციის პროცესშიც, გადაღების წინ, რეჟისორთან და ოპერატორთან ერთად, გადაღებისთვის ლოკაციას ვარჩევთ, "გავდივართ" - რა და როგორ გავაკეთოთ... ზოგჯერ ტექსტიდან რაღაცებს ვშლით ან ვამატებთ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა კადრში ვიღაც რაღაცას მაინც დაამატებს. ხშირ შემთხვევაში, ეს კარგი და სახალისოც გამოდის. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში, ჩემი და კობას პერსონაჟები "ქალაქობანას" თამაშობენ. რეალურად, სცენარში რაღაც სხვა თამაში ეწერა. ჩვენ გადავწყვიტეთ, "ქალაქობანა" გვეთამაშა. ყველაფერი იქვე, იმწუთას მოვიფიქრეთ. თან, არც ტექსტი დაგვიწერია. მთლიანი სცენა იმპროვიზაციაზე იყო აგებული. მგონია, ძალიან გაამართლა. თაზოს რეაქციებიც კარგია: რაღაცებს იქვე რომ ვიგონებდით, გული უსკდებოდა (იცინის)... თან, ხანდახან გვეცინებოდა - გადასაღებად 1-2 დუბლი დაგვჭირდა, მაგრამ მომეწონა.
- ზვიადის, კობას და კასპერას როლების შემსრულებლებს რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობა გაკავშირებთ?
- კი. როცა თაზო უნივერსიტეტს ამთავრებდა, მე მაგ დროს ჩავაბარე. მის ჯგუფელებს შორის ბევრი კარგი მეგობარი მყავს. ასე თუ ისე, თაზოს სერიალამდეც ვიცნობდი. დიდი საერთო სამეგობრო წრე გვყავს... მიგრიკას (გიგი მიგრიაული) რაც შეეხება, ის სერიალის გადაღებისას გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით. მე და გიგიმ ერთსა და იმავე სპორტდარბაზში ვარჯიშიც დავიწყეთ: ხან ვვარჯიშობთ, ხან - ვსვამთ... ყველანი ვმეგობრობთ.
- თქვენი პერსონაჟისთვის რომანტიკული ურთიერთობების დანაკლისს, საჭიროებას ხომ არ განიცდით?
- რავი, შეიძლება... ამაზე ბევრიც არ მიფიქრია. პერსონაჟისთვის რომანტიკული ურთიერთობა უფრო მეტი "ფერი" და გაზრდილი, საინტერესო სამოქმედო არეალი იქნება. თან, რაღაცნაირი მგრძნობიარე ტიპია, ერთგული... შეიძლება, სულ დაღონებული იყოს, შეიძლება - ბედნიერი და მოტივირებული, მაგრამ მის ცხოვრებაში რაღაც ახალი, უფრო საინტერესო იქნება. წინასწარ არაფერი ვიცით - სერიების სცენარი კვირიდან კვირამდე მოგვდის. ზვიადის რომანტიკულ ურთიერთობას მეც ველოდები. თუმცა, ამ ბიჭების "ხაზი" ისე მიდის, რომ უფრო ბიზნესზე არიან ორიენტირებული. როგორც კი ბიზნესი "დაიქოქება", არ გამოვრიცხავ, ზვიადის ცხოვრებაშიც გაჩნდეს მანდილოსანი, ოღონდ - არა ტრაგიკული "ხაზით" (იცინის). სერიალში სასიყვარულო ინტრიგები ძალიან ჩახლართულია. ასეთი არ მინდა (თუმცა, ეგეც საინეტრესო იქნება). ზვიადის შესაფერისი მირჩევნია: ხალისიანი, ენერგიული, ოღონდ - ჯაჯღანა არა... მოკლედ, ისეთი რჩეული უნდა ჰყავდეს, რომ შეხედავ და იტყვი - ფერი ფერსაო, რა...
- პირადად თქვენზე როგორ ზეგავლენას ახდენს სიყვარული?
- აწეული ტემპერატურით დავდივარ. აფორიაქებული, აცუნდრუკებული ვარ და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, რადგან როცა გონება შეყვარებულია, სულ ერთი, კონკრეტული მიზნისკენ მიილტვის. დიდი ხანია, ეს განცდა აღარ მქონია, მაგრამ ბავშვობიდან, განვლილი წლებიდან რაც მახსოვს, შეყვარებულობის პერიოდში სულ აქტიური ვარ. ხანდახან გონებაში პოეტური ფიქრებიც შემოდის...
- საზოგადოება სერიალიდან - "სიყვარულს მიღმა" უფრო გიცნობთ თუ ხალხს "ტიფლისიდანაც" ახსოვხართ?
- მაინც უფრო - "ტიფლისიდან". ჩემთვის პირველი მასშტაბური სერიალი ეს იყო. ზვიადის პერსონაჟსაც იცნობენ. იყო დრო, როცა ხანდახან "მათეს" მეძახდნენ, ახლა - "ზვიადით" მომმართავენ. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ორივე პერსონაჟი მოსაწონი გამოვიდა, რაც კარგია.
- სერიალების - "ტიფლისი" და "სიყვარულს მიღმა" - გადაღებებს შორის არსებულ პერიოდში, ეკრანისთვის გიმუშავიათ?
- არა, მხოლოდ თეატრში ვმუშაობდი. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, ასევე - "ქალაქის თეატრის", რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად, ახლა ვაშენებ. ეს გახლავთ ახალი, დამოუკიდებელი სივრცე ქალაქში, რომლის კეთებაც პანდემიის დროს დავიწყეთ. უკვე რეპერტუარიც გვაქვს. თან, ვარემონტებთ, თან - სპექტაკლებში ვთამაშობთ. საინტერესო პროცესია.
- მსახიობის პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ეს ერთადერთი არჩევანია, რომელსაც ბოლომდე ვუერთგულე. მამაჩემიც მსახიობი იყო, ჩემი ოჯახის ყველა წევრი - კულტურის სფეროს წარმომადგენელი. მსახიობის პროფესიით "მოწამლული" ვიყავი. თეატრში უამრავ დროს ვატარებდი, რადგან ოჯახის წევრებს ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავდათ. შესაბამისად, ისეთი კარგი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი, როგორიც მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოება იყო. ჩემთვის ეს ყველაფერი ყოველთვის მაგიური გახლდათ, რადგან ვესწრებოდი "პრაგონებს", პრემიერებს... თითო სპექტაკლი უამრავჯერ მაქვს ნანახი, რადგან სხვა გზა არ მქონდა... ხშირად საგრიმიოროში მეძინა. იქ ჩემი სათამაშოები მქონდა, რომ ხელი არავისთვის შემეშალა. მოკლედ, ჩემი ცხოვრება ასე მიდიოდა... მერე უკვე, გარკვეულ ეტაპზე, როცა ბავშვებს ძირითადად, კოსმონავტობა სურთ ხოლმე, ვთქვი, - მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი და მას შემდეგ აზრი აღარც შემიცვლია, ოცნებას ბოლომდე გავყევი და შემიძლია ვთქვა, რომ ახდა.
- მამასთან ერთად სცენაზე თუ გითამაშიათ?
- არა, ვერ მოვასწარით. სამწუხაროდ, მამა მაშინ გარდაიცვალა, როცა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ისე მოხდა, რომ სცენაზეც ვერ მნახა. ამის გამო გული მწყდება. სხვათა შორის, თავად ძალიან წინააღმდეგი იყო, რომ ამ პროფესიას გავყოლოდი.
- რატომ?
- არ ვიცი. მსახიობებს არ უნდათ, თავიანთი შვილებიც მსახიობები გახდნენ. ყოველთვის ასეთ ფრაზებს "ვეჯახები": დაუფასებელი პროფესიაა, ამ ქვეყანაში რაღაცები არ გამოდის, დაიტანჯებიო და ა.შ. ამის გამო, ყოველთვის პროტესტის განცდა მიჩნდება: დრო იცვლება. ახლა უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე წინათ იყო. მახსოვს ის პერიოდი, როცა თეატრები ფუნქციონირებდა, მაგრამ შენობაში დენი, გათბობა არ იყო, თუმცა ეს პროფესია მაინც ცოცხლობდა, ნებისმიერ სიტუაციაში სუნთქავდა. თეატრი უკვდავია.
- თქვენი თაობის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსახიობის პროფესია დიდად განვითარებული არაა, დაუფასებელია...
- ვეთანხმები, რომ დაფასებული არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უარი ვთქვათ და ხელი ჩავიქნიოთ, თორემ რეალურად, მსახიობი მართლა ყველაზე "ბოლო კაცია" ხოლმე. ჩვენი პროფესიის მიმართ აგდებული დამოკიდებულებაც ჰქონიათ. ზერელედ უყურებდნენ, - რა გენაღვლებათ? ერთობით, "დატანცაობთ". აბა, მეხანძრემ რაღა ქნასო?! მსგავსი ფრაზები ხშირად მომისმენია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვაც გვიწევს, მსახიობობას სხვადასხვა პროფესიას ადარებდნენ. სხვაზე ცუდს არ ვამბობ - მისი პროფესიაც მნიშვნელოვანია... ცხოვრებაში ისეთი კატეგორიის ადამიანებიც შემხვედრია, ვისთვისაც თეატრი მხოლოდ რამე სასაცილოს ნახვასთან ასოცირდებოდა, რაც მიკვირდა, მაგრამ მჯერა, ის ადამიანი იმ სიცილ-კისკისშიც კათარზისს გადიოდა და ხვდებოდა, სპექტაკლის რეჟისორს, მსახიობებს რა სათქმელი ჰქონდათ... მგონია, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ჩვენს სფეროს რაც უფრო მეტად ვამუშავებთ და შევაჯანჯღარებთ, მით უფრო გაცოცხლდება და დაფასდება. ქალაქში ბევრი ძალიან საინტერესო, ახალგაზრდული სივრცეა გახსნილი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდები აქტიურად მუშაობენ. მათ დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ უფრო და უფრო მეტი საქმე აკეთონ, შემოქმედებითად თავადაც გაიზარდონ და დაფასდნენ კიდეც. მატერიალურ დაფასებასაც ვგულისხმობ, რადგან კი ვამბობთ, ხელოვნებაში "მატერია" არაფერს ნიშნავსო, მაგრამ დღესდღეობით, საჭირო რამეა, თუნდაც იმიტომ, რომ რეპეტიციამდე მისასვლელი საშუალება გქონდეს. როცა ასეთი ძალიან მაგარი ახალი თაობა გვყავს, ჩემი აზრით, მეტი ყურადღებაა საჭირო. ყველას ძალიან ვგულშემატკივრობ. თავის დროზე ძირეული პრობლემა რომ შეგვეცვალა, დღეს კიდევ უფრო სხვა სიტუაცია იქნებოდა. საერთოდ, ასეა ხოლმე: პრობლემაზე ყველა საუბრობს, პრობლემის გადაჭრის გზებზე კი - არავინ. ჩემი აზრით, დღესდღეობით, ყველანაირი პრობლემის გადაჭრის გზა ახალი თაობაა. განსხვავებული, ჭკვიანი და ენერგიული ახალგაზრდები გვყავს, რაც ძალიან მომწონს.
- ძირეულ პრობლემად რას მიიჩნევთ?
- ძირეული პრობლემა მაინც უნივერსიტეტიდან იწყება - ახალი რეფორმაა გასატარებელი, რადგან არ შეიძლება, 60-80 წლის განმავლობაში, კონკრეტული დაწესებულება ერთი და იმავე მოდელით ფუნქციონირებდეს, როცა მაგალითად, ხალხი უკვე მარსზე მიფრინავს. ეს მოდელი წინათ კარგი იყო - ამართლებდა, მაგრამ "ახალი სისხლის გადასხმაა" საჭირო, რადგან ცოტათი რთულია, ის ძველი მოდელი ახალ თაობას მოარგო. თუ მაინც მოარგებ, შტამპები, ჩარჩოები უნდა გამოიყენო, მაგრამ სადაც ჩარჩოა, იქ თავისუფლება აღარ არის და ხელოვნებაც კვდება; თუმცა ხელოვნება ისეთი რამეა, რომ მისი მოკვლა შეუძლებელია - სადღაც მაინც ვიღაც რაღაცას გახეთქავს და ფრთებს გაშლის... ძირეული პრობლემის მოგვარების შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი დალაგდება...
ეთო ყორღანაშვილი