"საკითხი ასეთია: ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით" - კვირის პალიტრა

"საკითხი ასეთია: ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით"

არ გაქვთ არანაირი შანსი, რომ ჩემს შვილებს, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან, აგენტები დაერქვათ, - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და ამით "ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს მხარს უჭერენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომლითაც ქართველი მოქალაქეები ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებენ, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ.

"მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომელშიც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ. საკითხი ასეთია - ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით. დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

ამ მოძრაობაში "ლელო“ ისე, როგორც სხვა პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები, იქნება ხალხთან ერთად. საკითხი თითოეულ ჩვენგანს ეხება და ნურავინ ეცდება ლიდერის დროშა დაიჭიროს.

მე მყავს ხუთი შვილი და მათგან ერთ-ერთი კინოწარმოებითა და რეჟისურითაა დაკავებული, საქართველოსა და ჩვენს ისტორიაზე იღებს ფილმებს. მისი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოურია. ჩემი ხუთივე შვილი თავისუფალ საქართველოშია დაბადებული.

მინდა "ქართულ ოცნებასა“ და მის დეპუტატებს, რომლებიც მხარს უჭერენ კანონს და გვეუბნებიან, რომ მას არავითარი საშიშროება არ სდევს, ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნო - არ გაქვთ არანაირი შანსი, რომ ჩემს შვილს, შვილებს, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან, აგენტები დაერქვათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"