"ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის" - რა განცხადებას ავრცელებს ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე? - კვირის პალიტრა

"ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის" - რა განცხადებას ავრცელებს ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე?

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი არანაირად არ ჰგავს აშშ-ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონს (FARA).

როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევაა.

"ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს [კანონი] არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, - წერია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში, რომელსაც "ტვიტერზე" აქვეყნებს.

ამასთან, აშშ-ის საელჩო საქართველოში "იმ ცნობების პასუხად, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე" ავრცელებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის, თანათავმჯდომარე ბენ კარდინის, წევრი სტივ ჯოენის და წევრი როჯერ უიკერის ერთობლივ განცხადებას.

განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და "ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას".

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"