"ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში. იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება, რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია" - რას წერს ნიკა თავაძე
ცნობილი მსახიობი ნიკა თავაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმიანება.
"მოკლედ მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო. ნებისმიერი სიჯიუტე მგონია ქვეყნისთვის დამღუპველი. კანონის ინიციატორებს ზოგს ალბათ არც ემახსოვრებათ, ის რომ ერთხელ ეს უკვე გავლილი გვაქვს 90- იანების დასაწყისში. პირველი რამაც ქვეყანაში ყველაზე დიდი განხეთქილება გამოიწვია ეს იყო კრემლის აგენტების ძებნა და მათზე ნადირობა, რაც სულაც არ იყო სინამდვილეს მოკლებული, მაგრამ ამან ნამდვილი პარანოია გამოიწვია. ბოლომდე გააგიჟა ხალხი. ტელევიზიიდან მარტო ეს გვესმოდა ვინ ვისი აგენტია. ამ რეჟიმში ცხოვრება წარმოუდგენელია და მითუმეტეს როცა კანონი გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. რატომ გამორიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია ისეთმა ადმიანმა მოიგდოს ხელში ეს კანონი, რომ სააკაშვილის პერიოდი სანატორიუმად მოგვეჩვენოს. არტურ მილერის "სეილემის პროცესი” გენიალური პიესაა. ის არ კარგავს აქტუალობას. სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჯადოქრების ძებნას დავიწყებთ თუ აგენტების. მთავარი ამ რეჟიმში და მოცემულობაში ყოფნაა ამ გარემოებაში არსებობა. ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში, იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია. ამ რთულ პერიოდში მთავარი ამოცანა გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი გეგმის ბოლომდე მიყვანაა და არა განხეთქილება და ახალი დაძაბულობის შექმნა." - წერს ნიკა თავაძე "ფეისბუქში".
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია "ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.
პარლამენტში თავდაპირველად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. გააგრძელეთ კითხვა