ერთობლივი ძალებით დასავლეთის წინააღმდეგ: "ხალხის ძალა" + "ევროპელი სოციალისტები" + ... "ქართული ოცნება" ? - კვირის პალიტრა

ერთობლივი ძალებით დასავლეთის წინააღმდეგ: "ხალხის ძალა" + "ევროპელი სოციალისტები" + ... "ქართული ოცნება" ?

დასამალი არ მაქვს: 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მე და ჩემმა ოჯახმა, მთელმა სანათესაო-სამეზობლომ, ყველა დონის არჩევნებზე, "ქართულ ოცნებას" მივეცით ხმა. ისევე, როგორც 2004 წელს (მხოლოდ იმ წელს!) "ნაციონალურ მოძრაობას". თუმცა ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსულმა ქალბატონებმა და ბატონებმა ძალზე სწრაფად დაივიწყეს რეფორმების შესახებ მიცემული დაპირებები. ცვლილებების აუცილებლობა შორიდან გაცილებით კარგად ჩანს, ვიდრე შავად დაბურული "ლიმუზინის" ფანჯრებიდან. ამიტომ, ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, უფრო კარგად ვხედავთ და შევიგრძნობთ ხელისუფლების შეცდომებს და დროული ცვლილებების საჭიროებას! ესაა დემოკრატია, რომელიც პოლიტიკური მართველობის იდეალური სისტემა არაა, თუმცა მასზე კარგი ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას! ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მისაღებად ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიკური სივრცის და მთლიანად ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციაა და ამ დროს "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონის მიღება ჩვენი საზოგადოების შერიგებას კი არა, უმძაფრეს დაპირისპირებას იწვევს.

"მესიჯ ბოქსებით" მართული ე.წ. "ექსპერტები" იმეორებენ: " რა მოხდა მერე, ტერმინი "აგენტი" რატომ არის მიუღებელი, საჯარო სამსახურში სააგენტოები ხომ არის, მაგალითად "სურსათის ეროვნული სააგენტოო". თუმცა "ბაგაზე მიბმულმა" ე.წ. "ექსპერტებმა" კარგად იციან, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულებს არავინ ეძახის "აგენტებს" და ისინი "სპეციალისტებად" იწოდებიან (უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი და ა.შ.). ნათქვამია "შუბი ხალათში არ დაიმალებაო": ამ კანონპროექტების მიზანი ფინანსური გამჭვირვალობა კი არა, არამედ არასამთავრობო სექტორის კომპრომეტირებაა: ვის უნდა, რომ "უცხო ქვეყნის აგენტი" ეძახონ? რეესტრში ჩართვა პირდაპირი დარტყმა იქნება მათ რეპუტაციაზე, რადგანაც "აგენტი" პოსტსაბჭოთა სივრცეში "უცხო ქვეყნის ჯაშუშის" სინონიმია.

b1-1678174927.jpg

რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ "ენჯეოშნიკების" ზურგს უკან ამერიკის სპეცსამსახურები დგანან. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი ხელისუფლებაც იზიარებს "კრემლის" აზრს.

სწორედ "სამოქალაქო სექტორის" დისკრედიტირებისთვის მიიღო რუსეთის სათათბირომ პუტინის მოთხოვნით "უცხო ქვეყნის აგენტის" კანონი. სულ სხვა რეალობაა აშშ-ში: იქ საჯარო მოხელეებიც (მაგ. სპეცსამსახურების თანამშრომლები) ოფიციალურად იწოდებიან "აგენტებად" - გავიხსენოთ, თუნდაც "გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი" და იქ ეს ტერმინი სამარცხვინო და კნინობითი სულაც არ არის! დღეს ერთი კონკრეტული დეპუტატის მაგალითზე დავინახავთ, რომ "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები" ხელისუფლებამ შორს, "ენჯეოებში" კი არ უნდა ეძებოს, არამედ იქვე პარლამენტში.

"დასავლეთის" წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე რუსეთთან პირდაპირ აფილირებული დეპუტატები ჩაერთვნენ და აშშ-ს "მეორე ფრონტი" ფრიდონ ინჯიამ გაუხსნა. მისი სიტყვებით, 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო და ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგოო. აწ გარდაცვლილი ჯ. მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: "დღეს ყველა ქართველები ვართო", "კრემლის" მიერ "ნომერ პირველ" მტრად იყო მიჩნეული, ახლა კი ფ. ინჯია არ ასვენებს საფლავში. ფ. ინჯია იმაზეც "სწუხს", რომ თურმე 2008 წლის ომმა პირველი ბზარი გააჩინა ევროპასა და რუსეთს შორის.

"აგვისტოს ომისთვის" მზადება საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლით ადრე დაიწყოო - ამ, რუსეთის ხელისუფლების საამებლად ნათქვამი სიტყვების შემდეგ ლუსტრაცია უკვე აღარაა საჭირო: ისედაც ნათელია თუ ვინაა "რუსეთის კაცი". როგორც დავინახავთ ფ. ინჯია რუსეთთან ათწლეულებია რაც "ჩახუტებულია": გარდა იმისა, რომ ორმაგი (რუსეთისა და საქართველოს) მოქალაქეობა აქვს, წლებია ძალზე სერიოზულ ბიზნესსაც ფლობს რუსეთში . ფ. ინჯიას ოფიციალურად ჯერ კიდევ 2009 წლის 15 ივლისს 20 ათას რუსულ რუბლად დაუარსებია შპს "დომინანტი" (ОБЩЕСТВО С ОГРАНИЧЕННОЙ ОТВЕТСТВЕННОСТЬЮ "ДОМИНАНТ"), რომელიც მაგადანის ოლქში ოქროსა და ძვირფასი ლითონების (!!!) მოპოვებას ახორციელებს. ვინც ოდნავ მაინც იცნობს დღევანდელი რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკას, კარგად იცის, რომ ამ სტრატეგიულ დარგში ბიზნესის წარმოების საშუალება მხოლოდ რუსეთის იმპერიის ყველაზე, ყველაზე ერთგულ პირებს აქვთ. ვხედავთ, რომ ფ. ინჯიაც მათ შორის არის!

ფ. ინჯიას ბიოგრაფიას რომ ეცნობი თვალშისაცემი ერთი ფაქტია: ბატონი დეპუტატი საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე სტრტეგიულ და გასაიდუმლოებულ სფეროში - რადიოელექტრონულ მრეწველობაში მოღვაწეობდა. ინტერნეტსივრცეში განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემები იმდენად დაწვრილებითი და კონკრეტულია, რომ უეჭველია ამ ინფორმაციის ავტორი თავად ფ, ინჯიაა. ერთად გავეცნოთ მის ბიოგრაფიულ მონაცემებს (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.):

"ფრიდონ ინჯია დაიბადა 1946 წლის 5 იანვარს. . . .. 1969 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის პროფ. მ. ა. ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი რადიოკავშირგაბმულობის და რადიომაუწყებლობის ინჟინრის სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, იყო კუიბიშევის სახელობის კომკავშირის რაიონული კომიტეტის ბიუროს წევრი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1969-1970 წწ.) მუშაობა დაიწყო ქ. ლენინგრადის გემთმშენებლობის ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევის ინსტიტუტში. შექმნა ღილაკებიანი სატელეფონო აპარატის პირველი საცდელი მაკეტი, რომლის საშუალებითაც ნომრის აკრეფა შესაძლებელი იყო დანომრილი ღილაკების საშუალებით ტრადიციულად მიღებული მრგვალი დისკის ნაცვლად. . . . . 1970-1972 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის ავიაციაში, სტრატეგიული დანიშნულების TU-16 ტიპის თვითმფრინავების გამოყენების დროს მონაწილეობდა საომარ მორიგეობებში (ამ ტიპის თვითმფრინავს საბჭოთა კავშირი რადიოელექტრონული დაზვერვისთვისაც იყენებდა - ბ.ა.)

b2-1678174988.jpg
ფ. ინჯიას „მშობლიური“ ტუ–16

"დემობილიზაციის შემდგომ 1972 წელს ფ. ინჯია დაბრუნდა ქ. ლენინგრადში, კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ იმპულსური და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის სასწავლო ლაბორატორიის გამგედ, სადაც სტუდენტებთან ერთად ატარებდა დამოუკიდებელ ლაბორატორიულ სამუშაოებს. ამასთანავე ინტენსიურად მუშაობდა სამეცნიერო ექსპერიმენტებსა და კავშირგაბმულობის უახლოეს ტექნოლოგიებზე, ასრულებდა სამეცნიერო სამუშაოებს რადიოტექნიკის კათედრაზე, როგორც უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამ პერიოდისთვის ეს სამუშაოები იქცა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. საკითხი ეხებოდა ციფრული მაღალსიჩქარიანი იმპულსური სიგნალების ჩაწერას მცირე სიმძლავრის ლაზერის დანადგარებით. 1981 წელს მის მიერ ამ თემაზე დაცული დისერტაცია იყო პირველი მთელ საბჭოთა კავშირში. იმ პერიოდისათვის დისერტაციის მასალები იყო დახურული. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. არის 12 გამოგონების ავტორი. 1980 წელს საკავშირო მინისტრის ბრძანებით გადაიყვანეს და 1984 წლამდე მუშაობდა ქ. მოსკოვში, საკავშირო კავშირგაბმულობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროს ინჟინრად. კურირებდა კავშირგაბმულობის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებას. ამავდროულად იყო მოსკოვის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და კითხულობდა სალექციო კურსს იმპულსურ და გამოთვლით ტექნიკაში.

1984 წელს სამუშაოდ გადმოიყვანეს ქ. თბილისში სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "კრასნაია ზარიას" თბილისის ფილიალის მთავარ ინჟინრად და შემდეგ - დირექტორად. იყო მცირეგაბარიტიანი სპეციალური დანიშნულების სატელეფონო სადგურების მთავარი კონსტრუქტორი საბჭოთა კავშირში" (ციტატის დასასრული).

როგორც ვხედავთ 1972-1992 წლებში ფ. ინჯიას სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობა დაკავშირებული ყოფილა საიდუმლო სამხედრო თემატიკასთან და საკანდიდატო დისერტაციის დაცვაც "დახურულ რეჟიმში" ჩატარებულა. ფაქტია, რომ ფ. ინჯიას სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა პირდაპირ იყო დაკავშირებული სპეცსამსახურებთან: შიფრის შექმნის, რადიოელექტრონული დაზვერვისა და ფარული მოსმენებისთვის აპარატურის დამზადებასთან. კარგადაა ცნობილი, რომ რადიოელექტრონული მიმართულებით კვლევები საბჭოთა სპეცსამსახურების მკაცრი კონტროლით ხორციელდებოდა და ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ე.წ. "სარეჟიმო", ხოლო მათი ზუსტი სახელწოდება გასაიდუმლოებული იყო. "დასავლეთის" სპეცსამსახურების თვალის ასახვევად მათ ე. წ. "საფოსტო ყუთის" ნომერს ანიჭებდნენ. ამასთან ერთად, ამ ინსტიტუტებში დასაქმებული ყველა მეცნიერი და სპეციალისტი კა-გე-ბეს მე-3 მთავარი სამმართველოს (სამხედრო კონტრდაზვერვა) მიერ იყო შემოწმებული და აღრიცხვაზე აყვანილი და ეს "მზრუნველობა" სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე და შემდეგ, ურთიერთობის რა ფორმა ჰქონდა ფ. ინჯიას საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან, ეს თავად მან და რუსეთის ეფ-ეს-ბეს არქივმა უწყიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება ფ. ინჯიას უსწრაფესი კარიერული წინსვლა საქართველოში: 1992 წელს მას საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრად ნიშნავენ. ამ პოსტზე ფ. ინჯია 1998 წლამდე მუშაობდა და მთლიანად აკონტროლებდა საქართველოს კავშირგაბმულობის დარგს! მას ექვემდებარებოდა "სპეციალური კავშირების სამსახური" (რომელიც აკონტროლებდა სამთავრობო სატელეფონო "მაღალი სიხშირის ხაზებს", ე.წ. ВЧ-ს) და "საფელდეგერო სამსახური" ( რომელიც სამთავრობო კორესპონდენიციების ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი). ასე რომ სრულიად შესაძლებელია აფხაზეთის ომის დროს და შემდეგ წლებშიც სამთავრობო სატელეფონო საუბრები და საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იშიფრებოდა!

სავარაუდოდ სწორედ საჯარო სამსახურში ყოფნისას შეძლო ფ. ინჯიამ დიდი სიმდიდრის დაგროვება (სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციით) და, როგორც ხდება ხოლმე შემდეგ "პოლიტიკაში წავიდა".

2000-2004 წლებში ის იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"). შემდეგ კი "პატრიოტთა ალიანსს" მიაშურა. 2017-2020 წლებში ფ. ინჯია თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრია (პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "პატრიოტთა ალიანსი"). 2021 წლის 5 იანვარს საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სიის სამი წევრის, მათ შორის ფრიდონ ინჯიას, სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი გაემიჯნენ "პატრიოტთა ალიანსს" და გამოაცხადეს ახალი პარტიის "ევროპელი სოციალისტების" შექმნა, რომლის ლიდერიც ფ. ინჯიაა. 2021 წლის ნოემბრის ბოლოს პირველმა მან გაილაშქრა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მოითხოვა ისეთი კანონის მიღება , რომელიც "რაღაც ჩარჩოებში ჩასვამდა მათ". გუშინ კი, კანონპროექტის განხილვისას "არასამთავრობოების" წინააღმდეგ ზომების უფრო გამკაცრება მოითხოვა.

b3-1678175059.png

ფ. ინჯია არასოდეს მალავდა სიმპატიებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ. დამეთანხმეთ რომ ძალზე საინტერესო ფოტოა: მარცხნივ პუტინის პირადი მეგობარი, გენერალ-პოლკოვნიკი, "რუსეთის პალესტინის მართლმადიდებლური იმპერატორული საზოგადოების" თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი და ამ "საზოგადოების" საქართველოს განყოფილების (?!) წევრი ფრიდონ ინჯია. შეხვედრა შედგა 2023 წლის 13 იანვარს მოსკოვში.

შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებას: კარგადაა ცნობილი, რომ "რუსეთის პალესტინის მართლმადიდებლური იმპერატორული საზოგადოება" რუსეთის "რბილი ძალაა" და იმპერიის აღდგენას ემსახურება და მისი "განყოფილება" საქართველოში (რომლის ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელიაა) , ასევე დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომელიც მოსკოვში ეახლა საქართველოს მტერს, "გავლენის აგენტები" არიან , თუ არა ?

b4-1678175099.png

უკანასკნელ ხანს ქართული სპეცსამსახურების მოქმედების დევიზი გახდა "რკინის ფელიქსის" ცნობილი მოწოდება: "იყავი ფხიზლად და ყურადღებით" , თუმცა ეს მხოლოდ არასამთავროებებს ეხება, "კრემლის სიით" გასულ ქართველ პარლამენტარებზე კი რატომღაც არ ვრცელდება.