უკრაინელებს თავისი გიორგი ანწუხელიძე გამოუჩნდათ...
ომებს ასობით და ათასობით უსახელო გმირი ჰყავს, რომელთა გმირობის მომენტი ბრძოლის ველზე "იკარგება" და ფართო საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, უცნობი რჩება...
მაგრამ ბოლო ომებში, ფოტოვიდეოაპარატურის მასობრივად გამოყენების პირობებში, ასეთი გმირობების დამადასტურებელი კადრები ისტორიას რჩება და ხშირად... სწორედ მოწინააღმდეგის მიერ გადაღებული, რომლებიც, ერთი მხრივ, მათსავე საშინელ დანაშაულებს, ხოლო, მეორე მხრივ - ტყვედ აღმოჩენილთა არნახულ გმირობას აღბეჭდავს...
ასე მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა სასტიკი ცემით მოკლეს იმისთვის, რომ მან არ დაიჩოქა...
და ასე განმეორდა ახლაც, რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც ტყვედ აყვნილმა უკრაინელმა სამხედრომ მტერს თავი არ დაუხარა და Слава Україні შესძახა, რასაც ავტომატის ჯერები მოჰყვა რუსი ოკუპანტებისგან...
ისევე, როგორც წარმოუდგენლად რთულია გიორგი ანწუხელიძის წამებისა და მკვლელობის ვიდოეკადრების ნახვა, ასევე შემზარავია ამ უკრაინელი გმირის დახვრეტის ყურებაც...
ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეების შესახებ, არათუ მათ დახვრეტას, ფიზკური შეურაცხყოფის მიყენებასაც კი კატეგორიულად კრძალავს და ამის დამრღვევი სამხედრო დამნაშავე ხდება.
რუსეთის ფედერაციას კი აქვს ხელი მოწერილი ჟენევის ამ კონვენციაზე, მაგრამ მერე რა? როგორც დღემდე შერჩათ რუს სამხედროებსა და ოს სეპარატისტებს ქართველი გმირი მებრძოლის, გიორგი ანწუხელიძის საშინელი სისასტიკით მკვლელობა, იმედი აქვთ, ასევე შერჩებათ ამ კონკრეტული უკრაინელი მებრძოლისა და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი სამხედრო ტყვის დახვრეტაც, თუმცა...
თუმცა ის, რომ უკრაინელები არ აპირებენ, შეარჩინონ რუს ოკუპანტებსა და მათ გოშია ათასი ჯურის სეპარატისტს სამხედრო ტყვეების დახვრეტა - რუსეთის 331-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, სავარაუდოდ, ესწრებოდა გიორგი ანწუხელიძის მკვლელობის პროცესს ცხინვალთან (და შეიძლება მონაწილეობასაც კი ღებულობდა), გასულ წელს უკრაინელებმა "გაანულეს", რითაც ჩვენი ჯავრიც იყარეს და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა დონის ნადირობას დაიწყებენ უკრაინის სპეცსამსახურები იმ რუსი მკვლელების მოსაძებნ-სალიკვიდაციოდ, რომლებმაც უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე ასე, დემონსტრაციულად დახვრიტეს...
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობას აღუთქვა, რომ აუცილებლად მოძებნიან მკვლელებს. ეს შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის პოპულისტურ განცხადებადაც შეფასდეს, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტებიდან, როდესაც უკრაინელების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები "წერტილოვნად" იტაცებდნენ და ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის კონკეტულ მნიშვნელოვან პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძლევა იმის საფუძველს, რომ Слава Україні-ს დაძახებისთვის დახვრეტილი უკრაინელი გმირი სამხედროსთვის უკრაინა შურს აუცილებლად იძიებს...