ინფორმაცია კადიროვის შერყეულ ჯანმრთელობაზე და შვილის წარდგენა პუტინის კარზე - რას წერენ ცნობილი გამოცემები? - კვირის პალიტრა

ინფორმაცია კადიროვის შერყეულ ჯანმრთელობაზე და შვილის წარდგენა პუტინის კარზე - რას წერენ ცნობილი გამოცემები?

გამოცემა Bild-ის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ბოლო პერიოდში მან საგრძნობლად მოიმატა წონაში და დასივდა, ზოგიერთი ვიდეომიმართვისას კი თვალების გახელაც უჭირს.

ფიქრობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერს თირკმელებზე აქვს პრობლემა, ამის შესახებ კი გამოცემასთან დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარემ - აჰმედ ზაკაევმა განაცხადა, რომელიც ამჟამად დევნილია.

კადიროვმა ექიმები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩაიყვანა, რადგან რუს ექიმებს არ ენდობა. ექიმი იასინ იბრაჰიმ მ. ელ-შაჰატი, რომელიც საავადმყოფო „ბურჯილში“ მუშაობს, სპეციალურად ჩავიდა გროზნოში, რათა კადიროვს უმკურნალოს.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ მკურნალობის გამო ვერ დაესწრო რამზან კადიროვი 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას.

kadirovi-1678177773.jpg

იმ ფაქტს, რომ კადიროვი მხნედ გამოიყურება, სტიმულატორების მიღებით ხსნიან. ამბობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი სხვა აბებსაც იღებს...

ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი აჟიოტაჟის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი კადიროვის 17 წლის ვაჟს - ახმატს პირადად შეხვდა. ამ შეხვედრამ კი გააჩინა ეჭვები, რომ, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში მმართველობა რამზან კადიროვის შემდეგ მის ვაჟს გადაეცემა.

რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე 4 მარტს აცნობა საზოგადოებას, მისი ვაჟის - ახმატისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეხვედრა არაოფიციალური იყო. როგორც კადიროვმა განაცხადა, ახმატი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე წავიდა, როგორც ბავშვთა და ახალგაზრდების რეგიონალური მოძრაობის წარმომადგენლი. პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟს ქორწინებაც მიულოცა, რომელიც ჯერ არ შემდგარა, თუმცა - დაგეგმილია.

kadirovi2-1678177773.jpg
ახმატ კადიროვი და ვლადიმერ პუტინი

კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტის - რუსლან კუტაევის ცნობით, ეს შეხვედრა ცუდი ნიშანია როგორც ჩეჩნებისთვის, ასევე - რესპუბლიკის ლიდერისთვის.

„პუტინმა ამ შეხვედრით წარმოაჩინა ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, ანუ, შესაძლოა, რამზან კადიროვი ჩაანაცვლონ ისე, როგორც მანამდე მამამისი ახმატ კადიროვი ჩაანაცვლეს, ჩეჩნებს კი უჩვენეს, რომ არავითარი დემოკრატიული ინსტიტუტები არ იმუშავებს, მმართველობა კი მემკვიდრეობით გადაეცემა“, - განუცხადა რუსლან კუტაევმა გამოცემა Кавказский узел-ს.

კუტაევის აზრით, ეს არის კრემლის პროგრამა, რომელიც ჩეჩნეთის შენარჩუნებას გულისხმობს. „ჩეჩნეთის ფეოდალიზებას ახდენენ, როცა მმართველობას მემკვიდრეობით გადასცემენ".

ჩეჩენი უფლებადამცველის - ოიუბ ტიტიევის თქმით, პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რამზან კადიროვის განსაკუთრებული მდგომარეობა.

„არაფორმალურად, კადიროვს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რომელიც მას სხვა რუსი გუბერნატორებისგან გამოარჩევს, ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ კადიროვი „პუტინის პირმშოა“. ის პუტინის მფარველობის ქვეშაა. ალბათ, სწორედ ამიტომაა კადიროვის ოჯახის მიმართ ისეთივე გამორჩეული დამოკიდებულება, როგორც თავად რამზან კადიროვთან“, - აღნიშნავს ტიტიევი.

„როცა რამზან კადიროვის მამა რუსეთის ხელისუფლების მხარეს გადავიდა, ეს იყო ჩეჩნეთის წინააღმდეგობის გარდამტეხი მომენტი. პუტინისა და კადიროვების ამ ურთიერთთანამშრომლობამ კი „პირადი გაერთიანების“ სახე მიიღო“, - აღნიშნავს ევგენი მინჩენკო გამოცემასთან.

რუსლან კუტაევის თქმით, რამზან კადიროვის განცხადება, რომ მან არ იცის, რას ესაუბრებოდა პუტინი ახმატს, შესაძლოა, სიმართლე იყოს.

„ვფიქრობ რამზანი არ თამაშობს, როცა ამ განცხადებას აკეთებს. თავის დროზე რამზანსაც ჰქონდა პუტინთან საუბარი, რომელიც, შესაძლოა, მამამისს არ სცოდნოდა. მას რაღაცის პირობა მისცეს და სანაცვლოდ რამზანსაც მოუწევდა გარკვეული პირობის დადება“, - აღნიშნავს კუტაევი.

უფლებადამცველ ტიტიევის აზრით კი, ამ განცხადებით რამზან კადიროვმა ხაზი გაუსვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი არ იღებდა მონაწილეობას პუტინისა და ახმატის შეხვედრის დაგეგმვაში.

„თუმცა, რა თქმა უნდა, მან იცის, რაზეც ისაუბრა ვაჟმა პუტინთან, რადგან ახმატი გადასცემდა ინფორმაციას“ - აღნიშნავს ტიტიევი.

კუტაევის თქმით, გაუგებარი იყო ის მილოცვაც, რომელიც ახმატის ჯერ არჩატარებულ ქორწილს ეხებოდა. შარიათის კანონების მიხედვით კი, 17 წლისა და უფრო პატარა ასაკის ადამიანს შეუძლია ქორწინება, მაგრამ მილოცვა ქორწინებამდე ჩეჩნებისთვის არ არის დამახასიათებელი...

„ჩეჩნების ადათ-წესების მიხედვით, სარძლო სახლში მიჰყავთ და შემდეგ იმართება ქორწილი, პუტინის მილოცვის დროს კი შესაძლოა, რომ ეს ცერემონია უკვე ჩატარებული იყო. ჩეჩნური ადათების მიხედვით, სიძის ნათესავებს არ ულოცავენ ვაჟის შეუღლებას, თუმცა ამ შეხვედრას ახმატის მამა არ ესწრებოდა, ამას თან ერთვის ისიც, რომ პუტინი ჩეჩენი არ არის, ის სახელმწიფოს მეთაურია, ასე რომ, აქ ტრადიციების დარღვევა არ მომხდარა“, - განაცხადა ტიტიევმა. (წყარო)